⇑⇓ მამუკა თავხელიძე – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი
წლების მანძილზე საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა მუდმივ რეფორმირებას განიცდის კონკრეტული დროის მოთხოვნებთან მიმართებით. ეს ბუნებრივიცაა. სისტემა მეტად მგრძნობიარეა ახალი სოციალურ-ეკონომიკური თუ ტექნოლოგიური ფაქტორებით წარმოქმნილი გამოწვევების მიმართ და თავად სცემს განგაშის ზარს, როდესაც უძრაობის მდგომარეობას გრძნობს. ეს დაგვანახა, რამდენიმე წლის წინ, სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტთა პროტესტმა, რომლებიც სწავლის პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.
ყოველთვის მიმაჩნდა და ახლაც ვთვლი, რომ სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმდენი სტუდენტის საგანმანათლებლო მომსახურებისთვის, რამდენსაც გასწვდება მისი ეკონომიკური შესაძლებლობა. თუ უმაღლესი განათლების სისტემის ოპტიმიზაცია ამგვარ მიდგომას ითვალისწინებს – ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. იყო დრო (90-იან წლებში), როცა კონკრეტული პროფილის უნივერსიტეტებმა დიამეტრულად განსხვავებული პროგრამების განხორციელება დაიწყეს. იმ პერიოდში ეს ამ უნივერსიტეტების გადარჩენას ნიშნავდა, მაგრამ დღეს, აღნიშნული პროგრამები, მათთვის, მხოლოდ შემაფერხებელი ფაქტორია საკუთარი პროფილის განვითარების გზაზე. თუ უნივერსიტეტი გამოკვეთს თავის ძლიერ მხარეს კონკრეტული მიმართულებით (მიმართულება არ ნიშნავს ერთ საგანმანათლებლო პროგრამას) და მომავალ სპეციალისტებს მიაწვდის მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროდუქტს სწორედ ამ მიმართულებით, ვფიქრობ, ხარისხობრივად გაუმჯობესდება და ბევრად ეფექტიანი გახდება უმაღლესი განათლების სისტემა.
რამდენადაც ვიცი, რეფორმის ახალი კონცეფცია საყოველთაო განხილვის საგნად გამოცხადდა და, დარწმუნებული ვარ, ყველა შენიშვნა თუ წინადადება საფუძვლიანად იქნება შესწავლილი და მოიძებნება გადაწყვეტის ოპტიმალური გზები. ამ თვალსაზრისით, ალბათ, უნივერსიტეტებში უნდა გაიხსნას დისკუსია მრგვალი მაგიდის გარშემო, თუნდაც, რეფორმის ავტორთა მონაწილეობით და შეჯერებული მოსაზრებები დაედოს საფუძვლად უმაღლესი განათლების ახალ კონცეფციას.
⇑⇓ ტრისტან გულბიანი – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი
განათლების რეფორმის ახალი კონცეფციით, აშკარად ჩანს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები უფრო კონკურენტუნარიანები გახდებიან.
დადებით შეფასებას იმსახურებს ინიციატივა უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურის განვითარებასა და აკადემიურ პერსონალზე ზრუნვის თაობაზე. 3-წლიანი პროგრამა სტუდენტებს მისცემს ფუნდამენტალურ ცოდნას ძირითად საგნებში და შრომის ბაზარზე დროული ინტეგრაციის საშუალებას, რაც შეესაბამება ინდუსტრიის ტემპს.
1-წლიანი სამაგისტრო პროგრამა (3+1) წარმოადგენს არა როგორც ზოგადი განათლების გაგრძელებას, არამედ როგორც მიზანმიმართული, მაღალი დონის სპეციალისტების მომზადების ინსტრუმენტს, აღნიშნული მოდელი შეიძლება შეფასდეს, როგორც თანამედროვე ბაზრის შესაბამისი მოთხოვნა.
ახალი რეფორმით კონკურენცია გაიზრდება ყველა მიმართულებით, სტუდენტი ირჩევს: ბაზარს, ინფრასტრუქტურას, ხარისხს, პროგრამებს, და აკადემიურ პერსონალს. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს უნდა შევთავაზოთ სტუდენტს.
სტუდენტთა კონტინგენტს, რომელიც ჩაირიცხა (4-წლიან ბაკალავრიატზე) არსებული პირობებით, აქვს მოლოდინი, სწავლება იმავე პირობებით დაასრულოს, რომლითაც განხორციელდა ჩარიცხვა. აღნიშნული წარმოადგენს სამართლებრივ შეთანხმებას სტუდენტს, უნივერსიტეტსა და სახელმწიფოს შორის.
მომავალი წლის უნივერსიტეტის ბიუჯეტი ორიენტირებული იქნება სასწავლო, სამეცნიერო, სპორტულ, კულტურულ და სხვა მრავალ საუნივერსიტეტო ღონისძიებებზე, რაც ხელს შეუწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას.









