მაკა ყიფიანი
ექვთიმე თაყაიშვილის 155 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა მასპინძლობს — „ტაო კლარჯეთი და ექვთიმე თაყაიშვილი“. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ისტორიკოსის, ბუბა კუდავას საჯარო ლექცია თემაზე — „ტაო-კლარჯეთი (რომ არა ექვთიმე თაყაიშვილი…“), სადაც საუბარი იყო ექვთიმე თაყაიშვილის იმ განუზომელ ღვაწლზე, რომელიც მეცნიერს ტაო-კლარჯეთის ძეგლების აღნუსხვაში მიუძღვის. ბატონმა ბუბამ ტაო-კლარჯეთში არსებულ ვითარებასა და დღემდე მოღწეული ტაძრების მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან ბევრ ნატაძრალზე მეჩეთია აგებული. „ექვთიმე თაყაიშვილის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის ისტორიული ძეგლის, სიძველეების, ხელნაწერების, ხატების, სხვადასხვა ნივთების კვლევა და შესწავლა. მისი ამოცანა იყო მაქსიმალურად გადაერჩინა ინფორმაცია. ალბათ გრძნობდა, ინტუიციურად და გააზრებულადაც, რომ იდგა და მოდიოდა საშიში ეპოქა, რომელსაც შეიძლება ემსხვერპლა ეს სიძველეები. სამწუხაროდ, ასეც მოხდა… ინფორმაცია, რაც დღეს ჩვენამდე მოვიდა, არის სწორედ მისი „არქეოლოგიური მოგზაურობების“, კვლევების, აღწერილობების და მისი სამეცნიერო ანგარიშების წყალობით“ — აღნიშნა ბატონმა ბუბამ.
100 წლის წინ, 1917 წელს, სამხრეთ საქართველოში, ექვთიმე თაყაიშვილისა და მისი თანამოაზრეების მიერ ყველაზე ცნობილი, გამორჩეული და ისტორიული ქართული სამეცნიერო ექსპედიცია მოეწყო (ჯგუფის ხელმძღვანელი — ექვთიმე თაყაიშვილი; სამოქალაქო ინჟინერი — ანატოლი კალგინი; მხატვარი — დიმიტრი შევარდნაძე; მოხალისე ხუროთმოძღვარი, ალპინისტი — ილია ზდანევიჩი; მხატვარი — ლადო გუდიაშვილი; მხატვარ-მსახიობი — მიხეილ ჭიაურელი; ტაო-კლარჯეთში გზამკვლევი — ალექსანდრე ციციშვილი, რომელსაც ძალიან ემადლიერებოდა ექვთიმე თაყაიშვილი.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ, რეალურად, პირველად მაშინ აღმოაჩინა ტაო-კლარჯეთი და მისი დიდებული არქიტექტურა.
1917 წელს, ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიციის დასრულებას ფეხდაფეხ მოჰყვა რუსული ჯარი… მალე საზღვარიც ჩაიკეტა და რეგიონში ექსპედიცია თუ მოგზაურობა, მომდევნო 70-80 წელი, შეუძლებელი გახდა. ექვთიმე თაყაიშვილი გრძნობდა ისტორიული მომენტის მნიშვნელობას, ამიტომ მაქსიმალურად გამოიყენა დრო და ექსპედიციის შესაძლებლობები. „სულ იმას ვშიშობდი, ის არ დაიკარგოს, ის არ წახდეს, ყველაფერი აღვწერო, რაც შეიძლება მეტი გამოვსცე, გადმოვიღო, შევიძინო, შემოვაწირვინო, მუზეუმი შევქმნა, რომ შეინახოს ეს ყველაფერი-მეთქი და ასე მინდოდა ჩემი მუშაობა… სად მქონდა იმის დრო და საშუალება, რომ დავმჯდარიყავი და ნამდვილი გამოკვლევა მეწერა?! რაც მოვასწარი, ისიც მიკვირს?! როგორ არ მეზარებოდა?! როგორ ვახერხებდი ამდენ რამეს, პირდაპირ საკვირველია! ამას ყველაფერს იმისთვის ვაკეთებდი, რომ მერე გამოჩნდებოდნენ მკვლევარები და ყველაფერს შეისწავლიდნენ“. — წერს ექვთიმე თაყაიშვილი.
„…რუსეთ-ოსმალეთის ომი ჯერ კიდევ მძვინვარებდა. ფრონტის ხაზი, ხშირად, არცთუ ისე შორს იყო ჩვენგან. ცისარტყელების ნაცვლად, მძიმე არტილერიის უხილავი ყუმბარები და ხმა დაგვივლიდა… 1917 წელს ექსპედიციამ, რომლის წევრები გახლდათ ინჟინერ- არქიტექტორი ანატოლი კალიგინი, მხატვრები დიმიტრი შევარდნაძე, მიხეილ ჭიაურელი, პოეტი ილია ზდანევიჩი და მე, ბატონ ექვთიმე თაყაიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით, გადმოვიღეთ ფრესკები, ასლები, ტაძრების გეგმები და ჭრილების ნახატები. გაკეთდა მულაჟი მათი ბარელიეფებისა და ა.შ. ყველაფერი ჩამოვიტანეთ თბილისში და დღეს მუზეუმის საკუთრებას შეადგენს. ექსპედიციამ ზუსტად გაარკვია, დაადგინა ტაძრების, ეკლესიების, ციხეების სახელწოდებები და ადგილმდებარეობა, რაც ამ ექსპედიციამდე უცნობი და შეუმოწმებელი იყო მეცნიერული ლიტერატურისთვის. ჩვენ ვმუშაობდით ყარსის, არტაანისა და ოლთისის ვრცელ არეში, აქ მდებარე ძეგლთა შორის არის ჩვენი ხუროთმოძღვრების შედევრებიც — იშხანი, ხახული, ოშკი, ბანა, ოთხთა ეკლესია და პარხალი. ამ დაუღალავი მეცნიერის წყალობით, დაზუსტდა მათი შექმნის თარიღები, დეტალურად გაირკვა მრავალი წარწერა, დადგინდა მოხსენიებულ პირთა ვინაობა და სახელები; ცხადი გახდა მათი დიდი მნიშვნელობა და როლი საქართველოს კულტურის ისტორიაში… მე და მიხეილ ჭიაურელი დავფოფხავდით ამ ძეგლებზე, მათ ნანგრევთა კედლებზე, იქვე ჩვენ ახლოს იდგა ექვთიმე და გაფაციცებით მოგვძახოდა: — ყმაწვილებო! კარგად დააცქერდით ქორონიკონებს! თარიღის აღმნიშვნელ ასოებს. ზუსტად ამოიკითხეთ ყველა მათგანი! თვითონ როგორც „ქორონიკონი“ იდგა, დურბინდით ათვალიერებდა ამ ნიშნებს. თუ რაიმე ახალს, მნიშვნელოვანს ამოიკითხავდა, არადა, აქ ყველაფერი ახალი იყო… ახალგაზრდად წამოვარდებოდა, ქაღალდს დროშასავით ააფრიალებდა და აღფრთოვანებით შესძახებდა: — აღმოჩენაა!… ახალი აღმოჩენა!“ — ამონარიდი ლადო გუდიაშვილის წერილიდან „სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად“.
***
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცის ერთ ნაწილში წარმოდგენილი იყო ექვთიმე თაყაიშვილის, სამხრეთ საქართველოში მოწყობილი ექსპედიციის ამსახველი ბევრი უცნობი და საინტერესო, ტექსტური და ვიზუალური მასალა, ექსპედიციის დროს გადაღებული ფოტოები — ოშკის დასავლეთის ფასადის ორმაგი სარკმელი, ბანას ტაძრის საკურთხეველი, ოთხთა ეკლესია, პარხალი, სოფლის და ტაძრის საერთო ხედით, ხახული — საკურთხევლისა და გუმბათის კამარის მოხატულობა, იშხანი — მცირე ეკლესიის მორთულობა და წარწერა…, ნახაზები, ნახატები, დღეს უკვე ექსპონატები, რომლებიც ფართო საზოგადოებას აქამდე არ უნახავს; ექვთიმე თაყაიშვილის ქუდი; ასევე დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, გასცნობოდა მეცნიერის პირადი ბიბლიოთეკის იშვიათ წიგნებს: მფლობელისადმი სასაჩუქრედ გადაცემული წარწერებით, წიგნებს მისი მინაწერებით, თავად ექვთიმე თაყაიშვილის მიერ რედაქტირებულ ნიმუშებს — კალმით შეტანილი შენიშვნებით და შესწორებებით; განსაკუთრებით აღსანიშნავია საზღვარგარეთ, კერძოდ, პარიზში გამოცემული წიგნების ექსპოზიცია; დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, ასევე, გასცნობოდა ექვთიმე თაყაიშვილის უნიკალურ პირად ბიბლიოთეკას, რომელიც, თავის დროზე, მეცნიერმა საჩუქრად გადასცა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას. ღონისძიების მიმდინარეობისას პირველად გაჟღერდა ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ დაცული კონსტანტინე გამსახურდიას, შალვა ამირანაშვილის და მიხეილ ჭიაურელის ექსკლუზიური ხმოვანი ჩანაწერები.
საგამოფენო დარბაზის მეორე მხარეს წარმოდგენილი იყო ბუბა კუდავას მიერ ტაო-კლარჯეთში გადაღებული ისტორიული ძეგლების ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოები: ტაო — ოთხთა მონასტერი, კავკასიძეების საგვარეულო ციხე, ოთხთა ეკლესიის ციხე, იშხანი, ბანა, მამაწმინდის ეკლესიის გუმბათი, პარხალის მონასტერი, ხახულის ტაძარი, ოშკის ტაძარი, ოპიზის მონასტრის ნაშთები; კოლა; დადეშენის საეპისკოპოსო ტაძრის ნანგრევები, კლარჯეთი — ოპიზის მონასტრის ნაშთები, პარეხის და ხანძთის მონასტრები და სხვ…
ირაკლი ღარიბაშვილი, თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი: „საზოგადოებას ხანდახან ავიწყდება, რომ ექვთიმე თაყაიშვილი, გარდა იმისა, რომ იყო წმინდანი და საგანძურის მცველი, იყო უდიდესი მეცნიერი. პირველი სამეცნიერო ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში მისი თაოსნობით მოეწყო. აღნიშნულ ღონისძიებაში სწორედ მის სამეცნიერო მოღვაწეობას გვინდა გავუსვათ ხაზი. ექვთიმე თაყაიშვილი იყო პირველი, ვინც ჯერ კიდევ რუსული იმპერიის პერიოდში გაბედა და დაიწყო ქართული ისტორიის „შეგროვება“ — ეძებდა, შოულობდა, ყიდულობდა, არქეოლოგიურ ექსპედიციებს აწყობდა… ექვთიმე თაყაიშვილს, მხოლოდ უცხოეთში გადამალული ქართული განძი რომ დაეცვა და დაებრუნებინა სამშობლოში, ესეც ეყოფოდა საკუთარი სახელის უკვდავსაყოფად, მაგრამ თვით ამ საგანძურის უდიდესი ნაწილი მან ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას მოიპოვა, აღმოაჩინა და შეისყიდა“.
მარიკა ჩხეიძე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მომხმარებლის მოზიდვის და სერვისების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ექვთიმე თაყაიშვილის სამეცნიერო ექსპედიციებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურის შესწავლისა და მეცნიერების განვითარების საქმეში. მათ შორის უმნიშვნელოვანესია მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება ტაო-კლარჯეთისთვის დაგვეთმო. ჩვენ ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ექვთიმე თაყაიშვილი დიდი მეცნიერი იყო, გარკვეულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ მისი ღვაწლის წინაშე. ამიტომ, მეცნიერის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ექვთიმე თაყაიშვილისადმი მიძღვნილ არაერთ საინტერესო ღონისძიებას ვგეგმავთ“.