14 დეკემბერი, შაბათი, 2024

T4 ჯგუფის ელჩი მასწავლებელი საქართველოდან

spot_img
?✔გასულ კვირას საჩხერის №2 საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელი მაია ტყემალაძე კიდევ ერთხელ მოექცა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ქვეშ. ის ამჯერადაც, საუკეთესოთა შორის აღმოჩნდა – გლობალური საგანმანათლებლო  ორგანიზაციის T4 Education-ის დამაარსებლის, ვიკას პოტას მიერ გამოცხადებულ კონკურსში „მასწავლებელი – ელჩი“ 85 ქვეყნის ელჩს შორის დასახელდა.

 

რას ნიშნავს T4 ჯგუფის ელჩობა რა მოვალეობები ეკისრება მას, ამის შესახებ ქალბატონი მაია გვიყვება, რომ საკმაოდ შრომატევადი და საპასუხისმგებლო ერთი წელი ელოდება წინ, რადგან ქვეყნის ელჩი უნდა დაეხმაროს ორგანიზაციას მათი მიზნების განხორციელებაში, მათი პროფილის პოპულარიზაციაში, მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო განათლების საკითხებზე გამოკითხვებსა და კვლევებში, იგივე გამოკითხვები და კვლევები უნდა განახორციელოს საკუთარ ქვეყანაში, დაეკონტაქტოს სკოლებს და მასწავლებლებს, მიაწოდოს მათ სიახლეები  იმ კონფერენციებისა და კონკურსების შესახებ, რომელსაც T4 ჯგუფი ჩაატარებს, დაწეროს სტატია, მოხსენება, ბლოგი საკუთარი ქვეყნის განათლების წარმატებებსა თუ ინოვაციებზე, ილაპარაკოს გამოწვევებზე და მონაწილეობა მიიღოს ვებინარების მოდერაციასა და T4 ჯგუფის სხვა ქვეყნის ელჩების შეხვედრებში, ასევე ონლაინ TV ჩართვებში.

ამ მისიის შესრულება, ცხადია, არც თუ ისე იოლია, თუმცა, მაღალი პროფესიონალიზმი და საერთაშორისო კონკურსების წარმატებული გამოცდილება ინგლისური ენის პედაგოგს არ აშინებს. შეგახსენებთ, რომ მაია ტყემალაძე 2019 წლის ბოლოს, საერთაშორისო კონკურსში (ბრიტანული ორგანიზაცია – ინგლისურად მოსაუბრეთა საზოგადოება) ინგლისური ენის საუკეთესო №2 მასწავლებლის ტიტული მოიპოვა და პანდემიის გამო დაგვიანებით ჩამოსული ფულადი ჯილდოს ნაწილი თავისი მოსწავლის ინტერნეტით უზრუნველყოფას მოახმარა, მისცა შესაძლებლობა, ონლაინ გაკვეთილებში ჩართულიყო: „რადგან მაინც ბავშვებისთვის უნდა მომეხმარა ეს ჩემი ჯილდო, ვიფიქრე, უკეთეს რას ვიზამდი, ვიდრე სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილ ჩემს მოსწავლეს დავეხმარებოდი.“  საჩხერის №2 საჯარო სკოლა კი, გასულ წელს შერჩეულ 100 საუკეთესო სკოლას შორის დასახელდა და მსოფლიო კონფერენციის მონაწილეთა სიაში აღმოჩნდა. სკოლის დირეტორმა, ლენა გომართელმა, მსოფლიო განათლების კვირეულის ფარგლებში, საერთაშორისო აუდიტორიას საკუთარი პრაქტიკა გაუზიარა.

რაც შეეხება ელჩის არჩევის კრიტერიუმებს, მაია ტყემალაძე ამბობ,ს რომ, რასაკვირველია, იყო კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც აპლიკაციის შევსების დროს უნდა დაეკმაყოფილებინა: „შევავსე აპლიკაცია, რომელსაც ჰქონდა გარკვეული კრიტერიუმები, მაგალითად, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება. ეძებდნენ აქტიურ, მოტივირებულ მასწავლებელს ან განათლების მუშაკს. პოზიცია მოხალისეობრივია და ერთი წლით მუშაობას ითვალისწინებს. შემარჩიეს ელჩად, რა, რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს, ამასთან ერთად, მაძლევს საშუალებას, ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემა წარმოვაჩინო საერთაშორისო ასპარეზზე და გავაცნო კოლეგებს მსოფლიოდან. როგორც ელჩები ვუწევთ მათ საქმიანობას პოპულარიზებას, ასევე ითხოვენ რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას ჩვენი ქვეყნის განათლების სფეროს შესახებ.“ – ამბობს მაია ტყემალაძე.

T4 ჯგუფის უხლოესი გეგმა საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებაა, რომელიც ტექნოლოგიების საგაკვეთილო პროცესში გამოყენებას შეეხება. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა მასწავლებლებმა უნდა შეავსონ განაცხადი, გადაიღონ სამწუთიანი ვიდეო, სადაც მოყვებიან, რა ტექნოლოგიებს იყენებენ კლასში სწავლების პროცესში. კონკურსის ჟიური შეარჩევს საუკეთესო პრაქტიკის მქონე მასწავლებლებს, რომლებიც მსოფლიო კოლეგების წინაშე 17 აპრილს წარსდგებიან. მაია ტყემალაძე ამბობს, რომ მისი, როგორც ელჩის დანიშნულება, კოორდინატორობაა და უფრო მეტად საორგანიზაციო საკითხები ეხება, თუმცა, მათივე თხოვნით თავადაც დარეგისტრირდა კონფერენციაზე. აქტიურად მუშაობს, რომ მასწავლებლებს მიაწოდოს ინფორმაცია კონფერენციის დანიშნულებასა და მის სარგებლობაზე. „მასწავლებლებისთვის საუკეთესო საშუალებაა ამ კონფერენციაში მონაწილეობა, რადგან ისინი შეძლებენ საუკეთესო ექსპერტების გამოცდილება გაიზიარონ. ტექნიკა, არა მარტო პანდემიის დროს, არამედ ყოველთვის დაგვჭირდება. სასწავლო პროცესიდან ტექნოლოგია არასდროს აღარ გავა, მუდამ ჩვენთან დარჩება ოფლაინში ჩავატარებთ გაკვეთილს თუ ონლაინში. ძალიან მიხარია, რომ უკვე რამდენიმე ქართველი მასწავლებელი ვნახე დარეგისტრირებული, მათ შორის, მანანა კაპეტივაძე. წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მათგანს და მოვუწოდებ დანარჩენ მასწავლებლებს, რომ დარეგისტრირდნენ და გამოიყენონ საუკეთესო საშუალება – აღმოჩნდნენ მსოფლიო კოლეგების გვერდით და ისაუბრონ როგორ ვიყენებთ ტექნოლოგებს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.“

?✔  რეგისტრაციის ბმული 

?????

T4 Education-ის გლობალური საგანმანათლებლო ორგანიზაციის დამაარსებელს და ხელმძღვანელს, საერთაშორისო განათლების ექსპერტს, ვიკას პოტას, ფართო საზოგადოება იცნობს, როგორც „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ თანადამაარსებელს. T4 ჯგუფი კი აქტიურად უჭერს მხარს სკოლებსა და მასწავლებლებს, რათა ინიციატივებითა და რესურსებით გაუმჯობესდეს განათლების ხარისხი მთელ მსოფლიოში. სჯერათ თემის და მასწავლებელთა გაერთიანების ეფექტურობის. სურვილი აქვთ, წარმოაჩინონ და გააზიარონ წარმატებული საკლასო და სასკოლო პრაქტიკები მსოფლიოს მასშტაბით, ისაუბრონ განათლების სისტემის გამოწვევებზე და შესთავაზონ გადაჭრის გზები.

ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს სკოლებსა და მასწავლებლებს, მათ ცვლილებების მომტან აგენტებად მიიჩნევს.

ორგანიზაციის საქმიანობა ემსახურება და ეხმიანება გაეროს მდგრადი განვითარების მე4 მიზანას – ხარისხიანი და თანაბარი განათლების ხელმისაწვდომობა ყველა ბავშვისთვის.

ლალი ჯელაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები