IST ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მეთოდების გამოყენებით, თვალსაჩინო-პრაქტიკული საქმიანობის უნარ-ჩვევებისა და გამჭოლი კომპეტენციების განვითარება ხელოვნებისა და მუსიკის ინტეგრირებულ პროექტ-გაკვეთილზე მესამე კლასში
მზია სალაძე
სსიპ მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის №1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელი
2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმა გამოყოფს ცხრა პრიორიტეტულ კომპეტენციას, რომელთა შორის ერთ-ერთი სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციაა. იგი გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: შემოქმედებითობა, კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვ.
მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ მოსწავლე გაცილებით იოლად ინტერესდება საგნით, როცა ინფორმაციის მიწოდების ლექციური ფორმის ნაცვლად, ინტერაქციისთვის გამოყენებულია ინოვაციური მეთოდები, რომლებიც ხელს უწყობენ არა მარტო სააზროვნო უნარების გააქტიურებას, არამედ ცვლიან სასწავლო სამუშაოსაც, ხდება სასწავლო პარადიგმის მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია და გამრავალფეროვნება. ამიტომ, სწავლების შინაარსის გარდა, მასწავლებელმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს იმ ხერხებსა და მეთოდებს, რომლებიც მოსწავლეებს უფრო ადვილად და ხალისით აათვისებინებს შინაარსს და უვითარებს საზოგადოებაში დასამკვიდრებელ კომპეტენციებს.
ხელოვნების გაკვეთილების დაგეგმვისას ჩვენი მიზანია, ბავშვების აღქმითი უნარების შესაბამისად, გავაღვივოთ ინტერესი ხელოვნებისადმი, მუსიკისა და ხელოვნების გაკვეთილებისადმი, სისტემაში მოვიყვანოთ მათი შესაძლებლობები, შევუქმნათ წარმოდგენა სხვადასხვა ცხოვრებისეული მოვლენისა და ადამიანის შინაგანი სამყაროს შესახებ, რაც ესოდენ თავისებურ ასახვას პოულობს მუსიკალურ მხატვრულ სახეებში.
მოსწავლეს უნდა შეეძლოს არა მარტო მუსიკის მოსმენა და აღქმა, არამედ მისი დანახვაც. ამ მიზნით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინოვაციური მეთოდების გამოყენებას ხელოვნების და მუსიკის გაკვეთილებზე. ინოვაციური მეთოდებისათვის დამახასიათებელი მრავალფეროვნება განაპირობებს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას. ხარისხიანი გაკვეთილის ჩატარება ითხოვს ინოვაციური მეთოდების ეფექტურ გამოყენებას, მრავალფეროვან დავალებებს, ჯგუფურ სამუშაოებს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მოსწავლეთა სოციალური უნარების ძირეულ განვითარებას.
მეთოდი:
იმისათვის, რომ განმეხორციელებინა ინოვაციური მეთოდები პრაქტიკაში, მესამე კლასში დავგეგმე შემაჯამებელი ინტეგრირებული პროექტ-გაკვეთილი ხელოვნებასა და მუსიკაში. მუსიკა და ხელოვნება, კერძოდ მხატვრობა, ორი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული დარგია, რომელიც განსაკუთრებულ როლს თამაშობს ადამიანის ესთეტიკურ განვითარებაში. როგორც უდიდესი იტალიელი მხატვარი, მიქელანჯელო ბუონაროტი ამბობდა: „კარგი მხატვრობა — ეს მუსიკა, ეს მელოდიაა“. სწორედ ამ სიტყვებიდან გამომდინარე დავგეგმე გაკვეთილი, რომელზეც შევთავაზე მოსწავლეებს უკვე შესწავლილი კლასიკური მუსიკის ნიმუშების მხატვრობასთან დაკავშირება.
გაკვეთილის თემა იყო — „კარგი მხატვრობა — ეს მუსიკა, ეს მელოდიაა“. მოსწავლეებს ვთხოვე, მუსიკის გაკვეთილებზე მოსმენილი კლასიკური ნაწარმოებებიდან შერჩეული მელოდიები დაეკავშირებინათ სხვადასხვა მხატვრების იმ ნახატებთან, რომლებსაც ამ მელოდიის მოსმენისას წარმოიდგენდნენ. მოსწავლეებმა შეარჩიეს მელოდია და ხელოვნების მესამე კლასის პროგრამულ მასალაში შესწავლილი მხატვრების ნახატებს მიუსადაგეს. ასევე მოამზადეს ტექსტი და საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაციები გამართეს. შემდეგ კი, დახატეს მუსიკის მოსმენით შთაგონებული ნახატი, რომელშიც გადმოსცეს მუსიკით გამოწვეული განწყობილება და ემოცია — რას ხედავდნენ მუსიკაში.
გაკეთილის მსვლელობა:
- კლასი დავყავი ჯგუფებად, სულ 4 ჯგუფი. ჯგუფები დავაკომპლექტე სხვადასხვა შესაძლებლობებისა და უნარების მქონე მოსწავლეებისაგან, რათა მაქსიმალური ჩართულობა შეძლებოდა ყველა ბავშვს;
- ჯგუფებს უნდა შეერჩიათ მელოდია (მელოდიათა ჩამონათვალი ეწერა ფურცლებზე, მოსწავლეები შემთხვევითი შერჩევის წესით ირჩევდნენ დავალებას) და მოემზადებინათ მხატვრების ნახატების სლაიდ შოუ Power Point-ში, ასევე ტექსტი პრეზენტაციისათვის და გაეკეთებინათ ჯგუფის ნამუშევრის პრეზენტაცია;
- მელოდიის შესაბამისობა პრეზენტაციასთან;
- ეტიუდის რეგლამენტი — 5 წუთი. უნდა ჩაეხედათ „სულის სარკეში“ — სიტყვით, მუსიკით, ნახატით გადმოეცათ სათქმელი, რაც ხელს შეუწყობდა მოსწავლეთა ინტელექტის განვითარებას;
- უნდა გაეკეთებინათ პრეზენტაცია. პრეზენტაციასთან ერთად ევალებოდათ, დანართის სახით, გადმოეცათ ერთგვარი ანგარიში: ვინ რა საქმე შეასრულა, როგორ გაინაწილეს და გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას;
- მოსწავლეებს თავად უნდა შეეფასებინათ ჯგუფის პრეზენტაცია, მოწოდებული რუბრიკის მიხედვით.
შეფასების რუბრიკა:
ს.გ.III.1. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტი და პრინციპი ნამუშევრის შექმნისას.
ს.გ.III.4. მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის მეშვეობით.
ს.გ.III.6. მოსწავლეს შეუძლია მუშაობა ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.
ს.გ.III.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და გაუზიაროს თანაკლასელებს აზრი და იდეები.
ს.გ.III.12. მოსწავლეს შეუძლია ხელოვნების ნაწარმოების შინაარსის სხვა საგნებში განვლილ მასალასთან დაკავშირება.
მუს.III.7. მოსწავლეს შეუძლია საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების მიმართ. მუსიკით გამოწვეულ განწყობილებას, ემოციას გადმოსცემს ნახატში.
მუს.III.11. მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ მუსიკა გრძნობებისა და განწყობილებების გამოხატვის საშუალებაა.
პროცესის აღწერა:
პრეზენტაციების დაწყებამდე, გამოწვევის ფაზაში, მოსწავლეებთან ერთად ვისაუბრეთ, თუ რა კავშირში შეიძლება იყოს მხატვრობა მუსიკასთან. რას ვგრძნობთ, როდესაც ვუცქერით ნახატს. გვესმის თუ არა მუსიკის ჰანგები, როდესაც ვუყურებთ მხატვრის მიერ შესრულებულ ნამუშევარს.
ჯგუფების პრეზენტაციები:
პირველი ჯგუფი: პრეზენტაცია Power Point-ში, კომპიუტერისა და პროექტორის გამოყენებით. მუსიკით გაცოცხლებული ნახატები. სენ-სანსის საფორტეპიანო ფანტაზიით „ცხოველთა კარნავალი“ გაცოცხლებული ფიროსმანის ცხოველების ნახატები. პრეზენტაციას ერთვოდა ტექსტი.
მე-2 ჯგუფი: პრეზენტაცია Power Point-ში, კომპიუტერისა და პროექტორის გამოყენებით. მუსიკით გაცოცხლებული ნახატები. გრიგის „დილით“ გაცოცხლებული სხვადასხვა მხატვრის პეიზაჟები. პრეზენტაციას ერთვოდა ტექსტი.
მე-3 ჯგუფი: პრეზენტაცია Power Point-ში, კომპიუტერისა და პროექტორის გამოყენებით. მუსიკით გაცოცხლებული ნახატები. შოპენის ვალსი №7-ით გაცოცხლებული ბავშვები რენუარის ნახატებში. პრეზენტაციას ერთვოდა ტექსტი.
