21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

მაას, შეიძლება ჩაგეხუტოთ?

spot_img

ზარი დაირეკა… გაკვეთილი მეხუთე კლასში მაქვს. სულ ორი ნაბიჯიც და კართან ვარ, კართან, რომელიც თითქმის ერთი წელია არ შემიღია

დიახ, თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მოულოდნელი და დიდი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით – მივატოვეთ საკლასო ოთახები და საკუთარ სახლებში შეყუჟულები დავემალეთ უხილავ მტერს. ჩემსა და ჩემს პატარებს შორის კი ერთადერთ დამაკავშირებელ ძალად ინტერნეტი იქცა. სახლიდანაც საგულდაგულოდ ვემზადებოდი მათთან შესახვედრად. ნაბიჯ-ნაბიჯ, ერთად ვსწავლობდით ონლაინ პლატფორმის გამოყენებას. ვმეცადინეობდით მშობლების, ბებია-ბაბუების თანდასწრებითაც კი, ვთამამდებოდით, ვიხსნიდით კომპლექსებს.

 

– მას, ინტერნეტი ჭედავდა და ვერ გავიგე…

– მას, გუშინ მთელი დღე ჩემი ძმა იყო კომპიუტერთან…

– მას, მგონი დედიკოს დაავიწყდა დავალების გადმოგზავნა…

– მას, ნახეთ, დღეს ყველამ ყველაფერი კარგად ვიცოდით…

თანდათან ავეწყეთ, დავლაგდით. აღარავინ იგვიანებდა, ყველას დავალება გამოგზავნილი იყო, აღარც „ინტერნეტი გვიჭედავდა“ და ბაბუებსაც მობეზრდათ ჩვენი მოსმენა . თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, თუმცა გაქრა, დაგვეკარგა ყველაზე მთავარი…

შარშან, შაბათ-კვირის ან არდადეგების შემდეგ, ყოველთვის ,,სურპრიზს“ მიწყობდნენ – ააჭრელებდნენ დაფას „თამუნა მას, გვენატრებოდით“, „მაას, მიყვარხართ“ და კიდევ ბევრს რამეს წერდნენ თავიანთი პატარა ხელებით. შევდიოდი კლასში, წავიკითხავდი ყველაფერს და „გაოცებით“ ვიკითხავდი: – ნეტავ სად არიან ჩემი თაგუნიები? და ატყდებოდა უცებ ფუსფუსი, ზოგი მერხის ქვეშიდან გამოძვრებოდა, ზოგი სკამის… ზოგი კარადის უკან იყო და ზოგიც ფარდას იფარებდა… – „სურპრიიიზ“ – დაიძახებდნენ და ერთმანეთს ასწრებდნენ, ვინ წინ მოირბენდა და ვინ მაგრად ჩამეხუტებოდა. ეს ერთი წლის წინ… და ახლა? ახლა ერთი წელია ერთმანეთი არ გვინახავს. რა უნდა ვქნა, თუ ისევ მოინდომეს თავიანთი „სურპრიზი?“ როგორ ვუთხრა ბავშვს, რომ ახლა ჩახუტება არ შეიძლება? რაღაცნაირად, ღელვით, ხელის კანკალით ვაღებ კარს და… სხედან ჩუმად, ყველა თავის ადგილზე, სერიოზული, უცებ გაზრდილი უკვე დიდი ადამიანები, პატარა ცხვირები შეუმალავთ პირბადეებში, მხოლოდ თვალებში უთამაშებთ ისევ საყვარელი ეშმაკუნები.

დაფა სუფთაა…

ღონეგამოცლილი მივდივარ ჩემს მაგიდასთან, თითქოს ამ ერთი წლის სიმძიმე მოულოდნელად დამაწვა მხრებზე. ვაკვირდები ნაცნობ საკლასო ოთახს, ნაცნობ პატარა ხელებს, ციმციმა თვალებს… ყველაფერი თითქოს ისევ ისეა, როგორც დავტოვეთ, მაგრამ არის რაღაც, რაღაც დიდი და ძალიან ცივი მერხებს შორის, ჩემსა და მათ შორის. რა დაადნობს ამ ყინულს? დადნება კი? ნუთუ არ არსებობს ჯადოსნური ჯოხი, რომელიც გასული წლის დანატოვარ სიცივეს უკვალოდ წაშლის?

ჩუმად, ფეხაკრეფით მივდივარ დაფასთან და დიდი, ვარდისფერი ცარცით ვიწყებ წერას:

სურპრიიზ!

როგორ მენატრებოდით ჩემო თაგუნიებო,

უკვე ისეთი მაღლები და სერიოზულები ხართ.

მიყვარხართ, ძალიან, ძალიან მიყვარხართ!

კლასისკენ ვბრუნდები. ვხედავ, როგორ ბედნიერად იღიმიან პირბადის ქვეშ, როგორ უციმციმებთ თვალები და…

– მაას, შეიძლება ჩაგეხუტოთ?

მალე… ძალიან მალე…

თამუნა ესიტაშვილი

წმინდა ბარბარეს სახელობის სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები