28 სექტემბერი, ოთხშაბათი, 2022

IOAA-2022-ზე საქართველოს ნაკრების წევრებმა მედალი მოიპოვეს – ქუთაისის საერთაშორისო  უნივერსიტეტმა ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა

spot_img

ქუთაისის ოპერის თეატრში ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება და საზეიმო დახურვა გაიმართა. ღონისძიებაზე ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელი  ახალგაზრდები გამოვლინდნენ.  ასევე დასახელდნენ საპატიო სიგელის მფლობელები და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები.

ოქროს მედლის მფლობელები ბრაზილიის, ბულგარეთის, კანადის გერმანიის, ინდოეთის, ირანის, ყაზახეთის, კორეის, რუმინეთის, სინგაპურისა და აშშ-ის წარმომადგენლები გახდნენ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი თეორიულ ასტროფიზიკაში კანადელ იეჰუნ ჰუს , ხოლო საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური  ობსერვატორიის სპეციალური პრიზი დაკვირვებით ასტრონომიაში კი ინდოეთის წარმომადგენელს გადაეცა.

ოლიმპიადა წარმატებით დაასრულა საქართველოს ნაკრებმა. ორი ქართველი მონაწილე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ორს კი საპატიო სიგელი გადაეცა.

,,ძალიან გვიხარია, რომ ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე  საქართველოს ნაკრებმა მიაღწია განსაკუთრებულ წარმატებას. ნაკრების ხუთი წევრიდან ოთხმა აიღო სპეციალური ჯილდო. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოლიმპიადა მასპინძლობს საქართველო. იმედი გვაქვს, ასეთი ღონისძიებები ახალგაზრდებს  პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება.“-აღნიშნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.

,,შეჯამდა ოლიმპიადის გავლილი ყველა აქტივობა. დაჯილდოვდნენ საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მხრიდან ღონისძიების ორგანიზებამ ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.“-განაცხადა ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა  გიორგი ხომერიკმა.

ასტრონომიისა და ასტროფიზიის საერთაშორისო ოლიმპიადას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. მასში მონაწილეობა მიიღო 250 ახალგაზრდამ მსოფლიოს 46 ქვეყნიდან.  დამამთავრებელი კლასების წარმატებულმა მოსწავლეებმა, სხვადასხვა სირთულის ამოცანებზე ერთი კვირის განმავლობაში იმუშავეს.

IOAA-ს მთავარი მიზანია ასტრონომიისა და მასთან დაკავშირებული STEM საგნების მიმართ მზარდი ინტერესის ხელშეწყობა, განსაკუთრებით ახალგაზრდების განათლების გზით და სხვადასხვა ქვეყნებს შორის საერთაშორისო კონტაქტების ჩამოყალიბებისა და სკოლებში ასტრონომიისა და ასტროფიზიკის პოპულარიზაციის მიზნით.

ოლიმპიადის მხარდამჭერები არიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები