ინგა ქლიბაძე
სსიპ ზურაბ ძამუნაშვილის სახელობის თბილისის №220 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი
სადღაც ამოვიკითხე – იყო ადამიანი, ყველაზე რთული დავალებაა ამქვეყნად და უნდა ეცადო, რომ შენი წყალობით შენ გარშემო ადამიანები გახდნენ უკეთესები, ვიდრე არიან. რთული მისიაა, თუმცა არა შეუძლებელი. ადამიანური ფასეულობები ხომ მოიცავს პატიოსნებას, სანდოობას, შრომისმოყვარეობას, დისციპლინას, სამართლიანობას, სიყვარულს, მშვიდობას, თანაგრძნობას. ადამიანური ფასეულობები ვრცელდება ასევე უანგარობაზე და რაც უმნიშვნელოვანესია, სხვა ადამიანების საჭიროებების პრიორიტეტად მიჩნევაზე.
სასკოლო სივრცეში ხშირად მივმართავთ სხვადასხვა აქტივობებს, მოსწავლეებში სწორედ ამ ფასეულობებისა და ღირებულებების გაღვიძების მიზნით, რადგან, ჩვენი, როგორც პედაგოგების, მიზანი, განათლებასთან ერთად, თითოეული მოსწავლის სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებაცაა და ამ მიმართულებით არაერთ ღონისძიებას ვგეგმავთ და ვახორციელებთ.
ახლახან საახალწლო არადადეგებიდან დაბრუნებულ ჩემს მეოთხეკლასელებს დაფის ზემოთ გაკრული ახალი წარწერა დავახვედრე: „თქვენს მოსვლას კედლებიც ღიმილით ხვდებიან“. ვაკვირდებოდი პატარების სახეებს, რომლებმაც ინტერესით წაიკითხეს წარწერა და სასიამოვნო ღიმილმაც გადაჰკრათ სახეზე.
– მააას… – ეს ერთი სიტყვა მითხრეს მხოლოდ და სითბოთი და სიყვარულით სავსე მზერა წარწერისკენ გადაიტანეს… და დავიწყეთ საუბარი მონატრებასა და სიყვარულზე.
მეც ეს საუბარი გამოვიყენე და იდეას, რომელიც ჩაფიქრებული მქონდა, მათი საშუალებით შევასხი ფრთები.
– სახელების დარქმევა რომ შეგეძლოთ, რა სახელს დაარქმევდით ორშაბათს? – ვკითხე პატარებს.
– რადგან ასე ძალიან მოგვენატრა ერთმანეთი, ალბათ, მონატრებასო, — მიპასუხეს.
– ოჰ, რა კარგია, ორშაბათი მონატრების დღე ყოფილა, მაგრამ მონატრება მეგობრობის გარეშე წარმოუდგენელია. მაშ, სამშაბათი მეგობრობის დღე ყოფილა!
ასე მსჯელობით ყველა დღეს დავარქვით თავისი სახელი:
ოთხშაბათი – სიყვარულის დღე, ხუთშაბათი – სიკეთისა და პარასკევი – მადლიერების.
სახელების დარქმევის შემდეგ სასწრაფოდ გავამზადეთ ფერადი ფურცლები და პოსტერიც შევქმენით, კვირის დღეების სახელწოდებებითა და ჩვენ მიერ შერჩეული სახელებით. აღნიშნულ პოსტერს სასწავლო რესურსის დანიშნულებაც მივეცით. კვირის დღეების სახელწოდებებზე მიმაგრებულ პატარა „ჯიბაკებში“ ვდებთ ჩხირებს, რომლებსაც ვაწერთ იმ ნაწარმოების სახელსა და ავტორს, რომელსაც წავიკითხავთ (ან წავიკითხეთ) და, ნაწარმოების თემის მიხედვით, ვანაწილებთ „ჯიბაკებში“. კონკრეტულ საკითხზე მსჯელობისას და არგუმენტირებულად საუბრის დროს, ხშირად მოვიშველიებთ ხოლმე შესწავლილ მოთხრობებსა თუ ანდაზებს. პატარებს მეტ-ნაკლებად უჭირთ არგუმენტირებული მჯელობა, ზემოთ აღწერილი აქტივობა კი დაგვეხმარება მსჯელობისას. არგუმენტირებული საუბარი კი უკვე კარგად ჩამოყალიბებული პოზიციაა, რომელიც პატივისცემასა და მოსმენას იმსახურებს, რადგან იგი დასაბუთებულია.
მაგალითისთვის, უკვე შესწავლილი მოთხრობები: რევაზ ინანიშვილის „კეთილი ბებერი ბუები“, იაკობ გოგებაშვილის „ჭკვიანი ძაღლები“ და „სიკეთის უკვდავება“ სიამოვნებით გადავანაწილეთ სიკეთის თემაში და როდესაც სიკეთის თემაზე მსჯელობას დავიწყებთ, არგუმენტებად, მარტივად გავიხსენებთ თითოეულ მათგანს, შესაბამისად, აღარ გაგვიჭირდება საილუსტრაციოდ ნაწარმოებიდან ფრაგმენტის მოყვანა.
ზემოთ აღნიშნული თემების განხილვისას, ერთმა პატარამ საოცრად მოიწყინა და გულდაწყვეტით მითხრა:
– მასწავლებელო, ჩემმა მეზობელმა, 17 წლის გოგონამ, თავი მოიკლა. ძალიან ცუდად ყოფილა ბოლო დღეების განმავლობაში. ასე ამბობენ, ვერავინ გაუგო რა პრობლემა ჰქონდაო და იცით, რა მაინტერესებს, მასწავლებელო? კიდეც რომ გაეგო ვინმეს მისი პრობლემა, შეძლებდნენ კი დახმარებას? იქნებ ვერ ეხმარებოდნენ და ამიტომ არ ამბობდა…
ბუნებრივია, უზომოდ შემაწუხა 17 წლის მოზარდის ტრაგედიამ და არანაკლებ ცუდად ჩამესმა ყურში პატარა გოგონას მიერ დასმული შეკითხვა – შეძლებდნენ კი დახმარებას?
– მოდი, ასე მოვიქცეთ, – ვუთხარი გოგონას, – თუკი მე შენ დაგიმტკიცებ, რომ უსულო საგნებს შეუძლიათ რთულ მდგომარეობაში ერთმანეთის დახმარება, მაშინ ხომ დაიჯერებ, რომ ადამიანებს ნებისმიერ სიტუაციაში შეგვწევს ძალა ერთმანეთს დავეხმაროთ? ხომ დაიჯერებ, რომ გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს?
– უსულო საგნები ერთმანეთს დაეხმარებიან , მასწავლებელო? – ვეღარ დამალა გაოცება.
– დიახ, დაეხმარებიან და ამას ახლავე დაგიმტკიცებ!
სასწრაფოდ მოვიძიე ორი სანთებელა კოლეგებთან. პატარა ლამბაქით წყალი მოვიტანე და მოვემზადე.
– პატარებო, როგორც ხედავთ, ხელში ორი სანთებელა მიჭირავს, ჩათვალეთ, რომ ეს ხართ თქვენ (მივანიშნე სანთებელაზე, რომელიც მარცხენა ხელში მეჭირა) და ეს მეორე კი (მარჯვენა ხელში რომელიც მეჭირა) თქვენი მეგობარი… დააკვირდით, ორივე ანათებს, ბედნიერები არიან, მხიარულები… მაგრამ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება რთული პერიოდი, რთული მომენტი, როდესაც არ ვართ კმაყოფილნი და ბედნიერნი საკუთარი ცხოვრებით, აღარ ვანათებთ, აღარ ვბრწყინავთ. აღარ ვართ კარგ განწყობაზე (ამ დროს მარჯვენა ხელში მოთავსებული სანთებელა ჩავდე წყლიან ლაბაქში, ცხადია დასველდა და ვაჩვენე ბავშვებს, რომ ნამდვილად აღარ ანათებდა).
– როგორ ფიქრობთ, ასეთ მდგომარეობაში რამეს შეუძლია ახლა მისი (თქვენი მეგობრის) ანთება, ანუ გადარჩენა?
– ანთებით ვერ ავანთებთ, მაგრამ შეგვიძლია გავათბოთ მეორე სანთებლათი, – მიპასუხეს პატარებმა.
– გავათბობთ, მაგრამ მაინც ვერ აინთება, თუმცა, თუკი თქვენ ანათებთ (მივანიშნე მარცხენა ხელში მოთავსებულ სანთებელაზე), მაშინ მჯერა, რომ შეგიძლიათ, თქვენი მეგობარიც აანთოთ (ვაჩვენე, რომ დაუზიანებელი სანთებელათი მარტივად ავანთე დაზიანებული სანთებელა) და თან დავამატე: ხედავთ რამხელა ძალა გქონიათ?
სიამოვნებით ვაკვირდებოდი ბავშვების გაოცებულ სახეებს, რომლებიც მომიახლოვდნენ და თავად დარწმუნდნენ, რომ მარჯვენა ხელში მოთავსებული სანთებელა ნამდვილად აღარ ინთებოდა, მაგრამ მეორე სანთებელათი მარტივად ვანთებდით მას.
– აბა, რაც ვნახეთ, რა დასკვნის გაკეთება შეგვიძლია აქედან?
– როდესაც ვხედავთ, რომ ადამიანი ბედნიერი არ არის, შეგვიძლია მივიდეთ, დაველაპარაკოთ, შევეცადოთ ჩვენი წილი ბედნიერება გავუზიაროთ და ისიც ავანთოთ.
– მშვენიერია. მაშინ მე კიდევ უფრო მეტს გეტყვით. გაინტერესებთ, რას ნიშნავს ადამიანისთვის ადამიანი?
წავიკითხეთ ნაწყვეტი გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებიდან „იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი“, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით „ადამიანი ადამიანისთვის დღეა“…
წაკითხულის ირგვლივ ბევრი ვიმსჯელეთ და მეორე დღისთვის მოსწავლეებს მივეცი თხზულება: „ადამიანი ადამიანისთვის მზეა“, რომელზეც უნდა ემსჯელათ და თავიანთი მოსაზრებები არგუმენტირებულად დაესაბუთებინათ.
მეორე დღეს ყველა მოსწავლის ნამუშევარი განვიხილეთ, პატარები სიამოვნებით მსჯელობდნენ თემის ირგვლივ, ისმენდნენ ერთმანეთის მოსაზრებებსა და არგუმენტებს, რის შემდეგაც მოვაწყვეთ სასკოლო გამოფენა: „ადამიანი ადამიანისთვის მზეა“. აღნიშნულ თემაზე შეიქმნა ელექტრონული წიგნიც.
სტატიას კი დავასრულებ იმით, რითაც დავიწყე – არც ისე რთულია, იყო ადამიანი!