6 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

თვისებრივად ახალი ტიპის მანდატურის სამსახური და 200 ლარით გაზრდილი ანაზღაურება

spot_img

განათლების რეფორმის ფარგლებში განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, მორიგი პრეზენტაცია გამართა, ამჯერად, მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძესა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროს გელა გელაძესთან ერთად, უსაფრთხო სკოლის პროექტი წარადგინა, რომელიც მანდატურის სამსახურის გაძლიერებასა და უწყებებს შორის კოორდინირებულ მუშაობაზე ამახვილებს ყურადღებას. სკოლებში თვისებრივად ახალი ტიპის მანდატურის სამსახური – უფრო მეტად ზრუნვასა და პრევენციაზე ორიენტირებული ინსტიტუტი ყალიბდება, იზრდება მისი ხელმისაწვდომობა და ხარისხი. განათლების მინისტრმა ჟურნალისტებს სკოლებში   ფიზიკური ძალადობის შემცირებული შემთხვევების დამადასტურებელი სტატისტიკაც მიაწოდა.

მანდატურის სამსახურის რეფორმის ფარგლებში:

➡   მანდატურთა მოტივაციის გაზრდის მიზნით მათი ანაზღაურება მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 200 ლარით გაიზარდა;

➡    შემუშავდა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები“ – პირველი დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს მანდატურის სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის მექანიზმებს.

➡   ძლიერდება მანდატურის სამსახურში არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრები;

➡   შეიქმნება მანდატურის სამსახურის 8 რეგიონული ცენტრი;

➡   2019 წლის სექტემბრამდე უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ყველა პირი სრულად აღიჭურვება მეტალოდეტექტორებით;

➡   დაგეგმილია ახალი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრების გახსნა სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში;

➡   2019-2020 წლებში მანდატურის სამსახური წარმოდგენილი იქნება, დამატებით, 260 საჯარო სკოლაში;

➡   2021 წლის ბოლომდე პოლიციის აკადემიაში გადამზადდება 1300 მოქმედი მანდატური.

მიხეილ ბატიაშვილი: „დავიწყეთ რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც მანდატურების რიცხვის გაზრდას, ანუ სკოლების თითქმის სრულად დაფარვას გულისხმობს, ფართოვდება, ასევე, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრები. ეს მომსახურება, ფაქტობრივად, მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი. შეიქმნა სპეციალური კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს როგორც პრევენციაზე, ასევე სკოლაში წამოჭრილ ნებისმიერ პრობლემაზე.“

პროექტში ნათქვამია, რომ, კრიზისულ სიტუაციებზე დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით, შეიქმნა კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი, რომელიც გადაუდებელი შემთხვევის დროს, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადგილზევე გაეცნობა არსებულ სიტუაციას და ყველა საჭირო ღონისძიებას გაატარებს. „ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად შეამცირებს ბავშვებსა და მოზარდებში გრძელვადიანი ფსიქოლოგიური ტრავმის ჩამოყალიბებას“ – ნათქვამია პროექტში.

მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგად,   ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი შემუშავდა, რომელიც მოიცავს მთლიანად უსაფრთხო და ზრუნვაზე ორიენტირებულ გარემოს. ბულინგის, ძალადობისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების წინააღმდეგ, სკოლებში გაგრძელდება საინფორმაციო შეხვედრები.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები