ამ სასწავლო წლის დასაწყისში ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ახალი სასკოლო წიგნები შემოგვთავაზა მეათე კლასისთვის. სახელმძღვანელო, თავისთავად ცხადია, საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, მასში თავმოყრილი მრავალფეროვანი მასალებისა და სიახლეების გამო, თუმცა ჩვენი ყურადღება განსაკუთრებით მიიქცია, იოვანე საბანისძის „აბოს წამებასთან“ კონტექსტში დაბეჭდილმა, წერილმა „აბოს ღალატი“, რომლის ავტორიც ცნობილი ფილოლოგი ოქტაი ქაზუმოვი გახლავთ.
მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორედ იმიტომ აღმოჩნდა წერილი, რომ თავად ოქტაი, აღმსარებლობით, მუსლიმია, ეთნიკური აზერბაიჯანელი. უამრავი კითხვა თუ წინააღმდეგობრივი აზრი დაგროვდა ნაწარმოების შესწავლისას, აბოს ნაბიჯს, მომხრეებთან ერთად, კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ, წერილიც, ცოტა არ იყოს, გამოცანასავით გამოიყურებოდა ამ ყველაფრის ფონზე. მოკლედ, გადაწყდა, ბატონი ოქტაი უნდა გამოსულიყო ჩვენთან კომუნიკაციაზე (უნდა აღვნიშნო, რომ პირველად არ მომხდარა ასეთი რამ, ადრეც, 2020 წლის გაზაფხულზე, ფოთის მე-5 საჯარო სკოლის მე-11ა კლასისთვის, მან საგანგებოდ დაწერა ორი არაჩვეულებრივი წერილი თემაზე – მოუწოდებს თუ არა ისლამი კაცის კვლას, ვაჟას პოემების ჭრილში, ორივე „მასწავლებელი.ჯიზე“ გამოქვეყნდა. მაშინ ჩემი მოსწავლეები თავად გახდნენ კრიტიკოსის აქტიური მკითხველები და კრიტიკოსები. სწორედ ეს ძველი მეგობრობა გამოვიყენეთ, აქვე გთავაზობთ ხსენებული წერილების ბმულებს: http://mastsavlebeli.ge/?p=29686, http://mastsavlebeli.ge/?p=29720).
ასე ჩაგვერთო ონლაინ სივრცეში „აბოს ღალატის“ ავტორი, რათა დაეცვა თავისივე წერილის მთავარი გმირი – ჩვენთვის წმინდანი, ისლამისტებისთვის – მოღალატე… როგორც თავად აღნიშნა, მისთვის სასიამოვნო სიახლე იყო ამ წერილის სასკოლო წიგნებში შეტანა. ჩვენ მხოლოდ ერთი გაკვეთილი დავგეგმეთ ავტორთან ერთად, მაგრამ სამი გაკვეთილიც არ აღმოჩნდა საკმარისი. თბილი, მეგობრული და ზომიერი იუმორით გაჯერებული მთხრობელი გულწრფელ ნდობას იმსახურებდა, ამიტომ,მოსწავლეებისთვისაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა ცოცხალი ურთიერთობა თანამედროვე ახალგაზრდა მეცნიერთან. მათ ბევრი რამ ჰკითხეს ადრესატს, მაგალითად: რატომ არის ქართველებისთვის მოღალატე ვარსქენ პიტიახში და აბო, რომელმაც იგივე ნაბიჯი გადადგა, რჯული შეიცვალა, წმინდანი (გიორგი ა.)? აღიარებდა თუ არა ბატონი ოქტაი აბოს წმინდანობას ან რატომ თვლიდა, რომ მისი ნაბიჯი – ღალატი სწორად არ იყო შეფასებული (ქეთი რ.)? რას შეცვლიდა დღეს თავის წერილში, წლების გადასახედიდან ხომ არ გადააფასა რამე, როგორ უყურებენ დღეს არაბეთში მე-8 საუკუნის ამბებს, ანუ აბოს რჯულშეცვლასა და გარდაცვალებას ქრისტესათვის (გიორგი კ.)?
აგრეთვე: რატომ აიძულებდა ისლამი ქრისტიანებს სარწმუნოებრივ ძალადობას, რაკი ეს კანონებში არ ეწერა თავიდანვე, იყო თუ არა ის „მახვილით პყრობილი“ რჯული და რამდენად ეთანხმებოდა ავტორი ნაწარმოების ამ აზრს (ანანო ჩ.)? რა განსხვავებაა მაშინდელ და თანამედროვე ისლამს შორის (ლუკა ქ.)? როგორ უყურებს ის ირანში მიმდინარე მოვლენებსა და საპროტესტო აქციებს (მარიამ-ნინო კ.)?
ან აბო რომ დაპყრობილი ერის შვილი ყოფილიყო, როგორ ფიქრობთ, მოინდომებდა მჩაგვრელის, დომინანტის, რელიგიის მიღებას (მეგი კ.)? ხომ არ მოგიწოდათ აბომ თავად გადმოგედგათ ქრისტიანობისკენ ნაბიჯი ან სხვა რელიგიურმა აღმსარებლობამ ხომ არ მოგხიბლათ ოდესმე (მეგი ქ.)? არ მიმაჩნია,რომ ყველა მოღალატე სინდისის კარნახით იცვლის რწმენას, როგორ უნდა გავარჩიოთ, ვინ სინდისით და ვინ ანგარებით აკეთებს ამას, კაცის გულს ყველა ხომ ვერ ხედავს (ანანო ჭ.)? თქვენი აზრით, რა არის ქრისტიანობაში ისეთი, რომ ბევრი უცხოელი და სხვა რჯულის წარმომადგენელი ქრისტიანდებოდა, იბრძოდნენ მის დასაცავად, როცა ხშირად თვით ქრისტიანები არ იცავენ მის წესებს ასე თავგამოდებით (ანდრია ბ.)?
იმ დღეს კიდევ ბევრი კითხვა დაისვა. ამოუწურავი და უსაზღვრო აღმოჩნდა ბავშვების ცნობისწადილი. ბოლოს ავტორმა თვითონაც დაუსვა რამდენიმე შეკითხვა ბავშვებს, მოისმინა მათი პასუხები, შებრუნებული პოზიციაც შესთავაზა და მიუთითა, რომ ყველაფერი მხოლოდ ადამიანის ცნობიერებაზე, მის სწორ შეგნებსა და განათლებაზეა დამოკიდებული. ონლაინ შეხვედრამ ჩემს მე-10ბ კლასს დაუტოვა განცდა, რომ დროის რომელიღაც მონაკვეთში ისევ უნდა შეხვდნენ ბატონ ოქტაის, რომელმაც ამ წერილით კიდევ ერთხელ უთხრა თავისიანს, უცხოსა და ახლობელს, რომ ქვეყნის სიძლიერე მისი ერების მრავალფეროვნებაშია, მათ ტოლერანტულ ურთიერთობას ემყარება და რომ ღმერთი სიყვარულია, არ აქვს მნიშვნელობა, ქრისტიანი ხარ თუ არაქრისტიანი, მუსლიმი თუ არამუსლიმი. სიყვარულს ხომ სამანი არ აქვს. აი,ასე არ დაინახა ავტორმა მოღალატე აბოში…
მაია გვიჩია
სსიპ ფოთის №5 საჯარო სკოლის მასწავლებელი