ნონა მაჭარაშვილი
სსიპ მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მენტორი მასწავლებელი
მზია აბაშიძე
სსიპ მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი
დემოკრატიული მოქალაქეობისკენ მიმართული განათლება არის მიდგომა, რომელიც ბავშვებს, ახალგაზრდებს და ზრდასრულ ადამიანებს აძლევს ცოდნას, უნარ-ჩვევებს და ასწავლის დამოკიდებულებებს, რომლებიც მათ თემში ქმედითი როლის შესრულებაში დაეხმარებათ.
განათლება, ადამიანის უფლებათა სფეროში, დემოკრატიული მოქალაქეობისკენ მიმართული ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც გულისხმობს სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის ადამიანის უფლებათა ფასეულობების სწავლებას, ცოდნის მიღებას პირადი და სოციალური გარდაქმნის გზით. იმის გაცნობიერებას, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, მიუხედავად მათ შორის არსებული განსხვავებებისა.
როგორ უნდა აღვზარდოთ ჩვენი მოსწავლეები ისეთ მოქალაქეებად, რომლებსაც შეუძლიათ და, ამავდროულად, სურთ დაიცვან არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვათა უფლებები და ინტერესები? რა არის სკოლის იდეალური როლი დემოკრატიულად მოაზროვნე მოქალაქეების ჩამოყალიბებისა და დემოკრატიული კულტურის წახალისების საქმეში? სასურველია, მოსწავლეებს შევთავაზოთ ისეთი აქტივობები, რომლებიც მოიცავს შემდეგ ფაზებს: გამოცდილების შეძენას, განხილვას, გააზრებას, განზოგადებას და გამოყენებას. განზოგადების ფაზა მნიშვნელოვანია იმით, რომ მოსწავლეები პრაქტიკული სავარჯიშოს შესრულების პროცესში მიღებულ გამოცდილებას „რეალურ სამყაროს“ დაუკავშირებენ, კონკრეტულად კი იმას, თუ როგორ ხდება ადამიანის უფლებების განცდა ყოველდღიურ ცხოვრებაში. რაც შეეხება გამოყენების ფაზას, მოსწავლეები იძიებენ, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ მათ ადამიანის უფლებათა საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად.
გვსურს გაგიზიაროთ ჩვენ მიერ შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს განხორციელებული აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების სპეციფიკური უფლებებისა და საჭიროებების შესახებ წარმოდგენის შექმნას და ჯგუფის შიგნით თანამშრომლობისა და კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის განვითარებას.
მოსწავლეებს, თავდაპირველად, ავუხსენით, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის ადამიანი, რომელსაც დაავადების, ტრავმის, გონებრივი თუ ფიზიკური დეფექტის შედეგად მეტ-ნაკლებად დარღვეული აქვს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციები. ასევე ავუხსენით, რომ ყველა შეზღუდული უნარი თანდაყოლილი არ არის და შესაძლოა ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეიზღუდოს რომელიმე უნარი, რაც განაპირობებს პროფესიული შრომის უნარის სრულ ან ნაწილობრივ დაკარგვას, ანდა ყოფა-ცხოვრების არსებით გაძნელებას.
ეს აქტივობა მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, დაფიქრდნენ და იმსჯელონ, თუ როგორ შეუძლია ფიზიკურ დეფექტებს შეუზღუდოს პირს ადამიანის უფლებებით სარგებლობის უნარი და გააცნობიერონ, რატომ უნდა ვიყოთ ტოლერანტულები ასეთი ადამიანების მიმართ.
აქტივობის განხორციელებისთვის დაგჭირდებათ ბავშვის კონტურული გამოსახულება ან ქაღალდის/მუყაოს თოჯინა, ქაღალდებისგან დამზადებული ტანსაცმელი, ყელსახვევი და წებო, გამოსახულებაზე ტანსაცმლის დასაწებებლად.
აქტივობის დაწყებამდე ჰკითხეთ ბავშვებს, თუ იცნობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანს, სთხოვეთ ჩამოთვალონ მათთვის ცნობილი ზოგიერთი შეზღუდული უნარი. ასევე ჰკითხეთ, თუ უფიქრიათ იმაზე, რას ნიშნავს იყო უსინათლო?
დაყავით ბავშვები ოთხკაციან ჯგუფებად. აჩვენეთ მათ ქაღალდის თოჯინები და ტანსაცმლის კომპლექტები თითოეული ამ ფიგურისათვის. განუმარტეთ ჯგუფის თითოეულ წევრს, რომ ისინი, მონაცვლეობით, თვალახვეულები ჩააცმევენ ტანსაცმელს ქაღალდის თოჯინას. ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა კი დახმარება უნდა გაუწიონ რჩევებით.
მიუთითეთ ჯგუფებს, რომ ყელსახვევით აუხვიონ თვალი ერთ ბავშვს და თითო-თითოდ მისცენ ტანსაცმლის დეტალები, რომლებიც მან სწორ ადგილას უნდა დააწებოს ქაღალდის თოჯინას. უთხარით, რომ რაც შეიძლება ნაკლები ილაპარაკონ, მაგრამ როდესაც თვალახვეულ ბავშვს დახმარება დასჭირდება, მითითება მისცენ.
იმისათვის, რომ სავარჯიშო აქტიურად მიმდინარეობდეს, ყოველ ოთხ წუთში, შეცვალეთ როლები, მიუხედავად იმისა, თუ როგორი წარმატებით აცმევს ბავშვი ქაღალდის თოჯინას. აქტივობა იქამდე გააგრძელეთ, სანამ ყველა ბავშვი არ იქნება თვალახვეული.
დასასრულს, მნიშვნელოვანია სავარჯიშოს შემდგომი განხილვა და შეფასება, რისთვისაც მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ შეკითხვებს:
- რა გრძნობაა, როცა უსინათლო ხარ?
- ძნელია იყო დამოკიდებული სხვაზე?
- მიიღეთ თუ არა ჯგუფისგან სასარგებლო მითითებები? შეეძლო ჯგუფს, რომ უფრო მეტად დაგხმარებოდათ?
- როგორ მოგწონთ მითითებების მიცემა? ძნელი იყო თუ არა ზოგიერთი მითითების განმარტება?
- უსინათლო რომ იყოთ სინამდვილეში, კიდევ რისი გაკეთება გაგიჭირდებოდათ?
საინტერესო და განსხვავებული იყო ჩვენი მოსწავლეების პასუხები ამ კითხვებზე: „სიბნელეში ხარ მარტო, ვერ ხედავ შენ ირგვლივ რა ხდება, მხოლოდ საუბრები გესმის და ცდილობ, წარმოიდგინო სიტუაცია. ძნელი იყო მითითებების მიხედვით მოქმედება“; „დაბრკოლებები ძნელი გადასალახია. გონება სულ დაძაბული გაქვს და სმენას აძლიერებ. ხელების ცეცებით უნდა მიიღო სწორი გადაწყვეტილება“; „თავს ვგრძნობდი შეზღუდულად, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს, ყველაფერს არასწორად გავაკეთებდი, მაგრამ ძალიან დამეხმარა მითითებები, მეგობრების დახმარებამ თითქოს თვალები ამიხილა. დამაფიქრა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს სჭირდება ჩვენი გვერდში დგომა და თანაგრძნობა, რათა მათაც მიეცეთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ყველა იმ უფლებით, რომლითაც ჩვენ ვსარგებლობთ“; „მითითებების მიცემა არც ისე ადვილი იყო, თავი მის ადგილას უნდა წარმოიდგინო და სწორად მიუთითო, რომ შეძლოს დავალების შესრულება…“
იმის საილუსტრაციოდ, რომ დახმარების გაწევაც გარკვეულ სიძნელეებთანაა დაკავშირებული, სცადეთ უსაფრთხო ადგილზე მოკლე სავარჯიშოს ჩატარება, როგორიც არის „სიარული სხვისი დახმარებით“, რაც იმაში გამოიხატება, რომ ერთ თვალახვეულ ბავშვს მეორე ბავშვი დაატარებს. შეგიძლიათ, ასევე, ბავშვებს მისცეთ შესაძლებლობა, ექსპერიმენტები აწარმოონ სხვა სახის შეზღუდულ უნარებთან დაკავშირებით, როგორიც არის შეზღუდული მოძრაობა (შეჯიბრი ტომრებით სირბილში, ექსპერიმენტები ყავარჯნებით, ჩამოკიდებული ცალი ხელით თმის დავარცხნა და შეკვრა, ან ცალი ხელით ელვა შესაკრავის შეკვრა ტანსაცმელზე და ა.შ.), ან ლაპარაკის, კითხვის, ანგარიშის შეზღუდული უნარი.
სავარჯიშოების შესრულების და განხილვის შემდეგ ბავშვები რწმუნდებიან, რომ არა მარტო შეზღუდული უნარით დავალების შესრულება, არამედ მითითებების მიცემაც გარკვეულ სიძნელეებთანაა დაკავშირებული. აქვე, მასწავლებელმა მოსწავლეებს ყურადღება უნდა გაამახვილებინოს იმ ფაქტზე, რომ უნარშეზღუდულ ადამიანებს შეუძლიათ ბევრი რამ დამოუკიდებლად აკეთონ, მათაც ისეთივე მოთხოვნილებები და უფლებები აქვთ, როგორიც ყველა სხვა ადამიანს.
ამრიგად, მსგავსი აქტივობების განხორციელება ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, გაიაზრონ მათდამი მინიჭებული დემოკრატიული უფლებები და პასუხისმგებლობები, დააფასონ განსხვავებულობა და აქტიური როლი ითამაშონ დემოკრატიული ცხოვრების წესის დამკვიდრებაში.