ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ „Mathematica“, აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაკვეთით, საქართველოში განხორციელებული მეორე კომპაქტის (გრანტი) პროფესიული განათლების პროგრამის შედეგების შეფასება წარმოადგინა.
პრეზენტაციაზე, რომელიც 2 თებერვალს გაიმართა და რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელები, ასევე პროგრამაში ჩართული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდებისა და ათასწლეულის ფონდის თანამშრომლები ესწრებოდნენ, წარმატებულად შეფასდა კომპაქტის შედეგად განხორციელებული პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“, პროგრამების ყველა პარამეტრის მიხედვით. კერძოდ, შეფასებებმა ცხადყო:
☑️ კომპაქტის შედეგად შექმნილი პროფესიული განათლების პროგრამების კურსდამთავრებულებმა შეძლეს უფრო მაღალანაზღაურებად სამსახურებში დასაქმება.
☑️ პროგრამები უფრო მეტად აკმაყოფილებს შრომის ბაზრის მოთხოვნებს, ვიდრე სხვა არსებული პროგრამები, შესაბამისად, ამ პროგრამების კურსდამთავრებულების უმეტესობამ, სწავლის დასრულებისთანავე, შეძლო დასაქმება.
☑️ პროფესიული განათლების პროგრამების სტუდენტთა სამ მეოთხედზე მეტი დასაქმდა, პროგრამის დასრულებიდან, ერთი წლის განმავლობაში.
☑️ საქართველოში არსებული ყველა საჯარო პროფესიული პროგრამების სტანდარტის მიხედვით, ახალი პროგრამების შედეგად, გაიზარდა სტუდენტების დასაქმების მაჩვენებელი და მათი ანაზღაურება პანდემიის პერიოდში.
☑️ კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი 15%-ით მაღალი იყო, ეროვნულ ნიშნულთან შედარებით, ასევე მათი შემოსავალი 12-13%-ით აღემატებოდა ანალოგიური პროგრამების სხვა კურსდამთავრებულების საშუალო მაჩვენებელს.
☑️ კომპაქტის შედეგად შექმნილი 60-ზე მეტი პროფესიული პროგრამა დღესაც წარმატებით აგრძელებს სტუდენტების მიღებას და მოთხოვნადია როგორც სტუდენტების, ასევე დამსაქმებლების მხრიდან, რაც პროგრამის მდგრადობას უსვამს ხაზს.
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის დასრულებიდან სამი წლის განმავლობაში, კვლევითი ორგანიზაცია „Mathematica“ დეტალურად აფასებდა თუ რა გავლენა იქონია ამერიკულმა ინვესტიციამ საქართველოს პროფესიული განათლების სექტორზე, კონკრეტულად კი – სტუდენტებზე და პროგრამების კურსდამთავრებულებზე.
„აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი, რომელიც 2013-19 წლებში ხორციელდებოდა, მოიცავდა პროექტებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში, საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის. კომპაქტის ფარგლებში დაფინანსებული, 16 მილიონი აშშ დოლარის, პროფესიული განათლების პროექტი წარმატებით განხორციელდა, რასაც ცხადყოფს დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც დღეს წარმოადგინეს ამერიკელმა მკვლევრებმა. კვლევამ ცხადყო, რომ კომპაქტის მიზნები წარმატებულად შესრულდა. საქართველოში აშშ-ის მთავრობის მიერ განხორციელებული კომპაქტი ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითადაა აღიარებული. კომპაქტის წარმატებულ განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვის როგორც აშშ-ის, ასევე საქართველოს მთავრობებს და ყველა იმ ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციას, რომლებიც აქტიურად მუშაობდნენ საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელი მაღალკვალიფიციური კადრების მოსამზადებლად,“ – განაცხადა ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ.
♦♦♦
აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტი საქართველოს განათლების სექტორში განხორციელებული ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტიციაა, რომელიც ემსახურებოდა ადამიანური კაპიტალის განვითარებას ეკონომიკის ზრდისა და სიღარიბის დაძლევის მიზნით. კომპაქტის მეშვეობით, 2014-2019 წლებში, განხორციელდა 91 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, 40 ათასამდე მოსწავლისთვის გაუმჯობესდა სასწავლო გარემო, 20 ათასზე მეტმა მასწავლებელმა და საჯარო სკოლის დირექტორმა გაიარა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი კურსი, შემუშავდა პროფესიული განათლების 51 ახალი პროგრამა და საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აშშ-ში აკრედიტებულ საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამებზე 780 სტუდენტი იქნა ჩარიცხული.