მაკა ყიფიანი
წლევანდელი ზაფხული განსაკუთრებით მძიმე და დატვირთული იყო იმ უმაღლესი სასწავლებლებისთვის, რომლებსაც 2018-2019 წლებში ამოეწურათ ან ეწურებოდათ 6-წლიანი ავტორიზაციის პერიოდი. ამჯერად პროცესებში საერთაშორისო ექსპერტებიც მონაწილეობდნენ და მნიშვნელოვანია, რომ 12-მა უმაღლესმა სასწავლებელმა ავტორიზაცია უპრობლემოდ მიიღო, მათ შორის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმაც, რომელსაც მოგვიანებით, თითქოსდა საბიუჯეტო დავალიანების გამო, საბჭოს გადაწყვეტილებით, ერთი წლით აეკრძალა პირველკურსელთა მიღება.
საზოგადოებისთვის ცნობილია უნივერსიტეტის პოზიცია — ისინი მიზანმიმართულ და უსამართლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებენ მომხდარს. საპროტესტო გამოსვლებს მართავენ სტუდენტები. ახლა, როცა ყველანი სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გახდა ცნობილი, ავტორიზაციის ვადის 2020 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელების შესახებ, რასაც განათლების ექსპერტთა უარყოფითი შეფასებები მოჰყვა, თუმცა, ეს სხვა თემაა და მას სხვა დროს დავუბრუნდებით, ახლა მთავარი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ირგვლივ განვითარებული მოვლენებია და კიდევ ერთხელ მოვისმენთ უნივერსიტეტის წარმომადგენელთა არგუმენტებს, რის საფუძველზე აფასებენ უსამართლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებად საბჭოს მიერ გამოტანილ ვერდიქტს. ჩვენი თხოვნის მიუხედავად, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან კომენტარი არავინ გააკეთა, რადგან დირექტორი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან; თავი შეიკავეს ავტორიზაციის საბჭოშიც, თუმცა პირად საუბარში აღნიშნავენ, რომ „პროცესი არასასურველად წარიმართა, ისე არა როგორც დაგეგმილი იყო“. რა იგულისხმება კონკრეტულად ამ სიტყვების მიღმა მხოლოდ მას შემდეგ ისაუბრებენ (ეს პირობა საბჭოს თავმჯდომარემ მოგვცა), როცა ყველაფერში გაერკვევიან.
ახლა კი უნივერსიტეტის წარმომადგენლების პასუხებს გთავაზობთ.
ზვიად ფიფია, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი: „ჩვენი პოზიცია ის არის, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება სრულიად უსამართლო, აბსოლუტურად არალოგიკური და არარელევანტურია. ამ გადაწყვეტილებით, შეზღუდვა არა მარტო პირველკურსელებს, არამედ სამივე საფეხურს ეხება — დოქტორანტებს, მაგისტრებს, ასევე მობილობით მოსარგებლე პირებს. ფაქტობრივად, წელს ჩვენ ვერ შევძელით ვერცერთი ახალი სტუდენტის მიღება. მოვითხოვთ, რომ რაც შეიძლება შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს გადაწყვეტილების გადახედვა, გაუქმება და შესაბამისად, აღგვიდგეს ის უფლებები, რაც საბჭოს მიერ უსამართლოდ ჩამოგვერთვა. ვფიქრობ, უნდა დაუშვან გამონაკლისი, რათა გამოცხადდეს რიგგარეშე მობილობა და დაგვიბრუნონ ყველა ის აწ უკვე სტუდენტი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ვისაც ამის სურვილი ჰქონდა და დღესაც აქვს. იმედია, ასეთ შემთხვევაში ყველა სტუდენტს დავიბრუნებთ უკან.
უნივერსიტეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დაკისრებულ ყველა, შვიდივე, სტანდარტს აკმაყოფილებს, მათთან მიმართებაში საბჭოს, პრინციპში, პრეტენზია არც ჰქონია. ერთ-ერთი სტანდარტი იყო, რომელიც ეხებოდა მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და ინფრასტრუქტურას, შენობებს და ა.შ. სწორედ ამ მიმართულებით განხორციელდა შეტევა, პირდაპირი მნიშვნელობით. ჩვენ 1995 წლიდან ვახორციელებთ სასწავლო პროცესს და ამ მხრივ, არცერთ ეტაპზე, არ შეგვქმნია არანაირი პრობლემა. პირიქით, ყადაღის ფონზე, რომელიც 2013 წელს დაგვეკისრა, უნივერსიტეტმა მოახერხა ის, რომ წლიდან წლამდე ჰქონდა უკეთესი და უკეთესი შედეგი, ყოველწლიურად ვითარდებოდა. რაიმე ტიპის რეგრესს უნივერსიტეტში ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად, არგუმენტები, რომ შეიძლება ყოფილიყო რაიმე ტიპის შემაფერხებელი გარემოება, არ ჩაითვლება სერიოზულ არგუმენტად. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ კომისიის წევრებმა, რომლებიც იკვლევდნენ უნივერსიტეტში არსებულ ვითარებას, საგანმანათლებლო თუ ფინანსური კუთხით, უნივერსიტეტის მიერ აღებული ყველა ვალდებულება დადებითად შეაფასეს. ისინი ცალსახად აცხადებდნენ, რომ უნივერსიტეტს არანაირი ფინანსური დაბრკოლება არ ჰქონდა. იმ გარემოებას, რომ უნივერსიტეტს დავა აქვს სასამართლოში, სტანდარტებთან კავშირი ნამდვილად არ აქვს. უნივერსიტეტებს, ისევე როგორც სხვადასხვა ბიზნესორგანიზაციებს აქვთ სხვადასხვა ტიპის ვალდებულებები, მათ შორის, აღიარებული ვალდებულებები. ეს ნორმალურია. უნივერსიტეტი იღებს სესხს იმისთვის, რომ განავითაროს ინფრასტრუქტურა და ა.შ. ეს ჩვეულებრივი ბიზნეს პროცესია და ამის მაგალითია უამრავი უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში. რატომღაც ცენტრმა გადაწყვიტა, რომ შეიძლება იყოს პოტენციური დაბრკოლება უნივერსიტეტის განვითარებისთვის, რაც სრული აბსურდია და საერთოდ, ვფიქრობ, მთელი ეს პროცესი სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება, საქმე გვაქვს გარკვეულ რეკეტთან და ფინანსურ გამოძალვასთან. ხარისხის განვითარების ცენტრის ფუნქცია ორგანიზაციებიდან თანხების ამოღება ნამდვილად არ არის. მათი თითოეული ქმედება მიმართული უნდა იყოს უნივერსიტეტის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ და არა დრაკონული რეგულაციების გატარებისკენ. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, ყველა ნორმის გათვალისწინებით, გაფრთხილება მოეცათ ჩვენთვის ან გარკვეული ვადები ამ თანხების გასტუმრებისათვის. ასეთი ფორმა, მათი მხრიდან, მისაღები იქნებოდა, შევეცდებოდით ეს საკითხი დღის წესრიგიდან დროულად მოგვეხსნა. მათ ეს არ გაითვალისწინეს და რეგისტრაციამდე ორი დღით ადრე გამოაქვეყნეს ინფორმაცია. ამით აბიტურიენტებს და უნივერსიტეტს საკმაოდ სერიოზული დარტყმა მოგვაყენეს, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი შოკი იყო. შედეგი, რაც დღემდე უნივერსიტეტმა მოიტანა, უზარმაზარი შრომის ნაყოფია, რაშიც ჩართულია უამრავი ადამიანური და ფინანსური რესურსი. გარდა ამისა, შეილახა აბიტურიენტების უფლებები, ფინანსური თვალსაზრისითაც ორმაგად დავზარალდით — 800 აბიტურიენტის მისაღებად ხომ სერიოზული ხარჯი გავწიეთ! მიუხედავად ყველაფრისა უნივერსიტეტი აგრძელებს მუშაობას, სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ვინაიდან საბჭომ, ამავე სხდომაზე, 6 წლით მოგვანიჭა ავტორიზაცია, ეს იმაზე მეტყველებს, რომ სხვა, განსაკუთრებული პრეტენზიები, გარდა ფინანსური საკითხისა, მას არ ჰქონდა, რაც დასკვნაშიც კარგად ჩანს. აქ გარკვეული რეკომენდაციებია, რომელიც ეხება, მაგალითად, ლექტორების საათობრივ დატვირთვას, ტექნიკურ საკითხებს და ა.შ. ერთ-ერთ ინტერვიუში, საბჭოს თავმჯდომარის პასუხიდან აშკარად ჩანს, რომ ამ ადამიანებმა კარგად არც იცოდნენ რას უყრიდნენ კენჭს, მათ რატომღაც ეგონათ, ვინაიდან უნივერსიტეტის ქონება დაყადაღებული იყო, არ გავცემდით ხელფასებს, არ ვუშვებდით სტუდენტებს გაცვლით პროგრამებზე, არ ვაფინანსებდით სხვადასხვა პროგრამებს… არ ვიცი, ისინი განზრახ იყვნენ შეცდომაში შეყვანილი თუ სხვა მოტივები ამოძრავებდათ. ფაქტია, რომ გადაწყეტილების მიღებისას საბჭოს წევრები არ იყვნენ სათანადოდ ინფორმირებულები, რამაც განუზომლად დიდი ზიანი მოგვაყენა. თუმცა, მოკლევადიან პერსპექტივაში ფინანსურად უნივერსიტეტს არაფერი ემუქრება, მაგრამ თუ ეს გაგრძელდება 1-2 წელი, რა თქმა უნდა, ლიკვიდაციისკენ წავალთ.
ამერიკელი ექსპერტები დაინტერესდნენ ამ საქმით და ჩამოვიდნენ საქართველოში. ვფიქრობ, ეს წინაპირობაა იმისა, რომ სამართლიანობა, ადრე თუ გვიან, აღდგება. ექსპერტებს შეხვედრა ჰქონდათ განათლების სფეროს წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან, პარლამენტარებთან… იმედი გვაქვს, ისინი მიიღებენ სრულ ინფორმაციას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და მათი დასკვნა შედეგიანი იქნება“.
დიანა მჭედლიშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი: „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საბჭოში შევიტანეთ საჩივარი, სადაც სამ რამეზე ვაკეთებთ აქცენტს — პირველი არის ის, რომ ავტორიზაციის საბჭომ 20 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება — ერთი წლით შეგვიზღუდა პირველკურსელების მიღება, რაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს უნივერსიტეტს და შეაფერხებს მის შემდგომ განვითარებას.
მეორე — აქცენტი კეთდება თავად პროცედურის დარღვევაზე. მოგეხსენებათ, ავტორიზაციის საბჭო საჯარო განხილვას მოიაზრებს თავის ფორმატში. როდესაც გადაწყვეტილება მიიღეს, ანუ უარყოფითი კუთხით წარიმართა მსჯელობა უნივერსიტეტის შესახებ, არც ჩვენ და არც ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს არ მიგვიღია მონაწილეობა, რითაც შეგვეზღუდა ჩვენი პოზიციის გამოხატვის საშუალება. გამოცხადდა ერთსაათიანი შესვენება და სწორედ ამ ერთი საათის განმავლობაში, დახურულ კარს მიღმა იმსჯელეს. ავტორიზაციის დასკვნაშიც კი წერია, რომ ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ მივიღეთ ეს გადაწყვეტილებაო.
მესამე — ჩვენ ავტორიზაციით წარდგენილი გვქონდა 3500 ადგილზე მოთხოვნა, დადასტურებული გარკვეული ფორმულით, რაც ითვალისწინებდა სხვადასხვა კრიტერიუმებს (ადამიანური და მატერიალური რესურსები, პროგრამების რაოდენობა, ჩარიცხვების დინამიკა, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი და სხვ). ფორმულა რომ მისაღები იყო, ავტორიზაციის ერთ-ერთმა ექსპერტმა — მურთაზ კვირკვაიამ საბჭოს სხდომაზე განაცხადა — ფორმულა ლოგიკურია, უბრალოდ, რაც შეიძლება მეტ ადმინისტრაციულ პერსონალს გააცანითო — ეს იყო რეკომენდაცია. გარდა ამისა დავასაბუთეთ, რომ ამ ადგილების უზრუნველყოფა მარტო მატერიალურად და ადამიანური რესურსით კი არ შეგვეძლო, არამედ გვჭირდებოდა კიდეც, კერძოდ, ვისაუბრეთ იმაზე, რომ მაგისტრატურის, ბაკალავრიატის, მობილობის გამოცხადებაზე, რაც სტუდენტთა უფლებების ხელშემწყობია, ადგილების ეს რაოდენობა ნამდვილად გვჭირდებოდა. ამაზე მათ საწინააღმდეგო მოსაზრება არ გამოუთქვამთ. თუმცა დასკვნაში წერია, რომ ავტორიზაციის საბჭომ კენჭისყრაზე 2500 ადგილი დააყენა, რაც აქამდე გვქონდა. საქმე იმაშია, რომ ეს საკითხი კენჭისყრაზე საერთოდ არ დამდგარა. ამის დასტურად არსებობს სხდომის ვიდეოჩანაწერი.
რაც შეეხება დაკისრებულ თანხას, აბსოლუტურად უსამართლოა, ეს არ არის აღიარებული ვალი. რაიმე ტიპის სერიოზული გადაცდომა არ გვქონია და ქვეყნის ბიუჯეტი არ დაზარალებულა. რა გადასახადიც გვქონდა, გადახდილია. რეალურად, ჩვენ გვედავებიან ერთხელ გადახდილ თანხას. ჯერ გადამხდელად უნდა დარეგისტრირებულიყო უნივერსიტეტი და მერე გადაეხადა გადასახადი. მოხდა პროცედურული დარღვევა — ჯერ განხორციელდა გადახდა და მერე მოხდა დარეგისტრირება. თანხა უკან კი არ დაბრუნდა, უბრალოდ არ ჩაითვალა, ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში დარჩა. საინტერესო ის იყო, რომ ქალბატონი თამარ სანიკიძე ამბობდა, ქვეყანას გადასახადებს უმალავენო, ამ დროს ეს ასე არ იყო. ჯერ სასამართლო პროცესი დასრულებული არ არის და დავა ამ ეტაპზეც გრძელდება.
ჩვენი უნივერსიტეტი ხარისხსა და განვითარებაზეა ორიენტირებული. ეს ერთხმად აღიარეს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა და მისმა თავმჯდომარემ, ენდი გიბსმა. „50-ამდე უნივერსიტეტი მაქვს შემოწმებული და იშვიათად თუ მინახავს უნივერსიტეტი, რომელსაც ასეთი ბედნიერი სტუდენტები და თანამშრომლები ჰყავს“ — განაცხადა ცენტრის მიერ მოწვეულმა უცხოელმა ექსპერტმა“.