11 აგვისტო, ორშაბათი, 2025

„Little Forest“ – ფილმი, რომლითაც ბუნება გვეძახის

spot_imgspot_img
მელანო კობახიძე

 

თანამედროვე სამყაროში, სადაც ჩვენი ცხოვრების ტემპი ისეა აჩქარებული, თითქოს მარათონში ვართ ჩართულები, არსებობს წიგნები და ფილმები, რომლებიც გვახსენებს, რომ ზოგჯერ აუცილებელია შევჩერდეთ და შორიდან დავაკვირდეთ ჩვენს ცხოვრებას; დავფიქრდეთ, რა გვსურს სინამდვილეში, ბოლოს და ბოლოს, რატომ არ ვართ ბედნიერები ამდენი ბრძოლის, შრომის, წარმატების მიუხედავად?

ასეთი წიგნები და ფილმები საკუთარ თავთან გვაბრუნებს, ჩვენს დავიწყებულ და ნამდვილ „მე“-სთან; მეტიც, მათ ადამიანის საწყისთა საწყისთან მივყავართ; ისინი გვახსენებს, რომ სინამდვილეში, რაც გვჭირდება, სულ უბრალო, ყველაზე მარტივი დეტალებია: განმარტოება, ბუნების ხმები, სიმწვანეში ხეტიალი, სახურავზე წვიმის წვეთების დაცემის ხმის მოსმენა, თვალების დახუჭვა და გაზაფხულის ნიავისთვის სახის შეშვერა.

დიახ, ჩვენ ძალიან გვჭირდება ბუნება, მასთან თანაზიარობა. რამდენადაც ვეცდებით ამის დავიწყებას, იმდენჯერ შეგვახსენებს თავს, რადგან მისი სურვილი ჩვენში დასაბამიდანაა ჩატვირთული. სწორედ ამიტომ, ქაოსში ჩაკარგულებს, არაქათგამოცლილებს, ზოგჯერ მაინც გაგვახსენდება, რომ მის გარეშე ვერაფერს შევძლებთ, რადგან ბუნება საკუთარ თავთან ხარისხიანად დროის გატარების უებარი საშუალებაა, შეჩერების, ფიქრის უნარის დაბრუნების, გარინდებისთვისაა.

როდესაც თანამედროვე სამყაროში ხელოვნების ნაწარმოებებში ბუნების როლსა და მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, პირველ ყოვლისა, აზიური სამყარო მახსენდება. ცოტა ხნის წინ, ჩემს მოსწავლეებს იაპონური პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟანრის, ჰაიკუს შესახებ ვუამბობდი. შეგახსენებთ, რომ ჰაიკუ ძალიან პატარა ლექსია, რომელშიც დიდი ყურადღება ექცევა წამიერი შეგრძნებების, ემოციების გადმოცემას; ბუნების სილამაზის, სხვადასხვა მცირე დეტალის შემჩნევას და გამოხატვას. კლასიკური ჰაიკუ გამოხატავს ადამიანის (ავტორის), მისი შინაგანი სამყაროს ურთიერთობას ბუნებასთან, ამასთან ბუნება უნდა იყოს განსაზღვრული წელიწადის დროის მიხედვით. ამისათვის ტექსტის აუცილებელ ელემენტად გამოიყენება კიგო (წელიწადის დროის აღმნიშვნელი სახელი). შესაბამისად, აუცილებელია, ჰაიკუ შეიცავდეს ერთ კიგოს ან ისეთ სიტყვას, რომელიც წელიწადის რომელიმე დროზე მიანიშნებს. ასე მაგალითად: „ალუბლის ყვავილობა“ ან „ატმის ყვავილობა“ გაზაფხულს აღნიშნავს, „თოვლი“ – ზამთარს, „კოღოები“ – ზაფხულს და ა.შ.

ჰაიკუ დასავლეთის ქვეყნებში ჯერ თარგმანების სახით გავრცელდა, შემდეგ კი ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა და ევროპელი ავტორები უკვე თავად წერდნენ ჰაიკუებს. ჰაიკუ დღემდე მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარული პოეზიის ჟანრია. და ეს არაა გასაკვირი: ადამიანებს სამყაროს ნებისმიერ წერტილში სჭირდებათ ბუნებასთან სიახლოვე, უფრო სწორად კი, ბუნებასთან იძულებითი სიშორის შევსება და მასთან დაბრუნება.

დიდი ხანია, იაპონური ლიტერატურით ვარ გატაცებული. წერის პროცესში დავაკვირდი, რომ იაპონელი ავტორების წიგნების სათაურებიც კი ბუნებასთან გვაბრუნებს, მის მშობლიურობას გვახსენებს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ წიგნებში ბუნება, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია, რომელიც განწყობას ქმნის და წიგნის გმირების ცხოვრებაზე, ხასიათსა და ქმედებებზე უდიდეს გავლენას ახდენს.

ასე მაგალითად, ქართულად თარგმნილია იაპონელი ავტორის, იუკიო მიშიმას წიგნი, სახელწოდებით „ტალღების ხმაური“, მიშიმას მეორე წიგნს კი „გაზაფხულის თოვლი“ ჰქვია (წიგნები იაპონურიდან თარგმნა თათია მემარნიშვილმა). ფილმებზე საუბრისას კი, პირველ ყოვლისა, მახსენდება ცნობილი რეჟისორის, ვიმ ვენდერსის იაპონური დრამა „ჩვეულებრივი დღეები“, რომელიც 60 წლის კაცზე, ჰირაიამაზე გვიამბობს. ჰირაიამას არ აქვს სასიამოვნო სამსახური, მისი ცხოვრება აარა სავსე გრანდიოზული ამბებით, არც მდიდრული სახლი აქვს და არც დიდი შემოსავალი, მაგრამ ჰირაიამა სამყაროში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე თვითკმარი ადამიანია, რადგან მთავარი სიხარული იპოვა ხეებში, ცის ცქერაში, ფოთლების შრიალსა და მზის სხივებში, რომელიც ხეებს შორის იღვრება (სწორედ ამის გამოსახატავად გაჩნდა იაპონურ ენაში სიტყვა „კომორები“). ჰირაიამა ამბობს: „ხეები ჩემი მეგობრები არიან“. ის დღის ერთ კონკრეტულ მონაკვეთს აუცილებლად უთმობს ბუნებასთან კავშირს, ხეებზე, ფოთლებზე, მზეზე დაკვირვებას, მათთან უხმო საუბარს; ჰირაიამა მათ უღებს ფოტოებს, მისთვის ესაა სამყაროს შეცნობისა და გაგების ყველაზე მთავარი, უნიკალური გზა. და ჰირაიამა ამით ბედნიერია.

შესავალი ცოტა გამიგრძელდა, მაგრამ ვიდრე მთავარ სათქმელზე გადავიდოდე, აქვე მინდა გავიხსენო რეზო ინანიშვილის სიტყვები, რომლითაც მან იაპონელების ბუნება დაახასიათა. მწერლის უბის წიგნაკებში ვკითხულობთ: „იაპონელები, დიდი ცივილიზაციისა და კულტურის ხალხი, დღესაც აღტაცებული მოკრძალებით ხრიან თავს აყვავებული ალუბლების წინაშე, როგორც ათასზე მეტი წლის წინათ. მათ ეს არ „მობეზრდათ“, და არც ალუბლებისაგან მოითხოვენ სხვა რამეს, გარდა ჩვეულებრივი ნაზი ყვავილობისა, არც თავიანთი თავისაგან – უბრალო ადამიანურ მგრძნობელობაზე მეტს“.

ახლა კი მთავარ სათქმელზე გადავალ. ფილმზე, რომელმაც ამ წერილის დაწერა გადამაწყვეტინა.

,,Little Forest / ციცქნა ტყე“ (2018)

რეჟისორი: იმ სუნ-რე

 

სამხრეთ კორეის წამყვანი ქალი რეჟისორის მიერ გადაღებული ფილმი „პატარა ტყე“ ამავე სახელწოდების იაპონურ მანგას (მანგა იაპონური კომიქსია) ეფუძნება, რომელიც 2002 წელს ეკრანიზაციისთვის დაიწერა.

ძალიან მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, საათნახევრიანი აზიური ფილმი ძალიან ღირებულ რამეს გვასწავლის: აუცილებელია, იაპონელების მსგავსად, ჩვენც მივენდოთ ბუნებას, მოვუსმინოთ ბუნების წიაღში დაბრუნებულ გონებას, მასში გაჩენილ ფიქრებსა და სურვილებს და, ყოველთვის, როცა „ციცქნა ტყეები“, ანუ ბუნება დაგვიძახებს, გავყვეთ ამ ძახილს.

ფილმის მთავარი გმირი ჰე-ვონია. გოგო, რომელიც მშობლიური სოფლიდან სეულში გადაბარგდა, იქ ისწავლა, მერე მასწავლებლის გამოცდა ჩააბარა და თან ნახევარ განაკვეთზე სუპერმარკეტში მუშაობდა.

ფილმში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფერებს. შეიძლება ითქვას, რომ ფერები თავად გვიამბობენ ამბებს, გვიჩენენ შეგრძნებებს, გვაწონებენ ან პირიქით, უარყოფითად განგვაწყობენ ადგილების მიმართ. როდესაც სეულში გადაღებულ კადრებს ვუყურებთ, იქ ნათელი, ღია, თბილი ფერები არსად შეიმჩნევა და მაყურებლებსაც სული გვეხუთება, ოღონდ კარგად ვერ ვხვდებით, რატომ. ამ კადრებში მზის ნაკლებობაა, ჩანს მხოლოდ რუხი ცა, უზარმაზარი შენობები, ამ შენობებში მოსიარულე ადამიანები, ასევე პატარა ბინა, რომელშიც ჰე-ვონი დამღლელი და რუტინული სამუშაოს შემდეგ, ძალაგამოცლილი დასაძინელად ბრუნდება ხოლმე. ბინაში ცივი განათებაა, იგრძნობა, რომ სახლი ბედნიერებისგან დაცლილია. შთაგონებას ვერ გაძლევს.

კიდევ ერთი რუტინა, რომელიც სეულში მცხოვრებ გოგონას აქვს, საჭმელს უკავშირდება. სახლში დაბრუნებული მაღაზიიდან წამოღებულ მზა კერძებს ათბობს, რომელთა ნაწილი ხშირად გაფუჭებულიც კია. ჰე-ვონს სურვილი არ აქვს, რომ საკუთარი ხელით მოამზადოს.

საბოლოოდ, ჰე-ვონი ასეთ ცხოვრებას ვეღარ უძლებს და მშობლიურ სოფელში ბრუნდება. სოფელში დაბრუნება ყველასთვის წარუმატებლობად, გაქცევად და სისუსტედაა მიჩნეული. ჰე-ვონი ამას გრძნობს ადგილობრივების მზერაში, საუბარში, მაგრამ გოგონა ამ ყველაფერზე მაღლა დგება. იაპონურ ენაში არსებობს ასეთი სიტყვა – „იკიგაი“, რომელიც სიტყვასიტყვით ცხოვრების მიზანს ნიშნავს. როდესაც ადამიანი ამ მიზანს უახლოვდება, მაშინ ახალ სუნთქვას ხსნის და ფილტვები სულ სხვაგვარი, წმინდა ჰაერით ევსება. შეიძლება ითქვას, სოფელში დაბრუნებული ჰე-ვონიც იკიგაის ძიების ბოლო სტადიაშია და ფაქტია, რომ ის სწორ გზაზე მიდის.

ფილმი შთამბეჭდავი კადრებით იხსნება: სოფელში ახალდაბრუნებული გოგო უახლოეს მაღაზიამდე ველოსიპედით მიდის. მიაქროლებს თავის ტრანსპორტს, ღრმად სუნთქავს, სიმწვანეში იკარგება და ჩვენ თვალწინ ულამაზესი ხედები იშლება. აქედან მოყოლებული სულ სხვაგვარი ფერებითაა სავსე ფილმი და შეიძლება ითქვას, ეს ფერები და ფილმის ესთეტიკა, პირველ ყოვლისა, პრობლემებით დამძიმებულ ადამიანს დაამშვიდებს.

ფერებთან ერთად, ფილმში დიდი მნიშვნელობა ენიჭება საკვებს. თუ იაპონურ ანიმეებს, განსაკუთრებით კი, ჰაიაო მიაძაკის შემოქმედებას გავიხსენებთ, მივხვდებით, რომ საკვები ანიმეების ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტია, როგორც ესთეტიკის წყარო. იმავეს ვხედავთ სამხრეთ კორეული ფილმების ყურებისას. მაინც რა დატვირთვა აქვს საკვებს? როდესაც ჰე-ვონი სეულიდან მშობლიურ სახლში ბრუნდება, მეგობარს ასეთ სიტყვებს ეუბნება: „იმიტომ დავბრუნდი, რომ მშიოდა“. ეს შიმშილი, რომელიც გამუდმებით მზა საკვების მირთმევით იყო განპირობებული, კიდევ ერთ საკითხს უკავშირდებოდა: ჰე-ვონს არ სურდა საჭმლის მომზადება, რადგან შინაგანად ცარიელი იყო, შინაგანად ჰქონდა შიმშილის გრძნობა, საკუთარი ცხოვრება ტკივილს აყენებდა, ხოლო როგორც კი მშობლიურ სოფელში ბრუნდება, მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი თემა საჭმლის მომზადება ხდება. ჰე-ვონი იხსენებს დედამისის რეცეპტებს, საკუთარი ხელით მოჰყავს პროდუქტები, ზრუნავს მათ გაზრდასა და გახარებაზე, ინახავს ზამთრისთვის, მაქსიმალურად ცდილობს, ბუნებაში არსებული თითოეული ფოთოლი თუ ყვავილი საკვებად აქციოს, მათ ბევრი მნიშვნელობა შესძინოს. აქ გოგო ფულს არ იხდის საკვებში, ამ საკვებს, ბუნების დახმარებით, თავად ქმნის. მზადების პროცესში კამერა ზემოდან აკვირდება ფილმის გმირს, ფერები კი უნიკალურია: იასამნისფერს თეთრი და ყვითელი ენაცვლება, წითელ ფერს – ფორთოხლისფერი. ჰე-ვონი სიხარულით აფორმებს კერძებს, თითოეულის დაგემოვნებისას კი ენით აღუწერელ სიამოვნებას გრძნობს, რომელიც მაშინვე სახეზე ესახება.

რაც მთავარია, საკვები ჰე-ვონისთვის იქცევა მეგობრებთან თანაზიარობის საშუალებად. საკუთარი ხელით მომზადებული კერძები მათთან დროის ბედნიერებად, ნაყოფიერად, საინტერესოდ გატარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი გზაა. ყოველ საღამოს ჰე-ვონთან ბავშვობის ორი მეგობარი მოდის, ისინი ერთად აგემოვნებენ სხვადასხვა, ხშირად ჰევონისთვისაც ექსპერიმენტულ საკვებს, ერთად ამზადებენ სხვადასხვა კერძს და, უბრალოდ, ერთად ყოფნითა და ცხოვრების სიმარტივით ტკბებიან. ასე უზიარებენ ერთმანეთს სიყვარულსა და სითბოს.

ჰევონი აღარ გრძნობს შიმშილს. სულის შიმშილი მასში ბუნებამ განკურნა. ჰევონის სული გამოკვებილია.

კორეულ ვერსიაში (არსებობს ფილმის იაპონური ვერსიაც) ფილმი ზამთარში იწყება და გაზაფხულზე სრულდება. წელიწადის დროთა მონაცვლეობასთან ერთად, ჰევონი ახერხებს დაბრუნდეს არა მხოლოდ საკუთარ სახლში, არამედ დაუბრუნდეს საკუთარ თავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩამოსვლის შემდეგ მისი გონება პერიოდულად ეჭვით ივსება, თუ როგორი ცხოვრებაა სწორი, აქ დაბრუნება და ერთი შეხედვით, გამოქცევა, თუ ბრძოლა და ადგილის დამკვიდრება, ჰევონი დარწმუნებულია, რომ გზადაგზა ამ შეკითხვებზე პასუხს აუცილებლად იპოვის, მთავარია, რომ საკუთარ სურვილებს მიენდოს.

სამყაროში, რომელშიც გვთხოვენ, რომ ყველას სწრაფი ტემპი გვქონდეს, არ მოვდუნდეთ და არ შევჩერდეთ, დრო არ გვქონდეს ფიქრისთვის, დაეჭვებისთვის, გადაფასებისთვის, თითოეული ასეთი ნაბიჯი და იმის გააზრება, რომ ყველას ჩვენ-ჩვენი ტემპი, სურვილები და მისწრაფებები გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია.

„ციცქნა ტყე“ გვაფიქრებს, რამდენად აუცილებელია, გავყვეთ პაწაწინა ტყეების ძახილს, რათა საკუთარ თავს დავუბრუნდეთ. განკურნებული ადამიანი კი სწორედ ისე იპოვის გამოსავალს და ათასჯერ აღმოცენდება ქარიშხლების შემდეგ, როგორც ეს ბუნებაში ხდება. ნათესები, რომლებსაც ქარები და წვიმები სპობს, ისევ ამოვლენ, კვლავ გააგრძელებენ სიცოცხლისთვის ბრძოლას, ჩვენს გამოკვებას გააგრძელებენ და დაგვარწმუნებენ, რომ გაზაფხულიდან ზამთრამდე და მერე უკვე პირიქით, ადამიანთან ერთად სხვა ცოცხალი ორგანიზმებიც განიცდიან დანაკარგს, ასევე იღუპებიან, ქრებიან, მაგრამ არ ნებდებიან და ახალ სიცოცხლეს უდებენ სათავეს. ჰე-ვონი ამ ციკლურ პროცესში თავადაც იღებს მონაწილებას, რადგან თავად რგავს, აფხვიერებს, თავად შეუძლია მოიწიოს მოსავალი, და საბოლოოდ მიდის იმ დასკვნამდე, რომ ზამთარგადატანილი ხახვი უფრო ტკბილია, ვიდრე გაზაფხულის ხახვი.

ჰე-ვონი დაშორდა იმას, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო – სახლს, მშობლიურ გარემოს, რომელიც ბავშვობიდან ასაზრდოებდა, და სწორედ ამ სიშორემ მიახვედრა, რამდენად დიდი გავლენა ჰქონდა მის ცხოვრებაში მშობლიურ სოფელს, სახლს, ბუნებას.

„ბავშვობის გამოცდილებები ძალიან მნიშვნელოვანია“ – ამბობს ჰე-ვონი. სწორედ ბავშვობის გამოცდილებებმა დააბრუნა ის იმ წერტილში, სადაც თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობდა.

ხშირად წასვლა იქცევა მთავარ მიზეზად, რათა დავბრუნდეთ. დავბრუნდეთ დაქანცულები, არაქათგამოცლილები, სულიერად მშივრები, რადგან სწორედ ამ დროს მივხვდებით, რომელი საკვები დაგვანაყრებს, რომელი გზები გაგვაცოცხლებს, როგორი დღეები მოგვცემს ცხოვრების ძალას.

ეს ფილმი მაყურებლებსაც გვამშვიდებს. ჰე-ვონთან ერთად ჩვენც ვპოულობთ ნანატრ სიხარულს; ჰე-ვონთან ერთად, ჩვენც გვინდება დავადგეთ იმ გზას, რომელიც ჩვენს მშობლიურ ადგილებთან დაგვაბრუნებს და იქ დაგვტოვებს სამუდამოდ.

ეს ფილმი მაყურებლებსაც გვარწმუნებს, რომ როცა ბუნება გვეძახის, მის ძახილს აუცილებლად უნდა გავყვეთ.

დასასრულს, გიტოვებთ ჰე-ვონის სიტყვებს, რომელიც ქართულად დაახლოებით ასე ჟღერს: როცა საქმეები რთულად მიდის, გაიხსენე შობლიური მიწის სუნი, ნაზი სიო და მწველი მზე. მაშინ შეძლებ მოიშორო მტვერი, წამოდგე და თავიდან დაიწყო ცხოვრება“.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება