წლევანდელი მონაცემებით, უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამებზე ჩაბარების სურვილი 47 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა. დამღლელ და შრომატევად საგამოცდო მზადების პერიოდს აბიტურიენტების უმრავლესობა საკმაოდ ყოჩაღად უმკლავდება და ამბობს, რომ მთავარი მოტივატორი „წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯია“, რომელსაც გამოცდების შედეგებით დაადასტურებენ.
ჩვენი რუბრიკის სტუმრები გულახდილად საუბრობენ აბიტურიენტობის რთულ გზაზე, სკოლის როლზეც და პროფესიების არჩევანის სირთულეებზეც; გვიზიარებენ მოსაზრებებს საგამოცდო მოდელზე – რას შეცვლიდნენ ან რატომ; აქეცენტებს აკეთებენ პროფესიულ განათლებაზე, რომელსაც, მათი აზრით, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ჩვენს ქვეყანაში.
ქეთევან ჩაკვეტაძე
სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ.ზუბის საჯარო სკოლა
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადება ჩემთვის ხანგრძლივი და საინტერესოა. კარგი შედეგისათვის აუცილებელია მუდმივი შრომა, მონდომება, ვცდილობ, გამოცდებისთვის მეცადინეობა იყოს ნაყოფიერი. ყოველდღე წინასწარ ვინიშნავ საკითხებს, რომლებიც იმ კონკრეტულ დღეს უნდა ვისწავლო ან თუნდაც გავიმეორო. მასწავლებლებისა და მშობლების ხელშეწყობა ამ პერიოდში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი ჩემდამი დამოკიდებულება ერთ-ერთი მთავარი მოტივატორია, მოტივაცია კი წარმატებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველწლიურად აქვეყნებს ცნობარს აბიტურიენტებისათვის, რომელშიც ხელმისაწვდომია საქართველოში მოქმედი ყველა უნივერსიტეტისა და პროგრამის შესახებ ინფორმაცია, ამიტომ, რასაკვირველია, მქონდა ინფორმაცია საქართველოში არსებული უნივერსიტეტების შესახებ. თუმცა, მიუხედავად ინფორმირებულობისა, უნივერსიტეტის არჩევა მაინც ურთულესი იყო. სიმართლე რომ ვთქვა, ბოლომდე დღესაც არ მაქვს ზუსტად გადაწყვეტილი. პირველ ნომრად არჩეულ უნივერსიტეტზე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე, თუმცა გავითვალისწინე იმ მეგობრების რჩევები, რომლებიც აღნიშნული უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, დამოუკიდებლადაც ინტერნეტით მოვიძიე ინფორმაცია, სოციალურ ქსელში, აბიტურიენტთა ჯგუფებში ვკითხულობდი ამა თუ იმ უნივერსიტეტის დახასიათებას.
აბიტურიენტისთვის, უნივერსიტეტის არჩევისას, დიდი მნიშვნელობა აქვს ღია კარის დღეზე მიღებულ ინფორმაციას. საბედნიეროდ, მსგავსი ტიპის შეხვედრები ხშირად ეწყობოდა როგორც დისტანციურად, ისე პირისპირ. ჩემთვის კომფორტული იყო დისტანციური ღია კარის დღეები, ონლაინ სივრცეში ამა თუ იმ უნივერსიტეტის წარმომადგენლობა ამომწურავ ინფორმაციას გვიზიარებდა სასწავლო პროგრამებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც ამ უნივერსიტეტის სტუდენტებს ეძლევათ.
მრავალფეროვანი პროფესიული არჩევანის ქონა, ვფიქრობ, პრივილეგიაა, რადგან არ ვარ შეზღუდული და შემიძლია ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით ავირჩიო პროფესია, რომელსაც ცხოვრებას დავუკავშირებ. სკოლამ დიდი წვლილი შეიტანა ჩემს პროფესიულ არჩევანში, რადგან მქონდა საშუალება, დამატებით საგნად, პროფორიენტაცია ამერჩია. აღნიშნული საგანი დამეხმარა გამერკვია, სადაა ჩემი ადგილი, რა შემიძლია და ჩემს უნარებზე მორგებული არჩევანი გამეკეთებინა, რომელსაც მომავალში არ ვინანებ.
21-ე საუკუნის აბიტურიენტებში არაერთი პროფესიაა პოპულარული. NAEC-ის ვებგვერდზე დავაკვირდი კონკურენციას სხვადასხვა პროგრამაზე და როგორც ჩანს, აბიტურიენტთა დიდი ნაწილი არჩევანს ჰუმანიტარულ პროფესიებზე აკეთებს. სამწუხაროა, რომ მე არ მქონია შესაძლებლობა, დავსწრებოდი შეხვედრას, სადაც ამომწურავ ინფორმაციას მივიღებდი მოთხოვნადი პროფესიებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. მაგრამ, ვფიქრობ, გააზრებულად ავირჩიე მომავალი პროფესია, რადგან არჩევანის გაკეთებამდე ბევრიც ვიფიქრე და კვლევა-ძიებაც არ დამზარებია.
ვფიქრობ, აბიტურიენტები ნაკლებად ფლობენ ინფორმაციას პროფესიულ სასწავლებლებზე, რადგან უნივერსიტეტებისგან განსხვავებით, მათზე არაა ხელმისაწვდომი ბევრი ინფორმაცია, არ ტარდება გაცნობითი შეხვედრები ან ტარდება ვიწრო წრეებში. ეს, რასაკვირველია, არაა საკმარისი. ჩემი კლასელების უმრავლესობა უნივერსიტეტში აპირებს სწავლის გაგრძელებას.
რეპეტიტორთან ვემზადები სამ საგანში, რომელთა ჩაბარებასაც ვაპირებ მომავალში. სკოლის მასწავლებლები ძალიან მეხმარებოდნენ, განსაკუთრებით ჩემი მათემატიკის მასწავლებელი, რომელიც აბსოლუტურად უანგაროდ, საგაკვეთილო პროცესის გარდა, მაძლევდა მითითებებს და სრული დატვირთვით მამზადებდა. ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორი დედაჩემია, ამიტომ გამიმართლა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ორიენტირებულია მოსწავლის ფაქტობრივი ცოდნის შემოწმებაზე, მე, ფაქტობრივ ცოდნასთან ერთად, შევამოწმებდი მოსწავლის იმ უნარებს, რომლებიც აუცილებელია წარმატებისთვის, ანუ ერთიანი ეროვნული გამოცდებით შევამოწმებდი თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას.
იმის გათვალისწინებით, რომ გამოცდებისთვის მზადების პროცესში ჩემი რესურსი თითქმის სრულად ჩავდე, ვფიქრობ, აუცილებლად იქნება ცოდნისა და შრომის ექვივალენტური შედეგი.
რეზო გელბახიანი-გულიშვილი
სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. დიდგორის საჯარო სკოლა
მეექვსე კლასიდან მინდოდა, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩამებარებინა, ფაკულტეტის და უნივერსიტეტის არჩევანზე გავლენა ჩემმა უფროსმა დამ მოახდინა, რომელმაც ორი წლის წინ ჩააბარა ჯავახიშვილის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. უნივერსიტეტების არჩევისას უპირატესობა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს მივანიჭე, პირველი ადგილი კი – თსუ-ს, რადგან ვიცი, რომ საუკეთესო იურიდიული ფაკულტეტი აქვს და დიდი არჩევანი გაცვლით პროგრამებში. ასე რომ, არც უნივერსიტეტის შერჩევა, მით უფრო – ფაკულტეტის, არ გამჭირვებია.
რა თქმა უნდა, სამომავლოდ გაცვლით პროგრამაზე ვფიქრობ, რადგან ნებისმიერ ახალგაზრდას, რომელსაც სურს, თავის საქმეში იყოს პროფესიონალი, უცხო ქვეყნის გამოცდილების გაზიარება და იქ მიღებული განათლება უპირობოდ სასიკეთოდ წაადგება.
რაც შეეხება უნივერსიტეტის შერჩევას, სიმართლე გითხრათ, მე არ მახსენდება, ჩვენთან, სკოლაში, მოსულიყვნენ და სასწავლო პროგრამები გაეცნოთ, შემოეთავაზებიათ. ეს საკითხი, ვფიქრობ, თავად მოსწავლეზეა დამოკიდებული, მან უნდა მოიძიოს და იპოვოს ინფორმაცია ამა თუ იმ უნივერსიტეტის შესახებ, იყოს მოტივირებული, აირჩიოს და გაარკვიოს, რომელი უნივერსიტეტი მისცემს ხარისხიან განათლებას. ასევეა პროფესიული სასწავლებლებიც. აკადემიური განათლების მიღება ჩემი თაობისთვის უფრო პრიორიტეტულია. სიმართლე გითხრათ, პროფესიულ განათლებაზე სკოლის პერიოდში აქცენტი ნაკლებად კეთდება. ჩემს ინტერესშიც არ შედიოდა ეს საკითხი და ამიტომ ნაკლებად ინფორმირებული ვარ.
სხვათა შორის, ჩემ არჩეულ პროფესიას რომ დავუბრუნდე, იურიდიული ჩემ გარემოში პოპულარული არ არის. ვფიქრობ, ჩემი თანატოლები უფრო ფინანსურ საკითხს ითვალისწინებენ, რამდენად შემოსავლიანი იქნება მათი არჩეული პროფესია. ამიტომ, ბიზნესთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფესია ჩემს თაობაში პოპულარულია. ჩემთვის კი ფინანსური საკითხი გადამწყვეტი არ ყოფილა, გავითვალისწინე თუ რამდენად უხსნის გზას ახალგაზრდას იურიდიული ფაკულტეტი, საინტერესო და მრავალფეროვანი სამუშაოა, ასე რომ, ინტერესმა უფრო გადამაწყვეტინა ამ ფაკულტეტის არჩევა. მარტო გულისთქმას არ მივყოლივარ, რაციონალურად შევარჩიე ჩემი მომავალი პროფესია.
სკოლამ დიდი როლი შეასრულა ჩემს სწავლა-განათლებაში, უზომოდ მადლიერი ვარ ჩემი სკოლის თითოეული პედაგოგის. მათ დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენს განვითარებაში. ისინი ჩვენს არჩევანს ყოველთვის პატივს სცემდნენ. რეპეტიტორთან არ მოვმზადებულვარ. კლასში 2 მოსწავლე ვიყავით და ყველა საგანმანათლებლო რესურსი ჩვენკენ იყო მომართული. ჩემი მეგობარიც უმაღლესის გამოცდებისთვის ემზადება, მან ფსიქოლოგიური აირჩია.
ერთიანი ეროვნული გამოცდების მოდელი ძალიან მომწონს, თანამედროვეობას მორგებულია. ვფიქრობ, ძალიან მარტივი მოდელია. მომავალ აბიტურიენტებს და მოსწავლეებს მინდა ვურჩიო, მეთორმეტეკლასელობა საკმაოდ რთული და შრომატევადია. თუ მთელი 11 წელი არაფერი გისწავლია, მხოლოდ მე-12 კლასში ბეჯითობა და გამოცდებისთვის მზადება საკმარისი ვერ იქნება, რადგან ეს საფუძვლიან ცოდნას მოითხოვს. ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლემ გაიაზროს, რომ თუ თავიდანვე არა, სულ მცირე, ბოლო 3-4 წელი ხარისხიანი სწავლა ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია. თუკი გავითვალისწინებთ, რომ სკოლა წარმატებით, მედალზე დავამთავრე, მგონია, გრანტის მოპოვების შანსსაც არ გავუშვებ ხელიდან.
ნიკოლოზ ბარამიძე
სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის №2 საჯარო სკოლის მოსწავლე
ჩვენს თაობაში უფრო მარტივი გახდა ონლაინ რესურსების მოძიება და სწრაფად ინფორმაციის მიღება. სწორედ ონლაინ რესურსების დახმარებით მივიღე ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში არსებული უნივერსიტეტების შესახებ. გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე და ჩემი არჩევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე შევაჩერე, რადგან ძალიან მომეწონა ის სასწავლო პროგრამები, რომლებსაც უნივერსიტეტი გვთავაზობს. საბედნიეროდ, მქონდა შესაძლებლობა, დავსწრებოდი რამდენიმე უნივერსიტეტის ღია კარის დღეებს, თუმცა მინდა ვთქვა ისიც, რომ საინფორმაციო შეხვედრები ჩემს სკოლაშიც ტარდებოდა, სადაც სიღრმისეულად გავეცანი იმ სასწავლო პროგრამებს, რომლებსაც აბიტურიენტებს გვთავაზობდნენ.
ყოველთვის მაინტერესებდა სამართლის სფერო და სწორედ ამ ინტერესმა განაპირობა ჩემი არჩევანი. სკოლაშიც ხშირად ეწყობოდა აქტივობები, რომლებიც გვაძლევდა შესაძლებლობას, ზოგადი წარმოდგენა გვქონოდა სხვადასხვა პროფესიის შესახებ და გაგვეგო უფრო მეტი იმაზე, რაც გვაინტერესებდა. ჩვენი თაობა, უფრო მეტად, კომპიუტერული მეცნიერებებითაა დაინტერესებული. სწორედ ეს სფეროა ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი, თუმცა აბიტურიენტთა უმრავლესობას კარგად არ აქვს გააზრებული საშუალო ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების საკითხი. ამ მხრივ, ახალგაზრდა თაობა, ზოგჯერ, არასწორად იღებს გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ინფორმაციის მიღება ძალზე მარტივია. პროფესიულ სასწავლებლებთან დაკავშირებით ინფორმირებული საბაზო საფეხურიდანვე ვიყავით, თუმცა ჩემს კლასში, ამ მხრივ, დიდი დაინტერესება არ ყოფილა.
რთულია ისეთი აბიტურიენტის პოვნა, რომელიც რეპეტიტორთან არ დადის. რა თქმა უნდა, სკოლამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ძირეული ცოდნის დაგროვებაში, თუმცა, ბოლო წლებია, რეპეტიტორები აქტიურად მეხმარებიან, რომ ჩემი შესაძლებლობები სწორად დავაორგანიზო. ქართული, უცხოური ენა და ისტორია ის საგნებია, რომლებსაც ეროვნულ გამოცდებზე ვაბარებ. ამ საგნებში მომზადება კი 250 ლარამდე მიჯდება.
ეროვნული გამოცდების ამჟამინდელი მოდელი მეტ-ნაკლებად მისაღებია ჩემთვის, თუმცა ვისურვებდი, რომ ფაქტობრივ ცოდნაზე მეტად, აბიტურიენტის ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებას აფასებდეს.
იმედია გრანტის მოპოვებას თავისუფლად შევძლებ, რადგან ეს დამოკიდებულია იმ უნარებზე, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში გამოვიმუშავე.
გიგი მიგინეიშვილი
სსიპ ქ. ფოთის ილია ჭავჭავაძის სახელობის №5 საჯარო სკოლა
ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე სულ რაღაც ერთი თვე დარჩა და აქტიურად ვარ ჩართული მზადების პროცესში, თუმცა მთელი წელი საკმაოდ შრომატევადი იყო. ვთვლი, რომ გამოცდებისთვის საკმაოდ კარგად მოვემზადე.
აქტიურად ვარ ჩართული უნივერსიტეტების მოძიებასა თუ არჩევაში, ვეცნობი ყველა ახალ შემოთავაზებას. ვფიქრობ, ყველა აბიტურიენტმა უნივერსიტეტის არჩევას დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს, კარგად გაიაზროს და გაეცნოს მათ პირობებსა და შემოთავაზებებს. მინდა გითხრათ, რომ კარგი უნივერსიტეტის არჩევა, ხშირად, ფაკულტეტის არჩევაზე რთულიც კია, რადგან აბიტურიენტთა უმრავლესობა ყურადღებას აქცევს, როგორი გარემოა უნივერსიტეტში, როგორი ლექტორები ჰყავს, აქვს თუ არა გაცვლითი პროგრამები, რაც ყველაზე მთავარია, რამდენად ხარისხიან თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას იძლევა უნივერსიტეტი. თუმცა, რა თქმა უნდა, უპირველესი საკითხი და, ასე ვთქვათ, გადამწყვეტი მაინც სწავლის ღირებულებაა. ვფიქრობ, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ღირებულება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
რადგან დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე უნივერსიტეტის შერჩევა მარტივი არ არის, ამიტომ გამოცდილი ხალხისგან მივიღე რჩევები და შევეცადე, სწორი არჩევანი გამეკეთებინა. ასევე სკოლის პერიოდში არაერთხელ გვქონდა შეხვედრა სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, რომლებმაც მოგვაწოდეს ინფორმაცია თავიანთ უნივერსიტეტებზე, რამაც შემდგომ კიდევ უფრო გამიმარტივა არჩევანი.
ვფიქრობ, საქართველოში მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს პროფესიულ განათლებას. ყველანაირად უზრუნველყოფილი პროფესიული სასწავლებლები მხოლოდ რამდენიმე ქალაქშია. შესაბამისად, მოსწავლეების უმეტესობა არჩევანს უმაღლეს განათლებაზე აკეთებს. უმაღლესი განათლება ჩვენს თაობაში პრიორიტეტია, რადგან მიიჩნევენ, რომ პროფესიულ განათლებას საქართველოში ნაკლები პერსპექტივა და ხელშეწყობა აქვს. წელს ჩემი სკოლის სამოცამდე კურსდამთავრებულიდან, როგორც ვიცი, არც ერთი არ აპირებს პროფესიულ სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას.
აბიტურიენტები, თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე, ირჩევენ სხვადასხვა ფაკულტეტს, მაგრამ ძირითადად პოპულარულია რამდენიმე ფაკულტეტი, ესენია: ბიზნესი, სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები, პროგრამირება და სამედიცინო. ნაწილი იმიტომ ირჩევს, რომ ნამდვილად მოსწონს ეს პროფესია, ნაწილი – სხვისი გავლენის ქვეშ ექცევა, უმეტესობას კი არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ ფაკულტეტზე სურთ სწავლა და პოპულარულ პროფესიებს ირჩევენ.
მე არჩევანი სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე შევაჩერე. მომწონს ეს სფერო და მსურს, მომავალში, ჩემი პროფესია გახდეს – აუცილებელია, ადამიანმა ის საქმე აკეთოს, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს.
სამწუხაროდ, სკოლა ვერ დამეხმარა ფაკულტეტის შერჩევასა და უკეთ გაცნობაში. სკოლები, ჯერ კიდევ, მამების თაობის სისტემით ხელმძღვანელობენ. ვფიქრობ, სკოლა უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს სწორი არჩევანის გაკეთებაში.
რეპეტიტორი, დღესდღეობით, ერთ-ერთი საშუალებაა, რომ მოსწავლემ საფუძვლიანად შეისწავლოს საგანი, თუმცა ეს დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ზოგს ამის საშუალება არ აქვს და სამწუხაროდ, ვერ ახერხებს საკუთარი თავის რეალიზებას. მოსწავლეს სკოლა უნდა აძლევდეს ხარისხიან განათლებას, ეხმარებოდეს საგნის საფუძვლიანად შესწავლაში. რატომღაც ეს ბევრი მიზეზის გამო ვერ ხერხდება, ერთ-ერთი კი კლასში მოსწავლეების ჭარბი რაოდენობაა.
ერთიან ეროვნულ გამოცდებს რაც შეეხება, წინა წლების ტესტების ნიმუშებზე დაყრდნობით, შემიძლია ვთქვა, რომ მისაღები გამოცდების ბარიერი შედარებით მაღალი უნდა იყოს და ტესტებიც – უფრო რთული. ვფიქრობ, უნდა შეიცვალოს უმაღლესში ჩაბარების წესები და კრიტერიუმები.