პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა 2022 წლისთვის საჯარო სკოლების მასწავლებლის ხელფასი უნდა გაიზარდოს სამჯერ. 2018-2019 წელს კი გაზრდილ ხელფასს 10 ათასამდე პედაგოგი მიიღებს.
რეფორმით გათვალისწინებულია, რომ 2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასმა 1500 ლარს უნდა მიაღწიოს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი – 2000 ლარი და მეტი უნდა გახდეს.
პრემიერის ინფორმაციით, 2019 წლის შემოდგომაზე საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება პარლამენტს, სადაც იქნება უზრუნველყოფილი ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა, ის, რომ სწორედ განათლება გახდება დომინანტი სექტორი ეკონომიკაში.
„ჩვენ ვიწყებთ რესურსების მობილიზაცია ამ დიდი პროექტების განსახორციელებლად. განათლების რეფორმაში იქნება ხუთი მიმართულება ადრეული და სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი და მეცნიერება. სკოლამდელ განათლებას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება, რადგან სწორედ განათლება ადრეული ასაკიდან აისახება შემდეგ საფეხურებზე.
რეფორმირებული სკოლა იქნება ორიენტირებული მოსწავლის პიროვნების განვითარებაზე. 2019 წელს დავიწყებთ 50 სკოლით და ეტაპობრივად მოვახდენთ ჩვენს სკოლებში ახალი მოდელის დანერგვას, 2023 წლისთვის 2000- ზე მეტ სკოლაში იქნება დანერგილი ახალი მოდელი. ყველა სკოლა საქართველოში უნდა იყოს უმაღლესი სტანდარტის. გადაიხედება მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა. პირველ ეტაპზე 2018-2019 წელს გაზრდილ ხელფასს მიიღებს წელს 10 000 -მდე მასწავლებელი, ხოლო 2022 წლისთვის, საჯარო სკოლებში ჩვენი ამოცანაა, რომ დასაქმებული მასწავლებლის საშუალო ხელფასი გაიზრდოს სამჯერ. ძლიერ თანამედროვე სკოლაში აუცილებლად იქნება უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო. ახალი სკოლის დირექტორი უნდა იყოს ლიდერი, რომელიც სკოლას მართვის ახალი მოდელით მართავს,“ – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, უმაღლესი განათლების მიმართულებით გვექნება დაფინანსების ახალი მოდელი. მოხდება ინტეგრაცია ევროპული უმაღლესი განათლების სივრცეში. ამავე დროს, შეიქმნება საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების პორტალი.
„აღნიშნული სისტემა იმუშავებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს სანდოობის ამაღლებას, გამჭვირვალობის უმაღლეს ხარისხს, ფინანსების დაზოგვას“, – განაცხადა პრემიერმა.
მიხეილ ბატიაშვილის თქმით კი, განათლების რეფორმა მასწავლებლების, სკოლის დირექტორების და ადმინისტრაციის ხელფასების ზრდას ითვალისწინებს.
2018-2019 სასწავლო წელს გაზრდილ ხელფასს მიიღებს 10 000-მდე მასწავლებელი, მათ შორის, სპეც. მასწავლებელი. 2019-2021 წლებში ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის. 2022 წლისთვის კი მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1500 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი – 2000 ლარს და მეტს.