მარეხ მაზანაშვილი
STEM მიმართულების საგნობრივი ექსპერტი
დაახლოებით ერთი საუკუნეა მსოფლიოს ეკონომიკა არნახული ტემპით იცვლება. ავტომატიზაციისა და ტექნოლოგიური წინსვლის გავლენით ბევრი პროფესია ქრება და მათ ადგილს ახალი იკავებს. თუ ადრე ბუნებრივი რესურსები იყო გადამწყვეტი ქვეყნის ეკონომიკური ძლიერებისათვის, ახლა ტექნოლოგიების შემქმნელი ქვეყნები არიან ეკონომიკურად ყველაზე განვითარებული და ინტელექტუალურ ძალასაც ზრდიან ამ მიმართულებით. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ განვითარებულ ქვეყნებში STEM სწავლებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
STEM – სწავლების მიდგომაა, რომელიც 4 ძირითადი მიმართულების: საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის ინტეგრირებულ სწავლებას გულისხმობს. ამგვარი სწავლება მოსწავლეებში ავითარებს ისეთ უნარებს, როგორიცაა:
- კრეატიულობა;
- კრიტიკული ანალიზი;
- გუნდური მუშაობა;
- დამოუკიდებელი აზროვნება;
- ინიციატივა;
- კომუნიკაცია;
- ციფრული წიგნიერება.
ეს ის უნარებია, რომლებიც აუცილებელია ოცდამეერთე საუკუნის მოქალაქისათვის.
STEM სწავლებით გამომუშავებული უნარები მოსწავლეებს ეხმარება სასკოლო და სკოლის შემდგომ ეტაპებზე წარმატების მიღწევასა და ზემოხსენებულ ცვლილებებთან ადაპტაციაში.
მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები ჩვენ გარშემო ძალიან სწრაფად ვითარდება, ჩვენი ქვეყანა, ამ კუთხით, ჯერ კიდევ მხოლოდ მომხმარებლის პასიურ როლშია – აქტიურად ვიყენებთ ტექნოლოგიურ პროდუქტს, თუმცა, არც კი ვფიქრობთ, რას ემყარება მისი მუშაობის პრინციპი, არც კი ვცდილობთ გავიგოთ ან ბავშვი დავაფიქროთ ამ პროცესებზე, დავანახოთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების როლი ასეთი ხელსაწყოების შექმნასა და მოქმედების პრინციპში.
სწავლების პროცესში ბავშვები ხშირად სვამენ შეკითხვას, რატომ უნდა ვისწავლო ესა თუ ის საგანი ან საკითხი? ამ კითხვაზე პასუხს ყველაზე კარგად გასცემს STEM სწავლებისა და, შესაბამისად, STEM პროექტების დანერგვა საგაკვეთილო თუ საკლუბო მუშაობის პროცესში.
ერთ-ერთი კარგი მაგალითია STEM პროექტი „სითხის დონის განსაზღვრა ავზში“, რომელიც წარმატებით დაინერგა საქართველოს სკოლებში.
ნებისმიერი აქტივობის წარმატებით განხორციელების წინაპირობაა, თუ რამდენად საინტერესოდ მივაწვდით მოსწავლეებს ამ აქტივობის შესახებ ინფორმაციას. ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, თუ რა ცოდნასა და უნარებს შეიძენს მოსწავლე ამ აქტივობის განხორციელების პროცესში, როგორ შეძლებს წინარე ცოდნის გამოყენებასა და თავმოყრას პროექტის შექმნის დროს. გასათვალისწინებელია ასევე ის, თუ რომელი საგნები ინტეგრირდება და რა გრძელვადიანი მიზნების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
პროექტი „სითხის დონის განსაზღვრა ავზში“ სამი საგნის – ფიზიკის, მათემატიკის და კომპიუტერული ტექნოლოგიების ინტეგრაციას უწყობს ხელს. ამ პროექტის საშუალებით, მოსწავლე ხედავს როგორ გამოიყენოს სხვადასხვა საგანში შეძენილი ცოდნა ერთი კონკრეტული მიზნისათვის.
პროექტის შესახებ ინფორმაცია მოსწავლეებს შესაძლებელია მივაწოდოთ მოსწავლისთვის შექმნილი ბარათით, სადაც პრობლემა, რომლის გადაჭრასაც ემსახურება STEM პროექტი, საკმაოდ საინტერესოდაა წარმოდგენილი (იხ. სურ. 1). ბარათზე დატანილია: პროექტის საკვანძო კითხვა; შეფასების კრიტერიუმები, რომლებზე პასუხიც რამდენიმე სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს; იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელთაც შეისწავლიან ამ პროექტის განხორციელების პროცესში; რესურსები, რომლებიც უნდა გამოიყენოს მოსწავლემ პროექტის პროდუქტის — სითხის დონის დასადგენი მოწყობილობის შესაქმნელად.
სურ.1. მოსწავლის ბარათი:
მასწავლებლებისთვის შექმნილია ჩარჩო რეკომენდაცია, სადაც გამოყოფილია თითოეული საგნის ნაწილი, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი პროექტის განხორციელების თითოეული ეტაპი. ასევე შესასწავლი საკითხების ჩამონათვალი და გრძელვადიან სასწავლო მიზანთან — სამიზნე ცნებასთან კავშირი.
რეკომენდაციები მასწავლებელს საგანთაშორის კავშირი
ფიზიკა
სამიზნე ცნება: ფიზიკური პროცესი
თემა: რხევები და ტალღები
შესასწავლი საკითხები:
- განივი და გრძივი ტალღა;
- ბგერა და მისი გავრცელება; ექო.
მათემატიკა:
სამიზნე ცნება: გეომეტრიული ფიგურები
მიმართულება:
- რეალური პროცესების მათემატიკური მოდელები;
- გარემომცველი სამყარო და გეომეტრიული ობიექტები.
შესასწავლი საკითხები: სივრცული ფიგურის მოცულობა (ცილინდრი)
საკითხები წინარე ცოდნიდან:
წრეწირი და წრე, წრეწირთან დაკავშირებულ კუთხეთა ზომები. წრის ფართობი, სექტორის და სეგმენტის ფართობები. სამკუთხედი; სამკუთხედის ფართობი; ტრიგონომეტრიული თანაფარდობები მართკუთხა სამკუთხედში.
საგანი – კომპიუტერული ტექნოლოგიები/საკითხები:
- ალგორითმი და ალგორითმის შემუშავება;
- პროგრამული ენა;
- პროგრამის ქცევის პროგნოზირება.
დამატებითი რეკომენდაციები:
- პროგრამული კოდის ელემენტების შესწავლა;
- მიკროკონტროლერ arduinos მუშაობის პრინციპის შესწავლა.
ეტაპი 1.
მასწავლებელი ბავშვების წინაშე სვამს პრობლემას:
იმსჯელე როგორ გამოიყენე ბგერის ფიზიკური მახასიათებლები ავზში დონის დასადგენად?
აქტივობა 1.
მასწავლებელი მიაწვდის შესაბამის მასალას:
- გრძივი და განივი ტალღები
- ბგერითი ტალღები
- ექო
დამატებითი რესურსი:
ბგერის სიჩქარე (ვიდეო) | ხმა | ხანის აკადემია (khanacademy.org)
ცოდნის კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები:
- რა არის ბგერა?
- როგორ ვრცელდება ბგერა გარემოში?
- ბგერა გრძივი ტალღაა თუ განივი?
- როგორი ბგერებია ინფრა და ულტრა ბგერა?
- როგორ არის ტალღის სიგრძე დამოკიდებული სიხშირეზე
ექოლოკაციის სიმულაცია
- რა არის ექო?
- არის თუ არა ბგერის გავრცელების სიჩქარე დამოკიდებული ბგერის სიხშირეზე?
ბგერის სიჩქარე (ვიდეო) | ხმა | ხანის აკადემია (khanacademy.org)
- რატომ გამოიყენება ულტრაბგერა მანძილის გასაზომად?
- დონის დასადგენად, ანუ ავზის ზედა წერტილიდან სითხის ზედაპირამდე მანძილის გასაზომად ბგერის რომელი მახასიათებელი სიდიდეები შეიძლება გამოვიყენო?
აქტივობა 2.
- თუ შევძლებთ გამოსხივებულ და დაბრუნებულ ბგერას შორის დროის ინტერვალის გაზომვას და გავითვალისწინებთ, რომ ვიცით ბგერის გავრცელების სიჩქარე, შეგვიძლია დავადგინოთ მანძილი გამომსხივებელსა და ობიექტს შორის.
გაეცანით სიმულაციას და უპასუხეთ კითხვებს:
https://www.tinkercad.com/things/chcoPYLzcGa
- შესაძლებელია თუ არა ობიექტის მიერ გავლილი მანძილის გაზომვა, თუ ვიცი ობიექტის სიჩქარე და შემიძლია გავზომო მოძრაობის დრო?
- როგორ შემიძლია გადავიტანო იგივე გამოცდილება ბგერის მიერ გავლილი მანძილის გასაზომად?
ამისათვის ჩვენ დაგვჭირდება ულტრაბგერის გამოსხივების წყარო და მიმღები მოწყობილობა, რომელიც დააფიქსირებს ობიექტიდან არეკლილ ექოს.
ეტაპი 2.
მათემატიკური ნაწილი:
- მოიძიე ინფორმაცია, გამოიკვლიე მოცულობის დადგენის მეთოდები, შექმენი მოწყობილობა, რომელიც დაადგენს სითხის დონეს ავზში, გადაამუშავებს მიღებულ ინფორმაციას და სითხის მოცულობის შესახებ ინფორმაციას ავტომატურ რეჟიმში მოგვაწვდის.
- დაწერეთ მათემატიკური მოდელი, რომელიც დაგეხმარებათ გამოთვალოთ ავზში დარჩენილი ბენზინის მოცულობა.
პრობლემის გადასაჭრელად დაიხმარე:
- პროგრამა Geogebra-ში შექმნილი ავზის ვირტუალური მოდელი და იმსჯელე პროცესზე;
- სურვილისამებრ შექმენი სხვა მოდელი (მატერიალური ან ელექტრონული რესურსების გამოყენებით).
წაკვეთილი კონუსის ფორმის ჭურჭელში მოცულობის დადგენა:
კომპიუტერული ტექნოლოგიები:
- პროგრამული კოდის ელემენტების შექმნა;
- მიკროკონტროლერ arduinos გამოყენება მუშა მოდელის შესაქმნელად.
პროგრამული კოდი:
როგორც ვხედავთ, აღნიშნულ პროექტში საკმაოდ მოცულობითმა ცოდნამ მოიყარა თავი, რაც მოსწავლეს მისი ცოდნის ორგანიზების შესაძლებლობას მისცემს და STEM საგნების აქტუალობაზე დააფიქრებს.