ცვლილების თანახმად მე-14 მუხლში გაიმიჯნა სამინისტროს, სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, მართვის სისტემისა და საავტორო უფლების მფლობელთა უფლებამოსილებები.
სამინისტრო უფლებამოსილება
ა) სახელმძღვანელოსთვის/სერიისთვის გრიფის მინიჭების შემდეგ საავტორო უფლების მფლობელთან, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესითა და პირობებით, დებს სალიცენზიო ხელშეკრულებას და ახორციელებს მისი შესრულების მონიტორინგს;
ბ) შეარჩევს გარანტორს, აწარმოებს მასთან მოლაპარაკებებსა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას, ასევე ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგს;
გ) გაიღებს გარანტორის მომსახურების ხარჯებს;
დ) განსაზღვრავს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს რეპროდუცირების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემისა და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების მომსახურების შესყიდვისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, მათ შორის, სახელმძღვანელოს ბეჭდვის პარამეტრებს (გამოსაყენებელი საღებავები, კინძვისა და ბეჭდვის ტიპი და სხვა);
ე) გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოს/სერიას იყენებს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა, მათ შორის, ავტორის პირადი არაქონებრივი და ქონებრივი უფლებების დაცვით;
ვ) უფლებამოსილია, მოსწავლის წიგნისა და მოსწავლის რვეულის მასის შემცირების მიზნებისათვის, საავტორო უფლების მფლობელს მოსთხოვოს მათი დაყოფა არაუმეტეს 4 ნაწილად;
ზ) სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ქმნის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების რეესტრს, დაგეგმილი გრიფირების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და კოორდინაციას უწევს სამუშაო შეხვედრებს და ტრენინგებს პოტენციური ავტორებისთვის;
თ) უფლებამოსილია განახორციელოს წინამდებარე წესით მინიჭებული უფლება-მოვალეობების მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის დელეგირება;
ი) წინამდებარე წესით მინიჭებული უფლება-მოვალეობების შესრულების მიზნით, გააჩნდეს წვდომა გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემასთან;
კ) უფლებამოსილია, ამ წესით გათვალისწინებული დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნებისათვის, გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები;
ლ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.
საავტორო უფლების მფლობელი ვალდებულია:
ა) ყოველწლიურად უზრუნველყოფს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების/სერიების ნაბეჭდი გამოცემების ხელმისაწვდომობას კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის, მათი არჩევანის გათვალისწინებით. ამ მიზნით იგი უფლებამოსილია მართვის სისტემისგან მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია კერძო სკოლების მოსწავლეთა რაოდენობების შესახებ კლასებისა და სკოლების მიხედვით;
ბ) ახორციელებს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის მარკეტინგს, ხოლო სამინისტრო ხელს უწყობს საჯარო სკოლებში ამ სახელმძღვანელოზე/სერიაზე ინფორმაციის გავრცელებას (პრესითა და ელექტრონული საშუალებებით) და მასწავლებლებთან შესაბამის ავტორ-გამომცემლების შეხვედრების ორგანიზებას.
- სკოლა ვალდებულია სასწავლო პროცესში ძირითად საგანმანათლებლო რესურსად, გრიფის ვადის მოქმედების განმავლობაში გამოიყენოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია (სერიის არსებობის შემთხვევაში), ხოლო თუ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგანში არ არის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო – სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელო/სერია (სერიის არსებობის შემთხვევაში).
- პროგრამის ბენეფიციარი სკოლისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლა ალტერნატიული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით დაიშვება სამინისტროს თანხმობით, ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, სკოლის დასაბუთებული მომართვის საფუძველზე. სამინისტრო გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლაზე თანხმობის გაცემის შესახებ ინფორმაციას უგზავნის სკოლასა და მართვის სისტემას. მართვის სისტემა უზრუნველყოფს აღნიშნული თანხმობის მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შესაბამის ველებზე სკოლის ხელმისაწვდომობას. ამ ვადის განმავლობაში, სკოლა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახავს ინფორმაციას გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლის შესახებ. მართვის სისტემა უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში პროგრამის ბენეფიციარი სკოლის მიერ შერჩეული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიისა და მათი ცვლილების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსათვის ხელმისაწვდომობას. ყველა დანარჩენი სკოლისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლა ალტერნატიული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით შესაძლებელია მართვის სისტემის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ინფორმაციის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვის გზით.
- ერთი სკოლის ფარგლებში თითოეული კლასის ყველა პარალელში, აგრეთვე ყველა იმ კლასში, რომელსაც მოიცავს სერია უნდა ისწავლებოდეს ერთი და იმავე გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით.“
https://matsne.gov.ge/ka/document/view/4356306?publication=0