16 აპრილი, ოთხშაბათი, 2025

ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტის („ძალიან  გავრცელებული, მაგრამ… არასწორი“) მიზანი მიღწეულია!

spot_imgspot_img

„ცოდნა ძალაა“ – ინგლისელი ფილოსოფოსის, ისტორიკოსისა და პოლიტიკური მოღვაწის, ფრენსის ბეკონის ეს გამოთქმა, რაც დრო გადის, მით უფრო აქტუალურია. რეალურად, ცოდნა მაშინ არის ძალა, როცა მოსწავლეს, ზოგადად ადამიანს, მასთან ერთად განვითარებული აქვს სხვადასხვა უნარი, შეუძლია კრიტიკულად შეხედოს მოვლენას, დააკვირდეს, იმსჯელოს მასზე, გააანალიზოს, დაასაბუთოს, შეაფასოს… თითოეული მათგანის გასავითარებლად თავისთავად იკვეთება მშობლიურ ენაზე მართლმეტყველებისა და მართლწერის უნარის საჭიროება. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის განვითარებას კი, ფორმალურ განათლებასთან ერთად, ხელს უწყობს არაფორმალური განათლება. პროექტი „ძალიან გავრცელებული, მაგრამ… არასწორი“, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა მიმდინარე, 2024-2025, სასწავლო წელს, სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოსა და ხამისქურის საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების (ზაზა შულაია, ნანა ლომაია) ინიციატივით, სწორედ მოსწავლეთა სხვადასხვა უნარის განვითარებაზე იყო ორიენტირებული. ეროვნული მასშტაბის პროექტში თანამშრომლობდა საქართველოს 6 რეგიონის (სამეგრელო, იმერეთი, აჭარა, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი, კახეთი) 18 სკოლის 20 პედაგოგი, მასში ჩართულნი იყვნენ თითოეული სკოლის დაწყებითი, საბაზო თუ საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

პროექტის გეგმას, რომელიც მიმდინარეობდა 29 ოქტომბრიდან 4 აპრილის ჩათვლით, შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:

https://docs.google.com/document/d/1BFW1A7C3n3F9FTS_BvoMOxkCYODseo6i/edit?tab=t.0

 პროექტის ორგანიზატორები:
  1. ზაზა შულაია სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  2. ნანა ლომაია – სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

მონაწილე კლასები: დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხურის მოსწავლეები;

პროექტის მიზნები:

♦ მოსწავლეების ენობრივი კომპეტენციის გაუმჯობესება;

♦ მოსწავლეების კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება ენობრივ საკითხებში;

♦ საზოგადოებაში ენობრივი ცნობიერების გაზრდა;

♦ ქართული ენის სიწმინდის შენარჩუნება;

♦ გავრცელებული გრამატიკული და ლექსიკური შეცდომების შემცირება;

♦ ქართული ენის სწორი ფორმების პოპულარიზაცია.

პროექტის აქტუალობა

პროექტი აქტუალურია, ვინაიდან იგი ხელს უწყობს:

♦ მოსწავლეების ენობრივი კომპეტენციის გაუმჯობესებას;

♦ სწორი მეტყველების კულტურის დამკვიდრებას;

♦ კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას ენის გამოყენებისას;

♦ სალიტერატურო ენის ნორმების პრაქტიკულ გამოყენებას ყოველდღიურ კომუნიკაციაში;

♦ მოსწავლეთა მეტყველებისა და წერის კულტურის დახვეწას, ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანად გამოყენებას.

ეს ყოველივე კი დადებითად მოქმედებს მოსწავლეთა წინსვლასა და მოტივაციაზე.

შესაბამისობა ესგსა და ზგემთან

პროექტის მკაფიოდ გაწერილი მიზნები შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმასა (ესგ) და ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს (ზგემ), რადგან ემსახურება მოსწავლეთა განვითარებას როგორც საგნობრივ ჭრილში, ისე ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესაბამისად.

მოსალოდნელი შედეგები:

♦ მოსწავლეები შეძლებენ გავრცელებული ენობრივი შეცდომების ამოცნობას და მათ თავიდან აცილებას;

♦ გაუმჯობესდება მათი წერითი და ზეპირი მეტყველების ხარისხი;

♦ მოსწავლეები გააცნობიერებენ სწორი მეტყველების მნიშვნელობას ეფექტური კომუნიკაციისთვის;

♦ გაიზრდება მათი ინტერესი ენის სწავლის მიმართ;

♦ მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი და სხვების მეტყველების კრიტიკულ შეფასებასა და კორექტირებას;

ეს პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ენობრივი კომპეტენციის ამაღლებას და დაეხმარება მათ, უფრო გამართულად და ეფექტურად გამოიყენონ ქართული ენა როგორც აკადემიურ გარემოში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

პროექტის გეგმის შესაბამისად, შეხვედრები თვეში ერთხელ (ოქტომბერ-აპრილი) უნდა გამართულიყო. მართალია, ობიექტურმა გარემოებამ, მისი მიმდინარეობისას, მცირეოდენი ცვლილება განაპირობა, თუმცა ამას პროექტის მიზნის მიღწევაში ხელი არ შეუშლია.

პირველ შეხვედრაზე  პროექტის მხარდამჭერმა, მარიამ ჩაჩანიძემ წარმოადგინა თავისი ნაშრომი პუნქტუაციის მოკლე გზამკვლევი, რომელიც მეტად საჭირო რესურსია სწავლა-სწავლების პროცესში როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვისაც. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მან საინტერესო დიალოგი გამართა მოსწავლეებთან, მისცა რჩევები, მათგანაც მიიღო უკუკავშირი. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სიამოვნებით გაიხსენეს ადრინდელი საინტერესო შეხვედრა მარიამთან, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ მოსწავლესთან, აღნიშნეს, რომ მისმა რჩევებმა საფუძველი ჩაუყარა არაერთ სასიკეთო ინიციატივას, გამოთქვეს სურვილი, შეძლებისდაგვარად, გაეგრძელებინათ თანამშრომლობა უფროს მეგობართან. აუდიტორიას მეორე პრეზენტაცია წარუდ­გინა სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის №1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ინგა ხვიჩიამ ზმნისწინთა მართლწერის საკითხებზე“, შემდგომ შეხვედრებზე წარმოდგენილ იქნა თემები: 1. „კალკი“, ავტორი – სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ზაზა შულაია; 2. „უზუსტობანი პარონიმების გამოყენებისას“, ავტორი – სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა ლომაია; 3. „როგორ დავიცვათ მშობლიური ენა ბარბარიზმებისაგან?“, ავტორი – სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ბელა პაპავა; 4. „უცხოური სიტყვების მართლწერა“, ავტორი – სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია შაინიძე; 5. „ჟარგონი ქართულ ენაში“, ავტორი – ქალაქ რუსთავის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის მე-5 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა კუჭუხიძე; 6. „კალკები და უცხოენოვანი გავლენის ზოგი სხვა გამოვლინება ქართულ ენაში“, ავტორი – სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა ლომაია; 7. „შეცდომები ფრაზეოლოგიზმების გამოყენებისას“, ავტორი – სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის №1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ინგა ხვიჩია. პრეზენტატორები აღნიშნავდნენ, რომ უცხოური სიტყვების შემოღწევა და გაუფილტრავად მათი აქტიური გამოყენება ქართული ენის ბუნებას არღვევს. არანაკლებ საზიანოა მართლწერის საკითხების დაუცველობა, თუნდაც მშობლიური წიაღიდან წარმოქმნილი ლექსიკური ერთეულების გამოყენებისას. თითოეული პრეზენტაცია იმითაც იყო საინტერესო, რომ შეიცავდა არა მხოლოდ თეორიულ მასალასა თუ მარეგულირებელ პუნქტებს ზემოთ ხსენებული თემების გარშემო, არამედ მოსწავლეებს ყურადღებას ამახვილებინებდა გაპარული შეცდომებით წარმოქმნილ გაუგებრობებზე, ბუნდოვან ფრაზებზე; ასევე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა მონაწილეობაზე გათვლილი ინტერაქციული სავარჯიშოებიც. მოსწავლეები აქტიურობდნენ და აბსოლუტური სიზუსტით იყენებდნენ მოსმენილ თეორიულ მასალას მცდარი ფორმების ჩასწორებისას.

პროექტის მიმდინარეობაშის ცვლილების შეტანის საჭიროება გაჟღერდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლის პედაგოგის, ნანა ლომაიას მიერ. რეალურად, მან მოსწავლეთა სურვილი გაახმოვანა. ცვლილებამ კიდევ უფრო ეფექტური გახადა მიზნის მიღწევა. დამაჯერებელი და საინტერესო იყო სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეების, ნატალი გოგოლაძისა და ცაცა ქობელაშვილის, პრეზენტაცია – „სინონიმების, ანტონიმებისა და ომონიმების გარშემო“, ასევე, საბა შამანაძისა და ბარბარე მეგრელიშვილის საუბარი სტილისტიკის საკითხებზე (პედაგოგი – ზაზა შულაია); სტილისტურ ხარვეზებზე ჰქონდათ მასალა მომზადებული სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებს: ნანიკო არჩვაძესა და მარიამ ვარამაშვილს, ამავე სკოლის მოსწავლეებმა: სალომე ზავრადაშვილმა და ქეთევან მერებაშვილმა კი არქაიზმებისა და ნეოლოგიზმების შესახებ ისაუბრეს (პედაგოგი – მანანა ილაშვილი); ხარაგაულის მუნიციპალიტეტის №3 საჯარო სკოლის მოსწავლის, ლიზი კურტანიძის პრეზენტაცია ბარბარიზმებზე იყო, ხოლო მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლემ, ნინი ბერულავამ ბრუნვის ნიშნების არასწორად გამოყენების ფაქტებზე ისაუბრა; ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლის მოსწავლეების: ნინი ფარცვანიას, საბა ქირიას, ანი გრიგოლაიას და ლოლა ქირიას ჯგუფური პრეზენტაცია პედაგოგთა მიერ ხაზგასმულ თითქმის ყველა საკითხს შეეხო. მათი ნაშრომი აგებული იყო ბარბარიზმების, კალკის, პარონიმიისა და ჟარგონის ნიმუშებზე, რომლებიც გამოვლენილ იქნა ცოცხალ მეტყველებაზე დაკვირვებისას.

მოსწავლეთა პრეზენტაციები თეორიული მასალის სიზუსტითა და ინტერაქციული სავარჯიშოებით გამოირჩეოდა, რამაც ხელი შეუწყო მსმენელ მოსწავლეთა გააქტიურებას.

პროექტის შეჯამებისას ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილ საკითხთა ნაწილი განამტკიცებდა პედაგოგთაგან მოსმენილ მასალებს, ნაწილი კი აბსოლუტურად განსხვავებულ საკითხს შეეხებოდა. „ორივე შემთხვევაში აბსოლუტური დამაჯერებელი პრეზენტაციები დასტურია წარმატებული შედეგისა,“ – აღნიშნა პროექტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ზაზა შულაიამ.

„პროექტის დადებითი გავლენა მნიშვნელოვნად გამოიკვეთა, ჩვენი მოსწავლეები კრიტიკულად და მეტისმეტი სიფრთხილით ეკიდებიან ენობრივ შეცდომებს, მაქსიმალურად ცდილობენ სწორად და გამართულად წერონ და იმეტყველონ,“ – აღნიშნა, პროექტის შეჯამებისას, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს საჯარო სკოლის პედაგოგმა, ბელა პაპავამ.

აქვე უნდა აღინიშნოს პროექტში ჩართული პედაგოგის, ნინო კონცელიძის მოსაზრება (ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს 1 საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებელი). მისი თქმით, „ის იყო პასიური მსმენელი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოსმენილ საკითხებს (კალკი, ბარბარიზმები თუ სხვა) საჭიროებისამებრ იყენებდა რუსული ენის გაკვეთილებზე. კერძოდ, კონკრეტული ლექსიკური ერთეულების რუსულიდან მშობლიურ ენაზე თარგმნისას, მოსწავლეებს ურჩევდა, თარგმანი ყოფილიყო ზუსტი და ქართული ენისთვის ბუნებრივი, თვალსაჩინოებისათვის წარმოდგენილ ნიმუშებს ეყრდნობოდა. აღნიშნული უდავოდ პროექტის დადებითი მხარეა და, ზემოთ აღწერილთან ერთად, შედეგის ერთ-ერთი განმამტკიცებელიცაა“.

შემაჯამებელ დისკუსიაში ჩაერთო ყველა დამსწრე პედაგოგი. მათი შეფასებით, პროექტმა მოლოდინი გაამართლა, მოსწავლეთა პრეზენტაციებმა ნათელი გახადა, რომ ისინი ახერხებენ გავრცელებული ენობრივი შეცდომების ამოცნობას და მათ თავიდან აცილებას, საკუთარი და სხვების მეტყველების კრიტიკულ შეფასებასა და კორექტირებას, გააცნობიერეს ეფექტური კომუნიკაციისთვის სწორი მეტყველების მნიშვნელობა, ენის შესწავლის მიმართ ინტერესი გამოავლინეს, მსგავს პროექტებში ჩართულობის სურვილის გამოხატვით. უდავოა, რომ გაცილებით გამართულად და ეფექტურად გამოიყენებენ ქართულ ენას როგორც აკადემიურ გარემოში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასევე წარმატებული შედეგია მონაწილე მასწავლებელ-მოსწავლეთა სურვილი, მომავალშიც გაგრძელდეს მუშაობა ენობრივ საკითხებზე, თითოეული მათგანის მოსაზრება ორგანიზატორების ხედვის არეში მოექცევა და უდავოდ დაიგეგმება საინტერესო და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნათა შესაბამისი პროექტები. ამჯერად კი ორგანიზატორები მადლობას ვუხდით პროექტში ჩართულ სკოლების ყველა პედაგოგს:

  1. ნანა ლომაია – ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი (პროექტის ხელმძღვანელი);
  2. ზაზა შულაია – ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი (პროექტის ხელმძღვანელი);
  3. ხათუნა ბერაძე – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  4. ბელა პაპავა, ელიზა კალანდია, მანანა ჭაჭუა – მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები;
  5. მაია გოგბერაშვილი – თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  6. ლეილა ბენდელიანი – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  7. ნანა კუჭუხიძე – რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  8. ინგა ხვიჩია – ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის პირველი და სოფელ შუა ქვალონის საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  9. ირინე კუჭავა – ხონის მალხაზ აბაშიძის სახელობის ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  10. გალინა ღვინიაშვილი – ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  11. ქეთევან ჩაჩანიძე – დაბა ხარაგაულის მე-3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  12. მანანა ილაშვილი – სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  13. ნათია შაინიძე – წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  14. მერი გიბიშვილი – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  15. ირმა ბოჭორიშვილი – სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  16. ნონა ოდიშარია – სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  17. ანჟელა ღვიტიძე – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  18. ნინო კონცელიძე – ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს №1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი);

ასევე, მათ მოსწავლეებს და პროექტის მხარდამჭერს, მარიამ ჩაჩანიძეს – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტ.

ნანა ლომაია
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი (პროექტის ხელმძღვანელი)
ზაზა შულაია
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი (პროექტის ხელმძღვანელი)
spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

ამას რა ეშ­ვე­ლე­ბა?

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება