ხშირად გაიგონებთ მშობლებისგან, რომ ადრეულ ასაკში ბავშვებს არ უყვართ თავზე წყლის დასხმა და თავს არიდებენ ბანაობას. ეს საკითხი საკმაოდ აქტუალურია მშობელთა კლუბებში, სოციალურ ქსელებში და ა.შ თავზე წყლის დასხმის აუტანლობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ასაკობრივ გამოწვევებთან, როგორიცაა 3 წლის ასაკის კრიზისი, ბავშვის სენსორულ განვითარებასთან, ნეგატიურ გამოცდილებასთან ან უბრალოდ შიშთან სიახლის, ახალი გამოცდილების მიმართ.
უფრო დეტალურად შევეხოთ სენსორულ განვითარებას. ჩვენ ვიცით რომ სენსორული ინტეგრაცია გულისხმობს, ჩვენი შეგრძნებებიდან ინფორმაციის მიღებას, გადამუშავებას და საპასუხო ქცევის განხორციელებას სტიმულზე. ჩვენი შეგრძნებებია: სმენითი, ვიზუალური, ყნოსვითი, გემოს, წონასწორობის, სხეულის სივრცეში აღქმის, შეხების.. ხშირად გამოჰყოფენ რამდენიმე სენსორულ სისტემას, რომელიც დაკავშირებულია თავზე წყლის დასხმის აუტანლობასთან, ესენია: შეხების, სმენითი ან წონასწორობის.
შესაძლოა ბავშვი თავს არიდებდეს თავზე წყლის დასხმას, იმის გამო, რომ არ მოსწონს მისი ხმა, არ მოსწონს რომ წყალი ეხება თავზე, შუბლზე, წვეთები ჩამოსდის თვალებზე ან სახეზე და ასევე შესაძლებელია მას უჭირდეს წონასწორობის დაცვა თავის უკან გადაწევის ან თავის ნებისმიერი ტიპის მოძრაობის მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ შემთხვევაში მშობელმა კონსულტაცია გაიაროს ოკუპაციურ თერაპევტთან, რომელიც გამოჰყოფს იმ მიზეზს ან მიზეზებს, რომელიც იწვევს წყლის დასხმის თავიდან არიდებას.
მინდა გაგიზიაროთ რეკომენდაციები, რომელიც დაგეხმარებათ, ბანაობის დროს ბავშვმა ნაკლებად იგრძნოს დისკომფორტი თავზე წყლის დასხმისას:
1. გამოიყენეთ საბანაო ქუდი (baby shower cap) – ხშირად გამოიყენება მაშინ, როცა ბავშვს აწუხებს თვალებში წყლის მოხვედრა, წყლის დასხმა სახეზე. ქუდის საშუალებით აღარ არის საჭირო თავის ძლიერად უკან გადაწევა, რაც მათთვისაც შვებაა, ვისაც წონასწორობის სისტემის ზემგრძნობელობა აქვს.
2. გამოიყენეთ წყლის დასასხმელი საბავშვო ჭიქა (shampoo rinser cup) – ჭურჭლიდან წყალი პატარა და ნაზ წვეთებად ესხმევა ბავშვს, რის გამოც არ აწუხებს წყლის ხმა, თავზე წყლის ძლიერი ნაკადი.
3. ვიზუალური მასალის გამოყენება – წინასწარ გააცანით ბავშვს ის მოქმედებები, რა თანმიმდევრობითაც უნდა იბანაოს, ან რისგან შედგება ზოგადად ბანაობის პროცესი, მაგალითად, აჩვენოთ რომ ბანაობის დროს ვიხდით ტანსაცმელს, შემდეგ უნდა დაისველოს თავი და ტანი, წაისვას შამპუნი თავზე, შემდეგ უნდა ჩამოიბანოს და ა.შ.
4. აბანავეთ საყვარელი სათამაშოები – ეს პროცესი ხელს შეუწყობს, რომ ბავშვმა გვერდიდან აღიქვას ბანაობის პროცესი, დაისწავლოს მოქმედებათა თანმიმდევრობა, ადაპტირდეს ბანაობის პროცესთან და გადალახოს შიშები ან ნეგატიური გამოცდილება.
5. ჯერ ხელით დაუსველეთ თმა – თუ ბავშვი მგრძნობიარეა თავზე წყლის დიდი ჭავლის დასხმის დროს ან წყლის შეხებისას, თავდაპირველად, ხელით დაისველეთ თმა, მოუღუტუნეთ თითებით თავზე, რომ შეეჩვიოს შეხებას. შემდეგ კი უთხარით, რომ ახლა წვიმის წვეთები დაეცემა და ისევ ხელით მოაპკურეთ წყალი თავზე.
6. გამოიყენეთ მუსიკა და მხიარული გახადეთ პროცესი — შეგიძლიათ შეარჩიოთ ბანაობასთან დაკავშირებული სიმღერები, რომელსაც ყოველი ბანაობის დროს იმღერებთ. ეს სტრატეგია დაგეხმარებათ, რომ ბანაობა სტრესული აღარ იყოს და მხიარულ პროცესად გადაიქცეს.
7. გამოიყენეთ ყურადღების გადასატანი აქტივობები – შეგიძლიათ, ბანაობის დროს, მისცეთ საპნის ბუშტები, ჩაუსხათ ქაფის გელი წყალში, მის აბაზანაში მოათავსოთ სხვადასხვა წყლის სათამაშო, წყლის სენსორული ბურთები და ა.შ
8. ყურის საცობები – თუ ბავშვს არ მოსწონს წყლის ხმა და ოკუპაციური თერაპევტის შეფასებით, აქვს სმენითი (აუდიალური) ზემგრძნობელობა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ყურის რბილი საცობები.
9. გამოიყენეთ სარკე – ბანაობის დროს, როცა ბავშვს თავის უკან გადაწევას სთხოვთ, თუ იგი სარკეში დააკვირდება თავის მოძრაობებს, ეს დაეხმარება საკუთარი შეგრძნებების აღქმაში.
10. იწუწავეთ – ეს თამაში მოგცემთ საშუალებას, რომ თამაშის გზით გადალახოს ბავშვმა წყლის დასხმის, დასველების და წყლის ხმის დისკომფორტი. აუცილებლად მიეცით საშუალება, რომ თქვენც შეგასხათ წყალი, გაერთეთ.
♦ ♦ ♦
დაიმახსოვრეთ, რომ ყველა ბავშვს სჭირდება ინდივიდუალური დრო, რომ შეძლოს სხვადასხვა უნარების განვითარება. წაახალისეთ ბავშვი, მიეცით მოკლე და მარტივი ინსტრუქციები, გამოიყენეთ თამაშის მიდგომა თითოეული აქტივობის დროს და ისიამოვნეთ დაგეგმილი აქტივობებით.