დღეისათვის თეორიული ცოდნის მიცემაზე მეტად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მომზადება ცხოვრებისეული გამოწვევებისათვის და შესაბამისი კომპეტენციების განვითარება. ამიტომაც სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები დაფუძნებულია, ძირითადად, სწავლების კონსტრუქტივისტულ მეთოდებზე. თანამედროვე მოსწავლე არა პასიური, არამედ აქტიური შემსწავლელია და სწავლობს გამოცდილებით.
ამიტომაც, ინტეგრირებული გაკვეთილების თემა დღეს ძალზე აქტუალურია. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამები და გამჭოლი კომპეტენციები მასწავლებელს საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარების საშუალებას აძლევს. ადრეულ ასაკში მოსწავლეებს უჭირთ აბსტრაქტული აზროვნება, ანალიზი, განზოგადება და კიდევ უფრო მეტად – ცალკეულ დისციპლინებში ნასწავლი კონცეფციების სინთეზი. რაც უფრო დაქუცმაცებულია მოსწავლისთვის სამყარო სხვადასხვა „საგნად“, მით უფრო უჭირს მისი აღქმა, გამთლიანება და შესწავლა. ასაკთან ერთად ეს სირთულე იოლად დაიძლევა. ამ კუთხით, ასაკობრივ განვითარებასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება კარგად დაგეგმილ და ჩატარებულ ინტეგრირებულ გაკვეთილებს.
მოგეხსენებათ, ინტეგრირებული გაკვეთილი არის ერთი და იმავე, მონათესავე ან გამჭოლი თემატიკის ირგვლივ გაერთიანებული, ორი ან რამდენიმე სასწავლო საგნის მიხედვით დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილი. ინტეგრირებული გაკვეთილი სასწავლო-საგაკვეთილო პროცესში სულ მცირე ორი დისციპლინის დაკავშირებას – ინტეგრაციას გულისხმობს. აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ ამ დისციპლინებს შორის კავშირი უნდა იყოს ორგანული და მათი შერწყმა უნდა გვაძლევდეს საშუალებას, დავგეგმოთ შესაბამისი აქტივობები.
„გასათვალისწინებელია, რომ ინტეგრირებული გაკვეთილი გულისხმობს რამდენიმე დისციპლინის საერთო/მომიჯნავე თემის ირგვლივ გაერთიანებას. შესაბამისად, მის ჩასატარებლად საჭიროა რამდენიმე მასწავლებელი. მათი პროფესიული უნარ-ჩვევები, მაღალი კვალიფიკაცია და თანამშრომლობის უნარი ეფექტიანი გაკვეთილის ჩატარების წინაპირობაა. ინტეგრირებული გაკვეთილის პედაგოგიური ეფექტი საყურადღებოა მრავალი მიზეზის გამო. ასეთი გაკვეთილი იძლევა ცოდნის სინთეზის შესაძლებლობას, გვეხმარება, ჩამოვუყალიბოთ ბავშვს ერთი სფეროდან მეორეში ცოდნის გადატანის უნარი, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მოსწავლეებში ანალიტიკური აზროვნების და განზოგადების უნარის განვითარებას. ამ გაკვეთილებზე მიიღწევა ასევე სინამდვილის მთლიანობითი აღქმა, რაც ბავშვს გარემომცველი სამყაროს შემეცნებაში დიდ დახმარებას უწევს,“ – ქეთევან ოსიაშვილი, 2017წ, ჟურნალი „მასწავლებელი“.
ცოდნის ინტეგრირებასთან ერთად, მნიშვნელოვანია მოსწავლეებში თანამშრომლობითი უნარების განვითარება, რომელთა განვითარებას, სხვა მეთოდებთან ერთად, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჯგუფში მუშაობა, მაგრამ მცირე კონტინგენტიან სკოლებში, სადაც კლასში 2, 3 ან 5 მოსწავლეა, ძნელია ჯგუფში მუშაობის განხორციელება. ხშირად ჯგუფში მუშაობა, თავისთავად, მთელ კლასთან მუშაობას უდრის და ჯგუფებს შორის აზრთა გაზიარება ვერ ხდება, მოსწავლეთა სიმცირის გამო. ამიტომ ვფიქრობ, საგანთა ინტეგრაციასთან ერთად, საუკეთესო მიგნებაა კლასების ინტეგრირებაც, რაც მასწავლებელს ჯგუფში სრულფასოვნად მუშაობისა და ჯგუფებს შორის აზრთა გაზიარების საშუალებას აძლევს. სხვადასხვა ჯგუფში მუშაობის შედეგად, მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ წარმოადგინონ განსხვავებული მიდგომები და შეხედულებები, მოისმინონ და ერთმანეთს შეადარონ მეორე ჯგუფის მოსაზრებები, იმსჯელონ და გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები. ეს მიდგომაც წარმატებით განვახორციელეთ თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლაში. სტატიაშიც სწორედ ამ საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილების შესახებ გიამბობთ.
ყველაფერი საბუნებისმეტყველო კათედრის ერთ-ერთ შეხვედრაზე დაიწყო, სადაც მე და მზიანა ზოიძემ აღმოვაჩინეთ მეექვსე კლასის ბუნებისმეტყველებასა და მერვე კლასის ქიმიის თემების თანხვედრა. რადგან სკოლა მცირეკონტინგენტიანია და თითოეულ კლასში 6-ზე მეტი მოსწავლე არ გვყავს, გადავწყვიტეთ, ერთი თემის ირგვლივ მოგვეხდინა ორი კლასისა და საგნის ინტეგრირება. საერთო ჯამში, ამ ორ კლასში 9 მოსწავლე გვყავდა, მათ შორი 1 სსსმ მოსწავლე – მერვე კლასში, რომელიც ძალიან აქტიური და შრომისმოყვარეა. იგი ბლუმის ტაქსონომიის ცოდნის, გაგება-გააზრებისა და გამოყენების დონეებს თავისუფლად ფლობს, თუმცა უფრო მაღალ სააზროვნო დონეებზე გასვლა უჭირს.
შესაბამისად, დავგეგმეთ და ჩავატარეთ ინტეგრირებული გაკვეთილი – ქიმია, საბაზო საფეხურის მერვე კლასი; ბუნება, დაწყებითი საფეხურის მეექვსე კლასი, თემაზე – „ნარევის დაყოფის ხერხები“. გაკვეთილის ხანგრძლივობა შეადგენდა 45 წუთს და, ორივე საგნის შემთხვევაში, სამიზნე ცნებებს წარმოადგენდა: ქიმიაში – ნივთიერება, ქიმიური მოვლენები და ფიზიკური მოვლენები, ხოლო ბუნებისმეტყველებაში – სხეულები და მოვლენები; დედამიწა და გარესამყარო.
გაკვეთილის მიზანი: დაკვირვების საფუძველზე მოსწავლეები შეძლებენ, შესაბამისი ფიზიკური მეთოდების (მაგ.: გაფილტვრა, დაწვდომა, ამოშრობა და ა.შ.) გამოყენებით, გამოყონ ერთმანეთისგან ნარევის კომპონენტები. უსაფრთხოების წესების დაცვით შეძლებენ კვლევის დაგეგმვასა და ჩატარებას, აწარმოებენ დაკვირვებას, მიღებული მონაცემების გაანალიზებასა და სათანადო დასკვნის გამოტანას;
ჩვენ მიერ დაგეგმილი აქტივობებით მოსწავლეებს უვითარდებათ თანამშრომლობის, ჯგუფში მუშაობის, ექსპერიმენტის დაგეგმვისა და ჩატარების, შედარების, ანალიზის, არსებული ცოდნის გამოყენების, ინფორმაციის გაანალიზებისა და შეფასების უნარები;
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: VI კლასისთვის – ბუნ. დაწყ.(II).1 პრაქტიკული აქტივობებისა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების გამოყენება სხეულების შემადგენელი ნივთიერებების/მასალების თვისებების აღსაწერად და ფიზიკური მოვლენების მარტივი კანონზომიერებების დასადგენად; ბუნ.დაწყ.(II).2 პრაქტიკული აქტივობებისა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების გამოყენება გეოგრაფიული ობიექტების, ბუნებრივი მოვლენების აღსაწერად და მათი მახასიათებლების დასადგენად; ხოლო VIII კლასისთვის – ქიმ.საბ.3. მეცნიერული მიღწევებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების გამოყენება ფიზიკური და ქიმ.საბ.4. ქიმიური მოვლენების, მათი მიზეზებისა და შედეგების დასადგენად;
გაკვეთილზე გამოვიყენეთ შემდეგი სასწავლო რესურსები: გაკვეთილის თემა, მიზანი და შეფასების რუბრიკები, რკინის და გოგირდის ფხვნილი, ზეთი და წყალი, ქვიშა, სუფრის მარილი, ცარცი, ხის ნახერხი, საცერი (ჩვეულებრივი სამზარეულოს), გამყოფი ძაბრი, მაგნიტი, შტატივი, სპირტქურა, კოლბები, ქიმიური ჭიქები, ძაბრი, ფილტრის ქაღალდი, მინის წკირი. ხოლო მეთოდებიდან, გაკვეთილის მსვლელობისას გამოვიყენეთ შემდეგი მეთოდები: გონებრივი იერიში, ჯგუფში მუშაობის, ექსპერიმენტული სამუშაოსა და დაკვირვების მეთოდები.
საორგანიზაციო საკითხების მოგვარების, გაკვეთილის თემის, მიზნის, შეფასების კრიტერიუმებისა და აქტივობების გაცნობის შემდეგ, მოსწავლეთა პროვოცირებისა და წინარე ცოდნის გააქტიურებისათვის, გამოვიყენეთ გონებრივი იერიშის მეთოდი და დავსვით კითხვები. უნდა აღვნიშნო, რომ კითხვებზე პასუხის გაცემაში ორივე კლასის მოსწავლეები, თითქმის, თანაბრად იყვნენ ჩართული. ასევე სსსმ მოსწავლისათვის წინასწარ გვქონდა გამზადებული კითხვა, რომელიც ბლუმის ტაქსონომიის მხოლოდ პირველ სამ დონეს ფარავდა (ცოდნა, გაგება, გამოყენება).
შემდეგ აქტივობაზე გამოვიყენეთ ჯგუფში მუშაობის მეთოდი. მოსწავლეები 3-3-წევრიან ჯგუფებად გადავანაწილეთ, ცალ-ცალკე, მერვე და მეექვსე კლასები. მოსწავლეებმა, კლასის შესაბამისად, თავიანთ სახელმძღვანელოებში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ფლიპჩარტზე, შექმნეს ნარევთა კლასიფიკაციის მათთვის სასურველი სქემა/ცხრილი და შემდეგ პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს. ისინი ხალისით ჩაერთვნენ აქტივობებში, მასწავლებლები ვეხმარებოდით მინიშნებით; ერთ შემთხვევაში, დავეხმარეთ როლების განაწილებაში, განსაკუთრებით აქტიურობდნენ პრეზენტაციის ეტაპზე, ცდილობდნენ, გუნდის ნამუშევარი კარგად წარმოეჩინათ.
შემდეგი აქტივობა იყო იდეეების გენერირება-ექსპერიმენტის დაგეგმვა. მუშაობა გავაგრძელეთ ისევ 3-3-წევრიან ჯგუფებად, მაგრამ მეექვსე კლასის ჯგუფებში რამდენიმე მოსწავლეს შევუცვალეთ ადგილი. თითოეულ ჯგუფს მივაწოდეთ ფურცელზე დაწერილი ნარევთა სისტემები (თითო ჯგუფს – 2-2, მაგ.: წყალი და ქვიშა, გოგირდი და რკინის ნაქლიბი, ზეთი და წყალი, მარილი და წყალი, ხის ნახერხი და წყალი, ქვიშა და ნახშირი), ინსტრუქციით. ინსტრუქციის შესაბამისად უნდა წაეკითხათ და გაეაზრებინათ სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაცია ნარევისა და ნარევის დაყოფის ხერხებზე და ემსჯელათ, როგორ შეძლებენ მათთვის მიწოდებული ნარევების ჯერ დამზადებას და შემდეგ დაყოფას. ნარევის შექმნისა და დაყოფის ხერხებზე შეჯერებული იდეები ფლიფ ჩარტის ქაღალდზე წერილობით უნდა წარმოედგინათ; აუცილებელი იყო, რომ გამოეკვეთათ რა დანადგარი/აღჭურვილობა (კოლბა, ჭიქა, გამყოფი ძაბრი, შტატივი, საცერი, ძაბრი, ფილტრის ქაღალდი, მაგნიტი და ა.შ.) და ნივთიერებები დასჭირდებოდათ ამისთვის იმ საშუალებებიდან, რომლებიც წინასწარ იყო გამზადებული და დალაგებული სადემონსტრაციო მაგიდაზე. მოსწავლეებს წინასწარ დაწვრილებით მივაწოდეთ ინსტრუქცია, რომ ექსპერიმენტის ჩატარებისათვის აუცილებელია მისი სწორად დაგეგმვა. ამიტომ ვთხოვეთ განსაკუთრებული ყურადღებით მიდგომოდნენ ამ აქტივობას, რადგანაც თუ კარგად დაგეგმავდნენ, შემდეგი აქტივობის ჩატარება უფრო ხალისიანი და საინტერესო იქნებოდა მათთვის. მოსწავლეები საკმაოდ დაძაბულად მუშაობდნენ, ცდილობდნენ არ გამორჩენოდათ რაიმე, სვამდნენ უფრო მეტ კითხვას, აზუსტებდნენ საკუთარ მოსაზრებებსა და იდეებს, თუ რამდენად იყო ისინი რეალისტური. ჩვენ მათ, მინიშნებებითა და კითხვებზე პასუხების გაცემით, დავალების შესრულებაში ვეხმარებოდით. ნამუშევრების პრეზენტაციის შემდეგ, შევახსენეთ მოსწავლეებს ლაბორატორიაში ქცევის ძირითადი წესები, დავეხმარეთ ჯგუფებს ლაბორატორიულ მაგიდებთან გადანაწილებასა და ყველა იმ რესურსის მომარაგებაში, რომლებიც სჭირდებოდათ საკუთარი გათვლების მიხედვით. გაკვეთილის ამ ეტაპზე მოსწავლეთა აქტიურობა განსაკუთრებით მაღალი იყო. მათ დაამზადეს ნარევები და შემდეგ დაიწყეს შესაბამისად დაყოფა. ძალიან დიდი იყო სიხარული, როდესაც აღმოაჩენდნენ, რომ შეძლეს ნარევის დაყოფა. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია რკინისა და გოგირდის დაყოფამ, ასევე გასაოცარი იყო მათთვის ქვიშისა და წყლის დაყოფა, თვალებს არ უჯერებდნენ და გვითითებდნენ კოლბაში ჩამოდენილ ფილტრატზე – „მას! ნახეთ, რა სუფთა წყალია ქვემოთ, დაილევა?“ ამ დროს გვიწევდა ქცევის წესების შეხსენება ლაბორატორიაში ჭამისა და დალევის აკრძალვის შესახებ. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებოდით მათ მოქმედებებს და, საჭიროების შემთხვევაში, ვეხმარებოდით, ვუსვამდით შესაბამის კითხვას ან ვაძლევდით მინიშნებას. საბოლოოდ, ყველა ჯგუფმა შეძლო დავალების შესრულება. შედეგების წარდგენისას თითოეული მათგანი კმაყოფილებას ვერ მალავდა, დაწვრილებით აღწერეს ნარევის დაყოფის მათ მიერ გამოყენებული ხერხი და მოიყვანეს მაგალითები, სად შეიძლება ყოფა-ცხოვრებაში მისი გამოყენება. ექპერიმენტის შუა ნაწილში მივხვდით, რომ მოსწავლეებს უფრო მეტი დრო სჭირდებოდათ, ვიდრე გათვლილი გვქონდა, რადგან მაღალი იყო ინტერესი, დრო გავახანგრძლივეთ და გადავწყვიტეთ , გაკვეთილზე აღარ გაგვეკეთებინა მოსწავლეთა თვითშეფასება და თვითშეფასების კითხვარი სახლში შესავსებად გაგვეტანებინა, ხოლო გაკვეთილზე მხოლოდ ურთიერთშეფასება გამოგვეყენებინა, ჯგუფში მუშაობის შეფასების რუბრიკის შესაბამისად. გაკვეთილის ბოლოს ჯგუფებმა შეაფასეს ერთმანეთი, აღნიშნეს ძლიერი და სუსტი მხარეები. მასწავლებლები ვუსმენდით და, საჭიროების შემთხვევაში, ვითხოვდით დაზუსტებას/დამატებას. შემდეგ შევაფასეთ თითოეული მათგანი, გაკვეთილზე ჩართულობის რუბრიკის მიხედვით.
საბოლოოდ, შემიძლია ვთქვა, რომ გაკვეთილი ნამდვილად გავიდა შედეგზე. მოსწავლეებმა შეძლეს და დაამუშავეს სახელმძღვანელოში არსებული ინფორმაცია, გამოიყენეს, სწორად დაგეგმეს და ჩაატარეს ექსპერიმენტი, ახსნეს მიღებული შედეგები. ახსნისას გამოიყენეს ცოდნის ტრანსფერი ფიზიკიდან და ყოფა-ცხოვრებიდან. ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩენა იყო, რომ მეექვსე კლასის მოსწავლეები თავს გრძნობდნენ ძალიან თავისუფლად, მათთვის საერთოდ არ იყო დამთრგუნველი, რომ მათზე ორი წლით უფროს მოსწავლეებთან ერთად უტარდებოდათ გაკვეთილი, რასაც გაკვეთილის დაგეგვმისას რისკად განვიხილავდი. ახლა, როდესაც ვაანალიზებ ჩატარებულ გაკვეთილს, ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა, ჯგუფებში მოსწავლეების განაწილებისას, არ გაგვეთვალისწინებინა, რომ სხვადასხვა კლასების ინტეგრირებულ გაკვეთილს ვატარებდით — პირველივე ჯგუფურ მუშაობაში გამოჩნდა, რომ მეექვსეკლასელებს უფროსებთან მუშაობა ხელს ნამდვილად არ შეუშლიდა. აღვნიშნეთ ისიც, რომ შეიძლებოდა მოსწავლეთა გადაჯგუფებაზე მიგვექცია ყურადღება, ასევე, კარგი იქნებოდა შეგვემცირებინა აქტივობები და ცოტა უფრო მეტი დრო დაგვეთმო ექსპერიმენტებისთვის. მაგალითად, საერთოდ არ გაგვეკეთებინა ნარევების კლასიფიკაციის სქემები და აქ დახარჯული დრო დანარჩენ აქტივობაზე გადაგვენაწილებინა. ასეთ შემთხვევაში გაკვეთილის შეჯამება და შეფასება უფრო სრულფასოვანი იქნებოდა, მოსწავლეები უფრო ნათლად გამოკვეთდნენ ტრანსფერს ყოფა-ცხოვრებიდან; უფრო ნათლად დაინახავდნენ თუ რა მნიშვნელობა აქვს ნარევებს ადამიანის ცხოვრებაში და რაოდენ დიდია მათი როლი ჩვენი სიცოცხლის შენარჩუნებაში.
მაია ხარაძე
ქიმიის აკადემიური დოქტორი, თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მენტორი მასწავლებელი
გამოყენებული ლიტერატურა
- ქ. ოსიაშვილი, რატომ გვჭირდება ინტეგრირებული გაკვეთილი, ინტერნეტგაზეთი „მასწავლებელი“, 25 მაისი 2017წელი https://mastsavlebeli.ge/?p=14304
- დ. დოლიძე, ინტეგრირებული გაკვეთილები და სიღრმისეული სწავლება; ინტერნეტგაზეთი „მასწავლებელი“, 11 იანვარი 2024 წელი https://mastsavlebeli.ge/?p=38323
- მ. ბოჭორიშვილი, პრაქტიკული პედაგოგიკა: როგორ დავგეგმოთ და ჩავატაროთ ინტეგრირებული გაკვეთილი
https://mastsavlebeli.ge/uploads/mananabochorishvili.pdf
- ქიმიის გზამკვლევი – მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით
https://mes.gov.ge/uploads/files/gzamkvlevi/%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90.pdf
- ბუნებისმეტყველების გზამკვლევი – მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით