ლალი ჯელაძე
სკოლის მართვისა და ლიდერობის საერთაშორისო კონფერენციაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ისაუბრა სკოლის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკაზე, რომლის განხორციელებასაც სამინისტრო გეგმავს.
„იმედი მაქვს, სისტემაში დაგროვილი კარგი გამოცდილებით და ახალი ხედვებით, საშუალება მოგვეცემა, სწრაფი ნაბიჯები თქვენთან, დირექტორებთან, ერთად გადავდგათ, რადგან დრო აღარ იცდის, ტექნოლოგიებმა ისე ააჩქარა ყველაფერი. ასეთი ტემპით ჩვენ ყოველთვის უკან ვიქნებით, ამიტომ ძალიან უნდა ავჩქარდეთ, თუმცა, სიჩქარეში უმნიშვნელოვანესი არ დაგვავიწყდეს — ნებისმიერი გადაწყვეტილების უკან ბავშვი და მასწავლებელი დგას“ — განაცხადა მინისტრის მოადგილემ. რა სიახლეებია დაგეგმილი ზოგადი განათლების მიმართულებით და რა არის ახალი სკოლის კონცეფცია, ვიდრე დეტალებს შევიტყობთ, გთავაზობთ მინისტრის მოადგილის საუბარს იმ მთავარ აქცენტებზე, რასაც ახალი გეგმის ხედვები თვალისწინებს.
ახალი ხედვის პირველი და მნიშვნელოვანი საფუძველი სკოლამდელი განათლების მხარდაჭერაა. კვლევები აჩვენებს, რომ სკოლამდელი განათლება მომავალში მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მოსწავლეების აკადემიურ მიღწევებს. ბევრი კითხვა დაისვა სასკოლო ასაკთან მიმართებაში — ხომ არ ვაპირებთ, გადავხედოთ სასკოლო ასაკის პოლიტიკას. მოგეხსენებათ, დღევანდელი მიდგომით, 6 წლამდე ასაკის ბავშვს სკოლაში არ იღებენ. ცხადია, ეს გადაწყვეტილება იმ მოცემულობიდან გამომდინარე იქნა მიღებული, რაშიც იმ დროს ვიმყოფებოდით და, თავის დროზე, გათვალისწინებული იყო ფსიქოლოგების რეკომენდაციები და სკოლამდელი განათლების ის შესაძლებლობები, რაც ქვეყანაში არსებობდა, გადაწყდა, რომ ასაკით მაინც დაგვებალანსებინა სასკოლო მზაობა, სკოლაში ბავშვის მიღების ასაკად 6 წელი განისაზღვრა. თუმცა, გამონაკლისები აქაც არსებობს, შესაძლოა ბავშვი უფრო ადრე იყოს მზად სკოლისთვის ან პირიქით. ჩემი აზრით, ამ საფეხურზე უფრო პრობლემური საკითხი განათლების ხელმისაწვდომობაა. ამიტომაც იმაზე საუბარი უფრო მნიშვნელოვანია, როგორ გავზარდოთ ხელმისაწვდომობა და შევქმნათ სრულყოფილი პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფენ 5-6 წლის ასაკის აღსაზრდელების თანაბარ ხელმისაწვდომობას სასკოლო მზაობის პროგრამებზე. მოგეხსენებათ, დაწყებით საფეხურზე ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ამოქმედდა, (ახლა პილოტირების რეჟიმშია). თავისთავად, აქაც მნიშვნელოვანი ცვლილებებია და მეტი აქცენტი ბავშვის უნარების განვითარებაზეა გადატანილი — უფრო გამსხვილებულია მისაღწევი შედეგები. ცხადია, ახლა არასერიოზული იქნება შედეგებზე საუბარი, რადგან ჯერჯერობით არანაირი მოცემულობა არ არსებობს. ამიტომაც, გეტყვით, რომ სასწავლო წლის დასაწყისში ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებაზე საუბარიც არასერიოზული იქნება — 6-წლიანი ბავშვების ნაცვლად, 5-წლიანების სკოლაში დაშვება, აქედან გამომდინარე, გამორიცხულია.
ჩვენი უპირველესი ამოცანა სკოლამდელ განათლებაში ახალი სტანდარტების დანერგვაა. 5-6 წლამდე და 2-4 წლამდე ასაკის ბავშვების სტანდარტების დასანერგად მრავალფეროვანი რესურსები შევქმენით. ახლა მთავარია, ეს პროგრამები ხელმისაწვდომი გავხადოთ რაც შეიძლება მეტი ბავშვისთვის. დღევანდელი ინფორმაციით, 5-6-წლიანთა მხოლოდ 25 პროცენტს ფარავს სისტემა სასკოლო მზაობის პროგრამის ნაწილში, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ვფიქრობთ, მომავალ 5-წლიან პერსპექტივაში უნდა შევძლოთ საუბარი იმაზე, რომ ეს დაფარვა სრული იყოს, მინიმუმ 5-6 წლის ასაკის ბავშვებში, რომლებიც შემდეგ წელს უკვე სკოლის მოსწავლეები ხდებიან. ახალი სტანდარტის დანერგვის ხელშეწყობაში, თავისთავად, სკოლამდელი დაწესებულებების მასწავლებელთა გადამზადებაც იგულისხმება. უმნიშვნელოვანესია, ასევე, მშობლებთან თანამშრომლობა. სამინისტროს, ამ მიმართულებით, უკვე დაწყებული აქვს მუშაობა, მაგრამ, ვფიქრობ, ეს საკმარისი არ არის. უფრო მეტად უნდა ამაღლდეს მშობლების ცნობიერება სასკოლო მზაობის კომპონენტის მნიშვნელობისა და აუცილებლობის შესახებ.
სკოლამდელ განათლებაში ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ინფრასტრუქტურა. მომავალი ერთი თვის განმავლობაში, ამ მიმართულებით, ინფრასტრუქტურისა და ფინანსთა სამინისტროებთან ერთად, იგეგმება კონცეფციაზე მუშაობა, რომელიც სკოლებში არსებული რესურსის გამოყენებას გულისხმობს, განსაკუთრებით რეგიონებში. არის სკოლები, რომლებსაც შეუძლიათ ბაღებს დაუთმონ სივრცე, ამიტომ ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ამის გარდა, შეიძლება სკოლებმა სხვადასხვა ფუნქცია აიღონ თავზე. მაგალითად, სკოლის სივრცეში გაიხსნას საბავშვო ბაღი, ამოქმედდეს სხვადასხვა პროფესიული პროგრამა ან გაიხსნას ახალგაზრდული ცენტრი, რადგან ვიცით, რომ სკოლები რეგიონებში, ზოგ შემთხვევაში, ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა, რომელიც მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს. აქედან გამომდინარე, საუკეთესოდ შეიძლება სკოლების გამოყენება მრავალფუნქციურ და მულტიდისციპლინურ ცენტრებად. ეს ეფექტიანი იქნება არა მხოლოდ რესურსის დაზოგვისთვის, არამედ ადამიანის კაპიტალის კომპლექსურად, მრავალმხრივად განვითარებისთვის.
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდ — საქართველოს“ მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით, ხორციელდება სკოლების აღწერა, რომელიც საბოლოო სურათს მოგვცემს, თუ რა ინფრასტრუქტურას ვფლობთ, რა მდგომარეობაშია სკოლის შენობები როგორც შიდა მოწყობის, ისე გარეპერიმეტრის მიმართულებით. რაც მთავარია, ეს სწორად დაგეგმვის საშუალებას მოგვცემს — სად გვჭირდება ახალი სკოლის აშენება ან რომელ სკოლაში რა სახის სარეაბილიტაციო თუ სარემონტო სამუშაოებია ჩასატარებელი. თავისთავად, გადაწყვეტილებები გარკვეულ ინფორმაციას უნდა დაეყრდნოს. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ინფრასტრუქტურის განვთარებისთვის თავადაც ახორციელებს პროექტს, მარტო წელს 28 ახლად რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა. ასევე, დიდ შრომასა და რესურსს დებს ამაში ინფრასტრუქტურის სააგენტო — 500-ზე მეტ სკოლას, წელს, სხვადასხვა ტიპის სამუშაოები ჩაუტარდა, 11 სკოლა აშენდა რეგიონებში, 18-ის მშენებლობა კი მიმდინარეობს. თავისთავად, ეს ძალიან კარგია, მაგრამ არასაკმარისი. ახლა მთავარია, განვსაზღვროთ რას ვაკეთებთ მომავალში იმისთვის, რომ უახლოეს 3-4 წელიწადში საქართველოს სკოლებს აღარ ჰქონდეთ პირველადი საჭიროებების პრობლემები და მინიმალურ სტანდარტს მაინც აკმაყოფილებდეს თითოეული. ჯერჯერობით სტანდარტიც კი არა აქვს სახელმწიფოს დამტკიცებული, რადგან არ ვიცით რეალურად არსებული მდგომარეობა — საიდან ამოვიდეთ და რა დავგეგმოთ მომავალში. უამრავი საერთაშორისო პარტნიორი გამოთქვამს დახმარების სურვილს და მწამს, რომ ეს მართლაც ასე იქნება. ქვეყნის მასშტაბით, 500 სკოლას მე-4 ხარისხის ავარიული მდგომარეობა აქვს, გვაქვს ნაკლები სიმძიმის მქონე ავარიული სკოლები. თბილისში კი ძირითად პრობლემად მოსწავლეთა დატევა რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ, უბრალოდ, ახალი სკოლები გვჭირდება. ამ პრობლემას, ხშირად, მშობლების მიერ სკოლის შერჩევის უცნაური გადაწყვეტილება ქმნის — მათ არ სურთ შვილები მიიყვანონ საცხოვრებელ სახლთან ახლომდებარე სკოლებში და, როცა ალტერნატივას ვთავაზობთ, იმაზეც უარს ამბობენ. მათი გადაწყვეტილებაც, გარკვეულწილად, გასაგებია და ამ საკითხზე აუცილებლად სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ — ერთი მხრივ, რას ვაკეთებთ სკოლებში მოსწავლეთა ჩარიცხვის მექანიზმის გასაუმჯობესებლად და, მეორე მხრივ, რა ალტერნატიულ სივრცეებს ვქმნით იმისთვის, რომ გადატვირთული სკოლებიდან მოსწავლეები გადავამისამართოთ.
ძალიან საინტერესო იქნება ამ მიმართულებით კვლევის ჩატარება — ტერიტორიული სიახლოვის გარდა, რას ეფუძნება მშობლის გადაწყვეტილება სკოლის შერჩევისას. რეგიონებსა და სოფლებში არჩევნის ალტერნატივა არ არსებობს, თუმცა იქაც საინტერესოა მშობლების მოლოდინები. თბილისის სკოლების კვლევა კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისტემის განვითარებისთვის, რადგან მომავალი ნაბიჯების დასაგეგმად საინტერესო ინფორაციას მოგვცემს. მით უფრო, როცა არა გვაქვს სკოლების შეფასების სისტემა და რეალურად არ ვიცით როგორი ხარისხის განათლებას აძლევენ სკოლები ბავშვებს. მშობლების გადაწყვეტილებები, ძირითადად, რაღაც წარმოდგენებს ეფუძნება, მაგალითად, დირექტორის ფიგურას ან კონკრეტული მასწავლებლის შეფასებას, რომელზეც ამბობენ, რომ „გამიგია, კარგი მასწავლებელია“. ამიტომ აუცილებად უნდა შევიმუშაოთ გარკვეული სისტემა, რომლის მეშვეობითაც გავარკვევთ სკოლები რეალურად რა ხარისხის განათლებას აძლევენ მოსწავლეებს. დიდი იმედი მაქვს, ამ საკითხზე, ხარისხის განვითარებისა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრების მხარდაჭერით, ჩვენს პარტნიორებთან მუშაობის საშუალება მოგვეცემა. ამ თემას დიდი ხანია ვუტრიალებთ, მაგრამ ადგილიდან ვერ დავძარით. უნდა შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელიც ორიენტირებული იქნება დახმარებასა და სკოლის შიგნით ხარისხის განვითარებაზე.
რა ხდება საკლასო ოთახში და რა ხდება სკოლაში?
ცხადია, სკოლის გარემო და კლიმატი ბევრ ქვედომენს მოიცავს, მათ შორის უმნიშვნელოვანესია სკოლის ადეკვატური მართვა და მენეჯმენტი, რომელიც კონკრეტულ მონაცემებს უნდა დაეფუძნოს. მნიშვნელოვანია, სკოლის შიგნით ჯანსაღი გარემოს შექმნა, თუმცა, ამავე დროს, უმნიშვნელოვანესია მეთოდოლოგია. ეროვნული სასწავლო გეგმების შექმნის დღიდან, აქცენტები იმაზე კეთდება, რომ ყველა და ყველაფერი მოსწავლეზე იყოს ორიენტირებული. წელს, დაწყებით საფეხურზე, დავიწყეთ ახალი, „მესამე თაობის“, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა, რომელიც, პრაქტიკულად, საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს. შეგვიძლია თუ არა იმის თქმა, რომ სკოლებში სწავლების ხარისხის სწრაფი გაუმჯობესება მოხდება ან, საერთოდ, მზად არიან თუ არა სკოლები სიახლეების დასანერგად — ყველას ჩვენ-ჩვენი მოლოდინები გვაქვს. პროგნოზის გაკეთება, განსაკუთრებით კარგად, დირექტორებს შეუძლიათ, რადგან მათ ყველაზე უკეთ იციან თავიანთი სკოლების ძლიერი და სუსტი მხარეები.
თავისთავად, ეროვნული სასწავლო გეგმა იმ პრინციპებსა და მიმართულებებს განსაზღვრავს, რაც ახალ ხედვებშია წარმოდგენილი, მაგრამ პრობლემა სწორედ მათ დანერგვა-განხორციელებაშია. ჩვენ გავიარეთ ეტაპი, როცა მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიულ განვითარებაში საკმაოდ სოლიდური თანხები ჩაიდო, ამიტომაც, მომავალში, პროფესიული განვითარების ტრენინგებზე აქცენტი ნაკლებად გაკეთდება, თუმცა, ცხადია, ტრენინგები გაგრძელდება, რადგან ეს პროფესიული განვითარების თანმდევი პროცესია. ვფიქრობ, ახლა უფრო მეტი სამუშაო თავად სკოლის დონეზეა. ამიტომ, მთელი ჩვენი რესურსი, მათ შორის, ტრენერების, კონსულტანტებისა თუ სხვათა სწორედ აქეთ იქნება მიმართული — თავად პროცესში დავეხმაროთ დირექტორებსაც და მასწავლებლებსაც.
შემოდგომაზე, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში, ვიწყებთ ახალი მიდგომის და სხვადასხვა ინსტრუმენტების პილოტირებას. ვგეგმავთ, სანიმუშო საგაკვეთილო გეგმების მომზადებას (დაახლოებით, ორკვირიანი საგაკვეთილო გეგმის), რომლის მიხედვითაც მასწავლებლები გაკვეთილებს ადგილებზე ჩაატარებენ და ეს იქნება უფრო მეტად ინტეგრირებული და ინტერდისციპლინური ტიპის გაკვეთილები. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის მიხედვით მოსწავლის მაქსიმალურ შედეგზე გაყვანას. ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ მოსწავლეს მივცეთ ჰოლისტური განვითარების შესაძლებლობა და ის არ იყოს მაინცდამაინც მასწავლებლის კომფორტზე მორგებული, რომელიც მხოლოდ ერთი პარაგრაფიდან მეორეზე გადასვლით შემოიფარგლება. ჩვენ სწორედ ამაში უნდა დავეხმაროთ მასწავლებელს — როგორი მეთოდოლოგიით ასწავლოს. ამის გარეშე, ცხადია, სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას ვერ შევძლებთ. თუმცა, არ მინდა ისე გამიგოთ, თითქოს ხვალიდან სკოლებში ტექნოლოგიური ბუმი დაიწყება. ტექნოლოგიები ახლაც არის სკოლებში, მაგრამ ვიცით, რომ ბევრგან კომპიუტერული ლაბორატორიები ჩაკეტილია. არ გამოიყენება იმიტომ, რომ მათი გამოყენება უჭირთ მასწავლებლებს ან დირექტორის მხრიდან არ ხდება ამ პროცესის წახალისება. უმეტეს შემთხვევაში, არ ხდება ტექნოლოგიების ინტეგრირება სხვა საგნებთან და ცალკე ისწავლება. ტექნოლოგიების ცალკე მიმართულებით განვითარება საინტერესოა, მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ კლასში უკეთესი შედეგის მიღწევის ან უკეთესი მართვის განხორციელების საშუალება გახდეს. ჩვენ ვერ დავრჩებით იზოლირებული დანარჩენი სამყაროსგან, თუნდაც იმიტომ, რომ გავხდეთ კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე. დარწმუნებული ვარ, ძალიან ამაყობთ თქვენი მოსწავლეების წარმატებებით, რასაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში თუ ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაციებში აღწევენ. ეს წარმატება კი უცხო ენისა და ტექნოლოგიების გარეშე არ მიიღწევა. ამიტომ მინდა გთხოვოთ, ყველანი გამოვიდეთ ჩვენი კომფორტის ზონებიდან და მარტო იმაზე ვიფიქროთ, ახლა მივცეთ ჩვენს მოსწავლეებს ისეთი რამ, რაც ათი წლის შემდეგ გამოადგებათ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის იბრძოლონ.
ჩვენ მზამზარეულ პაკეტებს მივაწოდებთ იმ სკოლებს, სადაც, საპილოტე რეჟიმში, 2019 წლიდან შევალთ. ვეცდებით, პილოტირების დროს, ისე გავაძლიეროთ სკოლები, რომ შემდეგ ჩვენ გარეშე შეძლონ პროცესის გაგრძელება. ეს არ არის კონკრეტული მასწავლებლის ან მოსწავლის მხარდაჭერა, მთლიანად სკოლის გაძლიერების ახალი ხედვაა, სადაც დირექტორი დანახულია, როგორც ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ამ ყველაფერს საფუძველი ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ჩაუყარა — დირექტორების სამწლიანი გადამზადების ასეთი მასშტაბური პროექტი ჯერ არ განხორციელებულა.
სკოლის თვითშეფასების მოდელის პროექტის პილოტირებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 15 სკოლაში ახორციელებს, შემდეგ აუცილებლად ყველა სკოლაზე უნდა გავრცელდეს, რადგან დირექტორმა უნდა შეძლოს პრიორიტეტების გამოყოფა, თავისი სკოლის სუსტი და ძლიერი მხარეების შეფასება და შემდეგ მის გაუმჯობესებაზე მუშაობა. დირექტორი ერთპიროვნული მმართველი არ უნდა იყოს სკოლაში, სადაც შიშით და ძრწოლით მოძრაობენ მასწავლებლები და მოსწავლეები (ბოდიშს ვიხდი ამ გამოთქმისთვის, მაგრამ ვიცით, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ასეა). დირექტორების მიერ საკუთარი სკოლის სიჯანსაღის შეფასება შესაძლებლობას მოგვცემს, რეალურად დავინახოთ რა ადამიანური რესურსი და დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ ყველა სკოლა დავფაროთ.
ძალადობის ფაქტებზე, რომლებიც სკოლებში ხდება, ერთმნიშვნელოვნად დირექტორია პასუხისმგებელი. თუმცა, იმიტომ, რომ პასუხისმგებელია, მან არავითარ შემთხვევაში მარტომ არ უნდა იმოქმედოს, ასეთი ქმედება უშედეგო იქნება, ჭკვიანი და უნარიანი დირექტორი შეძლებს, შექმნას თანამშრომლობითი ჯგუფები, რომლებზეც გადაანაწილებს მოსწავლეებზე პასუხისმგებლობებს.
გასაძლიერებელია დამრიგებლის ინსტიტუცია, რადგან დამრიგებელია ზუსტად ის ადამიანი, რომელიც იგებს (უნდა იგებდეს) ზოგადად კლასის და კონკრეტული მოსწავლის შესახებ ყველა ინფორმაციას. სულ პატარა გულგრილობაც კი შეიძლება ძალიან ცუდი შედეგით დამთავრდეს. დამრიგებელი მუდმივ კონტაქტში უნდა იყოს მშობელთან და თანამშრომლობდეს მასთან. რასაკვირველია, სკოლის შიგნით უნდა არსებობდეს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ჯგუფებს შორის თანამშრომლობას და ინფორმაციის გაცვლას, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვას ძალადობისა და სხვა მიმართულებით.
ახალი სკოლის მოდელში, ცხადია, განახლებულია მეთოდოლოგია. ამ შემოდგომაზე საპილოტე პროექტი ერთ-ერთ სკოლაში, III-IV კლასებში დაიწყება, მეორე ნაწილი კი უფრო მეტი რაოდენობის სკოლას მოიცავს, რომელთა შერჩევაც 2019 წელს მოხდება. პილოტირების მეორე ეტაპზე დაგეგმილია, დაახლოებით 50 სკოლის ჩართვა, რაც, თავისთავად, მოიტანს იმას, რომ გაჩნდება მათთან ერთად შექმნილი მოდელები. იმედი მაქვს, ყოველი ახალი პილოტი მოგვცემს ახალ მასალას, რომელსაც მასწავლებლები, საკონსულტაციო ჯგუფის დახმარებით, შექმნიან და შემდეგ დანარჩენი მასწავლებლები გამოიყენებენ რესურსად.
მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის რესურსი, რომელიც უკვე შექმნილია სისტემაში. ხშირად გვესმის მასწავლებლებისგან და დირექტორებისგან, რომ ელექტრონულ რესურსზე არ აქვთ წვდომა, ამიტომ გადავწყვიტეთ შევქმნათ პორტალი, სადაც აიტვირთება არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსი, რომლის გამოყენებასაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებს. ეს იქნება შემეცნებითი ხასიათის ტექსტები, კონკრეტული ინსტრუმენტები, შეიძლება საგაკვეთილო გეგმებიც იყოს, მოხდება რესურსის კატეგორიზაცია. საბოლოო ჯამში, გვინდა მივაღწიოთ იმას, რომ მასწავლებელმა, სახელმძღვანელოს გარდა, სხვა რესურსიც გამოიყენოს საგაკვეთილო პროცესში. პორტალით შეუძლიათ მოსწავლეებმაც ისარგებლონ, მოძებნონ საჭირო ინფორმაცია, რადგან ძალიან ხშირად ვიკიპედიის იქით ვერ მივდივართ ხოლმე (ესეც მესმის, რადგან კიდევ სხვა უნარები და დრო სჭირდება, ამოარჩიონ სანდო რესურსი იმ უამრავიდან, რაც ინტერნეტსივრცეში არსებობს). ამ პორტალს ჩვენ ვუყურებთ, როგორც ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან რესურსს, სახელმძღვანელოს შემდეგ.
სახელმძღვანელოს წერა ზოგადად პრობლემაა, პრობლემა იყო დაწყებით საფეხურზეც, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ახალი სახელმძღვანელოები, რომელიც შევიდა სკოლებში, იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე ადრე გვქონდა, რადგან მათ შექმნაზე ძალიან დიდი დრო დახარჯეს ავტორებმა. მაინც ვიტყვი, რომ, ზოგადად, სახელმძღვანელოები ასე მარტივად არ იწერება. საერთოდ, ჩვენს ქვეყანას აქვს გამოცდილება, როგორ შექმნას მოცემული მეთოდოლოგიის შესაბამისი სახელმძღვანელო, შესაბამისად, ოდნავ გაუმჯობესებული სახით ვიღებთ ხოლმე ახალ სახელმძღვანელოებს, მაგალითად, შეიძლება იცვლებოდეს ილუსტრაციები ან რაღაც ტიპის დავალებები. მაგრამ უმნიშვნელოვანესია რეალურად რა შეგვაქვს კლასში, რა კითხვებს ვსვამთ ან რა დავალებებს ვაძლევთ მოსწავლეს, რა წერია სახელმძღვანელოში ისეთი, რომ მოსწავლის აზროვნება და ფიქრი სწორი მიმართულებით წარვმართოთ; არის თუ არა ის აწყობილი კითხვა-პასუხზე, დებატებსა და მსჯელობაზე. ამიტომ აქვს ნებისმიერ სასწავლო რესურსს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მით უმეტეს მაშინ, როცა მასწავლებელი, ძირითადად, მხოლოდ სახელმძღვანელოს მიჰყვება და სხვა დამხმარე რესურსს ნაკლებად იშველიებს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რაზეც მინდა ყურადღების გამახვილება, ლაბორატორიები, ვირტუალური ლაბორატორიები და სხვადასხვა ელექტრონული რესურსია. „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ — საქართველოს“ დახმარებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდულებზე ვმუშაობთ, სამი უკვე მზადაა, ახლა საგნობრივი მოდულები მუშავდება. საუბარია „ხანის აკადემიასა“ და სხვა რესურსებზე, რომელიც ჩვენს ტრენინგებში მრავლადაა გამოყენებული და სიმულაციებითა და სხვადასხვა სახის ელექტრონული რესურსებით მოსწავლეს უკეთ უხსნის ამა თუ იმ თემას, განსაკუთრებით ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში — სხვადასხვა კანონსა თუ მოვლენას. ამ მიმართულებით სკოლების მხარდაჭერა აუცილებლად მოხდება, და განსაკუთრებით იმ სკოლების, სადაც ლაბორატორიები ცუდ მდგომარეობაშია. მასწავლებლებმა აუცილებლად უნდა შეძლონ ექსპერიმენტული ნაწილისა და პროექტზე დაფუძნებული სწავლების, როგორც მეთოდოლოგიის დანერგვა. ჩვენი ექსპერტების დახმარებით, შესაძლებლობა მოგვეცა გავცნობოდით იმ ტიპის ექსპერიმენტებს, რომელიც ძალიან მარტივად შეიძლება ჩატარდეს საკლასო ოთახში ან სკოლის ეზოში, ამისთვის მხოლოდ სურვილია საჭირო. შეიძლება ლაბორატორია უმაღლეს დონეზე არ იყოს აღჭურვილი, მაგრამ ბევრმა მასწავლებელმა არალაბორატორიულ გარემოშიც შეძლოს ცდის ან ექსპერიმენტის ჩატარება.
თავისთავად გვერდს ვერ ავუვლი სახელფასო პოლიტიკაზე საუბარს, რადგან უამრავი კითხვა სწორედ ხელფასებთან დაკავშირებით გაისმის. ცხადია, სახელფასო პოლიტიკა, ისევ და ისევ, ორიენტირებული იქნება შედეგებზე დაფუძნებული წახალისების სისტემაზე, სადაც მასწავლებლები იმის გამო, რომ რაღაცას უკეთესად აკეთებენ, მეტ ანაზღაურებას მიიღებენ.
ისეთ სასტარტო პირობებში, როგორშიც ჩვენ ვიმყოფებით, უნდა არსებობდეს მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და დიფერენცირებული სახელფასო პოლიტიკის ასეთი სისტემა, მაგრამ, შესაძლოა, ათი წლის შემდეგ, ეს სულაც აღარ იყოს საჭირო, აღარც ის საფეხურეობრივი კიბე, რომელიც ახლა გვაქვს და სავალდებულოა მასწავლებლისთვის. შესაძლოა იყოს „ტოპ“ მასწავლებელი, რომლის ხელფასი ამჟამინდელი მეოთხე კატეგორიის მასწავლებლის ხელფასს გაუტოლდება (სწორედ აქეთ მივდივართ). თუმცა, ვიმეორებ, დღეს არსებული სისტემა გვჭირდება და, ჯერჯერობით, არაფერი შეიცვლება. ამავდროულად, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ მექანიზმებზე, რომელიც იმ მასწავლებელს შეეხება, ვინც მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს. ჩემი აზრით, დირექტორებმა, დაკისრებული პასუხისმგებლობების გარდა, თავის თავზე უნდა აიღონ სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე პასუხიმგებლობაც, მათ ეს ბერკეტი უნდა მივცეთ. ამიტომაც, ამ მიმართულებით, ძალიან სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ, რადგან არ შეიძლება სკოლის დირექტორს, ერთი მხრივ, ვთხოვდეთ ყველაფერს და, მეორე მხრივ, არ ვაძლევდეთ არანაირ ბერკეტს ადეკვატური რეაქციის მოსახდენად.
აუცილებლად მინდა შევეხო საგანმანათლებლო რესურსცენტრებს — თავის დროზე, როცა ისინი შეიქმნა, მოიაზრებოდა, როგორც სისტემის დეცენტრალიზაციის ერთ-ერთი ფლაგმანი და მნიშვნელოვანი ორგანო. თუმცა, წლებმა აჩვენა, რომ რესურსცენტრები მხოლოდ ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ორგანოებად იქცნენ. ამიტომაც მნიშვნელოვანია მათი გაძლიერება როგორც ადამიანური რესურსის თვალსაზრისით, ისე სხვა მექანიზმებით. მათ უნდა შეძლონ გარკვეული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება. ვერ წარმოიდგენთ, სამინისტროში რამდენი წერილი შემოდის, მაგალითად, ბავშვის სკოლიდან სკოლაში გადაყვანის თაობაზე. ვერც კი ჩამოვთვლი კიდევ რა საკითხებზე გვწერენ. დამერწმუნეთ, პრობლემა წერილების წაკითხვაში კი არა, იმ დროსა და პროცესებშია, რასაც წერილი გადის, ჩვენამდე რომ მოაღწიოს. ამ დროში კი, რაღაც ფუჭდება.
იგივე შემიძლია ვთქვა სკოლების რეაბილიტირების მიმართულებითაც. მაგალითად, რეგიონის რომელიმე სკოლას ქარმა სახურავი გადახადა — გამოვიკვლიე რა დრო და გზა სჭირდება, რომ ამ საკითხზე რეაგირება მოხდეს. დავთვალე და დაახლოებით, ორი კვირა დასჭირდა ინფორმაციის საბოლოო ადრესატამდე მოსვლას — შეტყობინებამ რომ ჩვენამდე მოაღწიოს და პასუხი უკან დაბრუნდეს. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ხნის განმავლობაში, სკოლას გადახდილი სახურავით უწევს ფუნქციონირება — რასაკვირველია, ესეც სერიოზული პრობლემაა. ამიტომ, ახალი გეგმის მიხედვით, რეაბილიტირების ნაწილი მუნიციპალიტეტების დონეზე გადავა და სწორედ მათ უნდა აიღონ თავიანთ თავზე რესურსიც და პასუხისმგებლობაც მსგავსი პრობლემების მოგვარებაზე. სკოლის დირექტორებისთვის ძალიან რთულია, ერთდროულად, სამინისტროსთან და მუნიციპალიტეტთან მუშაობა. ახალი გზა უფრო მარტივი და სწრაფი იქნება რეაგირებისთვის. ამის გარდა, ბევრი მიმართულებით ვგეგმავთ პასუხისმგებლობების დელეგირებას. ცხადია, სადღაც მეტად წარმატებულები ვიქნებით, სადღაც — ნაკლებად, დირექტორებშიც გვხვდება განსხვავებები, ზოგს უფრო სწრაფად და ეფექტურად შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება, ზოგს კი — ნაკლებად, მაგრამ, პროცესი რომ დასაწყებია, ფაქტია. წინ ძალიან საინტერესო და სერიოზული მუშაობა გველოდება. სწორედ ეს პროცესი გახდება შემდეგში სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საფუძველი.
იმედი მაქვს, სისტემაში დაგროვილი კარგი გამოცდილებით და იმ ახალი ხედვებით, რაზეც ვისაუბრე, საშუალება მოგვეცემა სწრაფი ნაბიჯები გადავდგათ თქვენთან, დირექტორებთან, ერთად, რადგან დრო აღარ იცდის. ძალიან უნდა ავჩქარდეთ, თუმცა სიჩქარეში, როგორც უკვე აღვნიშნე, უმნიშვნელოვენესი არ უნდა დავივიწყოთ — ნებისმიერი გადაწყვეტილების უკან ბავშვი და მასწავლებელი დგას. მინდა დირექტორები ამ განწყობით წახვიდეთ აქედან და თქვენ ხელთ არსებული რესურსი მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი სკოლის და მთლიანად სისტემის გასაუმჯობესებლად.