ანა ფირცხალაიშვილი
უკვე წლებია, პროფესიული განათლების სისტემა დარგის მართვის ახალი რეგულაციების აუცილებლობის წინაშე დგას. აქამდე მოქმედი კანონი არა თუ ვერ უზრუნველყოფდა მის განვითარებას, ერთგვარ შემაფერხებელ ფაქტორადაც კი იქცა. ამიტომაც იყო ასე მნიშვნელოვანი, პროფესიულ განათლებაში არსებული არაერთი სერიოზული გამოწვევის ფონზე, ახალი კანონის მიღება, რომელიც ბევრი მიმართულებით ქმნის ახალ შესაძლებლობებს სისტემაში მომუშავე ადამიანების თუ პროფესიული სტუდენტებისთვის იმ პირობების შესაქმნელად, რამაც სწავლების ხარისხის გაუმჯობესება უნდა უზრუნველყოს.
პირველ რიგში შევეხებით ძველი კანონის იმ მუხლს, რომელმაც შექმნა ე.წ. „ჩიხური ვითარება“ 9-კლასდამთავრებული პროფსასწავლებლის სტუდენტისთვის ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის შეზღუდვით. ახალი კანონით ასეთი ბარიერი ახალგაზრდებს აღარ შეექმნებათ, რადგან კანონი ავალდებულებს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, 2019 წლის მაისიდან, უზრუნველყოს ინტეგრირებული ზოგადი განათლების კურსის შეტანა კოლეჯებში. აღსანიშნავია, რომ ყველა დანარჩენი კანონქვემდებარე აქტის შემუშავება, რაც ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეების რეალიზებისთვისაა საჭირო, სამინისტროს 2 წლის ვადაში დაევალა, გამონაკლისი მხოლოდ ეს მუხლია, მისი პრიორიტეტულობიდან გამომდინარე. იმის გათვალისწინებით, რომ გაეროს განვითარების ფონდის დახმარებით კომპონენტის პილოტირება 4 სასწავლებელში 8 პროგრამაზე მიმდინარეობს და მასზე მონიტორინგიც ხორციელდება, მოელიან, რომ შედეგი (ოქტომბერში შეჯამდება) განზოგადებისთვის მისაღები იქნება. შესაბამისად, მომავალი წლის საშემოდგომო მიღებისთვის კოლეჯები მზად იქნებიან ინტეგრირებული ზოგადი განათლების კურსის განხორციელებისთვის. ასევე ვიტყვით, რომ კანონის ძალაში შესვლისთანავე უქმდება საზოგადოებრივი და პროფესიული კოლეჯის ცნება და ყველა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ამ სტატუსის მქონედ ჩაითვლება, ხუთივე საფეხურზე სწავლების განხორციელების უფლებით; ახალი კანონით მნიშვნელოვნად ფართოვდება პროგრამების სპექტრი და ეს არის არა მხოლოდ გრძელვადიანი საგანმანათლებლო, არამედ ე.წ. მოკლე ციკლის პროგრამები: V საფეხურის პროგრამები, რაც ბაკალავრიატის ნაწილს წარმოადგენს და პროფესიული განათლების სივრცეში განიხილება, სახელმწიფო ენაში მომზადება-გადამზადების პროგრამები, რაც აქამდე არ ხორციელდებოდა და პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამები. პროგრამებისადმი დიფერენცირებულად მიდგომამ განაპირობა ცნებების — სტუდენტი და მსმენელი — შემოტანა. სტუდენტი იქნება ის, ვინც სწავლობს გრძელვადიან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ხოლო სხვა დანარჩენი — მსმენელი, თუმცა კანონი მას აღიარებს, როგორც ფორმალური განათლების ნაწილს. რაც შეეხება საბოლოოდ კვალიფიკაციის მინიჭებას — პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გავლის შედეგად გაიცემა პროფესიული დიპლომი, V საფეხურის მოკლე ციკლის გავლის შემდეგ — ასოცირებული ხარისხი, ხოლო მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და სახელმწიფო ენის მომზადება-გადამზადების პროგრამების მსმენელთათვის გაიცემა სერტიფიკატი, რომელიც სახელმწიფოს მიერ აღიარებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი იქნება. აქვე უნდა ითქვას, რომ რაკი კანონი პროფესიული განათლების დაფინანსების წესის გადახედვასაც ითვალისწინებს, შესაძლოა, ამ მხრივაც განსხვავებული იყოს მიდგომა სტუდენტსა და მსმენელთან მიმართებაში. იქნება თუ არა რომელიმე უპირატესი, ეს სამინისტროს პოლიტიკის საკითხია, მაგრამ მსმენელსაც, რომელიც ერთთვიანი პროგრამის გასავლელადაც რომ მოდიოდეს კოლეჯში, უნდა ჰქონდეს სახელმწიფო დაფინანსებით სარგებლობის უფლება; ახალმა კანონმა ცნო და დაადასტურა სამუშაოზე დაფუძნებული, დუალური სწავლება, განმარტა როგორც ტერმინი, რაც ასევე მნიშვნელოვანია. კანონმა გახსნა ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა როგორც ქართულ სასწავლებლებს შორის, ისე სასწავლებლებსა და საწარმოებს შორის, ასევე საქართველოსა და უცხო ქვეყნების სასწავლებლებთან; შესაძლებელი იქნება, რომელიმე სასწავლებლის სტუდენტმა ესა თუ ის მოდული, სხვა, მონოპროფილურ, უფრო ძლიერ სასწავლებელში გაიაროს და რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, უცხოეთთან გაცვლითი და ერთობლივი პროგრამების განხორციელებას სხვაგვარად არეგულირებს წინმსწრები ფორმალური და არაფორმალური განათლების აღიარების წესი, რაც გზას უხსნის მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლების მიღების პრინციპის დანერგვას.
ახალი კანონის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას ბატონი კახაბერ ერაძე (პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი) განსაკუთრებულ მნიშვნელობას რამდენიმე საკითხს ანიჭებს, კერძოდ, კანონში გაჩნდა პროფესიული მასწავლებლის ცნება, რაც გულისხმობს ამ სტატუსთან დაკავშირებული მთელი რიგი რეგულაციების შემუშავებას, მათ შორის, პროფესიაში შესვლის, კარიერული წინსვლისა და განვითარების სქემის მომზადებას, რაზეც მუშაობს მასწავლებელთა სახლი, და ამ სტატუსთან მიბმულ ყველა სარგებელს — ხელფასები, სოციალური გარანტიები და ა.შ. სიახლეა ისიც, რომ კანონი ავალდებულებს საქართველოს მთავრობას, დადგენილებით განსაზღვროს რეგულირებადი პროფესიების ნუსხა პროფესიულ განათლებაში. ეს მოიცავს იმ პროფესიებს, რომლებიც უკავშირდება ადამიანის ჯანმრთელობას, პიროვნების განვითარებას ან მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს. სავარაუდოდ, ეს იქნება საექთნო საქმე, ზოგიერთი სამშენებლო პროგრამა, კვების ტექნოლოგიების, საკვები პროდუქტების წარმოებისა და ფარმაციის პროგრამები და ა.შ.
ბუნებრივია, რომ კანონის გაუმჯობესების მთავარი მიზანი სწავლების ხარისხის ამაღლებაა. „ამ კანონის საფუძველზე, გადავდივართ ხარისხის უზრუნველყოფის და ავტორიზაციის ახალ სტანდარტებზე. აქამდე 3 სტანდარტი გვქონდა: საგანმანათლებლო პროგრამები, მატერიალური რესურსები და ადამიანური რესურსები. ახლა დღის წესრიგში დგას პროფესიული სასწავლებლის შიგნით ხარისხის გაუმჯობესების გაცნობიერების კულტურა. ჩვენ XXI საუკუნის კოლეჯზე ვსაუბრობთ და ბუნებრივია, რომ შემოდის შეფასების ისეთი კრიტერიუმები, რომელიც უკავშირდება დაწესებულების სტრატეგიულ ხედვას, რამდენად აქვს გააზრებული საკუთარი ადგილი და როლი პროფგანათლების სივრცეში, როგორია მისი უახლესი განვითარების სტრატეგია, რამდენად თავსებადია მისი ხედვა პროფესიული განათლების ეროვნულ მიზნებთან, რეგიონულ საჭიროებებთან და რამდენად თავსებადია იმ თემთან, რომელსაც ემსახურება — ეს იქნება ავტორიზაციის ერთ-ერთი კრიტერიუმი; რა თქმა უნდა, ძალაში რჩება საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება, ოღონდ, ძლიერდება პროგრამის განვითარების კომპონენტი, ანუ ყურადღება მიექცევა, რამდენად პერმანენტულია ზრუნვა სასწავლო რესურსების, ადამიანური რესურსებისა და პროგრამების განვითარებაზე. განვითარება კი გულისხმობს პროგრამების სპექტრის გაფართოებას და არსებულის შინაარსობრივი ან მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განვითარებას. როცა პარტნიორი ითხოვს, რომ კარგი იქნებოდა, თუ კურსდამთავრებულს ეცოდინებოდა მეორე უცხო ენა ან იქნებოდა რაღაც სხვა უნარები, კოლეჯი ვალდებული ხდება, მოთხოვნის საფუძველზე, საკუთარ პროგრამაში ასახოს შესაბამისი სწავლება. გარდა ამისა, პროგრამის განხორციელების ერთი ციკლის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს მისი შეფასება და ანალიზი — რა იყო პრობლემური მასწავლებლისთვის, რამდენად გასაგები იყო სტუდენტისთვის და შედეგის მიხედვით შეიცვალოს სწავლების მიდგომები ან საგანმანათლებლო რესურსები ან ამაღლდეს მასწავლებელთა კვალიფიკაცია. უკიდურეს შემთხვევაში, ჩანაცვლდეს უფრო კვალიფიციურით. ავტორიზაციის მოთხოვნა იქნება, რომ სასწავლებელში, ინსტიტუციურ დონეზე, გაჩნდეს სისტემა, რომელიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფს. ერთია, რომ სტანდარტი ამას ადგენს და ითხოვს, მეორეა რამდენად იმუშავებს რეალობაში, თუმცა, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებთან შეხვედრისას მათ კიდევ ერთხელ წარვუდგინეთ ახალი სტანდარტები და პროცედურები. ჩვენ მზად ვიყავით, გარდამავალ პერიოდში, გარკვეულ დათმობებზე წავსულიყავით და გვეთქვა, რომ ამ სტანდარტს არ მოგთხოვთ, შეგიძლიათ 1-წლიანი მორატორიუმი აიღოთ. 8 ქვესტანდარტის ნაწილში მზად ვიყავით ამ შეთავაზებისთვის. სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩით, როცა თქვეს, რომ რვიდან 5-ს დაუყოვნებლივ აკმაყოფილებენ და არ ითხოვენ გარდამავალ პერიოდს. რაკი მოდულური და დუალური პროგრამების დანერგვას თან მისდევდა დანერგვის მხარდაჭერა — სპეციალისტები წელიწადში 2-ჯერ მიდიოდნენ დაწესებულებებში, რეკომენდაციებს აძლევდნენ როგორც პროგრამულ, ისე შინაარსობრივ და რეგულაციების ნაწილში, აღმოჩნდა, რომ კოლეჯები შეთავაზებული სტანდარტების უმეტეს ნაწილს მზად ხვდებიან — ისინი სწორედ დანერგვის მხარდაჭერის პროცესში მოვიდნენ. მათთან შესაბამისობაში. გარდა ამისა ცალკე სტანდარტად შემოდის პროფესიული სტუდენტები და მათი მხარდამჭერი ღონისძიებები“ — გვითხრა კახაბერ ერაძემ.
მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა, ახალი რეგულაციით, ავტორიზაციის მოთხოვნაა, თუმცა კანონით ეს სასწავლებლის ვალდებულება კი არა, უზრუნველყოფაა, ანუ ვალდებული კი არ არის მაინცდამაინც მან შეიძინოს, აქ გადამწყვეტი საწარმოს როლი, მისი ბაზაა, სტუდენტი ხომ საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილს საწარმოს ბაზაზე გადის, განსაკუთრებით სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების შემთხვევაში. ამით სასწავლებელი საკუთარ ბიუჯეტსაც დაზოგავს და ბიზნესთან კავშირით თვალყურს მიადევნებს, იმ ახალ ტექნოლოგიებს რაც კონკრეტულად პარტნიორ საწარმოში და, ზოგადად, ბიზნესში შემოდის.
ახალი რეგულაციებია კოლეჯების ფინანსური რესურსების მხრივაც, რადგან საგანმანათლებლო პროგრამების მდგრადობას სწორედ რეალური ფინანსური გათვლები უზრუნველყოფს. დაწესებულებამ კარგად უნდა გათვალოს საკუთარი ფინანსური შემოსავლები, თუნდაც სწავლის საფასურიდან, რათა დაადგინოს პროგრამის რენტაბელობის თუნდაც მინიმალური ზღვარი, რომლის ქვემოთაც პროგრამა ვერ განხორციელდება. სამწუხაროდ, აქამდე ამ რეგულაციას კანონი არ ითვალისწინებდა. ხარისხის უკეთ უზრუნველყოფისთვის შემოდის ასევე სტუდენტის შეფასებასთან დაკავშირებული სტანდარტები — ახლა უკვე შევამოწმებთ სტუდენტთა განხორციელებული შეფასებების რელევანტურობას და ადეკვატურობას, ანუ ეს არ იქნება შეფასების ფორმალური პროცესი, არამედ ავტორიზაციის ექსპერტებს, მონიტორინგის დროს, უნდა დახვდეს სტუდენტის შეფასების მყარი მტკიცებულებები, რაზე დაყრდნობითაც გადაწყვიტა მასწავლებელმა, რომ მან ამ შედეგებს მიაღწია. ასეთი მიდგომა, რა თქმა უნდა, ნიშნავს შეფასების ნაწილში სტანდარტის გამკაცრებას, მაგრამ, მეორე მხრივ, გრძელდება მხარდაჭერის პროცესი. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ შემოდის დიფერენცირებული შეფასების სისტემა. ნაცვლად ტერმინებისა — „აკმაყოფილებს“ ან „ვერ აკმაყოფილებს“, შემოდის შუალედური შეფასება — „ნაწილობრივ აკმაყოფილებს“. ავტორიზაციის პროცესში ექსპერტები არ იქნებიან ხისტები, ხარვეზის აღმოჩენისას, კოლეჯს მიეცემა, არაუმეტეს, ერთი წლის ვადა, განხორციელდება მხარდაჭერის პროცესი და თუ მონიტორინგი დაგვანახებს, რომ ხარვეზი გასწორებულია, მიეცემა ავტორიზაცია, თუ არა და შეუწყდება.
ბატონ კახა ერაძის შეფასებით, ახალი კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“ თავს უყრის ყველა იმ კითხვაზე პასუხს, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა სისტემაში. ბევრი რამ, სხვადასხვა მიმართულებით, მოგვარებულია — 2015 წლიდან დღემდე, დუალური სწავლებისთვის კოლეჯების სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვისათვის, სახელმწიფომ ასიათასობით ლარი დახარჯა, სრულად გამართულია პროგრამული ნაწილი, იმიტომ რომ, ეროვნულ დონეზე, სწავლება უნიფიცირებული პროგრამებით მიმდინარეობს. პრობლემად რჩება განმახორციელებლის საკითხი, მისი კომპეტენცია, მოტივაცია და სტიმული არა მხოლოდ სწავლებაში, უფრო მეტად შეფასებაში. თუ ამ ხარვეზის აღმოფხვრა მოხერხდა და ამას თან დაერთო დუალური პროგრამების რაოდენობის ზრდა, მიზანი მიღწეული იქნება. საშემოდგომო მიღების წინა პერიოდის (3 თვით ადრე იღებენ განაცხადებს) მონაცემები, ამ მხრივ, საიმედო პროგნოზს იძლევა — გაორმაგდა დუალური პროგრამების რაოდენობა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ დამსაქმებლის ინტერესი თანდათან იზრდება, გაფართოვდა სპექტრიც. წლევანდელ აპლიკანტებს დუალური პროგრამების დიდი არჩევანი დახვდებათ.
დაბოლოს, კითხვა, რომელიც ამ სიახლეების გაცნობის შემდეგ ჩნდება — რაკი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დიდი ნაწილი სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაზე მოდის, ხომ არ ჩნდება იმის აუცილებლობა, რომ ამ მხარესაც არსებობდეს ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა. ამაზე კახა ერაძე გვპასუხობს: „დიახ, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მხოლოდ კოლეჯის დონეზე სწავლებაზეა პასუხისმგებელი. ვფიქრობ, პარალელურად, აუცილებელია რაღაც სამსახური, რომელიც საწარმოს ნაწილს მიხედავს, ანუ იქ, სადაც პროფესიული სტუდენტების 50 პროცენტზე მეტი ეუფლება პროფესიას და სადაც ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება, არადა ძალიან მნიშვნელოვანია აქვთ თუ არა იმ ადამიანებს სწავლების და შეფასების გამოცდილება (წესით უნდა ჰქონდეთ). ამიტომაც შემოდის ტერმინი „სასწავლო საწარმო“. აუცილებელია დადგინდეს რეგულაციები, რომლითაც მიენიჭება საწარმოს ეს სტატუსი და ისიც, ვინ მიანიჭებს. ჩვენ რომ საუკეთესო პედაგოგებითა და შესაძლებობებით უზრუნველვყოთ კოლეჯი, თუ იგივე არ მოხდა საწარმოს მხრიდან, შედეგი არ გვექნება. ამიტომაც, სოციალური პარტნიორობის ფარგლებში, უკვე გვქონდა სამუშაო შეხვედრები. იმედის მომცემია და სასიამოვნოა, რომ ბიზნესი ამ მიდგომას იზიარებს“.
მართლაც საინტერესო კონცეფციაა, გერმანულ პრაქტიკასთან თავსებადი. სქემა და გამოცდილება არსებობს. არსებობს ასევე ერთი პრინციპული განსხვავებაც — თუკი ჩვენთან სწავლების ხარისხი მთლიანად სახელმწიფოს (ამ შემთხვევაში — ხარისხის განვითარების ცენტრი) პასუხისმგებლობაა, გერმანიაში ეს დამსაქმებლის პასუხისმგებლობაა. პროფესიული განათლების საჭიროება იქ ბიზნესმა დააყენა, აქ ბიზნესს დავახვედრეთ სისტემა და ვეკითხებით ხომ არ გჭირდებაო. რა თქმა უნდა, სჭირდება და ამას იგი უკვე ცხადად ხედავს და ხვდება, რომ სახელმწიფო ამ კადრებს სწორედ მისთვის ამზადებს, ხოლო პროფესიულ სტუდენტთა კვალიფიციურობის საკითხი, პირველ რიგში, ასევე ბიზნესის ინტერესებშია. ეს სქემა წარმატებით მუშაობს გერმანულენოვან ქვეყნებში (გერმანია დუალური სწავლების ექსპორტიორია მთელ მსოფლიოში), ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთში და ბევრ სხვა ქვეყანაში.
კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“, მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, ძალაში შევიდა. ახლა მთავარია ცვლილებების განხორციელებაც ისევე არ გაიწელოს დროში, როგორც კანონზე მუშაობა და მისი მიღება.