ბოლო დროს, საგრძნობლად გაიზარდა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა, შესაბამისად, განათლების სისტემისთვის უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება ინკლუზიური განათლების სპეციალისტი. საყოველთაო ინკლუზიური განათლების დანერგვის მიუხედავად, ქვეყანაში კვალიფიციური სპეციალური მასწავლებლის პრობლემა მაინც დგას, რადგან სისტემას ასეთი კადრი ძალიან ცოტა ჰყავს. ამის უმთავრეს მიზეზად კი ის სახელდება, რომ დღეს, საქართველოში, უმაღლესი სასწავლებლები ვერ უზრუნველყოფენ საჭირო რაოდენობის კადრების მომზადებას. კვალიფიციური კადრების შერჩევა განსაკუთრებით დიდ სირთულეს რეგიონის სკოლებისთვის წარმოადგენს, სადაც ამ სფეროს სპეციალისტები ფიზიკურად არ არიან. აქედან გამომდინარე, სკოლებს სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე ისეთი ადამიანების მიღება უწევთ, რომელთაც არანაირი, მინიმალური ცოდნა და გამოცდილებაც კი არ აქვთ ამ სფეროში, უფრო მეტიც, შემდეგშიც განვითარებისა და პროფესიული წინსვლის ნაკლები შანსი აქვთ რეგიონებში, ვიდრე დედაქალაქში. არადა, ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესში გადამწყვეტი როლი სწორედ სპეციალურ მასწავლებლებს ენიჭებათ. აქედან გამომდინარე, მათი პროფესიული განვითარებისთვის ხელშეწყობა უმთავრესი წინაპირობაა, ზოგადად, ინკლუზიური განათლების განვითარებაში. სწორედ ამ მიზნით, 2009 წლიდან, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს პროგრამას, რომლის უმთავრესი ამოცანა სპეციალური საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მზადების ხელშეწყობაა. რეგიონების სპეციალური მასწავლებლების ცოდნისა და უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ცენტრმა, 2016 წლიდან, დაიწყო პროექტი „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“. „ეს ტური საშუალებას აძლევს რეგიონის სპეციალურ მასწავლებლებს, გაიზიარონ თბილისის წარმატებული სკოლების ინკლუზიური განათლების პრაქტიკა, ნახონ თუ რა ფაქტორები განაპირობებს ინკლუზიური განათლების წარმატებას სკოლაში, დასვან შეკითხვები, შეისწავლონ სწავლების და სსსმ მოსწავლის კლასში/სკოლაში ინტეგრაციის ეფექტური სტრატეგიები.“ — ამბობს მიზნობრივი პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო გორდეზიანი.
კონკურსის საფუძველზე, 2016, 2017 და 2018 წლებში, ცენტრმა შეარჩია მაღალკვალიფიციური სპეციალური მასწავლებლები/სუპერვიზორები თბილისის იმ სკოლებიდან, სადაც ინკლუზიური განათლების წარმატებული პრაქტიკა ხორციელდება. რეგიონულ სასწავლო ტურს მასწავლებლების მხრიდან ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა და სხვადასხვა რეგიონის 150-მდე სპეციალური მასწავლებელი ჩაერთო. წლევანდელი საშემოდგომო ტურისთვის, რომელიც 21 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა, დოკუმენტაციის საფუძველზე, 30 სპეციალური მასწავლებელი შეირჩა. 10 რეგიონის 28 რაიონიდან ჩამოსული სპეცმასწავლებლები თბილისის 8 სკოლაში გადანაწილდნენ, სადაც მათ 10 სუპერვიზორ/ხელმძღვანელთან ერთად, პრაქტიკული მეცადინეობები და კონსულტირება გაიარეს.
ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი სალომე ჩარკვიანი ამბობს, რომ პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ტრენინგი ტარდება მასწავლებლებისა და სპეცმასწავლებლებისთვის — მაგალითად, 2018 წელს ტრენინგს გაივლის 2000 მასწავლებელი და 200-ზე მეტი სპეცმასწავლებელი. „თუმცა, მეც მიმაჩნია და სპეცმასწავლებლების შეფასებებიდანაც ჩანს, რომ რეგიონული ტური — პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება, გამართული ინკლუზიური სწავლების მეთოდოლოგიის საკუთარი თვალით ნახვა — ბევრად უფრო ეფექტურ შედეგს იძლევა, ვიდრე თეორიული ცოდნის გადაცემა. ამ ადამიანებს, გარდა კომპეტენციის ამაღლებისა, უღრმავდებათ იმის რწმენა, რომ სწორი მიდგომების შემთხვევაში, საგანმანათლებლო პროცესში, შესაძლებელია ნებისმიერი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინტეგრაცია.“
რა დახმარება გაუწია ტურმა სამიზნე ჯგუფს სამუშაოს დაგეგმვასა და განხორციელებაში, ამის შესახებ მონაწილე მასწავლებლებს გავესაუბრეთ. მათთვის რეგიონული ტური ყველაზე მნიშვნელოვანი იმით აღმოჩნდა, რომ პრაქტიკული საქმიანობის დიდი გამოცდილება მიიღეს.
ლალი ჯაფარიძე, ბათუმის №4 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელი: „რეგიონულ ტურში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩემი უფლება-მოვალეობები უფრო კარგად გავიგე, ვიდრე აქამდე ვიცოდი. მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას, აკადემიური უნარების გაუმჯობესების შესახებ, ახლა ჩემს სკოლაში, სასწავლო პროცესის დროს, გამოვიყენებ. უფრო კონკრეტულად შემიძლია გითხრათ, რომ ინდივიდუალური საგაკვეთილო გეგმის დაწერა და ოქმის შედგენა ვისწავლე, ასევე, ბევრი ინფორმაცია მივიღე, თუ როგორ დავგეგმო სხვადასხვა აქტივობები სსსმ მოსწავლეებისთვის. სკოლაში 17 სსსმ მოსწავლე გვყავს, შესაბამისად, სამი სპეცმასწავლებელი ვმუშაობთ. რესურსოთახიც გვაქვს, რომელიც აღჭურვილია საჭირო ინვენტარით. ერთადერთი პრობლემა, რის შესახებაც აქ შევიტყვე, ის არის, რომ რესურსოთახი აუცილებლად პირველ სართულზე უნდა იყოს განთავსებული, ჩვენს სკოლაში, მეორე სართულზეა. თუმცა, ეს პრობლემას არ გვიქმნის, რადგან, სკოლაში შშმ მოსწავლე არ გვყავს. მიუხედავად ამისა, აუცილებლად დავაყენებ რესურსოთახის პირველ სართულზე მოწყობის საკითხს, რადგან, საჭიროების შემთხვევაში, დაბრკოლება არ შეგვექმნას.
სპეცპედაგოგის ყველაზე დიდი პრობლემა აქამდე ის იყო (იმედია, ასე აღარ იქნება), რომ მასწავლებლებს არასწორი შეხედულება აქვთ სპეცმასწავლებლებზე. ფიქრობენ, რომ სსსმ ბავშვი საერთო სგაკვეთილო პროცესიდან უნდა გამოვიყვანოთ და განვაცალკევოთ რესურსოთახში. სინამდვილეში ეს ასე არ არის, რადგან გაკვეთილზე ბავშვებს აკადემიური უნარების განმტკიცებასა და განვითარებაში ვეხმარებით და მათი იზოლირება სულაც არ არის საჭირო. დამატებით კი, გაკვეთილების შემდეგ, რესურსოთახში ვამეცადინებთ, გაკვეთილის მსვლელობისას (საჭიროების შემთხვევაში) ასისტირებას გავუწევთ.
დაწყებითი განათლების სპეციალისტი ვარ მაგისტრის ხარისხით, გავლილი მაქვს ბავშვთა ფსიქოლოგიისა და ინკლუზიური სწავლების ფსიქოლოგიის კურსებიც, მაქვს შესაბამისი სერტიფიკატები, მაგრამ რეგიონული ტური ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა ჩემი პროფესიული ზრდისთვის. წელს საგნის მასწავლებლობა დავტოვე და მთლიანად გადავერთე სპეცმასწავლებლობაზე, რადგან ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით უფრო სასარგებლო საქმის გაკეთებას შევძლებ სკოლისთვის და სსსმ ბავშვებისთვის“.
ეთერ მაღრაძე, ბორჯომის №1 საჯარო სკოლის სპეცპედაგოგი: „სპეციალობით სპეცპედაგოგი არ ვარ, თან სულ ორი კვირაა, რაც სკოლაში დავიწყე მუშაობა და სრულიად ახალი გამოწვევის წინაშე დავდექი. არ დაგიმალავთ, ეს ტური საუკეთესო შესაძლებლობად იქცა ჩემთვის, ბევრი ახალი ცოდნა მიმეღო. იქიდან გამომდინარე, რომ პედაგოგიური პრაქტიკის გამოცდილება საერთოდ არ მაქვს, კიდევ უფრო საინტერესო იყო ეს ხუთი დღე, რადგან, დამერწმუნეთ, თეორიულად როგორი ცოდნაც უნდა გქონდეს, საკმარისი არ არის. მადლობა მინდა გადავუხადო მასწავლებლის სახლს ამ შესაძლებლობისთვის, ეს ჩემი სპეცმასწავლებლობის საუკეთესო დასაწყისია. სკოლაში სულ 9 სსსმ მოსწავლე გვყავს და, ჯერჯერობით, მხოლოდ მე ვარ სპეცპედაგოგი (ერთი ადგილი ჯერ კიდევ ვაკანტურია), რთულია ჩემთვის ამდენ ბავშვთან მუშაობა, მაგრამ ძალიან კარგი კოლექტივი გვყავს და მასწავლებლების დახმარებით, თავს ვართმევ საქმეს. რომ არა მათი თანადგომა, გამიჭირდებოდა. რეგიონულმა ტურმა კი, პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, გამბედაობაც მეტი შემძინა.“
ნინო ზედგინიძე, გარდაბნის რაიონის სოფელ ფოლადაანთკარის საჯარო სკოლა: „ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, სულ 70 მოსწავლე გვყავს, მათგან მხოლოდ ერთია სსს მქონე. ჩემთვის რეგიონულ ტურზე ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მივიღე გამოცდილება როგორ ვიმუშაო სხვადასხვა დარღვევის მქონე ბავშვებთან. როგორც გითხარით, ახლა მხოლოდ ერთ მოსწავლესთან მიწევს მუშაობა, მაგრამ მზად ვარ, საჭიროების შემთხვევაში, სხვა მიმართულებებზეც ვიმუშაო. 120-საათიანი კრედიტი გავლილი მაქვს, მაგრამ მხოლოდ თეორიული ცოდნა არაფერს ნიშნავს, პრაქტიკა, ცოცხალ პროცესში ჩართვა მასწავლებლისთვის უმნიშვნელოვანესია. უმთავრესია იცოდე პასუხი კითხვებზე — როგორ გავხდე მე, როგორც სპეცმასწავლებელი, საჭირო ყველა რგოლისთვის — ადმინისტრაციისთვის, მშობლისთვის, მასწავლებლისთვის, და, რასაკვირველია, პირველ რიგში, მოსწავლისთვის. ხუთდღიანმა ტურმა მეტი თვითდაჯერებულობა შემძინა, კარგად გავეცანი სპეცმასწავლებლის სტანდარტს.“
ელისო ჩანქსელიანი, ქუთაისის №20 საჯარო სკოლა: „სკოლას სხვადასხვა დარღვევის მქონე 3 სსსმ მოსწავლე ჰყავს, მეოთხე შესაფასებელია. 2014 წლიდან დავიწყე სპეცმასწავლებლად მუშაობა, გავლილი მაქვს 120-საათიანი ტრენინგი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აქტიურად ვარ ჩართული ინკლუზიურ განათლებაში, მსგავსი ტურის საჭიროება ძალიან დიდია. ჩემთვის ეს იყო მიღებული ცოდნის გაღრმავება. ახლა შევეცდები, ეს ყველაფერი ჩემს სკოლაში დავნერგო. ამისთვის მადლობა მასწავლებელთა სახლს.
სპეცმასწავლებლის ყველაზე დიდი პრობლემა დღეს მაინც რესურსოთახია — აუცილებლად უნდა იყოს აღჭურვილი საჭირო მასალით, მაგალითად, თვალსაჩინოებით, რაც ძალიან გვიადვილებს მასწავლებლებს სსსმ მოსწავლეებთან მუშაობას. პრობლემაა მასწავლებლების კვალიფიკაციაც — ბევრ სპეცმასწავლებელს აკლია შესაბამისი კვალიფიკაცია, როგორ მიუდგნენ განსხვავებული საჭიროების მქონე მოსწავლეებს, როგორ დანერგონ ადაპტირებული გაკვეთილები, როგორ ჩართონ სსსმ მოსწავლე საერთო საგაკვეთილო პროცესში. კარგი იქნება, თუკი ამ მხრივ დაიგეგმება მასწავლებლების გადამზადება, რაც შეიძლება მეტი თეორიული და პრაქტიკული ხასიათის ტრენინგი. რეალურად მხოლოდ ამით შევძლებთ სასწავლო პროცესში სსსმ მოსწავლეების სწორად და მიზანმიმართულად ჩართვას.
რეგიონულ ტურზე უფრო ჩავუღრმავდით ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენას — ახლა გაცილებით უკეთ ვიცით, როგორ გავამარტივოთ, ეროვნული სასწავლო გეგმა და კონკრეტული მოსწავლის შესაძლებლობებს მოვარგოთ; გაცილებით უკეთესად შევძლებთ მასწავლებლებთან თანამშრომლობასაც, სიახლეებს შევიტანთ სკოლაში. როგორც კი ჩავალ, პირველ რიგში, მასწავლებელთან ერთად, ადაპტირებულ გაკვეთილს დავგეგმავ. რასაკვირველია, 5 დღე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ყველაფერი შეისწავლო, მაგრამ, დამერწმუნეთ, ამ მოკლე დრომაც კი დიდი შესაძლებლობა მოგვცა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს. მე, როგორც სპეცმასწავლებელი, გარკვეულ დონეზე გავიზარდე.“
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი რეგიონულ ტურს გულშემატკივრობს და ამბობს, რომ სამომავლოდაც აუცილებლად გაგრძელდება, რადგან საკანონმდებლო ცვლილების პირობებში, ასეთმა ღონისძიებებმა კიდევ მეტი აქტუალობა შეიძინა: „ტრენინგებთან შედარებით, რეგიონულ ტურებზე მასწავლებლები ერთმანეთთან თანამშრომლობით ბევრად უფრო მეტს იღებენ. ამას ის უკუკავშირებიც მოწმობს, რომელსაც ტურის ბოლოს მათგან ვისმენდით. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა — არა უბრალოდ მოვასმენინოთ მასწავლებლებს ტრენინგზე თეორია, არამედ უშუალოდ ვაჩვენოთ, როგორ განახორციელონ ის პრაქტიკაში საკუთარ მოსწავლეებთან. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სპეცმასწავლებლებს ტურში ჩართულობისთვის და პროცესის ასე საინტერესოდ ქცევისთვის. ძალიან დიდი ხანია სამინისტროში ვმუშაობ სხვადასხვა პოზიციებზე, კარგად მახსოვს, როგორ დაიწყო ინკლუზიის პროგრამა განათლების სისტემაში. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი მიმართულებაა, სადაც აშკარად გვაქვს პროგრესი და ეს პროგრესი არა მხოლოდ იმ მოსწავლეების რაოდენობაში გამოიხატება, რომლებიც სკოლებმა მიიღეს და სასკოლო გარემოში მათი ინტეგრაცია მოახდინეს, არამედ, იმაშიც, რომ უკვე მშობლებმა და ოჯახებმა ანდეს ეს ბავშვები სკოლებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გვყავს კვალიფიციური კადრები, რომლებსაც შეუძლიათ მოსწავლეებს ხელი შეუწყონ ადაპტაციაში, ერთმანეთთან ურთიერთობასა და იმ პრობლემებთან გამკლავებაში, რომელიც ამ პროცესებს თან ახლავს.
ინკლუზიური განათლების საყოველთაობა სახელმწიფომ ძალიან დიდი სიფრთხილით (პილოტის რეჟიმში) დაიწყო, თუმცა, ამის საჭიროება ნამდვილად იყო. ახალი კანონის მიღებით კი, სპეცმასწავლებელს საშუალება მიეცემა, მუდმივად განვითარდეს. რეგიონულ ტურში მონაწილე მასწავლებლების მაგალითზე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სკოლებში უკვე აღარ არის იშვიათობა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის პირს კვალიფიციური კადრი დახვდეს.
ცენტრი სპეცმასწავლებლებს მხარში უდგას, მათ საკმაოდ ხანგრძლივ ტრენინგ მოდულსაც ვთავაზობთ და თეორიული ცოდნის საფუძველს ვუქმნით, რეგიონული ტურებით კი, პრაქტიკულ უნარებსაც გამოვუმუშავებთ.“
რაც შეხება კანონში განხორციელებულ ცვლილებას, მანანა რატიანი ამბობს, რომ ამით ხაზი გაესვა სპეცმასწავლებლის მნიშვნელობას. მან მადლობა გადაუხადა იმ მასწავლებლებსაც, რომლებმაც არჩევანი ინკლუზიური განათლების სასარგებლოდ გააკეთეს, რადგან მიიჩნევს, რომ ამხელა საქმიანობის სხვა რამესთან შეთავსება ძალიან რთულია: „როდესაც სპეცმასწავლებელი ხარ, შენი ყურადღება მაქსიმალურად უნდა იყოს მიმართული კონკრეტულ მოსწავლეებზე. ამიტომაც მოუწიათ არჩევანის გაკეთება მასწავლებლებს კონკრეტული საგნის სწავლებასა და სპეცმასწავლებლობას შორის.“
ნინო გორდეზიანმა მადლობა გადაუხადა სპეციალურ მასწავლებლებს რეგიონულ ტურში მონაწილეობისთვის და იმ სამოტივაციო წერილისთვის, რომელიც თითოეულმა დაწერა და მათ ტურის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა: „კონკურსი საკმაოდ დიდი იყო, დასაფასებელია თქვენი ენთუზიაზმი, რომ გაგიჩნდათ სურვილი ჩაერთოთ ძალიან საჭირო და სასარგებლო საქმეში. თქვენ იქნებით სწორედ ის ადამიანები, რომლებიც რეგიონებში ჩვენი საყრდენი ძალაა.“
ლალი ჯელაძე