13 ოქტომბერი, კვირა, 2024

გოგონები სტემში – KIU-ში დაწყებული წარმატების ისტორია

spot_img

გაიცანით ნანი გოდაძე

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი, რომელმაც წარმატებით გაიარა  KIU-ს კიბერუსაფრთხოების ტრენინგ-კურსი და იქ მიღებული ცოდნა ახალ პროფესიულ შესაძლებლობად აქცია.

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების კურსის მონაწილე სტუდენტი აღნიშნული სფეროთი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო დაინტერესებული და ვიდრე KIU-ს კიბერუსაფრთხოების ტრენინგ-კურსის შესახებ გაიგებდა, ცდილობდა, საკუთარი ძალებით დაუფლებოდა. ამბობს, რომ ერთკვირიანი ინტენსიური კურსის დროს ზღვა მასალის ათვისება უწევდა – ტრენერების დამსახურებით მასალა კარგად შეისწავლა და გამოცდებზეც კარგად დაწერა. სამივე დონის დაფარვის შემდეგ, ეთიკური ჰაკინგის კურსს გამოარჩევს. მისი აზრით, აღნიშნული კურსი უფრო ღრმად და დეტალურად მოიცავდა სხვადასხვა ასპექტს, რამაც განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. ერთ-ერთი ასეთი საკითხი დაცვითი ოპერაციების ცენტრია, რომლის შესწავლასაც, მომავალში, კიდევ უფრო დეტალურად აპირებს. მონაწილეობის გარდა, 2 თვის განმავლობაში, ნანი კიბერუსაფრთხოების კურსის ლექტორის ასისტენტიც იყო, რაც იმას ნიშნვს, რომ არა მხოლოდ სწავლობდა, არამედ ასწავლიდა კიდეც კურსის მონაწილეებს.

სტუდენტი ფიქრობს, რომ KIU-მ საკმაოდ კარგ ტრენერად გადაამზადა და სემინარების ჩატარებითა და ცოდნის გაზიარებით მასალა კიდევ უფრო კარგად შეისწავლა. აღნიშნულ კურსში, სხვებისთვის სწავლის პროცესიც ყველაზე სასიამოვნოდ ახსენდება და ამბობს, რომ სწორედ ამ პროცესმა დაარწმუნა კიდევ ერთხელ იმაში, რომ კიბერუსაფრთხოების  თვეობით სწავლა და გამოცდებისათვის მზადება ნამდვილად ღირდა.

ამ ინტენსიური ტრენინგების გავლა და დაგროვილი გამოცდილება დაეხმარა ნანის, კიდევ ერთი წარმატებული კურსის მონაწილე გამხდარიყო – „თიბისისა“ და „USAID“-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შექმნილი კურსის – „მაღალი დონის კიბერუსაფრთხოება: დაცვითი ოპერაციების ცენტრი“ – სადაც სფეროს კიდევ უფრო დაწვრილებით შეისწავლის. რაც მთავარია, ტრენინგების გავლამ საკუთარი თავი სხვა პროფესიულ ჭრილშიც დაანახა. ამბობს, რომ აქამდე თავს კიბერუსაფრთხოების სფეროში ვერ ხედავდა, თუმცა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გავლილმა კურსმა აჩვენა, რომ ეს სფერო მას არა მხოლოდ აინტერესებს, არამედ კარგად გამოსდის და შეუძლია, ამ მიმართულებით თავისი სიტყვა თქვას.

წარმატებული სტუდენტი მიიჩნევს, რომ დაგროვილი ცოდნა მომავალში არაერთ ასპექტში დაეხმარება – კიბერუსაფრთხოება და სხვა არაერთი უნარი, რომელიც გასული წლების განმავლობაში უნივერსიტეტში თუ სხვადასხვა კურიკულუმს მიღმა აქტივობებში ჩართულობით შეიძინა, წარმატების მიღწევის წინაპირობაა. თავისი თავის სხვა პროფესიულ ჭრილში დანახვა კი ნანის არწმუნებს, რომ შეუძლია მრავალმხრივ განვითარდეს და არაერთ სფეროში მოსინჯოს საკუთარი შესაძლებლობები.

⇑⇓ ნანი გოდაძე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის პირველი კურსის დასრულების შემდეგ, სწავლას PECS University-ს ფიზიკის ფაკულტეტზე აგრძელებს. Stipendium hungaricum-ის ფონდის დაფინანსებით უნგრეთში სასწავლებლად გამგზავრებამდე, სტუდენტმა საქართველოშიც არაერთ წარმატებას მიაღწია: √ ოქროს მედალზე დაასრულა სკოლა; √ საქართველოს მასშტაბით, ყველაზე ახალგაზრდა უმაღლესი ფიზიკის მასწავლებელი გახდა; √ ჟურნალ „ფორბსმა“ მის მიღწევებს სტატია მიუძღვნა, „საქართველოს ბანკის“ სიუჟეტშიც მოხვდა. ცდილობს, რაც შეიძლება აქტიური და პროდუქტიული სტუდენტური წლები ჰქონდეს და ამისათვის ყველაფერს აკეთებს.

 

 

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები