23 ნოემბერი, შაბათი, 2024

მარიამ რამინაშვილმა, სასამართლოს პირველ ინსტანციაში, განათლების სამინისტროს დავა მოუგო

spot_img

53-ე საჯარო სკოლის ყოფილმა დირექტორმა, მარიამ რამინაშვილმა, სასამართლოს პირველ ინსტანციაში, განათლების სამინისტროს დავა მოუგო – დირექტორობიდან გათავისუფლების შესახებ თამარ სანიკიძის გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა.

მარიამ რამინაშვილი თანამდებობიდან 2014 წლის 7 აპრილს გაათავისუფლეს. ოფიციალური მიზეზი აუდიტის დასკვნა იყო, თუმცა თავად მიაჩნდა, რომ მოტივი პოლიტიკური იყო. ამდენი წლის შემდეგ, სასამართლომ განათლების სამინისტროს დირექტორის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა დაავალა და, კომპენსაციის სახით, 20 000 ლარის გადახდა დააკისრა.

მარიამ რამინაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ თანხა სასამართლომ განსაზღვრა, რადგან თავად არ ჰქონდა მითითებული კომპენსაციის ოდენობა.

„სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამინისტრომ 20 ათასი ლარი უნდა გადამიხადოს. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ეს სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაა და საზოგადოებისთვისაც ამის შესახებ ინფორმაციის მიწოდება აუცილებელია. თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ არც შემდეგ ინსტანციებში შეიცვლება რამე.“

როგორი იქნება მისი შემდეგი ნაბიჯები? ამაზე ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ,

პირველ რიგში, სამინისტროს გადაწყვეტილებას დაელოდება, რადგან ამ გადაწყვეტილებას, ოფიციალურად, სარეზოლუციო ნაწილის გამოქვეყნების შემდეგ მიიღებს. რასაკვირველია, სამინისტროს რჩება უფლება, გააპროტესტოს სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, თუმცა ქალბატონი მარიამი არ გამორიცხავს, რომ დავა, მეორე და მესამე ინსტანციებში, შეიძლება კიდევ მეტი წარმატებით და ბევრად უკეთესადაც დასრულდეს მის სასარგებლოდ, რადგან დარწმუნებულია, რომ „არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლება ბათილად ცნობის ნაწილი“.   შეგახსენებთ, რომ ეს დავა 2014 წელს   მისი დირექტორობიდან არაობიექტური მიზეზების გამო გათავისუფლებას ეხება. ამის გარდა, მან ერთი დავა სამინისტროსთან,   რომელიც 2014 წლის სექტემბერში 53-ე სკოლის დირექტორის წარდგენასთან დაკავშირებულ კონკურსში მონაწილეობას ეხებოდა, სამივე ინსტანციაში უკვე მოიგო. ამბობს, რომ აქაც უსამართლობას წააწყდა: „მე არც კი წარმადგინეს სამეურვეო საბჭოს წინაშე და დირექტორი დისკრეციის წესით დანიშნეს. ეს გადაწყვეტილება სასამართლოს სამივე ინსტანციამ ბათილად ცნო და უზენაესმა სასამართლომ შეაფასა, როგორც სუბიექტური და უარგუმენტო გადაწყვეტილება, სამინისტროს კი ამასთან დაკავშირებით აღსრულება მოსთხოვა. ორივე შემთხვევა თამარ სანიკიძის მინისტრობის დროს მოხდა და რაც მთავარია, სკოლას დღესაც მისი დისკრეციის უფლებით დანიშნული, წარდგენილი დირექტორი ჰყავს. თუკი ორივე შემთხვევა ბათილად სცნო სასამართლომ, ლოგიკურად, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება როგორც ჩემი გათავისუფლების, ასევე წარდგენის თაობაზე უპასუხისმგებლო იყო მათი მხრიდან, ამიტომ ძალიან საინტერესოა, ახლა რა გადაწყვეტილებას მიიღებს სამინისტრო.“ * ამბობს ქალბატონი მარიამ რამინაშვილი.

იმ შემთხვევაში, თუკი დავა საბოლოოდ მის სასარგებლოდ გადაწყდება, უშვებს თუ არა შანსს, რომ დირექტორად აღგადგინონ? ამას ყოფილი დირექტორი ცოტა სკეპტიკურად უყურებს, თუმცა დანებებას არ აპირებს: „ვერ გეტყვით, რადგან ეს სახელმწიფოს ნებაა და მინისტრის კონკრეტულ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რადგან სწორედ ასეთი ნებით და ამგვარი გადაწყვეტილების გამო შემიჩერდა დირექტორობაც და ასეთივე ნებითა და გადაწყვეტილებით დაინიშნა 53-ე სკოლაში ის დირექტორი, რომელიც ახლა არის. შესაბამისად, კვლავ მათ ნებაზეა დამოკიდებული.   თუმცა, ჩემი მხრიდან, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად გავაგრძელებ დავას უფრო ზემდგომ ინსტანციებშიც, მათ შორის, არ გამოვრიცხავ ქვეყნის გარეთაც. თუკი იმაშიც მართალი ვიყავი, რომ არასამართლიანად გამათავისუფლეს და იმაშიც, რომ სუბიექტური მიზეზით არ წარმადგინეს კონკურსზე, გამოდის, რომ ჩემი შრომის უფლება და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა შემეზღუდა, რომელიც უზენაეს უფლებად ითვლება ადამიანისთვის და ამისთვის ბრძოლა სიცოცხლის ბოლომდეც ღირს. “  

 

ჯერჯერობით უცნობია სამინისტროს გადაწყვეტილების შესახებ.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები