თამილა კობიაშვილი
კონსულტანტ-მასწავლებელი
2011 წლის 27 ოქტომბერი, ახალქალაქის რესურსცენტრიდან მივემგზავრები ჩემთვის სრულიად უცნობ სოფელში, ბეჟანოში, ირგვლივ, თოვლით დაფარული მთები, მინდვრები, და სითეთრეში ჩამალული პატარა, შორეული სოფლები მოჩანს…
ვიცი, რომ დამხვდება მკაცრი კლიმატიური პირობები, რთული საცხოვრებელი გარემო, ჩემთვის უცნობი ოჯახი, რომელიც მზადაა, რომ მასპინძლობა გამიწიოს, უცნობი სკოლა, ბავშვები და პედაგოგიური კოლექტივი… ვნერვიულობ და ვშიშობ, შევძლებ თუ არა ჩემი მისიის შესრულებას?
ოჯახის დიასახლისი, ქალბატონი არევიკ დანიელიანი ისეთი სითბოთი, ღიმილით და სიყვარულით დამხვდა, მეგონა, საკუთარ ოჯახში დავბრუნდი, დიდი ხნით სხვაგან ყოფნის შემდეგ.
არ დამავიწყდება ჩემი პირველი დღე სკოლაში – ვღელავ, ვნერვიულობ, როგორ მიმიღებენ კოლექტივი, მოსწავლეები, თემი…
სამასწავლებლოში შესვლისთანავე მომეხსნა ყოველგვარი დაძაბულობა, რადგან თავი ვიგრძენი შინაურულ, ახლობელი ადამიანებით სავსე გარემოში.
ეს იყო 14 წლის წინ…
ახლა? ახლა ვეღარ წარმომიდგენია, როგორ უნდა ვიყო იმ ადამიანების გარეშე, რომელთაც მაჩვენეს, როგორ უნდა მიყვარდეს განსხვავებული ეროვნების, ტრადიციების, მენტალიტეტის ადამიანი, როგორ უნდა განსხვავებული შეხედულებების, კულტურის, ტრადიციების პატივისცემა. სოფელმა მიმიღო და გამითავისა დიდი ოჯახის წევრად.
ამჟამად, ბეჟანოს სკოლას ჰყავს16 უფროსი მასწავლებელი, კვალიფიციური, პროფესიონალი, ღირსეული პედაგოგიური კოლექტივი. მათ კარიერულ წინსვლაში ჩემი დიდი წვლილია შეტანილი.
სკოლას ხელმძღვანელობს ახალგაზრდა, ენერგიული, საქმეზე შეყვარებული დირექტორი – იურა იაილოიანი, რომელიც ყოველთვის მხარში უდგას პედაგოგებს და იბრძვის, მათი კარიერული ზრდისა და წინსვლისათვის.
მინდა ვისაუბრო ახალგაზრდა, თავისი საქმის მცოდნე, ენერგიულ და აქტიურ, ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგზე, ეროვნებით სომეხ, გუანნა მკოიანზე. იგი უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც მე სკოლაში მივედი, ჩვენ ერთად გავიარეთ რთული გზა და ახლა, იგი წარმატებული, განათლებული, პროგრესიულად მოაზროვნე, ნიჭიერი პედაგოგია, რომლის სახით, სკოლას ღირსეული წარმომადგენილი ჰყავს.
ჩვენი მოსწავლეები ეუფლებიან უმაღლეს განათლებას თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტში, შესანიშნავად მეტყველებენ ქართულად და აღწევენ წარმატებებს.
აქტიურად ვთანამშრომლობ თემთან. არაერთმა შეისწავლა ქართული, ყოველთვის ვცდილობ, დავეხმარო მათ ნებისმიერი ისეთი სირთულის დაძლევაში, რაშიც შესაძლებელია ჩემი გვერდში დგომა.
სკოლაში ხშირად ტარდება შიდა სასკოლო და სკოლებს შორის ტურნირები სპორტის სხვადასხვა სახეობაში, საიდანაც ბეჟანოს სკოლის მოსწავლეები ყოველთვის მედლებითა და სიგელებით ბრუნდებიან.
მინდა ვისაუბრო ჩვენი მოსწავლეების წარმატებაზე ეროვნულ ცეკვებში. სკოლის ეროვნული ცეკვების ჯგუფს ხელმძღვანელობს სკოლის დირექტორი იურა იაილოიანი. მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ თბილისში, ბორჯომში, ბაკურიანში, რაბათში, ახალციხესა და ახალქალაქში გამართულ ფესტივალებში, საიდანაც მედლებით, სიგელებით, დიპლომებითა და თასებით ხელდამშვენებულნი ბრუნდებიან.
მინდა, მადლობა გადავუხადო განათლების სამინისტროს, მასწავლებლის სახლს, პროექტის ყველა ხელმძღვანელს მათი ძალისხმევის, დაუღალავი შრომის, ურთიერთთანამშრომლობის შედეგია ყველა ის წარმატება, რასაც ჩვენი პროექტის თითოეული წევრი აღწევს.
მადლობა ბეჟანოს საჯარო სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს, ადმინისტრაციას, თემს, ოჯახს, სადაც 14 წლის განმავლობაში ვცხოვრობ, იმ თანადგომისათვის, რასაც ამ წლების განმავლობაში ვგრძნობ.