11 აგვისტო, ორშაბათი, 2025

საქართველოდან ამერიკამდე – ეკატერინე დაფქვიაშვილის პროფესიული გამოცდილება

spot_imgspot_img

ეკატერინე დაფქვიაშვილი

განათლების მკვლევარი და  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. მას 10+ წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრატორების პროფესიული განვითარების პოლიტიკის, სტრატეგიის დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით. საქართველოში ის აქტიურად იყო ჩართული კვლევით პროექტებში, პროგრამების მართვაში, სტრატეგიული რეფორმის ინიცირებასა და შემდგომ განხორციელებაში როგორც შინაარსობრივი, ისე ადმინისტრაციული პროცესების მიმართულებით, მათ შორის მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის, პროფესიული განვითარების სერვისების დეცენტრალიზაციისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა ეროვნული სკოლის ამოქმედებისას.
ეკატერინემ განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა. მისი მონაწილეობით დაინერგა რამდენიმე მასშტაბური ინიციატივა, რომელიც ემსახურებოდა მასწავლებელთა პროფესიული მხარდაჭერის გაძლიერებას როგორც სკოლის, ისე სახელმწიფო დონეზე. ამ პროექტების ფარგლებში, თანამშრომლობდა ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან, დარგის ექსპერტებთან, მონაწილეობდა კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებში, მათ შორის UNESCO-სა და NATO-ს მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო ფორუმებში. არის ათეულობით ნაშრომის ავტორი, რომელიც გამოცემულია როგორც ადგილობრივ, ისე  საერთაშორისო ჟურნალებში, ასევე რამდენიმე პროფესიული ასოციაციის წევრია.
ამჟამად ეკატერინე აშშ-ში, ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობას  კვლავ განათლების სფეროში აგრძელებს. ჩვენთვის საინტერესო იყო, ამერიკაში გადასვლის შემდგომ, როგორ მოხდა მისი პროფესიული განვითარება. სწორედ ამიტომ, ეკატერინეს გავესაუბრეთ მისი პროფესიული გზის, ამერიკაში გადასვლის, მიმდინარე საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
◊◊◊

⇒ გთხოვთ, მოგვიყევით, როგორ  დაუკავშირდა თქვენი საქმიანობა ამერიკის შეერთებულ შტატებს?

  • პირველ რიგში, მადლობა თქვენ ინტერესისთვის. სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას, გამიხარდება თუ ვინმესთვის სასარგებლო იქნება.

ჩემი პროფესიული გზა საქართველოში დაიწყო სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, სადაც ვმუშაობდი სხვადასხვა პოზიციაზე. ეს იყო მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელმაც მომცა შესაძლებლობა, თეორიულ ცოდნასთან ერთად, მესწავლა განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პრაქტიკული ასპექტები. ცენტრში ჩემი საქმიანობა მოიცავდა როგორც მასწავლებელთა, ისე სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პოლიტიკისა და სტრატეგიის ფორმირებას, სერვისების შემუშავებას. უშუალოდ ვიყავი ჩართული რამდენიმე საკვანძო პროექტში, მათ შორის: პროფესიული განვითარების სერვისების დეცენტრალიზაცია, საგრანტო პროექტების შემუშავება და განხორციელება, დირექტორთა ეროვნული სკოლის ჩამოყალიბება. ეს პროექტები ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო – ვიყავი როგორც შინაარსობრივად, ისე ადმინისტრაციულად პასუხისმგებელი პირი.

სწორედ ასეთმა გამოცდილებებმა გამიადვილა ნიუ-იორკში მოხვედრა. სიმართლე გითხრათ, თავიდან ცოტა წარმოუდგენლად მიმაჩნდა მსგავს წინადადებაზე დასტურის მიღება. აქამდე რამდენჯერმე მომიწია საზღვარგარეთ ცხოვრება, სასწავლო მიზნების გამო, თუმცა პროფესიული საქმიანობიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, ამერიკაში მოხვედრა ყოველთვის მინდოდა. დიდი ხნის განმავლობაში გამუდმებით ვეძებდი ჩემთვის შესაფერის პოზიციას და პირობებს. ერთ მშვენიერ დღეს, ჩემთვის წარმოუდგენელი შეთავაზება მივიღე ერთ-ერთი კერძო საგანმანათლებლო ორგანიზაციისგან, რომელშიც უნდა მემუშავა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების მიმართულებით. რა თქმა უნდა, დღემდე ეს მომენტი ჩემთვის ემოციური და დაუვიწყარია. მოგვიანებით, შევიმუშავე სტრატეგიული გეგმა, რომელიც მოიცავდა პროგრამის შინაარსობრივ და ორგანიზაციულ მხარეებს. ჩემი ნაშრომის რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ საბოლოო დასტური მივიღე ამერიკაში დროებითი მიწვევის შესახებ. ეს იყო ერთგვარად ახალი გამოწვევა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად და გადავწყვიტე, ჩემი კარიერა და პროფესიული საქმიანობა საერთაშორისო ასპარეზზე გამეგრძელებინა. სიმართლე გითხრათ, არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა განვითარებისა და ახალი გამოწვევების დაძლევის სურვილმა სძლია პიროვნულ შიშებს.

რას მოიცავს თქვენი ამჟამინდელი საქმიანობა?

  • ჩემი დღის განრიგი ძალიან დატვირთული და მრავალფეროვანია, ვცდილობ მოვასწრო როგორც სამსახურებრივი, ისე საუნივერსიტეტო და საოჯახო ვალდებულებები. მოგეხსენებათ, ამერიკაში როგორი სწრაფი ტემპია, ყველა ჩქარობს, ყველა დროის ნაკლებებობას განიცდის და ამ შემთხვევაში, გამონაკლისი არც მე ვარ.

მიმდინარე ეტაპზე ჩემი საქმიანობა აშშ-ში მრავალმხრივია. კერძო საგანმანათლებლო ცენტრში ვხელმძღვანელობ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამებს, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხედვის, მიზნებისა და სტრატეგიის შემუშავებასა და ზედამხედველობას, არამედ პროგრამების შინაარსობრივ ფორმირებასაც. ხშირად მაქვს შეხვედრები სამიზნე ჯგუფებთან, ექსპერტებთან და ადგილობრივი განათლების საბჭოს წარმომადგენლებთან, რათა პროგრამაში დავნერგო საგანმანათლებლო ტენდენციები და სფეროში არსებული სიახლეები.  შევიმუშავეთ როგორც ზოგადი პედაგოგიური კურსი (რომელიც მოიცავს – სწავლა-სწავლების სტრატეგიებს, შეფასების მეთოდოლოგიას, მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს, სასწავლო პროცესის დაგეგმვას, პროფესიულ ეთიკას, პროფესიულ განვითარებას, ეფექტურ კომუნიკაციასა და ასევე სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს), ასევე ზოგადი მართვისა და ლიდერობის სასერტიფიკაციო მიმართულება. ორგანიზაციაში აგრეთვე ფუნქიონირებს არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამები სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის.

რაც შეეხება პროგრამის შედეგებს, გადამზადებულია ასობით მასწავლებელი და განათლების სფეროს წარმომადგენელი. მათ ყურადღებას პროგრამის პრაქტიკული ნაწილი იპყრობდა, რომლის ფარგლებში, ისინი რამდენჯერმე ფასდებოდნენ ჩატარებული გაკვეთილების მიხედვით და ეძლეოდათ შესაბამისი უკუკავშირი. ეს განსაკუთრებით სასარგებლო იყო იმ დამწყები პედაგოგებისთვის, რომლებსაც შედარებით ნაკლები პროფესიული გამოცდილება ჰქონდათ და  კარიერის გზის პირველ ნაბიჯებს დგამდნენ. მინდა გითხრათ, რომ ჩემი და ორგანიზაციის მოლოდინი გამართლდა, რადგან, პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რიცხვი ყოველდღიურად მატულობს, პროგრამის გავლის შემდგომ ბევრ მონაწილეს გაუადვილდა დასაქმება, გაეზარდა თვითშეფასება და პროფესიაში ბევრად უფრო თავდაჯერებულები გახდნენ. თითქმის ყველა ბენეფიციარს ვიცნობ და ამიტომაც მიადვილდება მათზე საუბარი. მინდა გითხრათ, რომ დამწყები მასწავლებლები და დირექტორები ამერიკაშიც განიცდიან პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების ნაკლებობას, მაგალითად, შემცვლელი მასწავლებლისთვის ასეთი ტიპის პროგრამები კარგი შესაძლებლობაა თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გასაღრმავებლად, რომ მომავალში სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლის ვაკანსიაზე შეიტანოს განაცხადი.

მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, მინდა გითხრათ, რომ აშშ-ში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით, ბევრი გამოწვევა გარკვეულწილად იდენტურია იმ პრობლემებისა, რასაც საქართველოში ვაწყდებით. მასწავლებლები ხშირად მიუთითებენ დროისა და რესურსების დეფიციტზე. პროფესიული განვითარების სერვისები, ხშირ შემთხვევაში, არ არის ინდივიდუალურად მორგებული და ხშირად აკლია ტრენინგის შემდგომი მხარდაჭერის მექანიზმი ე.წ. follow-up. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია პოზიტიური ტენდენციებიც, განსაკუთრებით სკოლის შიდა მენტორობის სისტემა – როდესაც ახალბედა მასწავლებლებს ეხმარება გამოცდილი კოლეგა, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ადაპტაციას და ზრდის პროფესიულ ჩართულობას. ამერიკაში ხშირად ვესაუბრები ხოლმე სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს და თითქმის მათი უმრავლესობა ასახელებს სკოლის დონეზე მენტორობის სისტემის მნიშვნელობას კარიერის საწყისს ეტაპზე. ისინი აღნიშნავენ, რომ სწორედ ამ სისტემამ განაპირობა მათი პროფესიაში დარჩენა და შემდგომი პროფესიული ზრდა. კვლევებით დასტურდება, რომ ხშირად სკოლის მენტორი მასწავლებელი განაპირობებს ახალბედა პედაგოგის პროფესიაში დარჩენას.

გარდა ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისა, ჩართული ვარ სხვადასხვა კვლევით პროექტში და, ამავდროულად, ვმუშაობ სადოქტორო თემაზე, რომელიც ასევე მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას ეხება, კერძოდ, მასწავლებელთა პროფესიული ფაზების ცვლილების განმაპირობებელ ფაქტორებს.

ჩემი საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია თანამშრომლობა სკოლის თემთან, ადმინისტრაციასთან და ადგილობრივი განათლების საბჭოსთან, როგორც პროფესიულად, აგრეთვე მშობლის სტატუსით. აღნიშნული გულისხმობს სკოლის ბიუჯეტის განკარგვაში მონაწილეობას, ასევე მასწავლებელთა პროფესიული გამოწვევების იდენტიფიცირებას, ხშირად ჩართული ვარ მასწავლებელთა და მშობელთა ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ აქტივობებში. მსგავსი ტიპის გამოცდილება არსებითად ავითარებს და ახდენს ჩემი აკადემიური და პრაქტიკული უნარების, ცოდნისა და დამოკიდებულებების ტრანფორმაციას. ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, განათლების საბჭოსთან ერთად, ჩართული ვიყავი სკოლების ადგილობრივი საჭიროებების დადგენაში, რომლის ფარგლებში გამოიკვეთა სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, დამატებითი დავალების საათების რაოდენობის ზრდის, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ინტეგრირების გაუმჯობესებისა და STEM-ისთვის გაზრდილი საათობრივი ბადის დათმობის საჭიროება.

თქვენი სადისერტაციო ნაშრომი ახსენეთ, აისახა თუ არა,  ამერიკაში მიღებული პროფესიული გამოცდილება თქვენს სადოქტორო კვლევაზე და როგორ?

  • ამჟამად ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, განათლების  სადოქტორო პროგრამაზე. ჩემი ნაშრომი ეხება მასწავლებელთა პროფესიული ფაზების ცვლილების განმაპირობებელ ფაქტორებს, ხოლო თეორიული ჩარჩო დაფუძნებულია მაიკლ ჰუბერმანის (Michael Huberman) პროფესიული ზრდის ხუთფაზიან მოდელზე. მოკლედ რომ აგიხსნათ, ვიკლევ იმ ხელისშემშლელ და ხელისშემწყობ, პირად თუ პროფესიულ, ფაქტორებს, რომლებიც მასწავლებელს პროფესიულ გზაზე ხვდება და ხშირად განაპირობებს პროფესიაში დარჩენას ან გასვლას.

ამერიკაში მიღებული პრაქტიკული გამოცდილება, გარკვეულწილად, ამრავალფეროვნებს ჩემს სადისერტაციო ნაშრომს, რადგან მაქვს შესაძლებლობა შევადარო და გავაანალიზო ამერიკული და ქართული გამოცდილება მასწავლებლის პროფესიული ფაზების მიმართულებით. მაგალითად, როგორ მოქმედებს კონკრეტული პროფესიული ფაქტორები – პროფესიული განვითარების სტრუქტურა, მენტორობა, რესურსები, სკოლა, უმაღლესი განათლება, პირადი და ცხოვრებისეული ფაქტორები – დაოჯახება, შვილი, ფინანსური სტაბილურობა – მასწავლებლის განვითარებაზე, პროფესიული ფაზების მონაცვლეობაზე.

⇒ როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– როგორც უკვე მოგახსენეთ, ამჟამად, ვმუშაობ სადისერტაციო ნაშრომის დასკვნით ეტაპზე და, ამასთანავე, სტატიებზე. თუმცა, პარალელურად, მოლაპარაკებებს ვაწარმოებ რამდენიმე ადგილობრივ უნივერსიტეტთან. მინდა, საქართველოში დაწყებული სადოქტორო პროგრამის აშშ-ს რომელიმე უნივერსიტეტში გაგრძელება და კვალიფიკაციის აქ მოპოვება. ამასთან ერთად, სხვა ალტერნატივასაც განვიხილავ, მაგალითად, დოქტორანტურის საფეხურის შემდგომი კვლევის დაწყებას.

დაბოლოს, რა თქმა უნდა, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება, ახალ პროექტებში ჩართვა, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა და მუდმივი პროფესიული განვითარება სამომავლო გეგმების უცვლელი ნაწილია.

ესაუბრა ლალი ჯელაძე 

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება