4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

დღეს უტოპია გვგონია იმაზე ფიქრი, რომ სპორტს ცალკე სამინისტროდ ჩამოაყალიბებენ

spot_img

ახალშეკრებილი პარლამენტი დღეიდან ახალი მთავრობის დამტკიცებას შეუდგა, ამ პროცესს კი, დაასწრო ხმებმა სტრუქტურული ცვლილებების შესახებ. თუმცა, ეს ხმები მთლად ჭორების დონეზეც არაა იმის გათვალისწინებით, რომ რეფორმა პირველ ვიცე-სპიკერად შეგულებულმა გია ვოლსკიმაც დაადასტურა. საუბარია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის სფეროს გამოყოფაზე. თავის დროზე, ამ გაერთიანებაში კულტურის სფეროს შეყვანა რომ შეცდომა იყო, ეს ვოლსკიმაც დაადასტურა.

ამდენად, ამ უდიდესი და მართლაც ამორფული სამთავრობო კონგლომერატის დაშლა გადაწყვეტილია, თუმცა არაა ცნობილი სპორტის ბედი – მასაც კულტურას გააყოლებენ ახალ სამინისტროში თუ ისევ ძველ გაერთიანებაში დატოვებენ.

ჩვენი ინფორმაციით, ამ სამინისტროსგან კულტურის სფეროს გამოყოფა დღის წესრიგში ჯერ კიდევ ადრე გაზაფხულზე დადგა, თუმცა პანდემიამ ეს თემაც, დანარჩენ მსოფლიოსავით, მიაძინა და მოხსნა დღის წესრიგიდან.

ვნახოთ, რა იქნება ამჯერად. რაკი მთავრობა სტრუქტურულ ცვლილებებზე მიდის, ალბათ, აჯობებს, კულტურას სპორტიც გააყოლონ და მასთან გააერთიანონ ახალ სამინისტროში – დღეს უტოპია გვგონია იმაზე ფიქრი, რომ სპორტს ცალკე სამინისტროდ ჩამოაყალიბებენ. ამ პირობებში, დღევანდელზე გაცილებით უკეთესი ვარიანტი კულტურასთან გაერთიანება იქნება, თორემ დღევანდელი უზარმაზარი სამინისტრო, რომელიც ოთხ სფეროს აერთიანებს, სათანადოდ, როგორც ჩანს, ვერც ერთ სფეროს ვერ უვლის – ამას გარკვეული მაგალითების გარდა, ისიც გვაფიქრებინებს, რომ თავადაც აღიარეს შეცდომად ერთ სფეროდ გაერთიანება. თანაც, სპორტი კულტურასთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე განათლებასა და მეცნიერებასთან. დასავლური სამყარო სპორტს სწორედ კულტურის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს და ბევრ ქვეყანაში ეს ორი სფერო გაერთიანებულია. მართალია, სპორტი საგანმანათლებლო სფეროებშიცაა, სკოლებშიც და უმაღლეს სასწავლებლებშიც, მაგრამ მათი ფუნქცია-ვალდებულებები გასხვავებულია – სასწავლო დაწესებულებებში მთავარი მიზანი საფუძვლიანი განათლების მიღებაა და არა მაღალი მიღწევების სპორტი, ჩვენში ჯერაც პროფესიულ სპორტს რომ ვეძახით. სკოლების თუ სკოლამდელი სასწავლო დაწესებულებებისთვის სპორტი აუცილებელია ბავშვობიდანვე ჯანსაღი ცხოვრების წესის დასანერგად, ჯანმრთელი თაობის აღსაზრდელად, რადგან ჯანსაღი თაობა ავტომატურად ნიშნავს ქვეყნის თავდაცვისუნარიან მოქალაქეს და სოციალურ დაცვაში დაზოგილ თანხებს – ჯანმრთელ ადამიანს არ სჭირდება იმდენი მკურნალობა, წამლები და სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციები. თუმცა, მთავარი დივიდენდი მაინც ჯანსაღი გენოფონდი და თავდაცვისუნარიანი მოქალაქეა. განათლების სფეროს სპორტი ამ დონეზე ნამდვილად მოეთხოვება, მაგრამ არა მაღალი მიღწევების დონეზე, მისი მთავარი დანიშნულება მაინც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღებაა.

შედარებით განსხვავებული მდგომარეობაა საუნივერსიტეტო სპორტში, რომელიც გარდამავალი ეტაპია, სასწავლო დაწესებულებიდან მაღალი მიღწევების სპორტამდე, რადგან ნამდვილად აძლევს შევსებას მაღალი მიღწევების სპორტს (იდეაში – ამისთვის უნდა იყოს მოწოდებული, ხოლო კონკრეტულად, ადგილებზე, რა როგორ ხდება, ანუ როგორ ასრულებს ამ ფუნქციას, ეს ცალკე საკითხია). ამ კუთხით, განათლებისა და სპორტის მიმართულებებს შეხების წერტილები მართლაც აქვთ, თუმცა იოლად შეუძლიათ თანამშრომლობა თუნდაც ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სტრუქტურების სტატუსით, დღევანდელ გაერთიანებაში კი სპორტი როგორღაც ჩაკარგულია, რადგან არ არსებობს სწორი სისტემა. არადა, ეს ფრიად მნიშვნელოვანი საკითხია: მაგალითად, გერმანიაში, სადაც ადგილობრივი მანქანებივით აქვთ აწყობილი სისტემა, სპორტი სულაც… შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში შედიოდა, მაგრამ ნეტავ ისეთი მოდელი, დაფინანსების ისეთი სისტემა ჩვენც გვქონდეს და სადაც უნდათ, სპორტი იქ შეიყვანონ.

ერთი სიტყვით, სპორტს ნამდვილად სჭირდება მიხედვა და კარგი იქნება, მთავრობა ამაზე სათანადოდ თუ იმსჯელებს. ძველ გაერთიანებაში თუ დატოვებენ, სტატუსი მაინც აუმაღლონ, ვთქვათ, დეპარტამენტამდე, რომ გერის, კონკიას როლში, სხვათა ჩრდილში არ იყოს და საკადრისი სტატუსი, სათანადო ადგილი მიიღოს. იმედია, ახალი ხელისუფლება სპორტის როლს წინამორბედებზე ბევრად უკეთ შეაფასებს. იმედია, ამ საქმეში თავის წილ სიტყვას „სპორტის საპარლამენტო ფრაქციაც“ იტყვის, მანამ კი, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და უახლოეს დღეებს, ვფიქრობთ, ახალ წლამდე ბევრი რამ გაირკვევა.

ირაკლი თავაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები