29 ივლისს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის – Mვექტორის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
კონკურსში გამარჯვებული მოსწავლები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ, KIU-ს კანცლერმა მაგდა მაღრაძემ და მათემატიკის სკოლის დეკანმა რამაზ ბოჭორიშვილმა დააჯილდოვეს.
წელს საქართველოს მასშტაბით კონკურსში 700-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ფინალურ ეტაპზე 46 მონაწილე გადავიდა. პროექტის გამარჯვებული კი ექვსი მათგანი გახდა.
„უკვე სამი წელია, რაც კონკურსი Mვექტორი ხორციელდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ორგანიზაცია EPRA-ს თანამშრომლობით. წელსაც არა ერთმა ნიჭიერმა ახალგაზრდამ მიიღო კონკურსში მონაწილეობა. გამარჯვებულებმა სასაჩუქრე . ვაუჩერები და სხვა სიმბოლური საჩუქრები მიიღეს. Mვექტორის ყველა ფინალისტს საშუალება აქვს ისარგებლოს უნივერსიტეტის სასწავლო და საცხოვრებელი გრანტით, თუ KIU-ში ჩააბარებენ,” – განაცხადა KIU-ს კანცლერმა ქალბატონმა მაგდა მაღრაძემ.
რექტორის ალექსანდრე თევზაძის თქმით: „კონკურსში მონაწილეები არიან ის წარჩინებული ახალგაზრდები, რომლებმაც სემესტრის განმავლობაში ზოგადი განათლების საფეხურზე მონაწილეობა მიიღეს Mვექტორის მათემატიკურ ოლიმპიადაში და მიაღწიეს წარმატებას. კონკურსის მონაწილეებს, უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში ვთავაზობთ საუნივერსიტეტო დაფინანსებებს, რაც კიდევ ერთი სტიმულია სკოლის მოსწავლეებისათვის, რათა მიიღონ მონაწილეობა აღნიშნულ კონკურსში და შემდგომ გააგრძელონ სწავლა KIU-ში“.
KIU-ში ვიზიტის ფარგლებში, Mვექტორის ფინალისტები შეხვდნენ უნივერსიტეტის მენეჯმენტის გუნდს, სტუდენტებს და მონაწილეობა მიიღეს კამპუსის საინფორმაციო ტურში.
KIU მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის პარტნიორია 2020 წლიდან მოყოლებული დღემდე. დღეს უნივერსიტეტში კონკურსის გასული წლების არაერთი ფინალისტი და გამარჯვებული ახალგაზრდა აგრძელებს სწავლას.
კონკურსის შესახებ
M ვექტორი მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების განვითარების ხელშემწყობი, თვისებრივად ახალი, თანამედროვე გამოწვევებსა და ტენდენციებს მისადაგებული ფორმატის კონკურსია, რომელიც ორიენტირებულია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებზე. „M ვექტორი“ მონაწილეებს არა მხოლოდ მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების გამოვლენასა და ცოდნის გაღრმავებას, არამედ, ამ ცოდნით, კონკრეტული მათემატიკური პრობლემების საინტერესო გადაჭრის გზების მიგნებას სთავაზობს. „M ვექტორი“ იმ მეთორმეტე კლასელებსა და აბიტურიენტებზეა გათვლილი, რომლებსაც აინტერესებთ და უყვართ მათემატიკა, თუმცა პროექტი მკაცრ შეზღუდვას არ აწესებს – მასში მონაწილეობის მიღება მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებსაც შეუძლიათ. კონკურსის განმახორციელებელია საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია (EPRA).
კონკურსი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“-ს და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფინანსებითა და განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.