27 აპრილი, შაბათი, 2024

ვინ ან რა იქნება მომავლის ლიტერატურის პერსონაჟი? და დასჭირდება თუ არა ამ პერსონაჟს სიტყვები? მომავლის ტელეფონი გვიჩვენებს ⇒ დავით ქართველიშვილი

spot_img

თემა – და ცოტა მომავალიც 

თემა – კითხვა აქტივობაა, ერთი შეხედვით პასიური, რადგან ადამიანი კითხვისას, ძირითადად, უძრავ, მჯდომიარე მდგომარეობაშია, თუმცა კითხვისას გააქტიურებულია თვალები და გონება, ასე რომ კითხვა აქტივობაა, ისევე როგორც ჭადრაკი – სპორტი. კითხვა შეგვიძლია დავყოთ ორ ძირითად სახეობად: 1. როდესაც კითხვა ადამიანის პროფესიული საქმიანობის ნაწილია, აქ მოიაზრება ყველა სახის ბიუროკრატიული და ბიზნეს საქმიანობა და 2. კითხვა თავშესაქცევად, ინტელექტუალურ-ესთეტიკური ცოდნის გასაღრმავებლად. აქ მოიაზრება. ყველა სახის ჟურნალ-გაზეთები, ონლაინ პოსტები და მხატვრული ან სამეცნიერო ტექსტები. პირველ შემთხვევაში, მთავარია რა, მეორეში – როგორ. ოდნავ განვავრცოთ: ე.წ. ოფიციალურ-ბიუროკრატიულ-საფინანსო დოკუმენტებში მთავარი შინაარსია, ერთადერთი, რაც ამ სახის დოკუმენტაციის შემდგენელს ევალება, არის გრამატიკული ნორმების დაცვა და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება პოტენციური (რომელიც ძირითადად კონკრეტულია) მკითხველისათვის. განსხვავებით ამ კატეგორიის დოკუმენტაციისაგან, ე.წ. მხატვრული ტექსტის უმთავრესი ღირებულება და დანიშნულებაც მისი მხატვრულობაა, რაც ძალიან ხშირად სწორედაც რომ არსებული გრამატიკული, ე.წ. ოფიციალური ენის ნორმების წინააღმდეგ წასვლას გარდაუვლად აქცევს, ჟარგონი, ბარბარიზმები, უცენზურო სიტყვები ამ აუცილებლობის ყველაზე თვალშისაცემი ხერხებია, თუმცა არა ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული, რა არის უმთავრესი? პირადად ჩემი აზრით, ავტორის (რომელიც მოკვდა, შემდეგ გაცოცხლდა და უკვე სიკვდილგამოვლილი აგრძელებს წერას) მთავარი მიზანი არსებული სინტაქსის და პუნქტუაციიის გადააზრებაა, რამდენად შესაძლებელია ასეთი ტექსტი გახდეს კომერციული, არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა სტატისტიკურად ეს თითქმის გამორიცხულია, რადგან კომერციულ ლიტერატურაში, როგორც ოფიციალურ-ბიუროკრატიულ-საფინანსო ქაღალდებში, მთავარი სწორედაც რომ მნიშვნელოვანი არის: რა და არა როგორ, ასე რომ, რაღაცის გაგებით და დიდი სამართლით ე.წ. ბელეტრისტიკა უფრო პირველი კატეგორიის კუთვნილებაა.

თემის გაშლა

თანამედროვე მსოფლიო გადატვირთულია ტექსტებით. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ნებისმიერი სახის ტექსტს. და ჩვენ (გვიწევს ხანაც ნებით) ვკითხულობთ. ამას ემატება ის, რომ თანამედროვე ადამიანმა (გამონაკლისი ინგლისურენოვანი სამყაროს შვილები არიან) ერთ ენაზე მეტი იცის და აქედან გამომდინარე, კითხვის პროცესში, მინიმუმ და ხშირად, უფრო მეტ ენას იყენებს. ენა, პირველ რიგში (ეს ჩემი პირადი აზრია), ინსტრუმენტია და მწერალი მის მაქსიმალურად გამარტივებას უნდა ცდილობდეს, თუმცა ენის გამარტივების ეს პროცესი არანაირად არ გულისხმობს ენის გამდარებას ან მის გაპრიმიტიულებას, პირიქით: მწერალს ენის გასამარტივებლად, პირველ რიგში, სწორედაც რომ მისი საფუძვლიანი ცოდნა სჭირდება, თუმცა ცოდნა არ არის ფლობის სრული გარანტია, ცოდნა მხოლოდ წინ გადადგმული ნაბიჯია.

თემის შეკვეცა

საშუალო სტატისტიკური ადამიანი, რა თქმა უნდა, ფიზიკურად არ არსებობის, თუმცა ასეთი ადამიანი არსებობს როგორც ხერხი, რომელიც აადვილებს მსჯელობას, და ვიყენებ რა ამ ხერხს, ვსვამ შეკითხვას, რას კითხულობს დღეს ეს საშუალო, ფიზიკურად არ არსებული, სტატისტიკური ადამიანი. რა თქმა უნდა, არაფერს განსაკუთრებულს: ახლობლების მესიჯებს, ინფოებს, პოსტებს, სამსახურის დოკუმენტებს და ხანდახან ე.წ. მხატვრულ ლიტერატურასაც, ძირითადად, მის ყველაზე მსუბუქ ნაწილს: ბელეტრისტიკას.

თემის გაცხადება

რა საჭიროა მხატვრული ლიტერატურის კითხვა, ჩვენ ვიცით, რომ ადამიანების უმრავლესობა არ კითხულობს (და არც არასდროს კითხულობდა) მხატვრულ ლიტერატურას, ყოველგავარი კარცერ-ლუქცების შექმნა, ჩემი ღრმა რწმენით, კატასტროფულად შეამცირებს ისედაც კატასტროფულად მცირე მკითხველთა ჯგუფს. მხატვრული ლიტერატურის კითხვა სიამოვნებისა და გართობის სახეობაა და მას არანაირი სხვა დანიშნულება არ აქვს. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ძალიან სუბიექტური აზრია, მე არ ვარ წინააღმდეგი სკოლებში ლიტერატურის შესწავლის, თუმცა შესასწავლი მასალის შერჩევა უნდა ხდებოდეს არა პოლიტიკური ანდა ეროვნულ პატრიოტული გრძნობებით, არამედ ბავშვისთვის მისაწვდომი ესთეტიკის გათვალისწინებით.

სკოლა კლასიკური ლიტერატურის შეძულების ყველაზე მძლავრი იარაღია.

და ცოტა მომავალიც

წიგნი თითქმის მოსრულებული ფორმატია, მათ შორის ელექტრონული წიგნების საკითხავი დანადგარებიც. ლიტერატურა გადადის ტელეფონში, ეს რა თქმა უნდა გარდაუვლად ცვლის ლიტერატურულ სტილს. თანამედროვე მსოფლიოში ბევრი ძალიან კარგი მწერალია, მაგრამ მათ შორის ცოტაა თანამედროვე, მწერალი, რომელიც გრძნობს დროს. ეს ასე იყო ყოველთვის, მაგრამ ფორმატის შეუქცევადი ცვლილება თითქმის შეუძლებელს ხდის ე.წ. ტრადიციული სტილით დაწერილი ტექსტების წაკითხვას. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მხატვრულმა პერსონაჟებმა დაიწყეს სახელების და თვისებების დაკარგვა, მეოცე საუკუნის შუიდან, პერსონაჟებად, ობიექტებმა ჩაანაცვლეს სუბიექტები, შემდეგ, 70-იანი წლების ბოლოდან, ლიტერატურაში სუბიექტები დაბრუნდნენ, მაგრამ უკვე როგორც ობიექტები. დღეს უკვე ესეც დასრულდა. ვინ ან რა იქნება მომავლის ლიტერატურის პერსონაჟი? და დასჭირდება თუ არა ამ პერსონაჟს სიტყვები? მომავლის ტელეფონი გვიჩვენებს.

დავით ქართველიშვილი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები