სკოლებში უსაფრთხოების გაძლიერებისა და მოზარდთა შორის სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით მომზადებული კანონპროექტი ძალაში შევიდა. მანდატურის სამსახურის საქმიანობაში შეტანილი ცვლილებების მიზანია მანდატურის უფლებამოსილების გაზრდა, სკოლებში მომხდარ ინციდენტებზე მყისიერი კვალიფიციური რეაგირების უზრუნველყოფა. შეიცვალა მანდატურთა დანიშვნის წესიც, კანდიდატის მიმართ ახალი მოთხოვნები განისაზღვრა. მოსამზადებელი კურსები, სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად, ფიზიკურ მომზადებასაც მოიცავს.
მანდატურის სამსახურს ახალი ფუნქციაც დაეკისრა — საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებზე, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.
მანდატურის სამსახურის რეფორმის ფარგლებში, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე ვესაუბრეთ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილეს, კონსტანტინე ანჯაფარიძეს.
— კონკრეტულად რა ცვლილებები შევიდა კანონში?
— ზოგადი განათლების კანონში ცვლილებების შეტანის მიზანი იყო მანდატურის სამსახურის ეფექტურობის გაზრდა. საგანგებოდ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა იმუშავა კანონპროექტზე, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მანდატური უკეთ დაიცვას მოსწავლეების უსაფრთხოება სკოლის ტერიტორიაზე. ცვლილებები ბევრი მიმართულებით დაიგეგმა და მრავალ საკითხს მოიცავს — ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, ეტაპობრივად, აღიჭურვება სათვალთვალო კამერებით; მანდატურები, პირადი გასინჯვის ნაცვლად, ჩაატარებენ ზედაპირულ დათვალიერებას მეტალოდეტექტორის დახმარებით, ამის უფლება ეძლევა იმავე სქესის მანდატურს, რა სქესისაც არის მოსწავლე, რომლის დათვალიერებაც ხდება. მართალია, ეს აქამდეც ასე ხდებოდა, მაგრამ ახლა უკვე კანონის დონეზე განისაზღვრა.
ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ძლიერდება მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური ცენტრი და სკოლაში არსებული ფსიქოლოგები მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური ცენტრის კოორდინაციის ქვეშ მოდიან. კანონში გაიწერა, რომ განათლების სამინისტრომ უნდა შექმნას უსაფრთხოების წესები, სადაც დეტალურად იქნება განსაზღვრული, როგორ მოქმედებს სკოლა — მანდატური, სკოლის ადმინისტრაცია, მშობლები და სხვ. — სხვადასხვა სიტუაციაში, როგორ ახორციელებენ სამართალდარღვევის პრევენციას ან რეაგირებენ უკვე მომხდარ დარღვევებზე. მიმდინარეობს ამ დოკუმენტის საბოლოო განხილვა, უახლოეს დღეებში დამტკიცდება და მასში მრავალი სიახლე იქნება სკოლებისთვის.
— რა არის მაინც ამ სიახლეთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი?
— მაგალითად ის, რომ სკოლაში იქმნება უსაფრთხოების საბჭო, რომელიც გარკვეული პერიოდულობით შეიკრიბება (ვთქვათ, კვირაში ერთხელ) და იმსჯელებს სკოლისათვის პრობლემურ საკითხებზე, დაგეგმავს მათი გადაჭრის გზებს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მანდატურის სამსახური შეიმუშავებს კითხვარებს, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის ფსიქოლოგიურ კითხვარებს და შემდგომში სკოლა (სკოლის დირექტორი) უზრუნველყოფს, რომ ისინი მოსწავლეებმა შეავსონ. კითხვარების შევსების შემდეგ მასალა გაანალიზდება და, სათანადო დასკვნის საფუძველზე, დაიგეგმება ღონისძიებები.
მანდატურის სამსახური ყოველწლიურად შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლებისთვის. შევისწავლით, რა პრობლემები აქვს თითოეულ კონკრეტულ სკოლას და, აქედან გამომდინარე, მივცემთ რეკომენდაციებს. დარწმუნებული ვარ, სკოლები ამ რეკომენდაციებს შეასრულებენ.
— ვინ იქნებიან სკოლის უსაფრთხოების საბჭოს წევრები?
— ამის განხილვა-დაზუსტება ახლა მიმდინარეობს. საბჭოს შემადგენლობაში, რა თქმა უნდა, აუცილებლად იქნება სკოლის ადმინისტრაცია, ასევე მანდატური (რადგან უსაფრთხოების საკითხებს შეეხება), შეიძლება საჭირო გახდეს ჩვენი ფსიქოლოგიური ცენტრის თანამშრომლების მიწვევა ან, გარკვეულ კონკრეტულ მომენტში, სხვა სტრუქტურების ჩართვა, როგორიცაა, მაგალითად, სოციალური სააგენტო ან, გარკვეულ ქეისთან დაკავშირებით — მართლწესრიგის ოფიცრის. გადაწყვეტილების მიღება ყოველი კონკრეტული პრობლემიდან გამომდინარე მოხდება. ჯერ არ არის ზუსტად განსაზღვრული.
— მშობელი თუ იქნება საბჭოს წევრი?
— რა თქმა უნდა, მშობელიც შეიძლება იყოს საბჭოს წევრი. როგორც გითხარით, ზუსტად ახლა მიდის განხილვა, ვინ უნდა შევიდეს საბჭოს შემადგენლობაში და როგორ უნდა იმუშაოს ამ ორგანომ.
სიახლეა ის, რომ ყველა სკოლაში იქნება ანონიმური ყუთები, სადაც მოსწავლეებსა და მშობლებს შეეძლებათ ჩააგდონ თავიანთი მოსაზრებები არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. სკოლა ვალდებულია, ეს პრობლემები განიხილოს და გადაწყვეტის გზებიც დაგეგმოს. ასევე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ მანდატურის სამსახურს, ახალი კანონის თანახმად, ევალება ანტიძალადობრივი, ანტიბულინგური პროგრამების შემუშავება და სკოლებში დანერგვა.
რა თქმა უნდა, ყველა ეს ცვლილება ეტაპობრივად განხორციელდება და არა ერთდროულად. დარწმუნებულები ვართ, ცვლილებების ერთობლიობით უფრო მეტად დაცულ გარემოში ისწავლიან ჩვენი მოსწავლეები.
— ეტაპობრივად განხორციელება დროის რა მონაკვეთს მოიცავს?
— გააჩნია საკითხს, მაგალითად, უსაფრთხოების წესები სექტემბრიდანვე შევა ძალაში, ხოლო, რაც შეეხება სკოლების ვიდეოსათვალთვალო კამერებით აღჭურვას, შეიძლება ერთ წელიწადში ვერ დამთავრდეს, რადგან არ არის მარტივი პროცესი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საუბარია 2-3 წელზე იმიტომ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა მოხდეს სკოლების კამერებით აღჭურვა.
— რა ნიშნით განისაზღვრება კამერების დამონტაჟების თანმიმდევრობა — პირველ რიგში სად დამონტაჟდება და სად — მოგვიანებით?
— ამ საკითხსაც საგანგებოდ შევისწავლით და ეტაპობრივად დავგეგმავთ. იმ სკოლებში, სადაც მანდატურები არიან, ვიდეოსათვალთვალო კამერები ისედაც არის, მარტო ოთხ სკოლაში არ არის, უფრო სწორად კამერები არის, მაგრამ გამოსულია მწყობრიდან, მოძველებული ტექნიკაა, რადგან უკვე 8-9 წელია, რაც დამონტაჟდა და დამერწმუნებით, უნდა შეიცვალოს. ალბათ გავეცნობით სკოლებს და სადაც მეტი საჭიროება იქნება, ჯერ იქ დამონტაჟდება და შემდგომში უკვე სხვა სკოლებში. კანონით გვაქვს ვალდებულება, რომ ყველა საჯარო სკოლა იყოს აღჭურვილი ვიდეოსათვალთვალო კამერებით.
ჩემი აზრით, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ცვლილებები, რომლებიც პრევენციაზე მუშაობასა და მშობლების ჩართულობას მოიაზრებს. უკვე დეტალურად გაიწერა ვის რა მოვალეობა აკისრია სკოლაში და, სამართალდარღვევის ან სხვა შემთხვევაში, ვინ რა ქმედებას ახორციელებს. მაგალითად, პრობლემური ქეისი რომ ავიღოთ, სკოლაში ყველას ეცოდინება ვინ რა როლი უნდა შეასრულოს და როგორ იმოქმედოს. მანდატურის სამსახურის ბაზაზე შეიქმნა, ასევე, კრიზისული ინტერვენციის ჯგუფები, რომლებიც პრობლემური ქეისების შემთხვევაში, სკოლას ადგილზე დაეხმარებიან პრობლემების გადაჭრაში. ამ სერვისით სარგებლობის უფლება სკოლებს ამ სემესტრიდანვე აქვთ.
მომზადდა ძალადობის საიტი — befriend.mes.gov.ge, სადაც მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს თუ სხვა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ, რა არის ძალადობა და როგორ ვებრძოლოთ. იქვე მითითებულია ცხელი ხაზის ნომერი — 0800000088 (მანდატურის სამსახურს 24-საათიანი ცხელი ხაზის სამსახური აქვს), სადაც შეიძლება დარეკოთ და გაგიწევენ უფასო ფსიქოლოგიურ მომსახურებას, დაგეხმარებიან ყველა პრობლემის გადაჭრაში.
— სასწავლო წლის დასაწყისში განათლების სიტემის ახალი რეფორმის პრეზენტაცია გაიმართა. ხომ არ შეეხება მანდატურის სამსახურს სტრუქტურული ცვლილებები?
— ჩვენ მუდმივად ვვითარდებით, ამიტომ, დღეს შეიძლება არ იყოს საჭირო, მაგრამ ხვალ დადგეს გარკვეული სტრუქტურული ცვლილებების აუცილებლობა. ამ ეტაპზე, შემიძლია გითხრათ, რომ არ იგეგმება, რადგან ახლახან შევიდა ცვლილება კანონში და შეიცვალა სტრუქტურა. როგორც ცნობილია, კანონით ასე იყო განსაზღვრული — მანდატურს ნიშნავდა და ათავისუფლებდა სკოლის დირექცია, ახლა მას ნიშნავს და ათავისუფლებს მანდატურის სამსახურის უფროსი. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა სტრუქტურაში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თუ დირექტორს დასაბუთებული პოზიცია ექნება, რატომ არ უნდა ეს მანდატური და ურჩევნია სხვა, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ. ესეც კანონშია გაწერილი — აუცილებლად მოვუსმინოთ დირექციას. აქედან გამომდინარე, მანდატურის დანიშვნასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არ იქნება ერთპიროვნული.
— ამ სასწავლო წელს თუ გაფართოვდება იმ სკოლების რაოდენობა, სადაც მანდატურის სამსახურია შესული?
— დიახ, ზუსტად ახლა ვიწყებთ მანდატურების გადამზადებას და, სემესტრის ბოლომდე, 20 საჯარო სკოლაში ვაპირებთ შესვლას. მანდატურის სამსახური თბილისის ყველა საჯარო სკოლაშია, ახალი ოცი სკოლა რეგიონებში დაგვემატება. მნიშვნელოვანია ახალი პროექტი — კანონით დაგვევალა, რომ მცირეკონტინგენტიან სკოლებში, სადაც 200 ბავშვზე ნაკლებია, მანდატურის სამსახური ადმინისტრაციის ერთ-ერთ წარმომადგენელს გადაამზადებს უსაფრთხოების საკითხებში. ის იმავე უნარ-ჩვევებით აღიჭურვება, რაც მანდატურს აქვს და და სკოლაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე იქნება პასუხისმგებელი.
გადამზადების პროცესი დაწყებულია და რამდენიმე რეგიონში უკვე მომზადდა სკოლის წარმომადგენელი. ახლა მიდის ზუსტი გაწერა, როგორ იმუშაონ. ეტაპობრივად ყველა საჯარო სკოლას ეყოლება უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელსაც ეცოდინება, როგორ იმოქმედოს ამა თუ იმ კრიზისულ ვითარებაში. ისინი, იმავდროულად, მიბმული იქნებიან ფსიქოლოგიურ ცენტრებთან და ფსიქოლოგიურ მომსახურებასაც მიიღებენ.
— დაიწყო თუ არა თანამშრომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და რა ფორმით წარიმართება?
— ჩვენ ისედაც ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით, ბოლო წლის განმავლობაში 3500-ზე მეტი შეტყობინებაა შესული შინაგან საქმეთა სამინისტროში, მანდატურის სამსახურიდან, სავარაუდო დანაშაულის შესახებ. დამემოწმებით, რომ ეს ძალიან დიდი ციფრია. ახალი ცვლილებები უფრო სისტემატურ ურთიერთობას გულისხმობს და დეტალურადაა გაწერილი ვის და როგორ ვუკავშირდებით, ასევე, მათ რა წვდომა შეიძლება ჰქონდეთ ჩვენს ბაზებთან, რომ ნახონ ონლაინრეჟიმში, სად რა დარღვევა ხდება. მუშაობა გრძელდება და დეტალურად გაიწერება, რა სახის თანამშრომლობა შეიძლება იყოს ჩვენ შორის. კანონმა და კანონმდებლებმა დაგვავალეს, რომ ეს წესი შევიმუშაოთ.
— რა შემთხვევაში უკავშირდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს? რა უნდა მოხდეს, რომ ამის საჭიროება დადგეს?
— იცით, რომ მანდატურს სპეციალური გადამზადება აქვს გავლილი და თუ შეატყობს, რომ მოხდა სავარაუდო დანაშაული ან მოსწავლის ქმედება შეიცავს სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს, იგი ვალდებულია, დაუკავშირდეს პოლიციას. ვთანამშრომლობთ პრევენციის კუთხითაც და თუ ვიცით, რომ, სავარაუდოდ, ბავშვს რაღაც პრობლემა აქვს და სკოლიდან რომ გავა, შეიძლება რაიმე საფრთხე დაემუქროს, მაშინ ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმირება.
რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წლის განმავლობაში 3500-ივე მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტროში დანაშაულის შემთხვევაში მოხდა, უმეტესობა, რა თქმა უნდა, პრევენციის შემთხვევები იყო. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მძიმე დანაშაულს თვითონ სკოლის ტერიტორიაზე, ბოლო წლების განმავლობაში, ადგილი არ ჰქონია.
— ალბათ გვერდს ვერ ავუვლით 51-ე სკოლაში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, რომელსაც ორი მოსწავლის სიცოცხლე შეეწირა. დაასრულა მუშაობა საპარლამენტო კომისიამ, რომელმაც, სხვებთან ერთად, სკოლის მანდატურებიც გამოკითხა. ამ ფაქტთან დაკავშირებით თუ ჩატარდა მანდატურის სამსახურში შიდა მოკვლევა და ხომ არ გამოიკვეთა რაიმე დარღვევა მანდატურების მხრიდან?
— კომისიის სხდომაზე დაბარებული იყვნენ მხოლოდ მანდატურები, ხელმძღვანელობა არ გამოუძახიათ.
— იგივე მანდატურები არიან 51-ე სკოლაში?
— მანდატურების როტაცია ჩვეულებრივი პროცესია და ხშირად ხდება არა მარტო ამ სკოლაში. არსებობს კონკრეტული მიზეზები, იმ დროს ესა თუ ის კონკრეტული მანდატური რატომ შეიძლება გვჭირდებოდეს სხვაგან და უკეთესი იყოს მისი გადაყვანა. ხდება სკოლების შესწავლა და აქედან გამომდინარე ვიღებთ გადაწყვეტილებას. შემიძლია გითხრათ, რომ ის მანდატურები, ვინც იმ დროს 51-ე სკოლაში მუშაობდნენ, ისევ აგრძელებენ მანდატურებად მუშაობას ჩვენს სამსახურში.
— რით იწყებს მანდატურის სამსახური ახალ სასწავლო წელს?
— პირველ რიგში, შევარჩევთ კადრებს, გადავამზადებთ და შევალთ ახალ საჯარო სკოლებში. ასევე, დაიწყება მოქმედი მანდატურების გადამზადება, რადგან გადამზადების კურსიც შეიცვალა და მანდატურების მიღების წესიც. ადრე საკმარისი იყო სრული ზოგადი განათლება, ახლა, სრულ ზოგად განათლებასთან ერთად, მანდატურს უნდა ჰქონდეს პროფესიული ან უმაღლესი განათლება. შეიცვალა მოსამზადებელი კურსიც, დაიხვეწა, უფრო მეტ საკითხს მოიცავს, მათ შორის, დიდი ყურადღება ეთმობა მანდატურების ფიზიკურ მომზადებას და სათანადო უნარ-ჩვევებს, რომ მათ შეძლონ კონფლიქტების მოგვარება, მედიაცია. გაიზარდა კურსის ხანგრძლივობა.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ახალ კადრებს მოვამზადებთ, შემდეგ, ეტაპობრივად, მოქმედი მანდატურები გადამზადდებიან ახალი კურსის თანახმად იმ საგნებში, რომლებიც მოსამზადებელ კურსს ცვლილებების შემდგომ დაემატა. ოღონდ ეს არ მოხდება 1-2 დღეში და არც 1-2 თვეში, რადგან საუბარია 1200 ადამიანზე და, რა თქმა უნდა, ამ პროცესს დრო დასჭირდება.
ესაუბრა ლალი თვალაბეიშვილი