ჩვენ ხშირად ვამბობთ: „პარიზი – ფილოსოფოსთა ქალაქი“, „ბოლონია – სამართლის აკადემიური ბურჯი“, „ბოსტონი – მეცნიერების დედაქალაქი“… მაგრამ იშვიათად ვფიქრობთ, როგორ გახდა თითოეული მათგანი კონკრეტული ცოდნის სფეროს ცენტრი. ეს პროცესი შემთხვევითი არ ყოფილა – საუკუნეების განმავლობაში, ნელ-ნელა, ევოლუციურად ჩამოყალიბდა ისტორიის, ეკონომიკისა და ადამიანების თანამშრომლობის შედეგად.



საწყისი ეპოქა: შუა საუკუნეების ევროპა და ცოდნის დაბადება რეგიონებში
შუა საუკუნეების ევროპაში, უნივერსიტეტები სპეციალიზაციის მიხედვით ჩამოყალიბდნენ: ბოლონია ცნობილი გახდა სამართლის სწავლებით, პარიზი – თეოლოგიითა და ფილოსოფიით, სალერნო (შემდგომში – მონპელიე) – მედიცინით.
იმ დროისთვის ეს არ იყო მხოლოდ ადგილობრივი ამბავი: სტუდენტები მთელ ევროპაში მოგზაურობდნენ, რათა სწორედ იმ ქალაქში ესწავლათ, სადაც კონკრეტული დარგის საუკეთესო მასწავლებელი ან სკოლა არსებობდა. ასე დაიბადა ტრადიცია, რომლის კვალი დღემდე რჩება – გარკვეული ქალაქები გარკვეულ მეცნიერებებთან იდენტიფიცირდებიან.
ჰუმბოლდტის მოდელი და აკადემიური თავისუფლება
მე-19 საუკუნეში გერმანიიდან წამოსულმა ჰუმბოლდტის მოდელმა ახალი სტანდარტი შექმნა – სწავლებისა და კვლევის ერთიანობა და აკადემიური თავისუფლება. უნივერსიტეტები გადაიქცა არა მხოლოდ ცოდნის გადმომცემად, არამედ ინოვაციის საწარმოებად. სტუდენტები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ქვეყნებს შორის, რათა ესწავლათ იმ უნივერსიტეტში, სადაც კონკრეტული დარგი უფრო ძლიერი იყო.

ომის შემდგომი ევროპა და ახალი რუკა
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანიისა და სხვა ევროპული ქვეყნების განათლების სისტემა თავიდან აეწყო. ქალაქების სპეციალიზაცია ხშირად დამოკიდებული გახდა იმაზე, სად გადარჩა უნივერსიტეტი, სად იყო საჭირო აღდგენა და რომელი ინდუსტრია ვითარდებოდა ახლომახლო. შედეგად, სხვადასხვა ქალაქებში გაჩნდა ახალი ფაკულტეტები და კვლევითი ცენტრები. ამავე დროს, სკოლები მიზნად ისახავდა მოსწავლეების ავტორიტარიზმისგან დაცვას და თავისუფალი განვითარების ხელშეწყობას.
დღეს ევროკავშირის ინტეგრაციამ ეს ტენდენცია კიდევ უფრო გააძლიერა – სტუდენტები თავისუფლად ირჩევენ ქვეყანას არა საცხოვრებლად, არამედ ცოდნის ხარისხის მიხედვით. საერთო სოციალური სტანდარტების ფონზე, მთავარი გახდა პროფესიული გამოცდილება.
ამერიკული გზა: კონკურენცია, ინოვაცია და ფილანტროპია
აშშ-ში ისტორია სხვაგვარად განვითარდა. ფედერალურმა მთავრობამ, მე-19 საუკუნის შუა წლებში, შექმნა „Land-Grant“ უნივერსიტეტების სისტემა, რომელიც ემსახურებოდა სოფლის მეურნეობას, სამხედრო მეცნიერებებსა და ტექნიკას. ამან განათლება და კვლევა რეგიონებში გაავრცელა.
მეორე მხარეს, კერძო დონორებმა – მეწარმეებმა და ფილანტროპებმა – საკუთარი უნივერსიტეტების დაფინანსებით, შექმნეს სპეციალიზაციის ახალი კერები. ასე გაჩნდა: MIT – ტექნოლოგიების ცენტრი, Johns Hopkins – სამეცნიერო კვლევის ახალი მოდელი, Stanford – ინოვაციების ბირთვი, რომელმაც სილიკონის ველი დაბადა.
შედეგად, უნივერსიტეტები იქცა რეგიონული ეკონომიკის მამოძრავებელ ძალებად.
ინოვაციის ეპოქა: უნივერსიტეტები და ინდუსტრიული კლასტერები
მე-20 და 21-ე საუკუნეებში აკადემიური სპეციალიზაცია მჭიდროდ დაუკავშირდა ადგილობრივ ინდუსტრიებს: სილიკონის ველი – ინფორმაციული ტექნოლოგიები (Stanford, Berkeley), ბოსტონი/კემბრიჯი – ბიოტექნოლოგია და სიცოცხლის მეცნიერებები (MIT, Harvard).
უნივერსიტეტებსა და კომპანიებს შორის თანამშრომლობამ შექმნა ის, რასაც ეკონომისტები „აგლომერაციულ ეკონომიკას“ უწოდებენ, როდესაც ცოდნა, ინოვაცია და ბიზნესი ერთ ქალაქში კონცენტრირდება და ერთმანეთს აძლიერებს.




ტრადიციიდან სტრატეგიამდე
თუ შუა საუკუნეებში სპეციალიზაცია ტრადიციაზე იყო დაფუძნებული – თეოლოგია, სამართალი, ფილოსოფია – თანამედროვე ეპოქაში იგი სტრატეგიად იქცა. ინდუსტრიალიზაციამ და გლობალურმა კონკურენციამ ახალი სფეროები წარმოშვა: სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ინჟინერია, ბიზნესმოდელები, საერთაშორისო ურთიერთობები. ამ პროცესმა შექმნა გლობალური ქსელი, სადაც თითოეულ ქალაქს საკუთარი უნიკალური აკადემიური პროფილი აქვს.
მომავლის გამოწვევა: განათლება როგორც ურბანული ეკოსისტემა
თანამედროვე ცოდნის ქალაქი მხოლოდ უნივერსიტეტი ვერ იქნება. ასეთ ქალაქებში საჭიროა ძლიერი ინფრასტრუქტურა – საჯარო ტრანსპორტი, სტუდენტური საცხოვრებლები, ჯანდაცვა, კვების სისტემა, რეკრეაციული ზონები და მწვანე სივრცეები. ეს ყველაფერი ქმნის გარემოს, სადაც ცოდნა არა მხოლოდ ისწავლება, არამედ ცოცხლობს.
აკადემიური სპეციალიზაციის ცენტრები არ იბადებიან ერთ დღეს, ისინი საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებიან, ისტორიის, ეკონომიკისა და ადამიანების ურთიერთქმედებით. სწორედ ამიტომ არის, რომ ქალაქები და რეგიონები ზოგჯერ უფრო მეტს ფიქრობენ, ვიდრე არსებობენ – ისინი თვითონ ფიქრობენ ცოდნაზე.
მოამზადა მაია სიმონიშვილმა










