საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ თბილისის საჯარო სკოლების მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებული ზოგადი განათლების განვითარების ხედვა, სამომავლო გეგმები და ის ახალი ინიციატივები გააცნო, რაც სკოლებს კიდევ უფრო განავითარებს და მოსწავლეთა და პედაგოგთა მოტივაციას გაზრდის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესულ ცვლილებებს, სკოლის ახალი მოდელის კონცეფციას, სახელფასო ზრდის პოლიტიკას და სხვ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბევრი სიახლე ინერგება იმისათვის, რომ ამაღლდეს განათლების ხარისხი, სკოლა გახდეს უფრო საინტერესო და თანამედროვე, მოზარდებს განუვითარდეთ კრიტიკული და თავისუფალი აზროვნება.
პირველ რიგში, ეს არის ახალი სასწავლო გეგმა, განახლებული სასკოლო წიგნები და სხვა სასწავლო რესურსი, პილოტის რეჟიმში მიმდინარეობს სწავლების ახალი მოდელის დანერგვა, რომელიც კომპლექსურია და ბევრ მიმართულებას მოიცავს – ახლებურ მიდგომებს საგაკვეთილო პროცესში, მეტი ანალიზის შემოტანას, რაც შეიძლება მეტი ტექნოლოგიების, ინოვაციების დანერგვას სკოლებში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ირინა აბულაძემ ისაუბრა, მასწავლებლების, სკოლის დირექტორების და ადმინისტრაციის ხელფასების ზრდაა.
2019-2021 წლებში, ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის. 2022 წლისთვის კი მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1800 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი – 2000 ლარს და მეტს. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში თანხები უკვე გათვალისწინებულია.
„უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პირები 320-ლარიან დანამატს იღებენ, ახალი ბიუჯეტით თანხა 150 ლარით გაიზრდება. დანამატის ზრდა 2020-2021 სასწავლო წელსაც იგეგმება. პრემიერის განცხადებით, 2023 წლისთვის, მასწავლებლების საშუალო ხელფასი 1 800 ლარი უნდა იყოს. დირექტორებს ხელფასი 30%-ით გაეზრდებათ. ასევე, დაგეგმილია პედაგოგების პროფესიული განვითარების სქემის მსგავსი ინსტრუმენტის შემუშავება სკოლის დირექტორებისთვის, რათა მათ საკუთარი უნარები გააუმჯობესონ და სკოლის მართვის პროცესში მეტად წარმატებულები გახდნენ“. – განაცხადა ირინა აბულაძემ.