18 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

ადრეულ განათლებაში ბილინგვური სწავლების გასაძლიერებლად

spot_img

საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვებისთვის საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, გაეროს ბავშვთა ფონდმა, ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით წამოიწყო ახალი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ადრეულ განათლებაში ბილინგვური სწავლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას საქართველოში, კერძოდ, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში.

პროექტს აქვს ორი მთავარი მიზანი: ყოვლისმომცველი რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება პოლიტიკისა და ბილინგვური სწავლების ერთიანი მიდგომის შემუშავების მიზნით და განათლების მუშაკებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების პროფესიული განვითარების სისტემის გაძლიერება. ძირითადი აქტივობები მოიცავს მოქმედი საკანონმდებლო და საგანმანათლებლო ჩარჩოს, უნარების განვითარების ინიციატივებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების საფუძვლიან ანალიზს.

„გაეროს ბავშვთა ფონდის მოწოდებაა ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველა ბავშვისთვის. ეს პარტნიორული ინიციატივა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიზნის მისაღწევად, რაც შესაძლებელი იქნება ძლიერი ბილინგვური განათლების სისტემის დანერგვით, რომელიც მორგებული იქნება ყველა ბავშვის საჭიროებებზე, განსაკუთრებით კი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვების საჭიროებებზე,“ – განაცხადა ემი ქლენსიმ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში.

„მოხარული ვართ, რომ ესტონეთს, საქართველოსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის არსებული მყარი და წარმატებული სამმხრივი თანამშრომლობა გაგრძელდება. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვების განათლება მნიშვნელოვანი და რელევანტური საკითხია ორივე ქვეყნისთვის. ერთმანეთის წარმატებული და ნაკლებად წარმატებული გამოცდილებების გაზიარებით საქართველოს და ესტონეთს ერთმანეთისგან ბევრის სწავლა შეუძლიათ, – განაცხადა პეტერ პალსმა, საქართველოში ესტონეთის ელჩის მოადგილემ.

პროექტის შედეგად მოხდება არსებული სასწავლო გეგმის, სასწავლო მასალებისა და პროფესიული განვითარების სისტემების დეტალური ანალიზი. პროექტი ითანამშრომლებს 10 საპილოტე საბავშვო ბაღთან, პროფესიულ სასწავლებლებთან და უნივერსიტეტებთან, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად.

გარდა ამისა, მოეწყობა ცოდნის გაზიარების ვებინარები, სემინარები და ტრენინგები უნივერსიტეტის ლექტორებისთვის, აღმზრდელ-მასწავლებლებისთვის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, რათა მოხდეს ბილინგვური განათლების საუკეთესო პრაქტიკისა და ინოვაციური მიდგომების გაზიარება.

ხარისხიანი ბილინგვური განათლება, განსაკუთრებით სკოლამდელ დაწესებულებებში, უმნიშვნელოვანესია ბავშვების შემეცნებითი განვითარებისთვის, მათი კულტურული ცნობიერების ჩამოყალიბებისთვისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის. ხარისხიანი ბილინგვური განათლება ეხმარება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ბავშვებს, რომ მათ შეძლონ კომუნიკაცია სახელმწიფო ენაზე, და ჰქონდეთ თანასწორი წვდომა განათლებაზე. ბილინგვური განათლება ასევე ხელს უწყობს ინკლუზიური გარემოს შექმნას, სადაც პატივს სცემენ კულტურულ მრავალფეროვნებას, და განავითარებს ბავშვების იდენტობისა და მიკუთვნებულობის გრძნობას. ხარისხიანი ბილინგვური სწავლება ქმნის ძლიერ საფუძველს მრავალკულტურულ საზოგადოებაში უწყვეტი განათლებისა და მონაწილეობისთვის.

სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში 50-ზე მეტი საბავშვო ბაღი უზრუნველყოფს ადრეულ და სკოლამდელ განათლებას სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე. 2021 წლიდან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს ბილინგვური განათლების პროგრამას, რომელიც ამ დროისთვის 34 საბავშვო ბაღს მოიცავს. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვების ქართული ენის ცოდნის გაძლიერება განათლების შემდგომ საფეხურებზე შეუფერხებლად გადასვლის მიზნით, ისევე როგორც, მასწავლებლებისა და დაინტერესებული მხარეების თანამედროვე ცოდნით, მეთოდოლოგიითა და უნარებით გაძლიერება უმნიშვნელოვანესია სოციალური ინტეგრაციისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვების განათლებისთვის.

ესტონელმა ექსპერტებმა ჩაატარეს ვორქშოფები ბილინგვური განათლების შესახებ თბილისში, ახალციხესა და მარნეულში.

 

ასტღიკ სარქისიანი, საბავშვო ბაღის მენეჯერი, სოფელი წყალთბილა, ახალციხის მუნიციპალიტეტი: მყავს 43 ბავშვი, დადიან 5 სოფლიდან. ეთნიკური სომხები არიან. უკვე სწავლობენ ქართულ ენას, რადგან ჩვენს ბაღში ბილინგვური სწავლა მიმდინარეობს, ისე ბაღი სომხურენოვანია. მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიცოდეთ სახელმწიფო ენა. რადგან ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში, ჩვენი პირველი ენა არის სახელმწიფო ენა და ვცდილობთ, რომ ვისწავლოთ ენა. რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარ, ხომ ასე ამბობენ.

საბავშვო ბაღებში ბილინგვური სწავლების სახელმწიფო პროგრამა 2020 წელს დაიწყო. ესტონეთის მთავრობა და იუნისეფი ხელს შეუწყობენ პროგრამის გაძლიერებას.

 

თეონა ხარშილაძე, მარნეულის მე-4 საბავშვო ბაღის ბილინგვური მასწავლებელი: მე აღმოვაჩინე ჩემი თავი საბავშვო ბაღში. მარნეულელი ვარ და ბილინგვურ მასწავლებლად მუშაობა გასული წლის ოქტომბრის თვიდან დავიწყე. პირველივე დღიდან მივხვდი, თუ რა მნიშვნელოვან პროექტში ვარ ჩართული.

ბავშვებმა ქართული ენა არ იცოდნენ, დღეს კი ქართულად წინადადებების თქმა შეუძლიათ. ვთვლი, რომ ჩემს აღსაზრდელებს უკვე საკმარისი მარაგი გააჩნიათ და მზად არიან იმისთვის, რომ სრულფასოვნად შეისწავლონ ქართული ენა სკოლაში.

 

კრისტი კული, განათლების პროგრამის მენეჯერი, ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრი: ყოველთვის აქვს აზრი და მნიშვნელოვანია, რომ ინვესტირება გავაეთოთ განათლებაში და ბავშვებში. რა თქმა უნდა, ყველა ბავშვი ჩვენი მომავლის ელჩია, მაგრამ როცა საქმე ეხება ბილინგვურ ადრეულ განათლებას, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხია. ბილინგვური განათლება არა მხოლოდ აყალიბებს ძლიერ საფუძველს აკადემიური წარმატებისთვის, არამედ, ასევე, უზრუნველყოფს ცნობიერების ამაღლებას და ბავშვებს ისეთი უნარებით აძლიერებს, რაც მათ სამყაროში ნავიგაციისთვის დასჭირდებათ.

 

ნათია ჯოხაძე, განათლების სპეციალისტი, გაეროს ბავშვთა ფონდი: რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ბილინგვურ განათლებას, რამხელა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო ენის ცოდნას. ზუსტად ამიტომ, გაეროს ბავშვთა ფონდი, ესტონეთის მთავრობასთან ერთად, ადრეული ბილინგვური განათლების პროგრამაზე. ზუსტად ჩვენი მიზანია, რომ ისე გავაძლიეროთ სისტემა, რომ ეს განათლება იყოს თითოეული ბავშვისთვის ხელმისაწვდომი და არა მხოლოდ ხელმისაწვდომი, არამედ ხარისხიანი და გზა გაუხსნას მათ საფუძვლიან განვითარებას.

 

ალიონა კოსტანიანი, ახალქალაქის მე-3 საბავშვო ბაღის ბილინგვური მასწავლებელი: რაიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბავშვებს ნამდვილად არ ესმით ქართული. სწორი გადაწყვეტილებაა, რომ საბავშვო ბაღში ქართული ენის შესწავლით ბავშვებს საჭირო ფუნდამენტს ვუდებთ. ბილინგვურად ისეთ თემებს განვიხილავთ, როგორიც არის, მაგალითად, წელიწადის რომელი დროა, როგორი ამინდია, წელიწადის დროში რამდენი თვე შედის; ან რამდენი გოგო მოვიდა ბაღში, რამდენი ბიჭი და ვინ გვაკლია… ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბავშვებისთვის საინტერესო იყოს და ხალისიანად ჩაერთონ ამ პროცესში. ბავშვებს განსაკუთრებული სიყვარული აქვთ ჩამოყალიბებული ქართული ენის მიმართ. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, ყველანაირად ვცდილობთ, გავამართლოთ ის მოლოდინი, რასაც ჩვენგან ელიან და , პირველ რიგში, ქართული ენის სიყვარული ჩავუნერგოთ ბავშვებს.

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, მუშაობს 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს აკეთებს ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები