ნიკოლოზ ღუბულაძე KIU-ს კიბერუსაფრთხოების ტრენინგების წარმატებული კურსდამთავრებული და ტრენერია. მას სტუდენტობიდან აინტერესებდა აიტი ტექნოლოგიები და კიბერუსაფრთხოება. რამდენიმე წლის წინ, მან მუშაობა ერთ-ერთი კომპანიაში დაიწყო ქსელის ოპერაციული ცენტრის ანალიტიკოსად, თუმცა მისი დიდი სურვილი იყო რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია და ცოდნა მიეღო ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით და კიდევ უფრო გაზრდილიყო როგორც პროფესიონალი.
ნიკოლოზ ღუბულაძე:
„კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ჩემი საქმიანობა 2022 წელს დაიწყო, როცა კომპანია Neutrino–ში ქსელის ოპერაციული ცენტრის ანალიტიკოსად დავსაქმდი. გასულ წელს კი, სრულიად მოულოდნელად შევიტყვე KIU-სა დ USAID-ის პროგრამის შესახებ, რამაც ძალიან მომხიბლა და სიამოვნებითაც ჩავერთე.
KIU-ში ეთიკური ჰაკერის კურსის გავლის პერიოდში, ერთ-ერთ ორგანიზაციაში, ტრენერად დავიწყე მუშაობა. საკმაოდ დიდ დროს ვუთმობდი საკუთარი თავის განვითარებას სწორედ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი ახალი ცოდნა მიმეღო. აქედან გამომდინარე, ბევრიც აღარ მიფიქრია და გამოვიყენე KIU-ს უნიკალური შანსი – სწავლა გავაგრძელე კიბერუსაფრთხოების სხვა კურსებზეც.“
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ეთიკური ჰაკერის კურსის დასრულების შემდეგ ნიკოლოზმა გადაწყვიტა მეტად შეესწავლა სფერო და მოგვიანებით, USAID-ის სხვა პროექტშიც – advanced cybersecurity SOC analyst-ში ჩაერთო. ტრენინგებზე მიღებული ცოდნის შემდეგ ნიკოლოზმა ახალ სამსახურშიც სცადა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლინა და საქართველოს ბანკში აპლიკაციის უსაფრთხოების ინჟინერის პოზიციაზე დასაქმდა.
მუშაობის პარალელურად ნიჭიერი ახალგაზრდა არ წყვეტდა განათლებასა და პრაქტიკული ცოდნის მიღიებას, იგი KIU-ში ეთიკური ჰაკინგის კურსის დასრულების შემდგომ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ეთიკური ჰაკინგის ტრენერის ასისტენტის პოზიციაზე შეირჩა. „გასულ წელს დავიწყე მუშაობა KIU-ში ეთიკური ჰაკინგის ტრენერის ასისტენტად, რამაც სრულიად ახალი გამოცდილება შემმატა და მომცა შესაძლებლობა, რომ გამევლო კიბერუსაფრთხოების სხვა კურსებიც, ამასთან ერთად, დავხმარებოდი ახალ მსმენელებს მეტი გაეგოთ კიბერის შესახებ” – ამბობს ნიკოლოზი.
ნიკოლოზ ღუბულაძე ცოდნასა და საკუთარ გამოცდილებას დღეს უკვე სხვა სტუდენტებსა და კურსის მსმენელებსაც უზიარებს. საკუთარი მაგალითით აჩვენებს მათ, თუ როგორ შეიძლება მოკლე დროში მიიღო შესაბამისი ცოდნა, ისწავლო, არ დაიშურო ძალისხმება და დასაქმდე ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად სფეროში.
◊◊◊
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, USAID-ის მხარდაჭერით, დაფუძნდა KIU-ს კიბერუსაფრთხოების სასწავლო ცენტრი. KIU-სა და USAID-ს შორის პარტნიორობის მიზანია უმუშევრობის შემცირების ხელშეწყობა და კვალიფიციური და ეკონომიკურად კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მომზადება კიბერუსაფრთხოების სექტორში. პროექტის განხორციელებაში KIU-ს ეხმარებიან უცხოელი და ქართველი პარტნიორი ორგანიზაციები და, შედეგად, შეიქმნა კიბერუსაფრთხოების სამი სხვადასხვა დონის მოკლევადიანი კურსი: კიბერუსაფრთხოების საფუძვლები, ეთიკური ჰაკერისა და ეთიკური ჰაკერის პრაქტიკული კურსი.
პროგრამის ფარგლებში უკვე 320-მა მონაწილემ მიიღო და გაიღრმავა ცოდნა. ასევე, KIU გახდა აშშ-ში დაფუძნებული EC-Council-ის, მსოფლიოში უდიდესი კიბერუსაფრთხოების ტექნიკური სერტიფიცირების ორგანოს აკადემიური პარტნიორი. პროექტი ხორციელდება USAID-ის ხუთწლიანი პროგრამის – „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში.