24 ნოემბერი, კვირა, 2024

USAID-ის სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამა

spot_img

7 ივნისს, ექსპო-ჯორჯიას მესამე საგამოფენო პავილიონში, USAID-ის სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამის გახსნის ღონისძიება გაიმართა.

USAID-ის დაფინანსებით,  სამოქალაქო განათლების ახალი მასშტაბური ხუთწლიანი პროგრამის ფარგლებში, განსაზღვრულია თანამშრომლობა საქართველოს 650 სკოლასთან. პროგრამის მიზანია სამოქალაქო განათლების სწავლების გაძლიერება და  მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამა ხელის შეუწყობს საქართველოში სამოქალაქო განათლების განვითარების შემდეგ საფეხურზე აყვანას.

პროგრამა სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: მოსწავლეთა თვითმმართველობისა და დემოკრატიული ჩართულობის გაძლიერება სკოლებში; კერძო სექტორის ჩართულობა სკოლებში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობისთვის; ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენება სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიული ჩართულობის პროცესში.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება PH INTERNATIONAL საქართველოს მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორები არიან: სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, „გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში“, ჯეოლაბი, რეზონანსი, აშშ, 11 რეგიონული ორგანიზაცია.

ხუთწლიანი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები: ინტერაქტიური ონლაინ სასწავლო რესურსებისა და კურსების შექმნა; სკოლის დირექტორების, პედაგოგების, მოსწავლეებისა და რესურსცენტრების მხარდაჭერა დემოკრატიული სასკოლო გარემოს უზრუნველსაყოფად; მოსწავლეთა თვითმმართველობის ქსელის შექმნა და მხარდაჭერა; სასკოლო პროექტების დაფინანსება სკოლისა და თემის ცხოვრებაში მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით; სხვადასხვა საგნის მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის გაძლიერება სამოქალაქო განათლების სწავლების გაუმჯობესების მიზნით; სასკოლო სამოქალაქო კლუბების მხარდაჭერა; ციფრული ლაბორატორიების, ჰაკათონების, ონლაინ საზაფხულო სკოლების, სამოქალაქო განათლების კონფერენციების, დემოკრატიული სკოლების ფორუმების, ციფრული ოლიმპიადების ორგანიზება; გაძლიერდება კავშირები სკოლებსა და კერძო სექტორს შორის სკოლების ინიციატივებისა და სამოქალაქო განათლების მხარდაჭერის მიზნით, მოეწყობა სკოლა-ბიზნესის ფორუმი; ინოვაციების ფონდი გასცემს დაფინანსებას კომპანიებისთვის, რომლებიც საკუთარი პროდუქტით ან აქტივობით დაეხმარებიან სკოლებს სამოქალაქო განათლების გაძლიერებაში; გაღრმავდება კავშირები სკოლებსა და უნივერსიტეტებს შორის სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის მიზნით.

ღონისძიება გახსნა PH International-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორმა, მარინა უშვერიძემ. მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი და USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი.

მარინა უშვერიძე, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი, PH International საქართველო: „პირველ რიგში, მინდა მადლიერება გამოვხატო USAID-ის მიმართ, რომელიც მრავალი წელია საქართველოში სასკოლო სამოქალაქო განათლების ხარისხის განვითარებას უწყობს ხელს. ახალი პროგრამის მიზანი მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების ახალგაზრდა თაობის  აღზრდაა, რომლებიც აქტიურად იქნებიან ჩართული სამოქალაქო პროცესებში, მათთვის არ იქნება სულერთი თუ რა ხდება ქვეყანაში. ისინი გააცნობიერებენ არა მხოლოდ საკუთარ უფლებებს, არამედ საკუთარ მოვალეობებსაც, რა კონტრიბუცია შეუძლიათ მათ უკეთესი საქართველოს შექმნაში. მრავალწლიანმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა, როდესაც ვეხმარებით მოსწავლეებს  ნასწავლის პრაქტიკაში გადატანაში. სამოქალაქო განათლების სარგებლიანობა მხოლოდ მაშინ ჩანს, როდესაც ახალგაზრდას რეალურ პრობლემებთან შეხებაში გადააქვს ის ცოდნა და უნარები, რომელსაც სამოქალაქო გაკვეთილზე ეუფლება. ტრადიციულ მიდგომებთან ერთად, წლების მანძილზე, ბევრი რამ შევცვალეთ, USAID-ის სამოქალაქო განათლების ახალ პროგრამაში ძალიან დიდი აქცენტი გაკეთდება სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებაზე; პროგრამის ერთ-ერთი ქვაკუთხედი  სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარებაა; ასევე პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია  სკოლების დაკავშირება კერძო სექტორთან, რომელიც გახდება სასკოლო დემოკრატიის და სკოლებში სამოქალაქო განათლების აქტიური მხარდამჭერი. პროგრამის ფარგლებში, ხელს შევუწყობთ მოსწავლეთა თვითმმართველობების გაძლიერებას და მათ ჩართვას სამოქალაქო  აქტივობებში.

მოხარული ვარ, რომ პარტნიორ ორგანიზაციებთან და პროფესიონალ გუნდთან ერთად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმის კეთების დიდი შესაძლებლობა მეძლევა. USAID კვლავ ერთგულად აგრძელებს საქართველოს მომავალ თაობაზე ზრუნვას. რომ არა USAID-ის ასეთი ძლიერი მხარდაჭერა, ვერ შევძლებდით იმ შედეგებისა და წარმატებების მიღწევას, რომელიც  წლების მანძილზე  სამოქალაქო განათლების სფეროში, განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროსთან და საქართველოს სკოლებთან ერთად, შევძელით“.

თამარ მახარაშვილი,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე: „მადლიერება მინდა გამოვხატო აშშ-ის მიმართ განათლების სფეროში გაწეული პარტნიორობისთვის. USAID  ჩვენი წამყვანი პარტნიორია, რომელიც განათლების ყველა საფეხურზე დიდ დახმარებას გვიწევს. სკოლამ უნდა აღზარდოს მოქალაქე, რომელიც იქნება შეიარაღებული არა მხოლოდ ცოდნით, არამედ ღირებულებებითა და ფასეულობებით, ეს არის სკოლის მთავარი და ძირითადი დანიშნულება. ამ კუთხით, სკოლაში სამოქალაქო განათლების სწავლებას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. უკვე მრავალი წელია საქართველოს სკოლებში, სამოქალაქო განათლების ფარგლებში, არაერთი საინტერესო პროექტი თუ ღონისძიება ხორციელდება. მომავალი ღირსეული მოქალაქის ჩამოყალიბებაში სამოქალაქო განათლების მიმართულებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მადლიერება მინდა გამოვხატო იმ პარტნიორების და დონორების მიმართ, რომლებიც მსგავსი პროექტების განხორციელებაში მუდმივად გვიჭერენ მხარს“.

პიტერ ვიბლერი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორი: „მოხარული ვარ, ახალი პროექტის განხორციელების საშუალება რომ გვეძლევა. სამოქალაქო განათლების სწავლება ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. ეს პროგრამა, ერთი მხრივ, ახალ თაობას კარგ მოქალაქეებად ჩამოაყალიბებს, მეორე მხრივ, ახალგაზრდებს მისცემს შესაბამის კვალიფიკაციას, რაც მათ დასაქმებაში შეუწყობს ხელს. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამოქალაქო განათლებას, რათა დავეხმაროთ საქართველოს ახალგაზრდებს გააცნობიერონ არა მხოლოდ თავიანთი უფლებები, არამედ ვალდებულებებიც დემოკრატიაში. საქართველოს ნამდვილად სჭირდება განათლებული საზოგადოება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს. ქვეყანას სჭირდება მოქალაქეები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან თავიანთი უფლებები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ თავიანთი უნარ-ჩვევებით ხელი შეუწყონ ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოებას. სამოქალაქო განათლებას განსაკუთრებული წვლილი აქვს დემოკრატიის განვითარებაში, რასაც საბოლოოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ მივყავართ. პროგრამა ვერ იქნება წარმატებული თითოეული თქვენგანის მხარში დგომის გარეშე, ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ წარმატებული შედეგის მიღწევა“.

პროგრამის გახსნის ღონისძიებაზე გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც პროგრამის პარტნიორებმა (Forbs Georgia-ს მთავარი რედაქტორი, BM.GE-ს დამფუძნებელი, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ბიზნეს მრჩეველთა საბჭოს წევრი გიორგი ისაკაძე; „გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში“ წარმომადგენელი, გუნდის ლიდერი სიმონ ჯანაშია; ჯეოლაბის დირექტორი ლანა ლაბაძე;  სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის დირექტორი მაკა ბიბილეიშვილი ) ისაუბრეს  მომდევნო 5 წლის მანძილზე საქართველოში სამოქალაქო განათლების პროგრამაში მათი ჩართულობის, მხარდაჭერისა და USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიზნებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ღონისძიების ფარგლებში კითხვა-პასუხის სესია გაიმართა.

სიმონ ჯანაშია, „გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში“ წარმომადგენელი, გუნდის ლიდერი: „USAID-ის სამოქალაქო განათლების ახალი პროექტით სამოქალაქო განათლების გაძლიერება სკოლებში უმნიშვნელოვანესი პროცესია ქვეყნის განვითარებისთვის.  „გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში“, პროგრამის პარტნიორებთან ერთად, PH International-ის, სამოქალაქო განათლების ფორუმის, GeoLab-ის და USAID-ის მხარდაჭერით, შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში, სამი მიმართულებით იმუშავებს პროგრამაში მონაწილე სკოლებში სამოქალაქო განათლების გაძლიერებაზე: ახალი პროგრამა საშუალებას გვაძლევს, ჩვენი სკოლის 20-წლიანი გამოცდილება გავუზიაროთ პროგრამის ყველა მონაწილეს დემოკრატიულად მართვისა და სწავლების პროცესში; შევქმნით ონლაინ კურსებს სამოქალაქო განათლების მიმართულებით და დავაფუძნებთ სასკოლო თვითმმართველობების ქსელს, რომლის საშუალებითაც მოხდება ინტერესებისა და გამოცდილებების გაცვლა“. 

ლანა ლაბაძე,  ჯეოლაბის დირექტორი: „ჯეოლაბი, რომელიც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორია და ასევე სასწავლო ცენტრია, პროექტის ტექნოლოგიურ ნაწილში ჩაერთვება. პროგრამის  ფარგლებში, შევქმნით ვებპორტალს, რომელიც გააერთიანებს სამ ვებგვერდს. პირველი და ძირითადი ვებგვერდი იქნება სასწავლო რესურსების, რომელიც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შესაძლებლობას მისცემს, ციფრული რესურსები სწავლა-სწავლების პროცესში გამოიყენონ; მეორე – ოლიმპიადების ვებგვერდი, შესაძლებლობას მოგვცემს, ჩავატაროთ ონლაინ ოლიმპიადები, ხოლო მესამე ვებგვერდი შეიქმნება მეორე კომპონენტისთვის, რომელიც  თანამედროვე პროფესიებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით კურსების (ვებდიზაინი, თამაშების დეველოპმენტი და მობილური აპლიკაციები) გავლას გულისხმობს. მოსწავლეებს,  საქართველოს მასშტაბით, შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ ეს კურსები და, მომდევნო ეტაპზე, ვისაც გარკვეული ცოდნა დაუგროვდება, შესაძლებლობა მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს პროექტების ლაბორატორიაში და ასევე მიიღოს პრაქტიკული ცოდნა. პროგრამის ფარგლებში საზაფხულო ონლაინ სკოლები მოეწყობა და ჩატარდება ჰაკათონები“.

სამოქალაქო განათლების სამოქალაქო ფორუმი 2013 წელს, USAID-ის ხელშეწყობით, დაფუძნდა და მას შემდეგ წარმატებით ახორციელებს მის მთავარ ფუნქციას – პრდაგოგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას. ორგანიზაციაში, ქვეყნის  მასშტაბით, 1000-ზე მეტი მასწავლებელია გაწევრიანებული.

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის დირექტორმა, მაკა ბიბილეიშვილმა ისაუბრა მომდევნო 5 წელში პროგრამაში ორგანიზაციის ჩართულობის შესახებ:  „პროგრამის ფარგლებში, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ სასკოლო გარემოში პედაგოგთა კომპეტენციის განვითარების ხელშეწყობას. მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება ციფრული კომპეტენციების განვითარებაზე, სხვადასხვა რესურსით უზრუნველყოფასა და სხვადასხვა ინსტრუმენტით აღჭურვაზე. პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია, სხვა საგნის მასწავლებლებსაც მივცეთ საშუალება, ჩაერთონ განვითარების პროცესში და ინტეგრირებულად, ჩვენთან ერთად, აკეთონ კარგი და მნიშვნელოვანი საქმე. ფორუმი, პროგრამის ფარგლებში, განახორციელებს მოსწავლეების ხელშეწყობას სასკოლო დემოკრატიის განვითარების კონტექსტში. წელიწადში ერთხელ ორგანიზებული იქნება სასკოლო კონფერენცია, სადაც წარმატებულ დემოკრატიულ სკოლებს გამოვავლენთ“. 

მოამზადა მაკა ყიფიანმა

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები