ლალი ჯელაძე
როგორც ცნობილია, ახალი სასწავლო წელი საქართველოს ყველა ქართულენოვან სკოლაში დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასებში) განახლებული სასწავლო გეგმებით დაიწყო, არაქართულენოვან სკოლებში კი ეს სიახლე მომავალი სასწავლო წლიდან იგეგმება.
რა სახის მხარდაჭერა შესთავაზა სამინისტრომ მასწავლებლებს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმების დასანერგად იმ საპილოტე პროექტის გარდა, რომელიც 150-ე საჯარო სკოლაში დაიწყო და რა მოლოდინი აქვთ პილოტის დასრულების შემდეგ, ამ საკითხებზე საუბრობს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ჩიქობავა.
— უფრო დეტალურად რომ აგვიხსნათ, რა მიმართულებებს მოიცავს 150-ე სკოლაში მიმდინარე საპილოტე პროექტი და რა მოლოდინი გაქვთ?
— საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მინისტრმა განათლების რეფორმის ხუთივე მიმართულებით — სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი და მეცნიერება — სიახლეები დააანონსა. ზოგადი განათლების ნაწილში რეფორმა რამდენიმე მიმართულებით მუშაობას გულისხმობს. ვიდრე სკოლებში მასობრივად გავალთ, თბილისის 150-ე სკოლაში დავიწყეთ სიახლეების პილოტირება. პროცესში ჩართულია დაწყებითი საფეხურის ყველა პედაგოგი, რადგან მიგვაჩნია, რომ სკოლა უნდა განვითარდეს როგორც ერთიანი ინსტიტუცია (და არა გამორჩეული ან უფრო წინ წასული მასწავლებლებით), სადაც ყველა თანაბარ პირობებში იმუშავებს, ერთად დაგეგმავს, იმსჯელებს და იფიქრებს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაზე.
საპილოტედ შერჩეულ სკოლაში, დაწყებითი საფეხურის ყველა მასწავლებელს უკვე ჩაუტარდა ტრენინგი მეთოდოლოგიაში — როგორ სწავლობს მოსწავლე, რას ნიშნავს კარგი, საინტერესო გაკვეთილი და,ზოგადად, პოზიტიური გარემო, სადაც მოსწავლეებს არ რცხვენიათ კითხვების დასმის, შეცდომების დაშვების. მათ უნდა იცოდნენ, რომ სკოლა სწორედ ამისთვის არსებობს, რაც მთავარია, მხარდაჭერას უნდა გრძნობდნენ მასწავლებლებისგან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებლებმა გაიაზრონ, როგორი უნდა იყოს კარგი გაკვეთილი, და როგორ დაგეგმონ მათ, გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებულად, სასწავლო პროცესი. ე.წ. ყოველდღიური ქოუჩინგი, რასაც ახლა ვაკეთებთ საგნობრივი სასწავლო გეგმების დანერგვის კუთხით, სწორედ ამას გულისხმობს. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საკლასო შეფასებასაც. რა შედეგებზე გაგვიყვანს საპილოტე პროექტი? ამის შესაფასებლად სასკოლო კულტურის კვლევა და მოსწავლეთა პრეშეფასება ჩავატარეთ, რათა გვცოდნოდა, ახლა რა მდგომარეობა გვაქვს. პილოტის დასრულების შემდეგ კი, პოსტშეფასება იგეგმება. ტესტი, რომელსაც მათ შევთავაზებთ, ორიენტირებული იქნება სააზროვნო უნარების შემოწმებაზე. სწორედ ასეთი ტიპის დავალებები უნდა შეიტანონ სასწავლო პროცესში და არა მრავალპასუხიანი ტესტები, რომელიც ძირითადად ფაქტობრივი მასალის დამახსოვრებაზეა ორიენტირებული. პილოტის რეჟიმში, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ტექნოლოგიები, რადგან ჩვენი სურვილია, ის ვაქციოთ როგორც სასწავლო პროცესის, ისე კოლეგებთან ურთიერთთანამშრომლობის/პროფესიული განვითარების განუყოფელ ნაწილად. ამ მიმართულებით, პედაგოგებს რამდენიმე პროგრამას შევასწავლით და შემდეგ ისინი, თავიანთი მიზნების შესაბამისად, შეარჩევენ, რომელი რა დროს გამოიყენონ.
ტექნოლოგიები არ უნდა იყოს მხოლოდ საჩვენებლად ჩართული. დღეს ციფრული სამყარო ბავშვებისთვის ძალიან ბუნებრივ გარემოს წარმოადგენს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს გარემო სასწავლო მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული (მაგალითად, იმავე ალგორითმული აზროვნების განვითარების ხელშემწყობი თამაშები), ეს ყველაფერი 150-ე სკოლაში გამოიცდება.
პედაგოგები ძალიან აქტიურად და ინტერესით ჩაერთნენ პროცესში და მათთან ყოველდღიური შეხვედრები გვაქვს. ყველაფერს ერთად ვგეგმავთ, ასევე ყურადღებით აკვირდებიან, მეორე საგნის მასწავლებელი რას გეგმავს — რას აკეთებს, რომ ეს ყველაფერი მათ გეგმასთან იყოს გაზიარებული. ვფიქრობთ, სკოლიდან რომ გამოვალთ, უკვე გვექნება გამოცდილი ინსტრუმენტები შეფასების, მეთოდოლოგიისა და დაგეგმვის კუთხით. რაც მთავარია, პილოტში მონაწილე მასწავლებლებს მომავალი სემესტრის გეგმა უკვე გაწერილი ექნებათ. გაზაფხულზე, ვფიქრობთ, მსგავსი პროექტით კიდევ 50 სკოლაში შევიდეთ. თითოეულ სკოლას ეყოლება ისეთივე მხარდამჭერი ჯგუფი — ექსპერტები, მეთოდისტები, ისტ-ის ექსპერტი, მკვლევარი — როგორც ახლა თბილისის 150-ე სკოლას ჰყავს. ეს იქნება მობილური მხარდამჭერი ჯგუფი, რომელიც მასზე მიმაგრებულ სკოლებს, ინტერნსიურ რეჟიმში გაუწევს სათანადო დახმარებას. ვფიქრობთ, მხარდამჭერი ჯგუფის წევრები ადგილობრივი კადრებით დავაკომპლექტოთ. ეს შეიძლება რესურსცენტრის ბაზაზე მოხდეს, აღნიშნული რგოლი უნდა გაძლიერდეს და ადგილზე მოხდეს ადამიანური რესურსის შესაბამისად განვითარება. რა თქმა უნდა, მათ შესაბამისად გადავამზადებთ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთვებიან პროცესში. მნიშვნელოვანია, გავაჩინოთ ნდობა სკოლასა და სამინისტროს შორის, სკოლები და მასწავლებლები სამინისტროს მხოლოდ „დამსჯელ“ ან „შემმოწმებელ“ ორგანოდ კი არა, პირველ რიგში, მხარდამჭერად უნდა აღიქვამდნენ. ამის მიღწევა არც ისე იოლი იქნება, მაგრამ ვეცდებით, ეს 150-ე სკოლის და შემდეგ პილოტირებაში ჩართული დანარჩენი სკოლების მაგალითზე დავანახოთ. მათ აუცილებლად უნდა იგრძნონ, რომ თუ რაიმე შეეშლებათ, ამის გამო კი არავინ დასჯის, არამედ ერთად ვიფიქრებთ და ვიზრუნებთ შეცდომის გამოსწორებაზე. ასეთი მიდგომის გარეშე ვერც სკოლა განვითარდება და ვერც სისტემა — რაც მთავარია, ვერ განვითარდება სკოლა, როგორც ერთიანი ინსტიტუცია. ცალკეულმა წარმატებულმა მასწავლებელმაც იმაზე უნდა იზრუნოს, რომ დაეხმაროს კოლეგებს და ყველამ ერთად თანამშრომლობით აამაღლონ საკუთარ სკოლაში სწავლების ხარისხის დონე.
პროექტის დასრულების შემდეგ, ტრენინგ-მოდულების გარდა, ყველა საგანში გვექნება სასკოლო სასწავლო გეგმის ნიმუშები, გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებული, თემების მიხედვით გაწერილი, რომელიც, ამავე დროს, დაეყრდნობა ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებს.
— გეგმავთ თუ არა პროცესის მონიტორინგს?
— პილოტირების შედეგებს აუცილებლად შევაჯამებთ, სწორედ ამიტომ ვახსენე, რომ მოსწავლეები წინასწარ უკვე შევაფასეთ და გავაკეთებთ შუალედურ შეფასებას სემესტრის ბოლოსაც — პილოტის დასრულების შემდეგ. რასაკვირველია, იმის მოლოდინი არ გვაქვს, რომ ძალიან დიდი ნახტომი გვექნება, მაგრამ, მთავარია, დავინახოთ პროგრესი და დამოკიდებულების შეცვლა, დღეს არსებული სასკოლო გარემოსა და ატმოსფეროს შეცვლის ნიშნები — თვალსაჩინო უნდა გახდეს, რომ პროცესში წამყვანი მოსწავლეა და არა მასწავლებელი, რადგან, სამწუხაროდ, მასწავლებელი, ხშირ შემთხვევაში, ჯერ კიდევ ცდილობს მენტორის როლში ყოფნას.
— რა კრიტერიუმით შეირჩა პირველი საპილოტე სკოლა და რა ნიშნით შეარჩევთ დანარჩენ 50 სკოლას პილოტირების შემდეგი ეტაპისთვის?
— თბილისის 150-ე სკოლაზე არჩევანი რამდენიმე ფაქტორის გამო შევაჩერეთ. პირველ რიგში, ჩვენ თანამშრომლობის გარკვეული გამოცდილება გვქონდა სკოლასთან, ქართულ-ესტონური პროექტის ფარგლებში და მასწავლებლები ძალიან ღია აღმოჩნდნენ ცვლილებებისთვის. რეალურად, მათ უნდა შეცვალონ სკოლაში ბევრი რამ და ამისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. მეორე მიზეზი, რის გამოც სკოლა შევარჩიეთ, ისიცაა, რომ არ გვინდოდა საპილოტედ ძალიან მაღალკონტინგენტიანი სკოლა აგვერჩია, უფრო მისაღები საშუალო ზომის სკოლაა და რაც მთავარია, არა ე.წ. „პრესტიჟული“. ჩვენი სურვილიც ეს იყო, ქალაქის ერთი ჩვეულებრივი სკოლის მაგალითზე, სკოლებს ვაჩვენოთ, როგორ შეუძლიათ მიაღწიონ დიდ წარმატებებს. რაც მთავარია, გუნდი დაგვხვდა ძალიან კარგად განწყობილი და მოტივირებული, რომ გაგვიწიონ დახმარება ამ ინსტრუმენტების დახვეწაში. რეალურად, ერთად ვაყალიბებთ „მოდელს“, რადგან ასე გამზადებული ფორმულები, ცხადია, არც ჩვენ გვაქვს. ყველა სკოლაში ასე უნდა მოხდეს — ერთად უნდა დავინახოთ, როგორ შეიძლება კონკრეტული სკოლის შესაძლებლობებისა და რესურსის მაქსიმალურად გამოყენება სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად. სხვაგვარად არ გამოვა, რადგან შეიძლება იდეალური მოდელი შევქმნათ, მაგრამ კონკრეტულ სკოლაში საერთოდ ვერ იმუშაოს. ამიტომაც მათთან ერთად ვსწავლობთ, როგორ შეიძლება სკოლის ბაზაზე სწავლა-სწავლების პროცესში მაქსიმალური შედეგის მიღწევა. იდეებიც მათგან უნდა წამოვიდეს.
პილოტირების მეორე ეტაპზე, რასაკვირველია, დედაქალაქის სხვა სკოლებიც ჩაერთვებიან, მაგრამ უფრო დიდი აქცენტი რეგიონებზე გაკეთდება. რაც შეეხება მათი შერჩევის კრიტერიუმებს, სკოლები მინიმალურ პირობებს მაინც უნდა აკმაყოფილებდნენ, თუნდაც, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ასევე, ინტერნეტით აღჭურვილი 12-15 კომპიუტერი მაინც უნდა იყოს.
— მცირეკონტინგენტიან სკოლებს ექნებათ პილოტირებაში ჩართვის შესაძლებლობა?
— პირველ ეტაპზე, მცირეკონტინგენტიანი სკოლები ვერ შეირჩევა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველა სკოლა დაიფარება, რადგან რეალურად, ეს არის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობისა და მხარდაჭერის პროექტი, რომლის მიზანია, უშუალოდ საკლასო ოთახში დავინახოთ შესაბამის უნარებსა და კომპეტენციებზე მუშაობა. უბრალოდ, გარკვეული დრო დასჭირდება, რომ ყველა სკოლა მოვიცვათ. გაზაფხულზე 50 სკოლა დაემატება, შემდეგ ეტაპზე კი, 2019 წლის შემოდგომაზე — 100-150.
— საპილოტე პროექტის გარდა, კიდევ რა სახის მხარდაჭერა შესთავაზეთ მასწავლებლებს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმების დასანერგად?
— წელს, რადგან ყველაზე დიდი სიახლე „მე და საზოგადოების“ შემოღება იყო (ასევე, მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხო „ჩვენი საქართველოს“ საგანსაც — მთლიანად გადახალისდა და გაძლიერდა სამოქალაქო განათლების კომპონენტი), ამიტომ ჩვენ სწორედ ამ საგნის მასწავლებლების გადამზადებას დავუთმეთ განსაკუთრებული ყურადღება. ზაფხულში დასრულდა გადამზადების ერთი ნაკადი და რადგან მასწავლებლების მხრიდანაც ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, წლის ბოლომდე, ისევ აგრძელებს ტრენინგებს.
თავისთავად, სიახლეა სახელმძღვანელოებიც. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ სტანდარტის მისაღწევად, სახელმძღვანელო არის ერთ-ერთი გზა, მაგრამ მასწავლებელმა, სხვა გზებიც შეიძლება დასახოს და სახელმძღვანელო ან სხვა რესურსები დაიხმაროს. თითოეულ მასწავლებელს საკუთარი გეგმა უნდა ჰქონდეს და ამ გეგმაში სახელმძღვანელოს შემოიტანს დიდი წილით თუ სხვა რესურსს, ეს თავად უნდა განსაზღვროს.
— წელს სიახლეა ისიც, რომ სკოლებს უცხო ენის არჩევის მეტი შესაძლებლობა მიეცათ
— ამით ევროპული ენების სწავლების გაძლიერება გვინდოდა, რადგან სტატისტიკის მიხედვით, გერმანული და ფრანგული ენები ნელ-ნელა მილევად რეჟიმში გადადიან, იტალიური ისედაც ერთ-ორ სკოლაში ისწავლებოდა. გადავწყვიტეთ, რაღაც ზომები მიგვეღო და სკოლებს ვთხოვეთ, მინიმუმ, ორი უცხოური ენა შეეთავაზებინათ მეხუთე კლასში მოსწავლეებისთვის ასარჩევად. სხვათა შორის, ამ შეთავაზებისას აღმოვაჩინეთ, თურმე, მშობლების უმრავლესობამ საერთოდ არ იცის, რომ მათ არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ. ფიქრობენ, რადგან სკოლაში რუსულის მასწავლებელი ჰყავთ და რუსული ისწავლება, მათმა შვილებმაც აუცილებლად ეს ენა უნდა ისწავლონ. ძალიან კარგია, რომ მშობლებმა, თუნდაც, ამ არჩევანის შესახებ გაიგეს. სხვათა შორის, არაერთი წერილი შემოვიდა ჩვენთან ამის თაობაზე. მაგალითად, ნინოწმინდის რაიონის ერთ-ერთი სოფლის სკოლიდან იყო მოთხოვნა — სკოლაში რუსული ენა ისწავლება, მაგრამ სურთ, მათმა შვილებმა გერმანული ენა ისწავლონ. უცხო ენაში შეიძლება კლასის გაყოფა და მოსწავლეთა სურვილისამებრ დაჯგუფება. თუ სკოლაში ორი ან მეტი პარალელური კლასია, ოთხი ჯგუფი პარალელური კლასებიდან შეიძლება ენის მიხედვით დაჯგუფდეს — გერმანულზე, ფრანგულზე და ა.შ.
ჩვენთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობს იტალიის საელჩო. იტალიური ენის სასწავლო პროგრამა უკვე მოვამზადეთ და მალე დავამტკიცებთ. წელს 15-მდე სკოლამ აირჩია იტალიური, როგორც მეორე ენა. საელჩო პედაგოგების გადამზადებაშიც გვეხმარება და სახელმძღვანლოებით მომარაგებაშიც. დიდი იმედი მაქვს, ცოტა ხანში იტალიური ენა სხვა სკოლებშიც არანაკლებ პოპულარული გახდება. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ჩვენმა შვილებმა ევროპის ქვეყნებში სწავლის გაგრძელება შეძლონ, ამისთვის კი აუცილებელია უცხოური ენების აკადემიურ დონეზე ფლობა.
დღეს, სკოლებში, არჩევითი უცხოური ენების ჩამონათვალშია: გერმანული, ფრანგული, რუსული, იტალიური, ჩინური ენები. პრინციპში, სკოლას შეუძლია ნებისმიერი ენა აირჩიოს, მაგრამ, აუცილებლად უნდა ჰქონდეს სასწავლო პროგრამა. პროგრამები კი მხოლოდ ჩამოთვლილ ენებშია შექმნილი. რაც შეეხება ჩინურს, საკმაოდ მოთხოვნადი გახდა და უკვე სრულდება მუშაობა სასწავლო პროგრამაზე, რომელიც ასევე დამტკიცდება.
— ფიზიკურ აღზრდას ერთი საათი დაემატა, რამ განაპირობა ეს ცვლილება?
— დაწყებით კლასებში წელს ფიზიკურ აღზრდაში დავამატეთ ერთი საათი, გვესმის, რომ სკოლებში ინფრასტრუქტურის პრობლემებია, მაგრამ დაწყებით საფეხურზე ძალიან ბევრი სახალისო აქტივობის მოფიქრება შეიძლება, რომ ბავშვები ფიზიკური აქტივობით დაკავდნენ. ამიტომ, ვფიქრობთ, თუ სკოლას განსაკუთრებული მიზეზი არ აქვს, ამ საგნისთვის განკუთვნილი სამი საათის ჩატარება უნდა შეძლოს. მოგეხსენათ, რომ არსებობს 25-პროცენტიანი გადანაწილების პრაქტიკა — რომელიმე საგანს, სხვა საგნის სასარგებლოდ, აკლდება საათი. ახლა ფიზიკურ აღზრდას, ხელოვნებასა და მუსიკას ამ საათებს ვეღარ მოაკლებენ, რადგან დაწყებით საფეხურზე სავალდებულოა, რომ ჩამოთვლილ დისციპლინებში, გაკვეთილები სრულყოფილად ჩატარდეს. ფიზიკურ აღზრდაში, I-IV კლასებში, კვირაში ორის ნაცვლად, სამი გაკვეთილი ჩატარდება.
— რა სიახლეებია სკოლამდელი განათლების მიმართულებით?
— სკოლამდელთან დაკავშირებით ასეთი გეგმები გვაქვს. სკოლამდელი განათლება ჩვენთან სავალდებულო არ არის და, ალბათ, უახლოეს პერიოდში, ვერც გახდება, რადგან ეს საკმაოდ დიდ ფინანსურ თუ ადამიანურ რესურსთანაა დაკავშირებული და დროში გაწელილი პროცესია. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო მზაობის პროგრამების შეთავაზება, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ აუცილებელია პროგრამა ბაღის ბაზაზე განხორციელდეს. ამდენი ბაღი არც გვაქვს. ამიტომ, სასკოლო მზაობის პროგრამისთვის შეიძლება გამოვიყენოთ სკოლა და სწორედ მის ბაზაზე მოხდეს არა მთელი დღის განმავლობაში, არამედ ნახევარდღიანი, ანუ სამსაათიანი პროგრამების შეთავაზება ბავშვებისთვის. მოგეხსენებათ, ყველა ოჯახს არ აქვს საშუალება, ბავშვი სათანადოდ მომზადებული მიიყვანოს სკოლაში, ეს შემდგომ განაპირობებს დაწყებით საფეხურზე ჩამორჩენას, რომელიც ზედა საფეხურებზე უფრო და უფრო ღრმავდება. ვფიქრობ, სახელმწიფომ, რამდენიმე წელიწადში მაინც, უნდა მოახერხოს, რომ სასკოლო მზაობის პროგრამა ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი გახდეს, რაც თანაბარ სასტარტო პირობებში ჩააყენებს ყველა პირველკლასელს.
— რა ფაზაშია საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმები?
— ეროვნული სასწავლო გეგმების შემდეგი საბაზო ეტაპი — VII-VIII-IX კლასები — უკვე დამტკიცებულია და, ალბათ, ძალიან მალე გამოცხადდება კონკურსი სახელმძღვანელოების გრიფირებაზე. ამას თავად მინისტრი დააანონსებს და, პარალელურად, გამოცხადდება შემფასებლების კონკურსიც.
— საბაზო საფეხურის სახელმძღვანელოებიც პილოტირების გარეშე შევა სკოლებში, როგორც ეს დაწყებითი საფეხურის შემთხვევაში მოხდა?
— ამ საკითხზე სწორედ ახლა ვფიქრობთ. შეიძლება სამი კლასის სახელმძღვანელოების კონკურსი ერთდროულად არ გამოცხადდეს და იყოს მხოლოდ მეშვიდე კლასის სახელმძღვანელოებზე. დანერგვის პირველი წელი მაინც პილოტირების წლად ითვლება და ამიტომ, რომელი კლასის სახელმძღვანელოზეც გამოვაცხადებთ კონკურსს, შემდეგ წელს, შესაბამისად, იმ კლასის სახელმძღვანელოების პილოტირება მოხდება. ისედაც დრო ძალიან მცირეა და სამი კლასის ხარისხიანი სახელმძღვანელოების შექმნა, ამ დროში, ძალიან რთული იქნება, ამიტომაც ვფიქრობთ ასეთ მოდელზე. ცხადია, გამომცემლებსაც შევხვდით და იმედია, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყველანი შევჯერდებით.