სკოლის ბაზაზე პედაგოგთა პროფესიული განვითარება რომ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე და პედაგოგებს შორის თანამშრომლობის კულტურის განვითარებაზე, ამის საილუსტრაციოდ მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის საჯარო სკოლის მაგალითზე მინდა გიამბოთ. წერილის დაწერის იდეა ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ეკატერინე წულუკიძის მიერ, ახლახან, სკოლაში წამოწყებულმა პროექტმა „სამასწავლებლო“ გამიჩინა. პროექტის მიზანი, სკოლის ბაზაზე, ახალი მეთოდების, მიგნებებისა და გამოცდილების გაზიარებაა, რომლისთვისაც ეკატერინემ ხუთშაბათი დღე დააწესა და პირველი სემინარის თემად „ისტ ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენება“ აირჩია. კოლეგებთან ერთად განიხილა edmodo.com — ვირტუალური საკლასო ოთახის შესაძლებლობა და გამოყენება სასწავლო პროცესში.
„ფარის საჯარო სკოლის პედაგოგებს შორის ძალიან მაღალია გუნდური და თანამშრომლობითი ურთიერთობა, თუმცა, უკეთესი შედეგის მისაღებად აუცილებელია კიდევ უფრო გაღრმავდეს გამოცდილების გაზიარების კულტურა. უჭირს მთას და მთის პედაგოგებს სიახლეების ფეხდაფეხ მიყოლა, მუდმივად პროფესიული განვითარების სადარაჯოზე დგომა. გადის წლები, პრობლემა პრობლემადვე რჩება, მასწავლებლისთვის პროფესიული ზრდა ურთულესი გამოწვევაა…“ — ამბობს ეკატერინე წულუკიძე. სწორედ მსგავსი პრობლემების დასაძლევად და უწყვეტი განვითარების სურვილით დაიწყო პროექტი „სამასწავლებლო“. პროექტის დაწყებამდე, მისმა ინიციატორმა სკოლის საჭიროების კვლევა გადაწყვიტა და მასწავლებლებში გამოკითხვა ჩაატარა — რა აფერხებს მათ პროფესიულ განვითარებას? პარალელურად მოსწავლეებიც გამოიკითხნენ — რა სურთ მათ? როგორი გაკვეთილები მოსწონთ? ორივე მხარემ აღნიშნა, რომ აკლიათ ინოვაციური გაკვეთილები და სურვილი აქვთ, სასწავლო პროცესი უფრო მეტად ტექნოლოგიებზე იყოს ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, დაიგეგმა პირველი ხუთშაბათის თემაც.
„მე, მათთან შედარებით, უკეთ ვიცნობ ტექნოლოგიებს, ამიტომ მინდა კოლეგებს გამოცდილება გავუზიარო. მასწავლებლების მხრიდან ედმოდოს საკლასო ოთახზე დიდი ინტერესი გაჩნდა, თუმცა, აქ პრობლემა იჩენს თავს, რადგან, ტექნოლოგიებს, ხშირად, პედაგოგები არამიზნობრივად იყენებენ გაკვეთილებზე. სწორედ ამ მიმართულებით მინდა წავიდეთ — როგორ გამოიყენონ ეფექტურად ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში. რაც მთავარია, სურვილი მაქვს, მხოლოდ მე კი არ ვიყო ინიციატორი და ასეთი სემინარების ჩამტარებელი, არამედ დანარჩენებსაც მივცე საშუალება, გაგვიზიარონ მეთოდები, რომლებიც აპრობირებულია და კარგად გამოსდით. ამით უკუკავშირსაც მივიღებთ და სკოლაში თანამშრომლობით პროფესიული განვითარების კულტურასაც დავამკვიდრებთ. ვფიქრობ, ჩემი მცირე გამოცდილების გაზიარებით, კოლეგებთან ერთად, შევძლებთ ამ ინსტრუმენტის ეფექტურად გამოყენებას და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებას. პროცესი გრძელდება და ყოველი ხუთშაბათი იქნება დღე, რომელსაც ჩვენი პროფესიული განვითარებისთვის გამოვიყენებთ“ — ამბობს ეკატერინე.
ეს აუცილებლობა იმანაც განაპირობა, რომ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა მესტიის რაიონის მასწავლებლებს, სხვადასხვა მიზეზის გამო, მართლა ძალიან უჭირთ, მოკლებული არიან პროფესიული განვითარებისთვის დაგეგმილ ტრენინგებსა თუ სხვა სახის აქტივობებს. ნაწილი ვერ იგებს რეგისტრაციის გამოცხადებას, ნაწილისთვის ძალიან რთულია პროცესში ჩართვა, თუნდაც იმის გამო, რომ სოფელი 28 კილომეტრითაა დაშორებული რაიონულ ცენტრს. ამას ისიც ემატება, რომ უმეტესად ჯგუფები არ დგება, რომ ადგილზე ჩატარდეს ტრენინგი. გარდა ამისა, ფარის საჯარო სკოლა ცენტრისგან მოშორებულია. მასწავლებლებმა მანქანა რომ იქირაონ ჩასასვლელად და უკან დასაბრუნებლად, მინიმუმ, 100 ლარი მაინც სჭირდებათ. ამ თანხის გადახდა, დამერწმუნებით, მასწავლებელს ძალიან გაუჭირდება. ეკატერინეს აზრითაც, ეს ორი ფაქტორი — სიშორე და თანხები — ძალიან აფერხებს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას: „იმისთვის, რომ გამევლო ტრენინგი „სამუზეუმო სწავლება ქართულ ენასა და ლიტერატურაში“, ზუგდიდში ჩავდიოდი დასასწრებად და უკან ვბრუნდებოდი. მარტო მგზავრობას 5 საათი ვუნდებოდი, ხარჯზე რომ აღარაფერი ვთქვა. ამას ყველა ვერ ახერხებს, თუნდაც, დროის ფაქტორის გამო. ვსაუბრობთ თანამედროვე მასწავლებელზე, მაგრამ იმაზე არა, როგორ გავხადოთ ის თანამედროვე, თუკი ასეთ ხელშემშლელ ფაქტორებს არ გავითვალისწინებთ. თუკი მასწავლებელმა ვერ შეძლო თანამედროვე სწავლების მეთოდების შესახებ ტრენინგების გავლა, როგორ აუწყობს ფეხს თანამედროვე სწავლებას? მოძველდა ის, რაც წლების განმავლობაში ვისწავლეთ, ბავშვებიც გრძნობენ ამას. საბოლოოდ კი, ყველაფერი სწავლების ხარისხზე აისახება.“
ფარის სკოლას სულ 13 მასწავლებელი ჰყავს, მათგან ორი პროექტის „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილეა. 13 პედაგოგიდან, ორის გარდა, ყველა პრაქტიკოსია. ეკატერინე წულუკიძე და პროექტით ჩასული ერთ-ერთი მასწავლებელი უფროსი მასწავლებლები არიან. ამის ფონზე კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ადგილზე პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. „იქნებ როგორმე გავზარდოთ მათი კარიერული წინსვლის მოტივაცია, რომ ჩააბარონ გამოცდები“ — ამბობს ეკატერინე. კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების გადაწყვეტილებაც, სწორედ ამის გამო მიიღო, თან ფიქრობს, რომ ტრენინგები მაინც ერთჯერადი ხასიათისაა, ხშირად ბევრი მასწავლებელი ესწრება, მაგრამ შემდეგ აღარ იყენებს საგაკვეთილო პროცესში. სკოლის ბაზაზე განვითარება კი, მისი აზრით, უფრო ძლიერი მექანიზმია პროფესიული ზრდისთვის. პირველი შეხვედრის შემდეგ, მასწავლებლები მთელი კვირის განმავლობაში იმუშავებენ ამ მეთოდით გაკვეთილებზე და მომავალ ხუთშაბათს პრეზენტაციას გააკეთებენ — როგორ იმუშავეს გაკვეთილზე, რა სირთულეებს წააწყდნენ და ა.შ. საბოლოო ჯამში, შეხვედრების კურსი რომ ჩამთავრდება, „სამასწავლებლოს“ მონაწილე პედაგოგები სამოდელო გაკვეთილებს დაგეგმავენ.
დღეს რომ სკოლას მხოლოდ ორი უფროსი მასწავლებელი ჰყავს, ამის უმთავრეს მიზეზად პედაგოგები დროის ფაქტორს ასახელებენ. ფარის სკოლაში მასწავლებლები ძირითადად ქალები არიან, რომლებიც ურთულეს პირობებში ცხოვრობენ, დილიდან, ოჯახში, სამეურნეო საქმეების კეთება უწევთ და სკოლაში უკვე დაღლილები მიდიან. საქონელი ჰყავთ მისახედი, ოჯახს უნდა მოუარონ… გაკვეთილების დასრულების შემდეგ კი ისევ სახლისკენ მიიჩქარიან — პური უნდა გამოაცხონ, სადილი მოამზადონ, და საღამოს ისევ საქონელს მიხედონ ან სხვა სამეურნეო საქმეებს გაუძღვენ. ფაქტობრივად, მასწავლებელს დრო არ აქვს, იზრუნოს პროფესიულ განვითარებაზე. მეორე პრობლემა კი ტრენინგებზე ხელმისაწვდომობაა. ეკატერინეს აზრით, პირველი უფრო დიდი პრობლემაა. ის მასწავლებლებს, პირობითად, ორ კატეგორიად განიხილავს — „არიან ისეთები, რომლებიც, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც წავიდნენ განვითარებისკენ, მეორე კატეგორია კი ისევ იქ დარჩა და ახლა ძალიან ეძნელებათ ამ „დისტანციის“ დაძლევა. პედაგოგების ნაწილს აქვს შესაძლებლობა, მაგრამ რაღაცის შიშით ვერ დგამენ წინ ნაბიჯებს. ამ ფაქტორებს მაგალითებზე დაყრდნობით ვასახელებ, თუმცა,ზოგადად, სისტემაში ეს ისევ სერიოზულ გამოწვევად დარჩა, რადგან ჯერ კიდევ ძალიან ბევრი პრაქტიკოსი მასწავლებელია.
რაც შეეხება გამოსავალს, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ. ბუნებრივია, ქალის მდგომარეობა ვერ შეიცვლება… თუმცა, ფაქტია, რაღაც ისეთი უნდა მოხდეს, რაც მათ მოტივაციას გაზრდის. ვფიქრობ, თუ ერთხელ იგემეს წარმატების გემო, მერე აღარც გაჩერდებიან. როცა გაჩერებული ხარ და არ გინდა რამე გააკეთო, ეს მუდმივ მდგომარეობაში გადადის და წლები ტკეპნი ერთ ადგილს. ვფიქრობ, ამ მდგომარეობას იმანაც შეუწყო ხელი, რომ პრაქტიკოს მასწავლებლებს მისცეს შესაძლებლობა, მუდმივად პრაქტიკოსები ყოფილიყვნენ. ამიტომ აღარც აქვთ სურვილი წინ წავიდნენ, ამბობენ „ეს ხომ მაინც მაქვს“, „ეს ხომ მაინც დამრჩება!“
ეკატერინე წულუკიძე 2017 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტია. ამბობს, რომ შესაძლებელია, ხშირად მისი აქტიურობა სხვების მოტივაციის ჩამკლავი იყოს. „ზოგჯერ ისე გამოდის, რომ ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია, კოლეგები მეუბნებიან, რომ „შენ ამას უფრო კარგად გააკეთებ“ ან „მაინც გააკეთებ“. ჩვენთან არ არის შიდაკონკურენცია, რაც აუცილებელი პირობაა წინსვლისთვის. სკოლაში თანამშრომლობის ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან კონკურენტულ გარემოს განვითარების სხვა შედეგები მოაქვს. ყოველთვის მე ვიყო ლიდერი — სწორედ ეს არ მინდა, ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ კოლეგებს, რომ შემდეგ ისინი ვაქციო ლიდერებად. „სამასწავლებლოს“ მიზანიც საბოლოოდ ეს არის — ერთმანეთს გავუზიაროთ წარმატებული გამოცდილება და შევქმნათ კონკურენტული გარემო.
შარშან ასეთი შემთხვევა გვქონდა, ჩვენმა მასწავლებელმა ძალიან კარგი პროექტი გააკეთა, ყველანაირად დავეხმარე, მაგრამ ვერაფრით მივაღწიე, რომ კონფერენციაზე მომზადებული მოხსენება წაეკითხა. ერთგვარი შიშიც აქვთ აუდიტორიის წინაშე გამოსვლის და თავის წარმოჩენის. ესეც დასაძლევი პრობლემაა. ქართული ენის მასწავლებელთა კლუბი დავაარსე რაიონის მასშტაბით, იქაც მსგავს შემთხვევებს ვაწყდები.
მოსწავლეებისთვისაც მუშაობს ქართული ენის კლუბი. ვცდილობ, დამატებით ვამეცადინო აკადემიურ წერაში, რომ რეპეტიტორთან მომზადება აღარ დასჭირდეთ. ფაქტობრივად, ეროვნული გამოცდებისთვის ვამზადებთ. ჩვენი ბავშვებისთვის საკლუბო მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ახლა „კოალიციამ — განათლება ყველასათვის“ დააფინანსა, მაგრამ წლების განმავლობაში, ლიტერატურის კლუბსა და ეკოკლუბს აბსოლუტურად უფასოდ ვამუშავებდით. სოფელი ფარი რამდენიმე სოფელს აერთიანებს, მოსწავლეებს შორი მანძილიდან უწევთ სიარული, 5 და 8 კილომეტრითაა დაშორებული მათი საცხოვრებელი სკოლას. ამიტომ, გაკვეთილების დამთვარებისთანავე მიდიან სახლში, რადგან მანქანა აღარ ელოდებათ ხოლმე და ვეღარ რჩებიან საკლუბო მეცადინეობაზე. გამუდმებით მიწევს ამისთვის ბრძოლა, მით უმეტეს, ზამთარში. აქაც არათანაბარ პირობებში არიან ბავშვები — ის, ვინც შეძლებს კლუბში დარჩენას, მეტს გაიგებს და ისწავლის, ვინც ვერ ახერხებს — ნაკლებს. ასეთი ტიპის პრობლემებიც ყურადსაღებია.“
ფარის საჯარო სკოლის მასწავლებელი პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს, რადგან სწორედ მან უნდა შექმნას ისეთი პირობები, რომ მსგავსი დიფერენცირება ქალაქისა და სოფლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის, ასეთი თვალშისაცემი არ იყოს. მისი აზრით: „პროფესიულ განვითარებაზე ხელმისაწვდომობაც აუცილებლად თანაბარი უნდა იყოს ყველასთვის — სოფლის მასწავლებელი არ უნდა გრძნობდეს ქალაქელი მასწავლებლის უპირატესობას იმის გამო, რომ თვითონ სოფელში დაიბადა და იქ ასწავლის. ამის გამოძახილია, თუნდაც, კონფერენციაზე გამოსვლის შიში და მორიდება. საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება, ვფიქრობ, ყველაზე დიდი მოტივატორია, გახდე რჩეული ან უკეთესი. პროფესიული განვითარება ადგილზე ცენტრის ხელშეწყობით უნდა განხორციელდეს — ადგილზე უნდა შექმნან პირობები მასწავლებლების კარიერული წინსვლისთვის და მათი პროფესიული ზრდისთვის. სხვა შემთხვევაში, ისევ გავა წლები და ისევ გამოწვევად დარჩება მასწავლებელთა პროფესიული განვითარება. ძალიან ხშირად, არ იციან მცირეკონტინგენტიანი და მთის სკოლების გასაჭირი, სათანადოდ ვერ აფასებენ რა ურთულესი პრობლემების წინაშე დგას დღეს სოფლის სკოლის მასწავლებელი. ქალაქის საზომით გაზომვა კი მას წარმატებას ვერ მოუტანს. ამიტომ სულაც არ მიკვირს, ქალაქელი მასწავლებლის წარმატებები.“
მცირეკონტინგენტიანი სკოლის ყველაზე დიდ გასაჭირად ეკატერინე მოსწავლეების სიმცირეს მიიჩნევს, მაგრამ ამბობს, რომ ვინც ჰყავთ (თუნდაც 29 ბავშვი), მათაც ისევე სჭირდება თანამედროვე სწავლება, როგორც დანარჩენებს. ყველაზე დიდი სირთულე კი რესურსებზე ხელმისაწვდომობაა. სწორედ ამიტომ იხარჯება ასე, რომ ფარის სკოლის მოსწავლეებს ბევრად მეტი ჰქონდეთ, ვიდრე, უბრალოდ, გაკვეთილი. სამწუხაროდ, ბავშვის განვითარებისთვის არც თემში და არც სკოლებში არანაირი პირობა არ არსებობს, არც ბიბლიოთეკა, არც კულტურის სახლი მუშაობს… ამიტომ სკოლა არ უნდა იყოს მხოლოდ საგაკვეთილო პროცესისთვის განკუთვნილი დაწესებულება, ის კულტურული ცენტრის ფუნქციასაც უნდა ითავსებდეს სოფელში, რაც ბავშვს და ახალგაზრდას განვითარების მეტ შესაძლებლობას მისცემს. ისედაც, მხოლოდ სკოლაა ის ინსტიტუცია, რომელიც ჯერ კიდევ ახერხებს სოფლად მოსახლეობის შენარჩუნებას, „თუმცა, ნელ-ნელა ეს ფუნქციაც იშლება, რადგან ყველას ქალაქისკენ უჭირავს თვალი — გულისტკივილით ამბობს ეკატერინე — იმიტომაც სჭირდება სკოლას განსაკუთრებული ხელშეწყობა, რომ სოფელი მიგრაციისგან დავიცვათ.“
ყველაფერთან ერთად, სკოლაში კვალიფიციური კადრების დეფიციტია, პროექტით მივლენილი მასწავლებლებიც არ არიან საკმარისი. ხშირად ერთი საგნის მასწავლებელს შეთავსებული აქვს სრულიად სხვა მიმართულების ორი ან სამი საგანი. „ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში, სწავლების ხარისხიც დაბალია. მაშინ როდესაც ტექნოლოგიები ასე პოპულარულია, მაშინ როცა სტემ საგნების სწავლება პრიორიტეტულია, ჩვენთან ერთ კოლბასაც ვერ ნახავ, რომ ქიმიის მასწავლებელმა ცდა ჩაატაროს. ისევ სასწავლო რესურსების ხელმისაწვდომობასთან მივდივარ, მარტო სახელმძღვანელოზე არ უნდა იყოს მასწავლებელი მიჯაჭვული, კეთებით სწავლება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რასაც სოფლის სკოლების უმეტესობა მოკლებულია. ამ თვალსაზრისით, მკვეთრი განსხვავებაა სოფლისა და ქალაქის ბავშვს შორის, ართანაბარ პირობებში გვყავს მოსწავლეები. იყო წლები, როცა ბავშვები სკოლას ისე ამთავრებდენენ, დედაქალაქი საერთოდ არ ჰქონდათ ნანახი. ახლა ეს პრობლემა იმით დავძლიეთ, რომ კონკურსებში ვიღებთ მონაწილეობას და გაგვყავს ბავშვები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მათ უფრო მეტი სჭირდებათ. კარჩაკეტილები არიან, ეს კარჩაკეტილობა კიდევ უფრო გაუსაძლისია, როცა ადგილზე მოსწავლეებს სრულფასოვნად განვითარების შესაძლებლობა არ აქვთ.
ჩვენი მოსწავლეებისთვის მხოლოდ სახლი და სკოლაა. ორი წელია, რაც სკოლაში ინტერნეტი გვაქვს, მაგრამ არ გვქონდა კომპიუტერული ლაბორატორია, ორად ორი კომპიუტერია და ისიც გამოცდებისთვის გამოიყენებოდა. რადგან კომპიუტერები პერსონალურია, მას გაკვეთილებზე ვერ ვიყენებდით. ახლახან ჩემი პროექტი დააფინანსა „კოალიციამ — განათლება ყველასთვის“ და ქართული ენის კაბინეტი მოვაწყვე. მიხარია, რომ უკვე აქვთ მასწავლებლებს ტექნოლოგიებით სარგებლობის შესაძლებლობა. მაგრამ, სამწუხაროდ, ბავშვები ვერ ფლობენ კომპიუტერულ უნარებს, რადგან სახლში ინტერნეტი არ აქვთ. სემინარი „ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში“ სწორედ ამას ისახავდა მიზნად — იქნებ სკოლას დავანახოთ ტექნოლოგიების საჭიროება, რომ მერე კიდევ მოვითხოვოთ კომპიუტერები ან მსგავსი პროექტებით მოვიპოვოთ დაფინანსება. სკოლაში თუ მეტი კომპიუტერი გაჩნდება, ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლება უფრო საინტერესო რეჟიმში გადავა.“
აფხაზეთის ომის შემდეგ, ოჯახთან ერთად, საკუთარ ფესვებს მიბრუნებული ეკატერინე ძალიან წუხს, რომ, როგორც მასწავლებელს, სხვა ბერკეტი არ გააჩნია ახალგაზრდების სოფელში დასაკავებლად და მათთვის ბევრი საინტერესო პროექტისა თუ აქტივობის შესათავაზებლად. თუმცა, ეს უფრო თავმდაბლობით ნათქვამია, რადგან მისი აქტივობა სკოლას გასცდა და თემისთვისაც არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა. შექმნა ორგანიზაცია, რომელმაც გრანტების მოპოვების საშუალება მისცა. პირველი პროექტი გარემოს დაცვას უკავშირდებოდა, შემდეგ, უფრო მნიშვნელოვანი პროექტი სოფლის ტურისტული პოტენციალის შესწავლასა და რეალიზებას შეეხო. „სვანეთი, ზოგადად, ტურისტული რეგიონია, მაგრამ ჩვენი სოფელი ძალიან ღარიბია. მოსახლეობის 80 პროცენტი სიღარიბის ზღვარს მიღმაა, მაგრამ ვხედავ, რომ ტურისტული პოტენციალი დიდია. სწორედ ამის გამო წამოვიწყეთ ეს პროექტი, დეტალურად შევისწავლეთ ყველა რესურსი და ძალიან მიხარია, რომ ნელ-ნელა ეს ყველაფერი დაიძრა. უკვე მეორე წელია, ჩვენს სოფელში რამდენიმე საოჯახო სასტუმროც გაჩნდა და, შესაბამისად, ტურისტებიც გამოჩნდნენ. ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო ნაბიჯია ჩვენი მხრიდან გადადგმული.“
ზოგადად, ორგანიზაციის მისია თემის გაძლიერება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა სხვადასხვა საკითხებში. „ვცდილობთ, თუკი რაიმე რესურსი არსებობს სოფელში ყველაფერი სასიკეთოდ გამოვიყენოთ. მაგალითად, აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს სოფელში არის უნიკალური ჯიშის ბზა, რომელიც არსად არ არის და, სამწუხაროდ, გადაშენების პირასაა. შესაძლებელია, რომ ის ბუნებრივ ძეგლად გამოცხადდეს. მოვამზადეთ პროექტი და მოვიპოვეთ დაფინანსება.“
„მთის დღე“ — ასე ერქვა ღონისძიებას, რომელიც მთის ნაწარმის გამოფენა-გაყიდვას და მთის განვითარების პერსპექტივის განხილვას ემსახურებოდა. გამოფენაში მონაწილეობდა საწარმო, რომელიც ეკატერინე წულუკიძემ ჩამოაყალიბა:
„ერთი წლის წინ გავაკეთე პროექტი, სოციალური საწარმო ქალებისთვის, რომლის მიზანია თემში მცხოვრები ქალების პროფესიული განათლების ხელშეწყობა, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. საწარმო ორი მიმართულებით მუშაობს — ერთი ემსახურება თეთრეულის კერვას და ამ კუთხით ქალების დასაქმებას, მეორე — წრეში გაერთიანებული სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის ხელსაქმის შესწავლას. გოგონები ეუფლებიან ქარგვას, სვანური ქუდების დამზადების ტექნოლოგიას და სხვადასხვა აქსესუარების კეთებას. ამ მიზანს და საქმიანობას მესტიის პროფესიული კოლეჯი რომ გაეცნო, რამდენიმე სკოლას შორის ჩვენ შეგვარჩია და მოვამზადეთ პროექტი თექის დამუშავებასა და დეკორატიული ქსოვილის შექმნის მიმართულებით. ამის შემდეგ, მოსწავლეთა ერთი ნაწილისგან სკოლაში შევქმენით სახელოსნო, რომლის კეთილმოწყობაშიც ლადო აფხაზავა დამეხმარა, მან პროექტში „ყველაზე ჭკვიანი“ მოგებული თანხა — 4 ათასი ლარი გადმოგვცა საჩუქრად. სკოლის სახელოსნოს უკვე ბიჭებიც შემოუერთდნენ.
მიხარია, ნელ-ნელა ჩვენი საწარმო ინტერესის საგანი ხდება, გვიკავშირდებიან და გვიწვევენ გამოფენებზე. მიხარია, ჩვენ სოფელს რომ წარვადგენთ, ვაცნობთ ხალხს პატარა 70-კომლიან სოფელს, სადაც ბავშვები შემოქმედებითად აზროვნებენ, ქმნიან და საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობენ. ხშირად ვფიქრობ, უფრო მეტნი რომ ვიყოთ, რამდენ საქმეს გავაკეთებდით, იდეებით სავსე ხურჯინს ძვრას ვერ ვუშვებით, ვერ გვყოფნის ძალა, სულ 29 მოსწავლე გვყავს და კიდევ როგორ და როდის ვასწრებთ ამდენს თავად მიკვირს. მიხარია ჩემი სოფლის, თუნდაც, მცირე, მაგრამ წინ გადადგმული ნაბიჯი.“
ლალი ჯელაძე