მე-4 ჯგუფი: პრეზენტაციაა Power Point-ში, კომპიუტერისა და პროექტორის გამოყენებით. მუსიკით გაცოცხლებული ნახატები. ბერლიოზის „ფანტასტიკური სიმფონიის“ ნაწილი1 Passions-ით გაცოცხლებული სხვადასხვა მხატვრის აბსტრაქტული ნახატები. პრეზენტაციას ერთვოდა ტექსტი.
პრეზენტაციების ბოლოს მოსწავლეებმა შეასრულეს ნახატები, პ. ჩაიკოვსკის „ყვავილების ვალსის“ თანხლებით. ნახატით გადმოსცეს ის, რაც ესმოდათ და ხედავდნენ მუსიკის მოსმენისას. აღწერეს შესრულებული ნახატები — რას ხედავდნენ, როდესაც უსმენდნენ მუსიკას.
შეფასება, შეჯამება: მოსწავლეებმა შეაფასეს ერთმანეთის პრეზენტაციები. მასწავლებელმა შეაფასა და შეაჯამა გაკვეთილი.
შედეგი:
ჯგუფურ მუშაობაში მოსწავლეთა ინიციატივასა და დამოუკიდებლობის ხარისხს ზრდის ინოვაციური მეთოდების გამოყენება. სწავლების ასეთი მეთოდების, მიდგომების გამოყენება მოსწავლეებში ავითარებს მონაცემთა შემოქმედებითად, ინოვაციურად წარდგენის უნარს. მოსწავლეებს უვითარდებათ სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია, რაც გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: შემოქმედებითობა, კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვ. როცა გვჭირდება იმის გარკვევა, თუ რა შედეგი მივიღეთ გაკვეთილზე ამ მეთოდის გამოყენებისას, ვიყენებ მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკას, შემდეგი კრიტერიუმებით:
- რამდენად ეფექტიანად იყო გამოყენებული ინოვაციური მეთოდები მოსწავლეების მიერ.
- რამდენად მივაღწიე დასახულ მიზანს.
- რამდენად ორგანიზებულად გამოვიყენე მოცემული მეთოდები გაკვეთილზე.
- რამდენად საინტერესო და სახალისოა ამ მეთოდის გამოყენება სასწავლო პროცესში.
რუბრიკის მიხედვით მეთოდის შეფასება გვიჩვენებს, რომ მოსწავლეებმა სწავლებაში ინოვაცია ეფექტურად გამოიყენეს. ჩვენი მიზანიც ხომ ეს იყო — ბავშვებში, მათი აღქმითი უნარების შესაბამისად, გაგვეღვივებინა ინტერესი ხელოვნებისადმი, მუსიკისადმი, ხელოვნებისა და მუსიკის გაკვეთილებისადმი. სისტემაში მოგვეყვანა მათი შესაძლებლობები, გამოემუშავებინათ ჯგუფებში მუშაობის ჩვევა, განევითარებინათ საპრეზენტაციო უნარები.
დასკვნა:
ცნობილია, რომ მოსწავლე ყველაზე უკეთ მაშინ სწავლობს, როცა აქტიური და ქმედითია, და არა მაშინ, როცა აქტიურ და ქმედით მასწავლებელს უყურებს. ასეთი ინოვაციური მიდგომით შესაძლებელი იქნება, კლასის ყველა მოსწავლე ჩაერთოს მუშაობაში, შეძლოს საკუთარი თავის რეალიზება და გამოამჟღავნოს საკუთარი შესაძლებლობა.
ამრიგად, მიზანი მიღწეულია. დარწმუნებული ვარ, ბავშვებს არ დაავიწყდებათ ეს მასალა. ვფიქრობ, ღირს საგანმანათლებლო გამოცდილების ნუსხას ეს ინოვაციური მეთოდი შევმატოთ, რათა გაგვიადვილდეს სტრუქტურირებული, საქმიანი გაკვეთილის დაგეგმვა.
გამოყენებული ლიტერატურა:
- „სწავლა და შეფასება“, დამხმარე სახელმძღვანელო;
- „მუსიკა“, „ხელოვნება“, ე.ს.გ. სტანდარტი;
- ტრენინგებზე მოწოდებული მასალები;
- ს.ლობჟანიძე, როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ პროექტ-გაკვეთილი
http://mastsavlebeli.ge/uploads/portfolio/sofiko_lobjanize_2.pdf