
ანა ღვინიანიძე – ფსიქოკონსულტანტი, ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტიური თერაპიის ასოციაციის (EABCT) მიერ აკრედიტებული კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპევტი. ანა ძალიან ხშირად უზიარებს ფართო აუდიტორიას საკუთარ პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებას და აღნიშნავს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სულიერი – უპირველეს ყოვლისა – ადამიანი, იყოს ჩვენი ვნებათაღელვების, სირცხვილის, სიხარულის და ყველა მდგომარეობის გამზიარებელი და გულმოწყალე მოწმე, რომელიც კი განგვიცდია და განვიცდით.
მაისი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობიერების ამაღლების თვეა. სწორედ ამიტომ, ანას ვთხოვეთ, განემარტა, რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობა, როგორ შეგვიძლია ადამიანის ძირეული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და ასევე, იმ სტიგმების დაძლევა, რომლებიც დღემდე ფესვგადგმულია ჩვენს საზოგადოებაში. როგორც მოლოდინი მქონდა, მისგან ძალიან საინტერესო, ახალი საფიქრალის გამჩენი პასუხები მივიღე.
🔃 ანა, პირველ ყოვლისა, გვითხარით, რას ნიშნავს ფსიქიკური ჯანმრთელობა. რაზე ვსაუბრობთ, როცა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ ხოლმე?
➖ პირველ ყოვლისა, ძალიან მიხარია, რომ ამ თემაზე საუბარი გადავწყვიტეთ, რადგან ფსიქიკური ჯანმრთელობა დიდწილად წარმართავს ჩვენს ცხოვრებას. ხშირად, სანამ ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეები არ შეგვაწუხებს, მისი მნიშვნელობის გაცნობიერება გვიჭირს ხოლმე, მაგრამ თუ ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა გაუარესდება, ის აისახება, მაგალითად, ჩვენს შრომისუნარიანობაზე, სხვებთან და ასევე, საკუთარ თავთან ურთიერთობის ხარისხზე. ჩვენ გვავიწყდება, რომ მხოლოდ სხვა ადამიანებთან სრულფასოვანი ურთიერთობის დამყარების უნარი კი არ არის დაფუძნებული ფსიქიკურ კეთილდღეობაზე, არამედ საკუთარ თავთან ურთიერთობის უნარებიც ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობით განისაზღვრება.
სინამდვილეში, ფსიქიკური ჯანმრთელობა ასე ცალკე, გამოყოფილად არ არსებობს. ჩვენ ასე სიმარტივისთვის ვამბობთ. რეალურად, ესაა ადამიანის მთლიანი ჯანმრთელობის მდგომარეობის ნაწილი. საბოლოოდ, სხეულისა და ფსიქიკის ერთმანეთისგან გახლეჩამ მოიტანა სწორედ ის, რომ სხეული და ფსიქიკა ერთმანეთისგან უხეშად განვაცალკევეთ, რაც საბოლოოდ ძალიან ცუდად აისახა ბევრ სფეროზე. უნდა ვიცოდეთ, რომ ფსიქიკურ მდგომარეობებს შეუძლია სხეულზე ზემოქმედება. მაგ., თუ თქვენ წარმოისახავთ რაღაცა სასიამოვნოს, თქვენი სხეული ეცდება უპასუხოს ამ წარმოსახვას. ასევე, თუ თქვენ წარმოისახავთ რაიმე უბედურების შემცველ მოვლენათა განვითარებას, ამ დროს, შეიძლება გულისცემა გაგიხშირდეთ, ხელები გაგიოფლიანდეთ და ა.შ. ამიტომ, ერთი მხრივ, ფსიქიკური მდგომარეობა, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს სხეულის მდგომარეობაზე, მეორე მხრივ, არსებობს სხეულებრივი მდგომარეობები, რომლებიც ზემოქმედებს ფსიქიკურ კეთილდღეობაზე. ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელს, რომელსაც შეხება აქვს ადამიანთან, თუკი დაავიწყდება ეს მთლიანობა, შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც გამორჩეს ადამიანთან, როგორც მთლიანთან, დაკავშირებით.
ფსიქიკური კეთილდღეობის განცდა არის ის, რაც ადამიანებს გვამოძრავებს და გვაძლევს მოქმედების საშუალებას. დადგენილია, რომ მაგალითად, შფოთვით მდგომარეობას დიდი ზარალის მიყენება შეუძლია ადამიანისთვის. პიროვნება, რომელიც მოცულია შფოთვით, შეძლებს თუ არა, რომ გულდასმით მიუძღვნას საკუთარი თავი რაღაცის გაკეთებას? აქ არ ვსაუბრობთ მაინცდამაინც ძალიან მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაზე, როგორიცაა, მაგალითად, ფსიქოზის სპექტრის აშლილობები, არამედ, მხოლოდ შფოთვას განვიხილავთ…
🔃 ვერ შეძლებს ან შეიძლება შეძლოს, თუმცა ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად, არა?
➖ დიახ, ძალიან დიდი ძალისხმევის ხარჯზე. ამ დროს ადამიანები ჩუმად იტანჯებიან. სწორედ ამიტომ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ტანჯვა აისახება თუ არა მათ მიერ გამომუშავებულ თანხაზე ან საზოგადოებისთვის შექმნილ კეთილდღეობაზე, მათი ფსიქიკური მდგომარეობა ყურადღების ღირსია. სასურველია, ადამიანები შევაფასოთ, როგორც სულიერი ქმნილებები, რომელთაც სწორედ იმიტომ, რომ სტკივათ და იტანჯებიან, ყურადღება სჭირდებათ. ყურადღება მხოლოდ მაშინ არ არის საჭირო, როცა გარშემომყოფებთან ურთიერთობა გვიფუჭდება, რადგან ხანგრძლივი დროის განმავლობაში მტანჯველ მდგომარეობაში ვიყავით.
რომ შევაჯამოთ, ფსიქიკური ჯანმრთელობა ჯანმრთელობის ნაწილია. ის განცალკევებით არ დგას. თუ მე შემიძლია ყოველდღიურად თავი მივუძღვნა იმას, რაც მსიამოვნებს ან კმაყოფილებას აღძრავს ჩემში, და ამავდროულად, ვარ საკმარისად მედეგი იმისათვის, რომ ცხოვრებისეული უსიამოვნებები გადავლახო, ეს უნარიანობის განცდა ქმნის ფსიქიკური კეთილდღეობის შეგრძნებას.
🔃 ანა, მინდა, რომ ეს თემა განვავრცოთ: რა კავშირშია ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა ერთმანეთთან? კვლევათა დიდი ნაწილი ცხადყოფს, და თქვენც აღნიშნეთ, რომ მათ შორის კავშირზე საუბარი ნამდვილად შესაძლებელია.
➖ კარგია, რომ სიტყვა კავშირი ახსენეთ, იმიტომ რომ, ჯერ ბოლომდე არაა დადასტურებული სხეულებრივ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის მიზეზშედეგობრივი ურთიერთობა, მაგრამ კვლევები ცხადყოფს, რომ კავშირი, ურთიერთქმედება, ამ ორ ცვლადს შორის, ნამდვილად არსებობს.
მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ ავტოიმუნური დაავადებების მატარებელი ადამიანების 85% ქალია. ავტოიმუნური დაავადებაა, მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი, ე.წ. გაფანტული სკლეროზი, ავტოიმუნური ჩიყვი და ა.შ. დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა ეჭვი, რომ მსგავსი პრობლემები დაკავშირებული იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ემოციის განცდისა და გამოხატვის აკრძალვასთან. ეს ემოცია არის ბრაზი.
ქალებს ბევრ კულტურაში ეკრძალებათ ბრაზის არა მხოლოდ გამოხატვა, არამედ განცდაც კი. ბრაზი კი აღნიშნავს ჩვენს ძალაუფლებას. პირდაპირ რომ ვთქვათ, გაბრაზების უნარი აღნიშნავს იმის უნარს, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ, აღვნიშნოთ, როცა ვიღაც ტკივილს გვაყენებს, მოთხოვნილებები ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ დავიკმაყოფილეთ ან ჩვენ მიერ დადგენილი საზღვარი არაერთხელ გადაილახა. ბრაზი არის ის, რაც აწესებს საზღვარს. ქალებს, მათ შორის, საქართველოში, ასწავლიან, რომ „გაბრაზება ლამაზი არ არის“, ამიტომ მათ ძალიან ხშირად განდევნილი აქვთ საერთოდ ყველაფერი, რაც ბრაზმა უნდა აღნიშნოს. ეს ძალიან სპეციფიკური ფორმულირებაა; ეს ნიშნავს იმას, რომ როცა ვერ გავბრაზდი, სინამდვილეში, იმ მოთხოვნილებებთან აღარ მაქვს წვდომა, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაუკმაყოფილებელი დამრჩა. ამ დროს ადამიანის ფსიქიკური და ემოციური მოთხოვნილებები საერთოდ განდევნილია, შესაბამისად, ეს ყველაფერი უკვე თავს სხეულებრივად გამოხატავს. კვლევების ნაწილი, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ნერვული სისტემის ცოდნაზეა დაფუძნებული, გვეუბნება, რომ ემოციები უჯრედულ დონეზეც კი შეიძლება დაილექოს; ეს ემოციები მუხტებია, და თუ ჩვენ მათთან ურთიერთობა არ ვიცით, მუხტები, რომლებიც, წესით, ჩვენი დროებითი სტუმრებია, ხანგრძლივი დროით დარჩებიან ჩვენთან. შეიძლება მე დიდი ხნის განმავლობაში ჩემს ბრაზთან შეხება არ მქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობს; ის საკუთარ თავს ავლენს, თუნდაც ავტოიმუნური დაავადებების სახით.
🔃 მაშინ საინტერესოა, რომელია ჩვენი მთავარი, ძირეული ფსიქიკური მოთხოვნილებები, რომელთა დაკმაყოფილება გვჭირდება, რათა ჩვენი ემოციური კეთილდღეობა საფრთხის ქვეშ არ დადგეს.
➖ ძირითადი ემოციური მოთხოვნილებების სია ასეთია:
უსაფრთხოება, უვნებლობა, დაცულობა (Safety)
სტაბილურობა (Stability)
საზრდოობა (Nurturance)
ავტონომიურობა (Autonomy)
კომპეტენტურობა (Competence)
იდენტობის განცდა (Sense of Identity)
მოთხოვნილებებისა და ემოციების გამოხატვის
თავისუფლება (Freedom to express ones needs and emotions)
სპონტანურობა და თამაში (Spontaneity and play)
სამყარო რეალისტური შეზღუდვებით (World with realistic limits) — (Rafaeli, Bernstein, Young, 2011).
ზრდასრული ადამიანის მოთხოვნილებები
მუშაობის მოთხოვნილება (Need to work)
სხვებზე ზრუნვის მოთხოვნილება (Need to care for others) — (Rafaeli, Bernstein, Young, 2011).
ყურადღება მინდა გავამახვილო მიკუთვნების მოთხოვნილებაზე, ანუ როცა ვიცით, რომ მეორე ადამიანი გვეგულება მხარდამჭერად; ვიცით, რომ სადღაც გველოდებიან. როგორც წესი, ჩვენ გვინდა, რომ მივეკუთვნებოდეთ სხვა ადამიანებს, ვიყოთ რაღაც ჯგუფის ნაწილი.
ამავდროულად, არსებობს თვითგამოხატვის მოთხოვნილება, რომელზეც ფუძნდება საკუთარი ვინაობის გამოძერწვის გზა, რომელსაც ჩვენ გარკვეული წესების დაცვით გავდივართ. ჩვენ ეს წესები ბავშვობაში არ ვიცით; და სწორედ ამ წესრიგთან ზიარებას ჰქვია აღზრდა. აღზრდის ერთ-ერთი დანიშნულება გახლავთ, რომ ადამიანმა სურვილების, მოთხოვნილებების გამოხატვა წესების დაცვით ისწავლოს. ბავშვობაში, როდესაც ამ წესებს ნაზიარები არ ვართ, შესაძლოა ჩვენი სურვილები დამანგრევლად გამოვხატოთ. ჩვენი განვითარების განსაზღვრულ საფეხურებზე გვიჭირს ბრაზის იმგვარად გამოხატვა, რომ ის არც ჩვენთვის და არც სხვებისთვის დამაზიანებელი არ იყოს. აღზრდამ კი ეს უნდა გვასწავლოს, მაგრამ თუ ადამიანს გამუდმებით ვუხშობ ემოციებს, მე ამით ადამიანს ვასწავლი, რომ ამ ემოციასთან რომელი სურვილიც იყო დაკავშირებული, ის მისაღები არაა და უნდა ჩაახშოს, სხვა შემთხვევაში, ჩემთან კავშირს ვერ შეინარჩუნებს. რა თქმა უნდა, ადამიანები, პირველ ყოვლისა, კავშირის შენარჩუნებაზე იზრუნებენ. ლიტერატურის მაგალითზე რომ ვთქვათ, ვაჟა-ფშაველას გმირები ადამიანის ერთ-ერთ ყველაზე ძირითად ემოციურ მოთხოვნილებაზე – ადამიანებთან მიკუთვნებაზე – ამბობენ უარს; ამ მოთხოვნილებაზე უფრო მაღლა სხვა ტიპის მოთხოვნილებებს აყენებენ. ადამიანთა უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ასეთები არ ვართ. ჩვენ სწორედ კავშირის დაკარგვის შფოთვით ვიმართებით და ამ დროს შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანიც კი დავთმოთ, ოღონდ კი არ მიგვატოვონ.
შინაგანი უსაფრთხოების განცდა ძალიან უცხოა ქართველი ადამიანების უმრავლესობისთვის; ჩვენ სულ იმით „ვვაჭრობთ“, რომ თუ შენ ზუსტად ისე არ იფიქრებ, ისე არ მოიქცევი და ისე არ იგრძნობ, როგორც მე, ჩემთან კავშირს დაკარგავ. აქ საუბარია უახლოეს ადამიანებთან კავშირზე, მაგრამ როდესაც ჩვენ მხარდამჭერებად არ გვეგულებიან უახლოესი ადამიანები, მაშინ ნამდვილად ნებისმიერი ადამიანი ხდება ძალიან მნიშვნელოვანი და თითოეული მათგანის დაკარგვა დაგვზაფრავს. აქედან ჩნდება ჩვენში სხვებზე სწორების მუდმივი სურვილი, და საკუთარი თავის დავიწყება. საკუთარი თავის დავიწყება წახალისებულიც კი არის საქართველოში, განსაკუთრებით, ქალებში.
🔃 ანა, ერთგან წერთ, ადამიანებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ყველაფერი ყოველთვის უზადოდ შეასრულონ, იყვნენ ყველაზე ჭკვიანები, ყველაფერში თანაბრად წარმატებულები, მიტოვებისგან თავდაცვის მცდელობებში საკუთარ თავს ჩამოართვეს დამაკმაყოფილებელი მიღწევებით კმაყოფილების ფუფუნება, მათ დამაკმაყოფილებლად შესრულებული საქმით მონიჭებული სიხარულის განცდა არ ჰქონიათო. როგორც ვხვდები, ესეც იმ პრობლემის ნაწილია, რომელზეც ახლა გვესაუბრეთ. ესეც აღზრდის ნაწილია, არა? ასევე მაინტერესებს, რას ნიშნავს „ჩვეულებრივად ყოფნის ბედნიერება“, რომელსაც პერფექციონისტი ადამიანები ვერ განიცდიან.
➖ პერფექციონიზმს, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია ჩვენს ქვეყანაში, ბევრი სახე აქვს. ზოგიერთი მიმართულია ურთიერთობებისკენ, ზოგიერთ ადამიანში ის გამოიხატება საქმესთან მიმართებით. ნებისმიერ შემთხვევაში, პერფექციონიზმი სასჯელის მოლოდინის, სასჯელის შიშის შედეგია. როგორც წესი, ეს სასჯელი მოიცავს ხოლმე ურთიერთობის შეზღუდვაზე დაფუძნებულ სასჯელებს. ურთიერთობის შეზღუდვაზე დაფუძნებული დასჯა კი ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველია. რა თქმა უნდა, უკიდურესად დამაზიანებელია. როდესაც ადამიანს სცემენ, ფიზიკურად აზიანებენ, მაგრამ კიდევ არსებობს სასჯელის ნაირსახეობა, რომლის მოხელთებაც შედარებით რთულია. ამიტომ, როდესაც ადამიანებს ვეკითხებით, როგორი ბავშვობა ჰქონდათ, გვეუბნებიან, რომ შესანიშნავი, რადგან, მაგალითად, არ სცემდნენ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია, თუმცა ადამიანზე დაკვირვებით ვხვდებით, რაღაც კიდევ ხდებოდა, რის პასუხადაც ამ ადამიანმა პერფექციონისტული თვისებები გამოიმუშავა.
არსებობს განსხვავება მოქნილ და ხისტად დაწესებულ პერფექციონიზმის წესებს შორის; თუ უზადოდ გავაკეთე, კარგია, მაგრამ თუ მე ვამბობ, რომ მხოლოდ უზადოდ შესრულებულია მისაღები, ეს ხისტი პერფექციონიზმია. მოქნილობა კი ნიშნავს იმას, რომ მე დამაკმაყოფილებლადაც რომ შევასრულო დავალება, ესეც აბსოლუტურად მისაღები იქნება ირგვლივ მყოფებისთვის, სრულყოფილებისაკენ დაუოკებელი ლტოლვა კი გვეუბნება, რომ თუ რაღაცაში შევცდები, ადამიანები ამ უმცირეს ცდომილებასაც ჩემ წინააღმდეგ გამოიყენებენ.
🔃 მე მახსოვს თქვენი ლექცია „სირცხვილი და ფსიქიკური ჯანმრთელობა“. ალბათ, სირცხვილის განცდა ერთ-ერთი მთავარია, რომელიც, ოღონდ კი არ განვიცადოთ და მთელ ენერგიას ვდებთ საქმის კარგად შესრულებაში, ხოლო ურთიერთობაში კი ყველაფერს ისე ვაკეთებთ, როგორც მეორე ადამიანს უნდა. თითქოს სირცხვილის განცდის შიში ჩვენს საზოგადოებაში ხშირად ადამიანთა ცხოვრების წესს განსაზღვრავს.
➖ სირცხვილის შიში რომ ძალიან გავრცელებული შიშია, ამას ისიც ადასტურებს, რომ ადამიანების დიდი ნაწილი საკუთარ შეცდომებს ახლის სასწავლად კი არ ვიყენებთ, არამედ მათ გამო თვითგვემის მორევში აღმოვჩნდებით ხოლმე. თითქოს შეცდომებს, რომლებიც დავუშვით, ვერასდროს გამოვისყიდით. გარკვეულწილად, ესეც აღზრდის შედეგია. აღზრდაში არ ვგულისხმობ მხოლოდ ოჯახს, აქ, რა თქმა უნდა, იგულისხმება აღმზრდელობითი დაწესებულებებიც, მათ შორის, სკოლა, რადგან ჩვენ იქ ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან წლებს ვატარებთ. საფუძველი, რა თქმა უნდა, იყრება სიცოცხლის პირველივე თვეებიდან, მაგრამ შემდეგ, განვითარების ადრეული საფეხურის გამოცდილებების შედეგებს საგანმანათლებლო დაწესებულების აღმზრდელები ან განამტკიცებენ, ან პირიქით — შეასუსტებენ.
პირადად ჩემს აღზრდაში სკოლამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა; გამიმართლა სწორედ იმიტომ, რომ მე არათუ არ აღმოვჩნდი დადანაშაულებული ცნობისმოყვარეობისთვის, არამედ – პირიქით; შემხვდნენ ადამიანები, რომლებმაც წაახალისეს ჩემი ცნობისმოყვარეობა. ცნობისმოყვარეობის წახალისება მასწავლებლების მხრიდან ფსიქიკური კეთილდღეობის ერთ-ერთი ხელშემწყობი შეიძლება გახდეს. ხშირად ვხვდები ადამიანებს, რომლებიც დაარცხვინეს ცნობისმოყვარეობის გამო, ამიტომ მათში ეს სურვილი დავიწყებულია, განდევნილია. ისინი ელტვიან ისეთ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებშიც მეტადაა გამოხატული ცნობისმოყვარეობის უნარი. ასე ეძებენ საკუთარ თავს სხვებში.
აქვე მინდა კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოთხოვნილებაზე გავამახვილო ყურადღება – ესაა დამოუკიდებლობის, განცალკევების მოთხოვნილება. სწორედ სხვაზე დამოკიდებულების მოთხოვნილებისთვის შერცხვენილ ადამიანებს ახასიათებთ დამოუკიდებლობისკენ დაუოკებელი ლტოლვა. ეს ნიშნავს, რომ მე არავის დახმარება არ უნდა დამჭირდეს, ყველაფერი დამოუკიდებლად უნდა გავაკეთო, რადგან თუკი ვინმე მჭირდება, ვდგები ძალიან მტკივნეული სინამდვილის წინაშე, რომ მეც ადამიანი ვარ! სინამდვილეში კი, ურთიერთდამოკიდებულება ადამიანის ძალიან ძირეული მოთხოვნილებაა და დახმარების თხოვნის უნარი ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი უნარია ფსიქიკური კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.
🔃 „კურნება ორმხრივია და არაფრით არ აღვემატებით ჩვენს პაციენტებს: ჩვენც შევდივართ ჩიხში, ჩვენც ვერ ვპოულობთ გამოსავალს საკუთარი ტკივილისგან ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ჩვენც გვაგრძნობინებს ჩვენივე საქმიანობა (და თან ძალიან ხშირად) უძლურებას და უმწეობას სხვისი ტანჯვის წინაშე, როდესაც გვავიწყდება, რომ ყოვლისშემძლეები არ ვართ და კურნება ზოგჯერ ზუსტად ამისი შეხსენებაა და სხვა – არაფერი.“ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობიერების ამაღლების გზაზე თქვენი, როგორც ფსიქოთერაპევტის, ასეთი დამოკიდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რა ეტაპზეა დღეს ჩვენი საზოგადოება, ისევ ფიქრობენ, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ ერთეულებს აქვთ და მათ არასდროს შეეხებათ? ასევე მაინტერესებს, ისევ ბევრ სტიგმასთან ასოცირდება თუ არა ეს თემა.
➖ ჩვენ გვაქვს ძალიან ბუნდოვანი და, შეიძლება ითქვას, მცდარი წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, რა სიტუაციაა დღეს საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების გაზრდის მიმართულებით. საჭიროა კვლევები, რომლებიც ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ ადამიანებმა ვერ შეძლონ საკუთარი ჭეშმარიტი დამოკიდებულების შენიღბვა. მაგალითისთვის, მე რადგან ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი ვარ, შესაძლოა საკუთარ თავსაც ვერ გამოვუტყდე, რომ საკუთარი თავის მიმართ ვატარებ სტიგმას, და თუ ერთი ადამიანის მიმართ ატარებ სტიგმას, რა თქმა უნდა, გამოდის, რომ ზოგადადაც ატარებ. რატომ? იმიტომ რომ, სამყაროში არის ერთი ადამიანი მაინც, ამ შემთხვევაში, ჩვენივე თავი, რომელსაც შენ უკრძალავ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნას.
სოციალურმა ქსელებმა ბევრ სფეროში, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროშიც, შექმნა განცდა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა ნელ-ნელა გადის დესტიგმატიზაციას. სინამდვილეში, ეს ასე შეიძლება საერთოდ არ იყოს. მაგალითად, თუ ჩემს სოციალურ ქსელში დამეგობრებული ადამიანები შემწყნარებლები არიან ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეების მქონე ადამიანებისადმი, ეს ვერ განზოგადდება მთელ ქვეყანაზე.
ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ არსებულ სტიგმას განსაკუთრებით ვემორჩილებით ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტები. რეალობა კი ერთია: არცერთი ადამიანი არაა დაზღვეული იმისგან, რომ ცხოვრების რაღაც განსაზღვრულ საფეხურზე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა არ შეექმნება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ფსიქიკურ აშლილობამდე შეიძლება მივიდეთ, მაგრამ რყევა და ცვალებადობა ცოცხალი არსების მახასიათებელია; სულიერი და ფსიქიკური თვალსაზრისით, ჩვენ ყოველთვის ერთსა და იმავე მდგომარეობაში არ ვიმყოფებით.
ამავდროულად, ჩვენში არის მეორე უკიდურესობა, როცა საერთოდ არ ვგრძნობთ საკუთარი თავის წინაშე პასუხისმგებლობას. ასეთ დროს არც ფსიქიკურ ჯანმრთელობას ვიცავთ სრულიად არასაჭირო და უსარგებლო დარტყმებისგან და არც სხეულებრივ ჯანმრთელობას; ეს საკუთარი თავის მივიწყების ერთ-ერთი ნაირსახეობაა. ამ დროს ადამიანს აღარ ახსოვს, რომ სხეული აქვს, ისევე როგორც აღარ ახსოვს, რომ მის ფსიქიკურ მედეგობასაც აქვს ზღვრული შესაძლებლობები. მაგალითისთვის, თუ ჩვენ მუდმივად ვიმყოფებით სტრესულ მდგომარეობაში და „ამოსუნთქვას“ ვერ ვახერხებთ, რა თქმა უნდა, ნერვული სისტემა გაცვდება ან გაწონასწორების უნარი ამოიწურება, და უფრო მეტად გაგვიჭირდება სტრესული მდგომარეობის ჩაცხრობა.
🔃 ანა, როგორ გარემოს ისურვებდით ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რათა მათი ფსიქიკა მაქსიმალურად ჯანსაღი დარჩეს? რა მიმართულებით გვაქვს ყველაზე მეტი სამუშაო?
➖ ამ კითხვაზე მოკლედ ასე გიპასუხებთ: ვისურვებდი ისეთ გარემოს, რომელშიც ასახულია ბავშვებისა და მოზარდების განვითარების თავისებურებები. გარემოს – მათ შორის, ადამიანებს – რომლებმაც იციან, ბავშვობა და მოზარდობა რას ნიშნავს; ფიქრობენ, როგორ აისახება ზრდასრულების ქცევები ბავშვებსა და მოზარდებზე და როგორ აისახება ბავშვებისა და მოზარდების ქცევები ზრდასრულებზე.
ამისთვის კი, რა თქმა უნდა, საკუთარი თავის კარგად მცოდნე ზრდასრულია საჭირო, რასაც, თავის მხრივ, სჭირდება შესატყვისი გარემო ზრდასრულისთვისაც. ვგულისხმობ იმას, რომ ყველა ცოცხალ არსებას გვჭირდება მასაზრდოებელი გარემო, რათა სხვისი საზრდოობა შევძლოთ.
ესაუბრა მელანო კობახიძე