ძალიან მძიმე წლის ბოლოა. ამის თქმით, ალბათ, გარშემომყოფ ოპტიმისტთა გულისწყრომას გამოვიწვევ — რა, კარგი არაფერი მომხდარა? კი, როგორ არ მომხდარა, მაგრამ, როცა წლის შეჯამებაზე ვფიქრობ, თვალს ვახელ თუ არა, რთული მომენტები მეტად მახსენებს თავს. თუმცა არ ვაპირებ ჩემი თვალით დანახული ნეგატიური მოვლენების ჩამოთვლას, რადგან წინასაახალწლოდ ამ განწყობის შექმნა არ იქნება უპრიანი. გონებაში ვეძებ ფაქტებს და მოვლენებს, რომლებიც ყველაზე კარგად გამახსენებს 2018 წელს. ასეთ მოვლენებს შორის კი უპირველეს ადგილს წლევანდელი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა იჭერს — ჩვენს ისტორიაში, წელს, პირველად, საქართველო მასპინძელ ქვეყანას წარმოადგენდა, თან ძალიან მახარებს, რომ ღირსეული მასპინძელიც აღმოვჩნდით.
გაზეთის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ვფიქრობ წლის საუკეთესო საგანმანათლებლო პროექტებსა და მიღწევებზე, რომელიც გვქონდა. შორს წასვლა არ მომიწევს, რადგან ახლახან მასწავლებლის გლობალურმა ჯილდომ, მსოფლიოს მასშტაბით, 2018 წლის ყველაზე წარმატებულ 50 მასწავლებელს შორის, ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა დაასახელა. რომელია შემდეგი მოვლენა? ქართველი მოსწავლეების წარმატებები სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში, ავთანდილ და ნიკა კენჭაძეების წარმატება — „ჩემპიონ ძმათა დუეტი“. თუმცა, იქნებ ჯობდეს 2018 წელი საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებმა შეაფასონ — რა იყო მათთვის წლის საუკეთესო მოვლენა, ფაქტი, რომელიც ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ, როგორი იყო 2018 წელი ქართველი მასწავლებლისთვის?
თამარ მოსიაშვილი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, განათლების სპეციალისტი: „საქართველოს განათლების სისტემა მგრძნობიარეა ქვეყნისა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენების მიმართ. რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და არანაკლებ რთული მემკვიდრეობა გვაქვს. 2018 წელი მრავალმხრივ იყო მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. 100 წელი შესრულდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების დღიდან. ბოლო 27 წლის განმავლობაში ვცდილობთ ავაშენოთ სახელმწიფო, მაგრამ 70-წლიანი საბჭოთა მემკვიდრეობა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე 1989 წელს ვფიქრობდით იმდროინდელი ახალგაზრდები. თუ ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და მომავლის საფუძვლად დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას მივიჩნევთ, 2018 წელი ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო.
წლის მთავარ მოვლენად შავი ზღვის უნივერსიტეტის საქმეს მივიჩნევდი. 2018 წლის აგვისტოში ხარისხის მართვის ეროვნულმა ცენტრმა უნივერსიტეტს შეუზღუდა პირველ კურსზე სტუდენტების მიღება. იმის მიუხედავად, რომ უნივერსიტეტის პროგრამებმა, საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით, აკრედიტაცია გაიარა.
მანამ, 2017 წელს, მსგავსი რეპრესიული მექანიზმი ამოქმედდა შაჰინის სკოლა-ლიცეუმისა და დემირელის სკოლის მიმართ. სამწუხაროდ, ეს სკოლები დღეს აღარ არსებობს. ვერ შეიქმნა კრიტიკული აზრი, რომელიც გავლენას მოახდენდა გადაწყვეტილების მიმღებზე. საგანმანათლებლო დაწესებულებებზე ზეწოლის ჯაჭვი უკავშირდება მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებასა და ჩვენს ქვეყანაში განათლების სისტემის თავისუფლების ხარისხს. ეს აღინიშნა კიდეც ევროკავშირის ანგარიშში.
შავი ზღვის უნივერსიტეტმა გაიმარჯვა, უნივერსიტეტს პირველკურსელთა მიღების უფლება აღდგენილი აქვს. ეს გამარჯვება უნივერსიტეტის, ქართველი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების აქტიურობის შედეგი იყო. სასიხარულოა, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის შავი ზღვის უნივერსიტეტის საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, მეტმა მოქალაქემ გაიაზრა ზეწოლის პოლიტიკური მიზეზები, შესაბამისად, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების საკითხი.
საგანმანათლებლო სივრცის თავისუფლება ჩვენი ქვეყნის გამოწვევაა. სისტემა სუპერცენტრალიზებულია, რაც ბევრ პრობლემას ქმნის განვითარების თვალსაზრისით. არ ვიცი რა არის მიზეზი, ხელისუფლების შენარჩუნება, რთული გეოპოლიტიკური გარემო თუ სხვა რამ, მაგრამ დღემდე ყველა დროის ხელისუფალს ეშინია განათლების სისტემის თავისუფლების.
რთული 2018 წლის ბოლოს მაინც ოპტიმისტი მინდა ვიყო და მოვლენებს შევხედო ამგვარად: ძველი 2018 წელი მიდის და ახალი 2019 უკვე ზღურბლთანაა. გამოცდილება საკმაოდ დაგვიგროვდა, იმედია მომავალი წელი უკეთესი იქნება და გვექნება მეტად თავისუფალი საგანმანათლებლო სისტემა და შევეცდებით, თავი დავაღწიოთ სუპერცენტრალიზაციის მარწუხებს, პირველ რიგში, ჩვენს აზროვნებაში.“
ვარდენ ნიქაბაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანების №2 საჯარო სკოლის დირექტორი: „2018 წელს საგანმანათლებლო სისტემაში მნიშვნელოვან მოვლენად მივიჩნევ გარე დაკვირვების პროცესს, რომლის პილოტირებაც 2017 წელს დაიწყო. გარე დაკვირვება მნიშვნელოვანი იყო არა მარტო პროფესიული განვითარების კუთხით, არამედ ეს იყო, გაკვეთილთან მიმართებაში, მაღალი სტანდარტების შემოღების დასაწყისი. საინტერესოა იმითაც, რომ ეს ერთჯერადი აქტია და მასწავლებელი ამ პროცესისთვის გაცილებით ადრე ემზადება, უფრო სიღრმისეულად იაზრებს ბევრ საკითხს და იძენს საინტერესო პროფესიულ უნარ-ჩვევებს. 2018 წლის საგანმანათლებლო პროექტებიდან გამოვყოფდი მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტს, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ, უკვე რამდენიმე წელია, მიმდინარეობს და ბევრი სიახლე შემოიტანა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. 2018 წელს გადამწყვეტ ფაზაში შევიდა ასევე ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული სკოლების თვითშეფასების საპილოტე პროექტი. ვფიქრობ, უახლეს მომავალში აღნიშნული პროექტი ბევრ სიახლეს მოუტანს საქართველოს სკოლებს.
წელს ძალიან ბევრი მასწავლებელი შეუერთდა უფროსი მასწავლებლის რიგებს, ერთი მხრივ, გაუმჯობესდა მათი ეკონომიკური მდგომარეობა, მეორე მხრივ, პროფესიული თავდაჯერებულობა, რაც, საბოლოო ჯამში, სკოლაზე და მოსწავლეზე აისახა დადებითად.
მნიშვნელოვანია, ასევე, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლის თანახმადაც, ამოქმედდა მოწვეული და მაძიებელი მასწავლებლის ინსტიტუტი. ამით ბევრ ახალგაზრდას და დამწყებ მასწავლებელს მიეცა შანსი, გამოსცადოს საკუთარი შესაძლებლობები საჯარო სკოლაში, სკოლებს კი გაუჩნდა შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიონ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. ძალიან საჭირო ცვლილებები განხორციელდა პროფესიული განათლების მიმართულებითაც. საერთო ჯამში, 2018 წელს შევაფასებდი, როგორც კარგ და ნაყოფიერ წელიწადს განათლების მიმართულებით.“
რევაზ აფხაზავა, „კოალიცია — განათლება ყველასთვის“, განათლების სპეციალისტი: „ჩემი თვალთახედვით, 2018 წელს, არსებითი ცვლილებები, რომელიც რადიკალურად შეცვლიდა სისტემას, არ განხორციელებულა. წლის მეორე ნახევარში ახალი მინისტრი მოვიდა ახალი ხედვებითა და სტრატეგიებით, თუმცა, მათ შორის, არის რიგი საკითხები, რომლებიც წინამორბედი მინისტრების ხედვებსა და სტრატეგიებშიც გვხდება. ზოგადად, კარგი იქნება, თუ ეს მემკვდრეობითი პრინციპი შენარჩუნდება და კარგი და საჭირო ინიციატივები, რომლებიც საზოგადოების მხრიდან იყო მხარდაჭერილი და რომელზეც აქტიურად მუშაობდა სამოქალაქო სექტორი, გაგრძელდება. მაგალითად, დეცენტრალიზაციის მიმართულება, ასევე, სკოლაზე ორიენტირებული მიდგომების განვითარება, რომელიც სწორედ წელს გაცხადდა. თუმცა, ჯერჯერობით, ყველანი მოლოდინის რეჟიმში ვართ და ველით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.
წელს ძალიან მნიშვნელოვანი იყო განათლების სისტემაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები — შეიცვალნენ სსიპ-ების ხელმძღვანელები, რომლებმაც არაერთი მინისტრი გამოიცვალეს თავის მხრივ. თუმცა, ადამიანების ცვლილება არსებითად არაფერს გვეტყვის, თუკი მას რეალური ცვლილებები არ მოჰყვება. გარკვეული ქვეტექსტი მიგვანიშნებდა იმაზე, რომ ეს ხდებოდა მეტი კორდინაციისთვის, მეტი გუნდურობით მუშაობისთვის და სიახლეებისა და რეფორმის აქტიურ ფაზაში გადასვლის ხელშესაწყობად. ისიც არის დაანონსებული, რომ 2019 წლიდან რეალურად დავინახავთ და შევიგრძნობთ რეფორმის მიმდინარეობას — კონკრეტულ ინიციატივებს. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ კონკრეტული ინიციატივების შემუშავების პროცესში მაღალია საზოგადოების ჩართულობა და, რაც მთავარია, პროცესი უფრო ღია და გამჭვირვალეა.
რასაკვირველია, გამოწვევები კვლავ იგივე რჩება — მასწავლებლის კორპუსის გაძლიერება, თანამედროვე, ეფექტიანი და პრაქტიკაში კარგად გამოსაყენებელი სასწავლო რესურსების შექმნა, სკოლების დეცენტრალიზაციის საკითხის კიდევ უფრო განვითარება და დიფერენცირებულ მიდგომებზე გადასვლა (რაზეც ახლა მიდის მუშაობა და ჩვენც აქტიურად ვართ ჩართულები). ასევე, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის საკითხის მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემა, რომელიც 2019 წელს უნდა განხორციელდეს და თბილისის გარდა ყველა მუნიციპალიტეტს გადაეცემა დელეგირების ხელშეკრულებით. ეს ძალიან საყურადღებო პროცესია.
ძალიან სასიხარულოა,რომ, წელს გვყავს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2018 წლის გამარჯვებული მასწავლებელი მანანა კაპეტივაძე. განსაკუთრებული სიხარულის მიზეზი კი ის არის, რომ, გლობალური ჯილდოს კონკურსში, 2017 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა მსოფლიოს ორმოცდაათ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა.
ზოგადად კი, 2018 წელი მასწავლებლებისთვის გამორჩეული ან განსაკუთრებული არაფრით ყოფილა, თუ არ ჩავთვლით მასწავლებელთა გარკვეული ნაწილის სტატუსის ამაღლებას. აქვე გეტყვით იმასაც, რომ, როგორც ცნობილია, არსებული სქემა გადაიხედება.
მოკლედ ვიტყვი, რომ 2018 წელს უფრო მეტი ანონსი გვაქვს, მათ შორის ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი სისტემისთვის, ვიდრე ქმედება. ამიტომ გეტყვით, რომ 2018 წელი აღმოჩნდა გარკვეული ხედვებისა და სტრატეგიების არეების შემოხაზვისა და საკადრო ცვლილებების წელიწადი. რჩება შთაბეჭდიელბა, რომ განათლების სისტემა ემზადება რაღაც გადამწყვეტი კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად, თუმცა, ჯერჯერობით ეს ნაბიჯები არ ჩანს. დიდი იმედი გვაქვს, რომ 2019 წლიდან ხელშესახები გახდება დაანონსებული ცვლილებები.“
გიორგი ჭაუჭიძე, მარნეულის №2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებელი: „გასული წელი მნიშვნელოვანი იყო როგორც პირადად ჩემთვის, ასევე მთელი ქართული საგანმანათლებლო სისტემისთვის. გასულ წელს მოვიპოვე წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, რამაც განაპირობა ჩემი კარიერული წინსვლა და ანაზღაურების გაზრდა. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჩემი მონაწილეობა დირექტორების კონკურსში, რომელშიც ვერ დავაკმაყოფილე სამინისტროს კომისიის მოთხოვნები.
განსაკუთრებული მნიშვნელობის ფაქტი იყო განათლების სამინისტროს მასშტაბური რეორგანიზაცია და მენეჯმენტში ახალი გუნდის მოსვლა. მთელი სისტემა ელოდება დაანონსებულ ცვლილებებს. პირადად მე დიდი და განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს, შესაბამისად, ის ფულიც ვერ მოიმატებს, რასაც განათლებაში დებს ქართული სახელმწიფო. მიუხედავად ამისა, გარკვეული მოლოდინი მაინც არსებობს, რადგან ზედმეტი ფული სულაც არ სჭირდება გარკვეული ნაბიჯების გადადგმას. ვგულისხმობ დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობას საჯარო სკოლებში. პირველ რიგში, ეს არის სკოლების დამოუკიდებლობის რეალური უზრუნველყოფა, ასევე, დირექტორების შერჩევისა და დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობა და აქ დემოკრატიული წესების დამკვიდრება. დემოკრატიულ სკოლას დიდი როლი ეკისრება ჩვენს ევროპულ მომავალში. ეს შედეგი კი ვერ მიიღწევა თავისუფალი, მამაცი და პროფესიონალი სკოლის ლიდერის გარეშე. სამწუხაროდ, სულ ახლახან გარდაცვლილი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის შემთხვევა ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველა კითხვას გაეცემა სათანადო პასუხი.
მომავლის მოლოდინს აჩენს სამინისტროს ახალი მენეჯმენტი, რომლებიც პირადად ჩემი მასწავლებლები არიან და დარწმუნებული ვარ, შეეცდებიან იმ პრინციპებისა და სულისკვეთების გატარებას, რასაც მეც მასწავლიდნენ — დემოკრატია, სამართლიანობა, განათლების ხელმისაწვდომობა, ეფექტური მენეჯმენტი, გამჭვირვალობა, დანახარჯების ეფექტურობა და მოსწავლეზე ორიენტირებულობა.“
ციალა ჭიხვარია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: „2018-მა სასკოლო ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებები შემოიტანა. საატესტატო შედეგები არ აისახა ქულებით, გაიზარდა სერტიფიცირებულ მასწავლებელთა რიცხვი, დაწყებითი კლასები (I-VI) აღიჭურვა ახალი სახელმძღვანელოებით, პედაგოგებისთვის ხელმისაწვდომი გახდა შესაბამისი დამხმარე ლიტერატურა და ტექნიკური საშუალებები. ჩემი სკოლის მიერ განხორციელებული პროექტები და მიღწევები აისახა სკოლის ვებგვერდზე; ჩემ მიერ განხორციელებული პროექტებიდან განსაკუთრებული წარმატება მომიტანა მოსწავლეთა 72-ე სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაში მონაწილეობამ, 24 ნოემბერს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, XI კლასის მოსწავლემ ფოლკლორის სექციაში
წარადგინა თემა — „ვპოვე ფესვები, ანუ ბაბუაჩემი“ და დიპლომი და სიგელი მიიღო.
თუმცა, ქართველი მასწავლებლისთვის ისევ პრობლემად რჩება დაბალი ანაზღაურება. მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ მასწავლებელს ჰქონდეს მაღალი ხელფასი და საუკეთესო პროფესიული გადამზადება, რათა კრედიტების დევნაში არ დაშორდეს საკუთარ საგანს და მოსწავლეებს.“
ნათია ფურცელაძე, სკოლა „ქორალის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: „2018 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, ვფიქრობ, ის არის, რომ ქართველი მასწავლებელი ლადო აფხაზავა მსოფლიოს 50 სუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა. ეს არა მხოლოდ მასწავლებლისთვის, არამედ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა.“
ლალი ჯელაძე