ერთიან ეროვნულ გამოცდებში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ყველაზე მრავალმხრივი ცვლილება ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდას შეეხო და 80-ქულიანი ტესტი 70 ქულაზე ჩამოვიდა. ტესტში ახლა 3 დავალება იქნება – ტექსტის რედაქტირება (მაქსიმალური ქულა – 16), არგუმენტირებული ესე (მაქსიმალური ქულა – 24) და მხატვრული ტექსტის ანალიზი (მაქსიმალური ქულა – 30; საგამოცდო ტესტიდან ამოღებულია 15-ქულიანი არჩევითპასუხებიანი დავალება (წაკითხულის გააზრება), მხატვრული ტექსტის ანალიზს კი 5 ქულა დაემატა; შესაბამისად, შემცირდა საგამოცდო დროც და 3 საათი და 45 წუთით განისაზღვრა. ამასთანავე, ტესტების ფორმატის ცვლილებამ განსხვავებულად განსაზღვრა აბიტურიენტების ნაშრომების შეფასების კრიტერიუმებიც, მაგალითად, მხატვრული ტექსტის ანალიზისას, არაადეკვატური პარალელების გამო, აბიტურიენტს ქულები დააკლდება.
რამ განაპირობა ცვლილებები და რა მოლოდინი აქვთ – ამის შესახებ გვესაუბრება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელი კახა ჯამბურია.
– რა გახდა ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტში მრავალმხრივი ცვლილების მიზეზი?
– სამყაროში ყველაფერი იცვლება და იცვლება განათლების სისტემაც, ამიტომ არ შეიძლება, გამოცდა სულ ერთნაირი იყოს წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, გამოცდაც უნდა შეიცვალოს. საერთოდ, ერთი და იმავე ტიპის და ერთი და იმავე ფორმატის გამოცდა ყოველთვის იშტამპება და ზეპირ „შპარგალკებში“ გადადის, რაც, სხვათა შორის, ნაკლებად გვაძლევს საშუალებას, რომ ობიექტურად შეფასდეს აბიტურიენტების უნარები და ცოდნა. ამდენად, ეს ცვლილებები ყოველთვის იქნება ამ ფორმატში და ახლაც იმიტომ შევცვალეთ რაღაცები, რომ ვიცით რა გააუმჯობესებს.
ყოველი წლის გამოცდების შემდეგ ფსიქომეტრულ ანალიზს ვატარებთ და ამ შედეგებს განვიხილავთ ხოლმე მასწავლებლებთან და გამსწორებლებთან ერთად. ბოლო ორი წელია, უკვე ჩანს, რომ ის დავალება, რომელიც ამოვიღეთ * წაკითხულის გააზრება * არ იძლეოდა იმდენად კარგად აბიტურიენტების დიფერენცირების საშუალებას, ანუ ნაკლებად დისკრიმანიციული ღირებულების მქონე დავალება იყო. არადა, ამ დავალების შესრულება მოითხოვდა, დაახლოებით, ნახევარ საათს, სავალდებულო გამოცდა ისედაც საკმაოდ ხანგრძლივი იყო – 4 საათი და 15 წუთი გრძელდებოდა. ამიტომ, ბოლო წლების ანალიზისა და მასწავლებლებთან ჩატარებული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება ამ დავალების ამოღების თაობაზე და ცოტათი შევცვალეთ თხზულების შეფასების კრიტერიუმები, სადაც მეტი ყურადღება მიექცა ტექსტის გააზრებას – ხუთი ქულა დაემატა ამ კრიტერიუმებს, შეფასდება არა მარტო ის, რამდენად კარგად იმსჯელა აპლიკანტმა, არამედ – რამდენად კარგად გაიაზრა ტექსტი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო წლებში იყო შემთხვევები, როდესაც ბავშვები ძალიან არაადეკვატურ პარალელებს აკეთებდნენ. ეს შეიძლება, ცოტა მასწავლებლების ბრალიც იყო, ეტყობა, ისინი ფიქრობდნენ, ოღონდ კი რამე პარალელი იყოს თხზულებაში, რომ ბავშვმა დამოუკიდებელ აზროვნებაში მიიღოს ქულა. ეს არასწორი დამოკიდებულებაა. ასეთი არაადეკვატური პარალელები ახლა, პირიქით, ქულას დააკლებს აბიტურიენტს. გვქონია ისეთი კურიოზული შემთხვევებიც, როცა აბიტურიენტი „მერანს“ „წითელქუდას“ ადარებდა. წარმოიდგინეთ, რამდენად არაადეკვატური და არასწორი დამოკიდებულება იყო საკითხთან; იყო შემთხვევა, როცა აბიტურიენტმა ჰენრი ტოროს ციტატა/მოსაზრება დაიმოწმა „ვეფხისტყაოსანთან“ დაკავშირებით, რომელსაც არავითარი კავშირი არ ჰქონდა მასთან. საერთოდაც, ეს ციტატები მიანიშნებდა იმაზე, რომ ბევრ რამეს იზეპირებდნენ, წინასწარ მომზადებული შტამპების გამოყენებასაც ცდილობდნენ აბიტურიენტები. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ტენდენციაა. ამ ცვლილებებით ასეთ ტენდენციებს გადავუკეტეთ გზა და იმ აბიტურიენტებს მივეცით შესაძლებლობა, რომლებიც დამოუკიდებლად აზროვნებენ და შემოქმედებითი უნარი აქვთ, უფრო მეტად გამოიჩინონ თავი – ახლა მეტი დრო ექნებათ თხზულების დასაწერად. ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ ქართულის ტესტი მაინცდამაინც გამარტივებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ერთი ბლოკი დავალებების (15-ქულიანი წაკითხულის გააზრება) ამოვიღეთ, მაინც ვერ ვიტყვით, რომ ამით ტესტი გამარტივდა. გარკვეული მოსაზრებით, პირიქითაც კი მოხდა. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ადრე ამ მარტივი კითხვებით ბავშვს შეიძლება ქულები (10-12 ქულა) დაეგროვებინა და წერითი დავალება არ შეესრულებინა, რედაქტირებითა და წაკითხულის გააზრებით გადაელახა ბარიერი. მაგრამ ესეც ძალიან საეჭვოა, რადგან შეიძლება ერთი-ორი პასუხი არასწორად შემოხაზოს და ქულა დააკლდეს ბარიერის გადასალახად. ამიტომ, ის, ვინც წერით დავალებას არ ასრულებდა, თავს ძალიან რთულ მდგომარეობაში იგდებდა ხოლმე. ახლა, ისე გამოვა, რომ, ფაქტობრივად, წერითი დავალება აუცილებლად უნდა შეასრულოს აბიტურიენტმა – ან არგუმენტირებული ესსე, ან ლიტერატურული ტექსტის ანალიზი – ერთ-ერთი მაინც აუცილებლად უნდა დაწეროს, ბარიერი რომ გადალახოს.
– შეიცვლება თუ არა მინიმალური გამსვლელი ქულა?
– ბარიერი პროცენტულად იგივე დარჩა, თუმცა რადგან ქულების საერთო რაოდენობა შემცირდა, თავისთავად, შემცირდა ბარიერის ქულაც – ადრე 80-ქულიან ტესტში ბარიერის გადასალახად 21 ქულა იყო საჭირო, ახლა, რადგან მაქსიმალური ქულა 70-ია, შესაბამისად, საჭიროა 18 ქულის დაგროვება, რომ ბარიერი გადალახონ. თუმცა, ჩემი აზრით, უკეთესი იქნებოდა, ცენტრი არავითარ ბარიერს არ აწესებდეს და უმაღლესებმა თავად გადაწყვიტონ რამდენქულიანი აბიტურიენტი ჩარიცხონ, მაგალითად, ფილოლოგიის ან ისტორიის ფაკულტეტზე, ანუ მათ შეუძლიათ ეს ბარიერი აწიონ ან დაწიონ. საერთოდ, სჯობს ასეთ გადაწყვეტილებებს უნივერსიტეტები იღებდნენ და არა ცენტრი.
– გამოიწვევს თუ არა შემთხვევითი სწორი პასუხების ალბათობის შემცირება ბარიერის გადამლახავი აბიტურიენტების შემცირებას?
– არა მგონია, იმიტომ, რომ როცა ოთხი პასუხიდან ერთს ირჩევდა აბიტურიენტი, შემდეგ ამ პასუხებს იყენებდა თხზულების წერის დროს. იმ შემთხვევაში, თუ არასწორი ჰქონდა არჩეული, თხზულების წერის დროსაც არასწორი მიმართულებით მიდიოდა და ამაშიც კარგავდა ქულებს. ამიტომ ამ დავალების ამოღებას ეს გამართლებაც აქვს – ის აბიტურიენტები, რომლებიც შეცდომას უშვებდნენ არჩევითპასუხებიანი დავალების შესრულების დროს, გარკვეულწილად, წერითი დავალების შესრულების დროსაც ზარალდებოდნენ, რადგან ერთი და იმავე ტექსტზე იყო დავალება. ამდენად, ვერ გეტყვით, რომ ეს მაინცდამაინც გაზრდის გამოცდაზე ჩაჭრილი აბიტურიენტების რაოდენობას. თუმცა, ამის წინასწარ, 100-პროცენტიანად განსაზღვრა ძალიან ძნელია.
შეიძლება ვთქვათ, რომ შედარებით გამარტივდა არჩევითი გამოცდა – ლიტერატურა, რადგან ის ცოტა რთული გამოცდა იყო და უფრო დაბალი იყო საშუალო ქულების მაჩვენებელი. სავარაუდოდ, სირთულეს ის ქმნიდა, რომ ორი წერითი დავალება საკმაოდ რთული იყო შესასრულებლად კითხვების შემდეგ – იყო ღია კითხვები, შემდეგ ერთი წერითი დავალება, სადაც ორი ტექსტი უნდა შეედარებინათ ერთმანეთს და კიდევ მეორე წერითი დავლება – ლიტერატურული ესსე. ამას უკვე დაღლილები წერდნენ აბიტურიენტები და ხშირად, მეორე წერითი დავალება გაცილებით დაბალ ქულებზე ფასდებოდა, ხანდახან ზოგი ვერც ასწრებდა. კონსულტაციების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ მეორე წერითი დავალება საერთოდ გაგვეუქმებინა, რადგან სავალდებულო ტესტი ისედაც ითვალისწინებს არგუმენტირებული ესსეს დაწერას და, თან მეორე ლიტერატურული ესსე ძალიან ჰგავს მას. ამიტომ გადავწყვიტეთ მისი ამოღება და საგამოცდო დროც შევამცირეთ 15 წუთით. არჩევითი საგნის ტესტში ცოტათი გაზრდილია კითხვების რაოდენობა – არჩევითი გამოცდის პირველი ნაწილი ღია კითხვებია, სადაც ტექსტების ცოდნა მოწმდება, შემდეგ კი მხოლოდ ერთი წერითი დავალება იქნება. ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ არჩევითი გამოცდა ლიტერატურაში ოდნავ გამარტივდა. რაც შეეხება ქულების რაოდენობას, ნაცვლად 80-ისა გახდა 70.
– ცვლილებების თანახმად, გამოცდებისთვის მომზადების პროცესში, რაზე მოუწევთ მეტი აქცენტის გაკეთება აბიტურიენტს და მასწავლებელს?
– პირველ რიგში, სასურველია, ყველამ ნახოს ტესტის ნიმუში, რომელიც, ცვლილებებსა და შეფასების კრიტერიუმების განმარტებებთან ერთად, ჩვენს ვებგვერდზე გამოვაქვეყნეთ. ვთხოვ მასწავლებლებს, შევიდნენ ვებგვერდზე და ნახონ როგორია მთლიანად ტესტი, გაეცნონ შეფასების კრიტერიუმებსაც, რადგან აქ გარკვეული ცვლილებებია შეტანილი. მაგალითად, ადრე არ იყო და წელს შევიტანეთ ასეთი ცვლილება – აბიტურიენტს დააკლდება ქულები არაადეკვატური პარალელების გამო. ამას ყურადღება უნდა მიაქციონ მასწავლებლებმა, თუ აბიტურიენტი ცდილობს მაგალითები მოიხმოს, ლიტერატურული ტექსტები დაიმოწმოს, ეს აუცილებლად ადეკვატური უნდა იყოს, თორემ ქულებს დაკარგავს. ამის შესახებ ინფორმაციას სწორედ გამოქვეყნებული ტესტის ნიმუშები და შეფასების კრიტერიუმები მისცემთ.
ესაუბრა ლალი ჯელაძე
მხატვრული ტექსტის ანალიზის შეფასების კრიტერიუმები და მათი განმარტება
იხილეთ ბმული