ზოგადად, ქართული ლიტერატურა საკმაო მასალას იძლევა ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების ჩამოყალიბებისთვის. ქართველ კლასიკოსთა შემოქმედება ამის უდიდესი მაგალითია. თუმცა დრო არ ჩერდება და სამრეწველო რევოლუციამ სულ სხვანაირი მსოფლიო „შემოგვაჩეჩა“ დღეს. თავი იჩინეს გლობალურმა პრობლემებმა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი „კოვიდ-19“ აღმოჩნდა და ამას ემატება ახალი დაავადებები, რომელთა შესახებ ახლო წარსულში წარმოდგენაც არ ჰქონდათ. ამრიგად, იწყება ბუნებრივი რესურსების ამოწურვისა და გარემოს დაბინძურების პრობლემების სიმწვავეების რეალური გაცნობიერება. გაირკვა, რომ ცხოვრების ყველა ასპექტს შორის ურთიერთკავშირია და ერთ რეგიონში მომხდარმა ცვლილებამ შესაძლოა ნებისმიერ ადგილას იჩინოს თავი. დღის წესრიგში დგება სამყაროზე შეხედულებების განსაზღვრა, მის მიმართ ახლებური მიზანშეწონილი და გაცნობიერებული მიდგომის ჩამოყალიბება, ამ მნიშვნელოვანი და საჭირო მიმართულების დასამკვიდრებლად, უპირველესია განათლებისა და ცნობიერების ამაღლება. ჩვენმა მოსწავლეებმა უნდა გაიგონ, რამდენად მნიშვნელოვანი და ფასეულია ჩვენი სამყაროს კულტურული, სოციალური, ეკონომიკური და ბიოლოგიური მრავალფეროვნება. ჩემი, როგორც თანამედროვე მასწავლებლის, მიზანი გარემოზე მზრუნველი მოზარდის აღზრდაა. ვცდილობ, ფორმალური და არაფორმალური განათლებით მივაწოდო მათ გარემოსდაცვითი თემატიკა, მისი სპეციფიკის გათვალისწინებით.
ჩვენი სკოლის სასკოლო პროექტები მიზნად ისახავს, რომ მოსწავლეებს მივაწოდოთ ცოდნა მდგრადი განვითარების საკითხებზე, რაც აყალიბებს გარემოსდაცვით შეგრძნებას, ღირებულებებსა და უნარ-ჩვევებს, რის საშუალებითაც ისინი მონაწილეობას მიიღებენ გარემოს შენარჩუნებაში და გაუმჯობესების საქმეში. პროექტების მიზანია ისეთი ადამიანის ჩამოყალიბება, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა საკუთარი საარსებო გარემოს შესახებ, აქვს შეფასების უნარი, ფლობს გარემოსთან ურთიერთობის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.
საგაკვეთილო პროცესი კი ის სივრცეა, სადაც ყოველდღიურ რეალობაში ყალიბდება ფასეულობები. მდგრადი განვითარების მიზნებისა და ამოცანების განხორციელება სწორედ რომ სკოლის მერხიდან უნდა დავიწყოთ, საგანთა ურთიერთკავშირი და მათი ჰარმონიულობა მეტად ეხმარება მოსწავლეს ჭეშმარიტების დადგენაში. დაკვირვება, აღმოჩენა და გააზრება ის ფენომენია, რომელიც ქმნის მოქალაქეობრივ შეგრძნებას და ხელს უწყობს მოზარდის პიროვნებად ჩამოყალიბებას.
ერთობლივი საგნობრივ-საგაკვეთილო პროექტები მდიდარია შინაარსით, მეთოდებით, ხშირად ფორმებითაც. ერთ-ერთი მსგავსი ფორმატით პროექტის განხორციელების იდეა გაკვეთილზევე დაგვებადა, სათაურიც თავად მოსწავლეებმა შეარჩიეს — „ბუნება ცოცხალია, მასაც სტკივა“. პროექტში გავერთიანდით სხვადასხვა საგნის მასწავლებლები (ქართული ლიტერატურა, გეოგრაფია, ხელოვნება (ხატვა-მუსიკა). პროექტის ორიენტირი იყო – განგვესაზღვრა ადამიანის ადგილი სამყაროში, მისი ურთიერთობა და დამოკიდებულება ბუნებასთან და იმ ჭეშმარიტების გაცნობიერება, რომ სამყარო მხოლოდ მაშინაა ბედნიერი, მშვიდი და დაწყნარებული, როცა ორივე – ადამიანი და ბუნება – ტოლფარდია ერთმანეთთან მიმართებაში.
ლიტერატურამ, ამ პროექტში, დაკვირვების საგნად ბუნების მგოსნის, ვაჟას შემოქმედება აირჩია. ბუნების გასულიერება ვაჟას შემოქმედების ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. მისმა თითოეულმა პერსონაჟმა ილაპარაკა საკუთარ წუხილზე, ტკივილზე. თხზულებებში, ესეებში, ჩანახატებში აშკარად ჩანდა მოსწავლეთა ემოციური განცდები, სიბრალული. როლური აღქმა და „გაცოდავებული“ ბუნების წარმოდგენა მოსწავლეებში აყალიბებდა თანაგრძნობის უნარს. შეცოდება, მოფრთხილება, პატრონობა, მზრუნველობა იყო მათი მთავარი სათქმელი, გულის დარდი და საფიქრალიც.
სამყაროს წუხილი კიდევ უფრო საინტერესოდ გვაგრძნობინა პროექტში გეოგრაფიის ჩართულობამ (მასწავლებელი — ირინე აბრალავა). აღმოჩნდა, რომ მიუხედავად რეალური საფრთხეებისა, რომელიც კატაკლიზმების სახითაც გვხვდება, ადამიანი ვერ ამჩნევს სამყაროს ტკივილს და არ არის ბოლომდე მზად, გაათვითცნობიეროს ის პრობლემა, რომელიც მას ახლო მომავალში ელოდება. მოსწავლეებმა პრეზენტაციაზე ვიდეოკოლაჟებით გამდიდრებული ე.წ. „გაბრაზებული“ ბუნება წარმოადგინეს, ისაუბრეს გლობალურ საშიშროებებზე და აღნიშნეს, რომ ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრია.
სამყაროს აღქმა, მისი წუხილი და სიხარული არანაკლები სიმძაფრით შეიძლება გვიჩვენოს ხელოვნების სხვადასხვა დარგმაც. ჩვენს პროექტებში ჩაერთვნენ მოსწავლეები, რომლებიც გამოირჩეოდნენ ხელოვნების სიყვარულით. საკუთარი ხელით შექმნილი მაკეტები, ბუნების ამსახველი ჭრელი და ფერადი ფოტო-ვიდეომასალები, ნახატები (მასწავლებლები – ხათუნა ნაყოფია, ნუნუ უბილავა) საოცარ კოლორიტს ქმნიდა სამყაროს უნიკალურობასა და საოცრებაზე.
ბუნება რომ მდიდარია ჰანგებითა და ჟღერადობით (ფრინველების, მდინარეების ენა) პროექტის დასკვნითმა ნაწილმა აჩვენა. მუსიკალური რიტმები, რომელიც ბუნების ყოველდღიურობაა, სასიამოვნო განწყობას ქმნიდა. თავიანთ პრეზენტაციებში (მასწავლებელი — თამუნა მიქავა) მოსწავლეებმა ვიდეოკოლაჟების თანხლებით წარმოადგინეს „ბუნების ჰარმონია“, სადაც „მღეროდა“ ხე, ტყე, წყალი.
ისტორიის საგნის მასწავლებელმა (ფიქრია კვირიკაძე) მოსწავლეები უძველეს ხანაშიც „შეახედა“. ისინი საუბრობდნენ ქვის ხანის ადამიანებზე, მათ დამოკიდებულებაზე ბუნების მიმართ, რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებზე. მოსწავლეებმა გაიაზრეს ის, რომ სწორედ ბუნებამ უკარნახა უძველეს ქვის ხანის ადამიანს, გამოქვაბულში შესულიყო და შემოსილიყო, ათეული ათასი წლის წინ, როცა გამყინვარება დაიწყო.
საბოლოოდ, პროექტმა დაადასტურა, რომ ღმერთმა ჩვენ მართლაც მშვენიერი სამყარო გვაჩუქა, რომელიც გვაქვს „უთვალავი ფერითა“.
საგნობრივმა მრავალფეროვნებამ ცხადყო, რომ ამ ლამაზი, მშვენიერი, ათასფეროვანი სამყაროს მთავარი გმირი ადამიანია და მან ყველა დროში უნდა გაითვალისწინოს ის, რომ „ჩვენ ბუნებაში ვართ, იგი ჩვენშია, ცოცხალნიც მისნი ვართ და მკვდარნიც“ (ვაჟა-ფშაველა). აქედან გამომდინარე, ადამიანმა უნდა შეიგნოს, რომ სამყაროზე, ბუნებაზე ზრუნვა საკუთარ თავზე ზრუნვაცაა.
ინტეგრირებული გაკვეთილები მოსწავლეთა ცოდნის შეძენისა და მისი რეალიზების საიმედო საყრდენია.
იზა ლომაია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფ. საჩინოს №1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი