იამზე მსხვილიძე
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დილისკის №1 საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელი
ჩემი გზა eTwinning პროექტებში:
წინსვლა, გამოწვევები და ახალი ჰორიზონტები
ბოლო წლებში, როგორც პედაგოგი არაქართული სკოლიდან, აქტიურად ვარ ჩართული საერთაშორისო eTwinning პროექტებში. ეს პროექტები გახდა შესაძლებლობა, უფრო ფართოდ გავუხსნა ფანჯარა ჩემს მოსწავლეებს სხვა ქვეყნის სკოლებთან აქტიური თანამშრომლობისა და წინსვლისკენ. მთავარი მიზანი მოსწავლეებში სახელმწიფო ენის – ქართული ენის – ცოდნის გაღრმავება და მათში სწავლის მოტივაციის გაზრდაა. მიუხედავად იმისა, რომ eTwinning-ის საერთაშორისო პროექტებში საქმიანობა ინგლისურ ენაზეა საჭირო, სამუშაო პროცესს ყოველთვის ქართულ ენაზე ვიწყებთ. მოსწავლეები ჯერ ქართულად ამზადებენ პრეზენტაციებს და წერილობით ტექსტებს, შემდეგ კი ერთად ვთარგმნით ინგლისურად. ეს მიდგომა ორმაგ შედეგს იძლევა: მოსწავლეები იმტკიცებენ სახელმწიფო ენის ცოდნას და თანდათან იძენენ საერთაშორისო კომუნიკაციისთვის საჭირო ინგლისურენოვან უნარებს, რაც მათ თავდაჯერებულობასა და აქტიურ მონაწილეობას კიდევ უფრო ამყარებს.
ჩემი სკოლა სომხურენოვანია, რაც განსაკუთრებულ გამოწვევებს უქმნის როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებს. სხვადასხვა მეთოდითა და შემოქმედებითი მიდგომით ვცდილობ, ჩემი მოსწავლეები სახელმწიფო ენასთან არა მხოლოდ სწავლის, არამედ სიყვარულის გზით მივიყვანო. მინდა, რომ ქართულ ენაში მათ საკუთარი თავის, საკუთარი მომავლის გასაღები იპოვონ; მოსწავლეებს ვაგრძნობინო ქართული ენის სითბო, ხიბლი და სიდიადე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ ენა არ აღიქვან მხოლოდ სასწავლო საგნად, არამედ შეუყვარდეთ – გახდეს მათი აზროვნების, ურთიერთობის და თვითგამოხატვის ბუნებრივი ნაწილი. თუმცა ხშირად გზა რთულია, ამიტომ ჩემს მოსწავლეებს უხვად ვთავაზობ არაფორმალურ აქტივობებს, რათა ენის ბარიერი სირთულეს არ უქმნიდეთ არც გაკვეთილზე და არც ყოველდღიურ კომუნიკაციაში. ამიტომ დაუღალავად ვეძებ გზებს, რომ ენის შესწავლა მათთვის გახდეს სასიამოვნო პროცესი სავსე სახალისო მოგზაურობებით, სადაც თითოეული მცირე წარმატებაც კი დიდი ნაბიჯია წინსვლისკენ. მინდა, ენის დაუფლება მათთვის საინტერესო, ხელშესახები და სასარგებლო გამოცდილება იყოს.
ენობრივი ბარიერი ხშირად იწვევს მოსწავლეებში გაუბედაობას, თვითშეფასების დაბალ დონესა და საერთაშორისო ინიციატივებში ჩართვის შიშს. ისინი თავს არაკომფორტულად გრძნობენ ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას, უცხოელ თანატოლებთან ურთიერთობის ან პროექტებში აქტიური მონაწილეობის დროს. ზოგჯერ არ არიან დარწმუნებულნი, რომ შეძლებენ საკუთარი აზრის გამოხატვას ან თავის ღირსეულად წარმოჩენას ქართულ ან ინგლისურ ენაზე. ეს კი გავლენას ახდენს მათ თავდაჯერებულობაზე და საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესში ჩართულობაზე.
თუმცა, სწორი მიდგომებით, მოტივაციის გაძლიერებით, ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლითა და მხარდაჭერით, ბავშვებში ნელ-ნელა იკვეთება ცვლილებები – ისინი ითავისებენ ახალ გამოწვევებს, ავითარებენ კომუნიკაციის უნარებს და სიხარულით ერთვებიან საერთაშორისო პროექტებში, რაც კარიერასა და პიროვნულ განვითარებაში მნიშვნელოვან წინსვლას ნიშნავს. მოსწავლეები სწავლობენ ურთიერთთანამშრომლობას, ხვეწენ ციფრულ კომპეტენციებს და ეზიარებიან კულტურულ მრავალფეროვნებას.
eTwinning-ის პროექტებში მონაწილეობით მიღებული გამოცდილების დამსახურებით, ჩემი მოსწავლეები დღეს თავისუფლად წარადგენენ თავიანთ ქვეყანას, აზიარებენ საკუთარ კულტურას და სიამოვნებით ეხმიანებიან თანატოლების იდეებს სხვადასხვა ქვეყნიდან. თითოეული პროექტი, როგორც ჩემთვის, ისე მათთვისაც წინსვლის, პატარა გამარჯვებების და გამოცდილების დიდი სკოლა აღმოჩნდა.
ამჟამად, ერთდროულად, ექვს საერთაშორისო პროექტზე ვმუშაობ, აქედან ოთხის ორგანიზატორი მე ვარ. მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ-ერთ პროექტზე — „SMART Citizens: Digital Future Begins Now“, რომლის მიზანიც მოსწავლეებში ციფრული მოქალაქეობის, ონლაინ უსაფრთხოების, მედია წიგნიერებისა და პასუხისმგებლიანი ონლაინ ქცევის განვითარებაა. პროექტი მეტად მნიშვნელოვანი და დროულია თანამედროვე სამყაროში, სადაც ინფორმაციის უდიდესი ნაწილი ინტერნეტში ვრცელდება და ბავშვებს სწორი მიდგომების და კრიტიკული შეფასების უნარი სჭირდებათ.
ვგრძნობ, რომ ჩემი და ჩემი მოსწავლეების მონაწილეობა მსგავს ინიციატივებში არა მხოლოდ მათი პიროვნული და აკადემიური განვითარებისთვისაა სასარგებლო, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მათ აქტიურ და პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში.
დღევანდელ ციფრულ სამყაროში, როცა ვირტუალური სივრცე რეალობას უტოლდება, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიყოთ სმარტ მოქალაქეები — ჭკვიანები, პასუხისმგებლიანები და შემოქმედებითები. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი საერთაშორისო პროექტი, რომელიც ეძღვნება ციფრული მოქალაქეობის ევროპულ წელს. ციფრული ეპოქის გამოწვევების წინაშე დგომა მოითხოვს სიბრძნეს, კრიტიკულ აზროვნებასა და თანამშრომლობას. ჩვენი პროექტი „SMART Citizens: Digital Future Begins Now“ სწორედ იმ ადგილად იქცა, სადაც ოთხი ქვეყნის მოსწავლეები სწავლობენ, როგორ იყვნენ სმარტ მოქალაქეები მომავალში დაცულები, თავისუფლები და პასუხისმგებლიანები“.
პროექტის დამფუძნებელი ვარ მე, იამზე მსხვილიძე (საქართველო), ხოლო თანადამფუძნებელი – მარია ბელლა (საბერძნეთი).
პროექტში ჩართულია ოთხი ქვეყანა: საქართველო, საბერძნეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და თურქეთი, სულ შვიდი სკოლა.
საქართველოდან, ჩემი სკოლის გარდა, მონაწილეობენ:
♦ ახალციხის №5 საჯარო სკოლა, მასწავლებლები – მარიკა მესხიძე და ია გვენეტაძე;
♦ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი), მასწავლებელი – თეონა საბიაშვილი.
პროექტის ფარგლებში ყურადღება გავამახვილეთ ათი დომეინიდან ოთხზე, თუმცა, პრაქტიკულად, თითქმის ყველა დომეინი მოვიცავით:
- მონაცემთა დაცვა და უსაფრთხოება
- მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება
- ემპათია და მრავალმხრივობის გააზრება
- შემოქმედებითობა და ერთობლივი გამოსახვა
გამორჩეული აქტივობები:
♦ ციფრულ უსაფრთხოებაზე შევქმენით Genially-ში თამაში „დაიჭირე ჰაკერი“, რომელიც „გაქცევის ოთახის“ პრინციპზეა აგებული. ეს თამაში ერთობლივი ძალით შევქმენით ოთხმა სკოლამ;
♦ მეორე ჯგუფმა, ასევე ოთხმა სკოლამ, შექმნა ანიმაცია Scratch-ში – „ჩემი ციფრული ქალაქი“;
♦ მოსწავლეებმა მოამზადეს რჩევები და ინფოგრაფიკები ციფრულ უსაფრთხოებაზე;
♦ დაიწერა მინი-ესეები თემაზე „მედია ჩემს სამყაროში“;
♦ შეიქმნა ორიგინალური კომიქსები;
♦ უყურეს საგანმანათლებლო ფილმს, განიხილეს და გამართეს აქტიური დისკუსიები.
განსაკუთრებით საინტერესო იყო ერთობლივი წერის აქტივობა:
♦ სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეები დავაწყვილეთ, მათ დაწერეს ერთი და იგივე ამბავი ორი პერსონაჟის თვალთახედვით (მაგალითად, ბულერი vs მსხვერპლი).შექმნეს ერთი სრული, ჰარმონიული ტექსტი;
♦ ასევე, მოსწავლეებმა დაწერეს ესეები თანამედროვე ციფრული სამყაროს გამოწვევებზე, სადაც წარმოაჩინეს თავიანთი ქვეყნის პროგრესი და სირთულეები.
პროექტის შინაარსობრივ მხარეზე მე ვარ სრულად პასუხისმგებელი, ხოლო ჩემი თანადამფუძნებელი, მარია ბელლა, მუდმივად გვთავაზობს საინტერესო ვებინსტრუმენტებსა და რესურსებს, რამაც პროექტი ძალიან მიმზიდველი და მრავალფეროვანი გახადა.
„SMART Citizens: Digital Future Begins Now“ მხოლოდ პროექტი კი არა, ციფრული მოქალაქეობის ნამდვილი სკოლაა, ადგილი, სადაც თანამედროვე თაობა სწავლობს, როგორ გახდეს სანდო პარტნიორი.
„ჩვენი პროექტი – ეს არის გზა მომავლისკენ, სადაც ცოდნა, პასუხისმგებლობა და შემოქმედება ერთად ქმნიან ჭკვიან, ღია და უსაფრთხო სამყაროს. მომავალს ჩვენ ვქმნით – აქ და ახლა, ერთად!“