მასწავლებლებისთვის სტატუსის მინიჭების პროცესმა წელს განსაკუთრებით დაიგვიანა, თუმცა, სქემაში დაწინაურებულთა რიცხვი საკმაოდ შთამბეჭდავია და 6000-მდე პედაგოგი სტატუსს იუმჯობესებს. მათ შორის, განათლების სისტემას 30 მენტორი შეემატა. „მასწავლებლებლებზე სტატუსის მინიჭების პროცესი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან სწორედ ამ პერიოდში ვაჯამებთ სასწავლო წელიწადს და გვაქვს საშუალება შევხედოთ სრულ სურათს, რამდენად აქტიურობდნენ ან როგორ საქმიანობდნენ პედაგოგები წლის განმავლობაში.“ — აცხადებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი და დეტალურად საუბრობს სტატუსის მინიჭების პროცესიის დამაბრკოლებელ მიზეზებზე, წლის განმავლობაში გამოვლენილ ხარვეზებსა და სქემის მიმართულებით დაგეგმილ მოსალოდნელ ცვლილებებზე.
— რატომ დაგვიანდა წელს მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭება?
— შეფასების ჯგუფებისთვის მასწავლებელთა სტატუსებზე წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრული იყო 15 სექტემბერი. წარდგინების შემდეგ, ჩვენ დავიწყეთ მასწავლებელთა საქმიანობის პორტფოლიოს გადახედვა და სტატუსების მინიჭება. მაგრამ, სამწუხაროდ, შეფასებისა და გამოცდების ცენტრის მიერ, მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების შედეგების ასახვა შედარებით გვიან მოხდა. სწორედ აქედან გამომდინარე, მასწავლებელთა ნაწილს, რომელთაც სტატუსი 10 ნომებრამდე უნდა მიენიჭოს, სატატუსი ვერ შეეცვლება.
მთლიანობაში რომ დავაჯამოთ, აღმოჩნდა, რომ წელს 5234 პრაქტიკოს მასწავლებელს მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი, 441 პრაქტიკოსი კი ისევ სტატუსის გარეშე დარჩა, რადგან ხარვეზები დაფიქსირდა — არასწორად ჰქონდათ განხორციელებული აქტივობები ან წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ ჩანდა მათ მიერ განხორციელებული საქმიანობა. მნიშვნელოვანი ცვლილებაა უფროს მასწავლებლებშიც — 223 უფროს მასწავლებელს წამყვანის სტატუსი მიენიჭა, აქაც, გარკვეული მიზეზების გამო, 74 ვერ გახდა წამყვანი მასწავლებელი; 31 წამყვანი კი მენტორი (15 მასწავლებელს არ მიენიჭა) გახდა და დღეს სისტემას, უკვე 40 მენტორი ჰყავს. ასეთი შთამბეჭდავია წელს კარიერულად დაწინაურებული მასწავლებლების რაოდენობა.
თუმცა, აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ ეს საბოლოო მონაცემი არ არის, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს სტატუსის მინიჭების პროცესი იმ მასწავლებლებისთვის, ვინც გამოცდის შედეგად ახერხებს სტატუსის ცვლილებას. ამიტომ უფროსი მასწავლებლის რაოდენობა 10 ნოემბრამდე კიდევ შეიცვლება და, სავარაუდოდ, 200-ზე მეტი პრაქტიკოსი უფროსი გახდება. კიდევ ერთი ეტაპი, რაც ასევე სტატუსებზე იქონიებს გავლენას, აპელაციაა (აპელაციების შემოტანის პროცესი დასრულებულია) და, ძირითადად, იმ მასწავლებლების სტატუსის ცვლილებას შეეხება, რომელთა წარდგენისას, სკოლის შეფასების ჯგუფებმა, გარკვეული შეცდომები დაუშვეს. არ გვინდა მასწავლებლები ამის გამო დაზარალდნენ. 500-მდე განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვას სააპელაციო კომისია 15 დეკემბრამდე მორჩება. შეიძლება ითქვას, რომ, საბოლოო ჯამში, წელს სტატუსის ცვლილება 6000-მდე მასწავლებელს შეეხება.
— როდის მიიღებენ სქემაში დაწინაურებული მასწავლებლები სტატუსის დანამატებს?
— მექანიზმი ასეთია — ყოველი თვის 10 რიცხვისთვის Emis-ს უნდა გადაეცეს ბაზები სტატუსის ცვლილების შესახებ და დანამატის ანაზღაურებაც სწორედ ამ რიცხვიდან ხდება ხოლმე.
— რა მიზეზით ეთქვა მენტორობაზე უარი 15 წამყვან მასწავლებელს?
— მიზეზები განსხვავებულია. შესაძლებელია აღმოჩნდეს, რომ მასწავლებელს რაოდენობრივად საკმარისი კრედიტი აქვს დაგროვებული, რომ მენტორი გახდეს, მაგრამ აქედან, სავალდებულო კრედიტები არ არის საკმარისი. მათი ვალდებულებაა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება, შესაბამისად, უარიც ადეკვატურია. იყო შემთხვევები, როცა მათი დოკუმენტაციის გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ გარკვეული ტექნიკური ხარვეზების გამო სკოლას არასწორად აქვს რაღაც შეფასებული ან არასწორ ველშია შეფასებული. ასეთი შემთხვევების გამოსწორების საშუალებას მათ აპელაციით ვაძლევთ ხოლმე. ასევე, როცა შეფასება ბადებს ეჭვს, ასეთ შემთხვევაშიც გადაიხედება, მაგალითად, კვლევების შეფასების კომპონენტი. მასწავლებლებს გავუგზავნეთ რეკომენდაციები, ამ შემთხვევაში, რა უნდა გამოასწორინ. შესაძლებელია, მათ მოუწიოთ საკმაოდ მცირე ცვლილების განხორციელება, რომელსაც ანგარიშში შეიტანენ. იყო ისეთი შემთხვევებიც, მაგალითად, როცა კვლევებში არ არის ჩატარებული ინტერვენცია, არადა, პრაქტიკის კვლევის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია ინტერვენციის ჩატარება და შემდეგ შედარება.
აქედან გამომდინარე, მასწავლებლებს მოუწევთ ინტერვენციის დამატებით ჩატარება და ანგარიშის ხელახლა წარმოდგენა. ეს, ძირითადად, ეხება წამყვანის ან მენტორის სტატუსის მინიჭების კანდიდატებს, რადგან კვლევა ამ საფეხურის მასწავლებლებისთვისაა აუცილებელ კომპონენტად განსაზღვრული. მათ შეუძლიათ იანვრამდე გამოასწორონ ეს ხარვეზები.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იმაზე კი არ არის ორიენტირებული, რომ მასწავლებლებს საქმიანობაში ხარვეზები აღმოვუჩინოთ და „დავსაჯოთ“, არამედ — მათ განვითრებაზე. რეკომენდაციებსაც სწორედ იმისთვის ვაძლევთ, რომ ხარვეზები სამომავლოდ გამოასწორონ.
— დაწინაურდნენ თუ არა წელს სქემაში არაქართულენოვანი მასწავლებლები?
— რასაკვირველია, გვყავს მასწავლებლები, რომლებსაც მიენიჭათ სტატუსი, მაგრამ ეს საფეხურებრივი ცვლილება, ძირითადად, პრაქტიკოს მასწავლებელს შეეხო. წამყვანი მასწავლებლის სტატუსი კი, ძირითადად, მასწავლებელთა იმ მცირე ნაწილს მიენიჭა, რომლებიც ქართულს, როგორც მეორე ენას ასწავლიან არაქართულენოვან რეგიონებში. გარედაკვირვებაზეც, არაქართულენოვანი სკოლებიდან, ძირითადად, სწორედ ამ პროგრამის მასწავლებლები დარეგისტრირდნენ. ბუნებრივია, არაქართულენოვანი მასწავლებლებისთვის ცენტრი დამატებით აქტივობებს ახორციელებს, რომ ხელი შევუწყოთ მათ პროფესიულ განვითარებას. გარდა კონსულტანტი მასწავლებლებისა, არაქართულენოვან რეგიონებში დამხმარე მასწავლებლებსაც ვაგზავნით და მათში მნიშვნელოვნად გავზარდეთ 1+4 პროგრამის კურსდამთავრებულების წილი. ეს ახალგაზრდები თავიანთ მომავალ ცხოვრებას ადგილზე დამკვიდრებით გეგმავენ და ბუნებრივია, მათი ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია, მეტიც, ჩვენი მიზანია ისინი თავიანთ სოფლებსა თუ ქალაქებში დამკვიდრდნენ და პროფესიულად განვითარდნენ. ვფიქრობთ, სკოლებში მათი შესვლა მართლაც, მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს.
— რა ცვლილებები იგეგმება სქემასთან დაკავშირებით და შეეხება თუ არა გამოცდებს?
— შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან მიმდინარეობს მსჯელობა, გაიმიჯნოს თუ არა გამოცდის ტიპი პროფესიაში შემსვლელთათვის და მოქმედი მასწავლებლებისთვის — რა ინფორმაცია უნდა იყოს ასახული როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში. როგორც გითხარით, ჯერჯერობით, ამის საჭიროებას ვადგენთ, ხოლო რაც შეეხება გამოცდებს, დანამდვილებით გეტყვით, რომ აუცილებლად დარჩება, როგორც სქემის მთავარი კომპონენტი.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან კიდევ ერთი მიმართულებით — ვთხოვეთ, გამოცდების შემდეგ, დაგვიდგინონ მასწავლებლების საჭიროებები — სად აქვთ მათ ყველაზე მეტი პრობლემა. საჭიროების გამოკვეთის შემდეგ, პედაგოგებს სწორედ იმ მიმართულებით შევთავაზებთ განვითარების საშუალებას — ტრენინგების თუ სხვა რესურსების სახით. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, მასწავლებლებს დავეხმაროთ იქ, სადაც ყველაზე მეტი პრობლემაა. სამწუხაროდ, აქამდე მსგავსი ანალიზი არ კეთდებოდა. იმედი მაქვს, რომ ცენტრთან ასეთი თანამშრომლობა შედგება, რაც მასწავლებლების კარიერულ წინსვლაზე სასიკეთოდ აისახება.
რაც შეეხება სქემაში ცვლილებებს, დაგეგმილი კი გვქონდა, მაგრამ, რამდენიმე ფაქტორის გამო შევაჩერეთ. პირველი, რის გამოც ცვლილებები გადავდეთ, ის იყო, რომ ვარჩიეთ, შეფასების პროცესი მთლიანად დასრულებულიყო 15 სექტემბრისთვის და ამის შემდეგ, დამატებით, ჩაგვეტარებინა ფოკუსჯგუფები ხარვეზების გამოსავლენად, რათა სქემაში ასახულ ცვლილებებს, სამომავლოდ, მათი პრევენცია შეძლებოდა. ფოკუსჯგუფები უკვე ჩატარდა მასწავლებლებთან, ადმინისტრაციასთან, შეფასების ჯგუფებთან, ტრენერებთან და შეგროვდა ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც გამოიკვეთა, რა მიმართულებით გახდება სქემის დახვეწა საჭირო. ამის გარდა, სქემა შესაბამისობაში უნდა მოვიდეს სამინისტროს მიერ ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმასთან, რადგან მასწავლებლის საქმიანობის შეფასებისა და პროფესიული განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი სწორედ სქემაა. აქედან გამომდინარე, პროცესები აუცილებლად უნდა იყოს თანხვედრაში.
— რა არის ის ძირითადი საჭიროებები, რაც ფოკუსჯგუფებმა გამოავლინა?
— იმის გამო, რომ შეფასების ჯგუფებს, წელს, პირველად ჰქონდათ შეხება მასწავლებლის სტატუსის ცვლილებასთან და აქტივობებთან, საკმაოდ გაუჭირდათ შეფასების წარმოება. ამიტომ გვინდა, რომ შეფასება ელექტრონულ სისტემაზე გადავიყვანოთ, რაც ძალიან გაუიოლებს მათ მუშაობას. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მასწავლებლებს აღარ სჭირდებოდეთ მუდმივად ცნობების თუ სხვა დოკუმენტაციის დასკანერება და ატვირთვა. ბუნებრივია, ამ მიმართულებითაც განვახორციელებთ ცვლილებებს — 21-ე საუკუნეში ეს ყველაფერი ავტომატიზებული უნდა იყოს.
ამის გარდა, საუბარია სქემაში გარკვეულ ცვლილებაზეც, მაგალითად, სტატუსის შენარჩუნების კომპონენტზე. ამ საკითხზე ახლაც მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა, საბოლოოდ რა სახით ჩამოყალიბდება, ჯერ ვერაფერს გეტყვით.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელზეც აუცილებლად მინდა გითხრათ, სპეცსკოლების (ახლა რესურსსკოლებად იწოდებიან) მასწავლებლებს ეხება. მათ უნდა მივცეთ სქემაში წინსვლის შესაძლებლობა. ამისთვის კი, აუცილებელია რესურსსკოლებს მივცეთ აქტივობების შესაფასებელი სტანდარტიზებული ინსტრუმენტის მოდიფიცირების საშუალება, რადგან მათ აბსოლუტურად განსხვავებული პრაქტიკა აქვთ. რესურსსკოლები, რასაკვირველია, ახლაც ჩართული არიან სქემაში, მაგრამ კრედიტების დაგროვება უჭირთ, რადგან სტანდარტიზებული ინსტრუმენტით მათი აქტივობები ვერ იზომება.
— როდის ამოქმედდება სპეცმასწავლებლების პროფესიული განვითარების სქემა?
— ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, ეს არ იქნება არსებული სქემის ანალოგი. სპეცმასწავლებლების სქემა დამოუკიდებელად ჩამოყალიბდება და, სავარაუდოდ, მომავალი სასწავლო წლიდან ამუშავდება.
— საინტერესოა ამუშავდა თუ არა მოწვეული და მაძიებელი მასწავლებლის პროგრამები?
— მოწვეული მასწავლებლის სტატუსი ზოგადი განათლების კანონით განისაზღვრა და მასზე სკოლაა პასუხისმგებელი. კანონში გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით, სკოლას შეუძლია, კონტრაქტი გაუფორმოს მოწვეულ მასწავლებელს. ეს სისტემა უკვე მუშაობს.
რაც შეეხება მაძიებელი მასწავლებლის პროგრამას, როგორც კანონით განისაზღვრა, მას ჩვენი ცენტრი შეიმუშავებს. სავარაუდოდ, იანვრისთვის პროგრამის საბოლოო კონტურები ჩამოყალიბდება. პროგრამაში ჩართვა კი, სექტემბრიდან გახდება შესაძლებელი. ძალიან ბევრი სამუშაოა შესასრულებელი, სპეციალურად ამ პროგრამისთვის უნდა შეიქმნას ონლაინ კურსები თუ სხვადასხვა ტიპის აქტივობები. ვფიქრობთ, სამომავლოდ სწორედ ეს პროგრამა გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისთვის, რომ სკოლებში ახალი კადრები შემოვიდნენ.
— ვის შეუძლია გახდეს მაძიებელი?
— როგორც იცით, პროფესიაში შემოსვლის რამდენიმე გზა არსებობს, ერთ-ერთი (ძირითადი) გზა ასეთია — მასწავლებლობის მსურველს გამოცდით უნდა ჰქონდეს დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია და დიპლომით განსაზღვრული მასწავლებლობის კვალიფიკაცია ან უნდა გაიაროს მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა. მაძიებლის პროგრამით კიდევ ერთი ალტერნატიული გზა გაჩნდება. მაძიებელი იქნება პირი, რომელსაც აქვს, სულ მცირე, ბაკალავრით განსაზღვრული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი სპეციალობის კვალიფიკაცია. ასეთი მსურველი, მაძიებლის სტატუსით, შეძლებს მუშაობის დაწყებას და, პარალელურ რეჟიმში, მაქსიმუმ, ორი წლის ვადაში მოუწევს დარგობრივი მახასითებლებით განსაზღვრული კომპეტენციების დადასტურება. ფაქტობრივად, მაძიებლის პროგრამა საბოლოოდ მისაღწევი კომპეტენციებით, საუნივერსიტეტო მასწავლებლის მომზადების პროგრამას უტოლდება. თავისთავად, აქ არ არის გათვალისწინებული გამოცდების კომპონენტი, არამედ პროგრამაში ჩადებულია სწავლებისა და შემოწმების კომპონენტი.
მაძიებლებს, პროგრამის ფარგლებში, თანადგომასა და მხარდაჭერას გამოვუცხადებთ კომპეტენციების განვითარებაში, შევთავაზებთ გზებს და შესაძლებლობას, პროგრამის გავლით დაძლიონ კომპეტენციები. პრინციპში, მაძიებელს არჩევანის გაკეთების საშუალებას ვაძლევთ მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამასა და მაძიებლის პროგრამას შორის. დეფიციტური კადრების მქონე სკოლებს კი — მასწავლებლის სწრაფად აყვანის შესაძლებლობას, რადგან შეიძლება მსურველმა დაიწყოს მუშაობა და პარალელურად ჩაერთოს მაძიებლის პროგრამაში.
— დაბოლოს, ახლახან დასრულდა რეგისტრაცია გარედაკვირვებაზე და ცნობილი გახდა, რომ მასწავლებელთა საკმაოდ დიდმა რაოდენობამ გამოთქვა სურვილი გაიაროს გარედაკვირვება. რომელი რეგიონის მასწავლებლები ლიდერობენ და როდის დასრულდება რეგისტრირებული მასწავლებლების დაკვირვების პროცესი?
— პილოტირების პროცესში, გარედაკვირვება 500-მდე მასწავლებელმა გაიარა და ჩვენ მხოლოდ ერთსემესტრიანი გამოცდილება გვაქვს. წლევანდელ სასწავლო წელს მართლა უპრეცედენტო რაოდენობის მასწავლებელი დარეგისტრირდა, მათი რიცხვი 2000-მდეა. შეგახსენებთ, რომ გარედაკვირვება სავალდებულოა წინსვლისთვის და არა სტატუსის შენარჩუნებისთვის და მას გადის უფროსი მასწავლებელი, რომელსაც წინასწარ დაგროვებული აქვს 13 კრედიტქულა და აქედან, ორი კრედიტი აუცილებლად სავალდებულო აქტივობებითაა მოპოვებული. ფაქტობრივად, თუ ის გარედაკვირვებას წარმატებით გაივლის (მიიღებს 4 კრედიტქულას) მზად იქნება იმისთვის, რომ დამატებითი აქტივობებით შეივსოს კიდევ ორი კრედიტი (შესაძლებელია მას ეს ორი ქულაც აქვს) — ჯამში, მას უნდა ჰქონდეს 19 კრედიტქულა, რომ წინ წავიდეს, ანუ გახდეს წამყვანი.
წელს ყველაზე მეტად იმერეთის რეგიონი აქტიურობს, 700-ზე მეტი მასწავლებელი სწორედ ამ რეგიონიდან დარეგისტრირდა. გასულ კვირას მათთან შეხვედრები ჩავატარეთ, ჩვენი მიზანია სრული ინფორმაცია მივიტანოთ მასწავლებლებამდე ყველა პროცედურაზე, რაც ელოდებათ და გარედაკვირებასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავცეთ.
გარედაკვირვებაზე დარეგისტრირებული მასწავლებლები, eSchool-ის ბაზაში, 10 ნოემბრამდე, შეიტყობენ გარედაკვირვების გავლის დღეს. დანიშნულ დღემდე ხუთი დღით ადრე ვალდებული არიან, გამოაგზავნონ ხუთი თანმიმდევრული გაკვეთილის გეგმა იმ კლასში, რომელშიც გარედაკვირვებას გადიან. კლასი წინასწარ აქვთ არჩეული დარეგისტრირების დროს. ხუთი გაკვეთილის გეგმიდან, დასაკვირვებლად, ერთ-ერთს ავირჩევთ. მასწავლებლებმა წინასწარ იციან პერიოდი, მაგრამ არ იციან კონკრეტულად რომელ გაკვეთილს დავაკვირდებით.
გარედაკვირვების პროცესს შეიძლება სკოლის ფასილიტატორი და რესურსცენტრის წარმომადგენელიც დაესწროს. გაკვეთილის შეფასება ათი დღის განმავლობაში აისახება, თუმცა, მანამდე არ უნდა დაავიწყდეთ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი — გაკვეთილის ჩატრებიდან ორი დღის განმავლობაში ატვირთონ რეფლექსია. ეს პროცედურები საკმაოდ მარტივია, გაკვეთილის ფორმაც წინასწარ დაეგზავნათ, რომლის მიხედვითაც უნდა მოამზადონ გაკვეთილები, წინასწარ განსაზღვრული გაკვეთილის ფორმა ჩვენს ვებგვერდზეც შეუძლიათ ნახონ. რაც შეეხება გაკვეთილის გეგმის ფორმაში შესულ ცვლილებებს, ფაქტობრივად, ორი მცირე ცვლილებაა და გულისხმობს გაკვეთილის გეგმის, თემატიკის და მიზნების შესაბამისობას ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და სსსმ მოსწავლეებთან დაკავშირებული აქტივობების მოდიფიცირებას (თუკი კლასში ასეთი მოსწავლეები ჰყავთ) — გვაინტერესებს, აქტივობა, რომელიც კლასისთვის იგეგმება, რამდენად ზუსტად არის მოდიფიცირებული სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლისთვის.
რეგისტრაცია დასრულებულია. 10 ნოემბრისთვის ზუსტად იქნება განსაზღვრული, სასწავლო წლის განმავლობში, როდის იქნება ჩანიშნული კონკრეტული მასწავლებლის გარედაკვირვება. ამ სემესტრში 580 მასწავლებლის გარედაკვირვებას ვგეგმავთ, სასწავლო წლის ბოლომდე კი, ყველა რეგისტრირებული მასწავლებლის დაკვირვება დასრულდება.
ესაუბრა ლალი ჯელაძე