18 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

ეკლესია, ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა ერის სამსახურში

spot_img

იზა ლომაია

სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინო თემის №1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი

 

ეკლესია და ქრისტიანობა ოდითგანვე იყო ქართული სულიერების მკვებავი. მწერლობა კი, როგორც „ცხოვრების სარკე“, საინტერესოდ ასახავდა ხოლმე მის როლს ქართველთა ცხოვრებაში. ქართული ლიტერატურა, როგორც საგანი, დიდი შესაძლებლობაა მოსწავლეთათვის, რათა განსაზღვრონ ქრისტიანობისა და მართლმადიდებლობის ადგილი ყველა დროსა და ეპოქაში. ამ მხრივ, ჩემი დაკვირვების საგანი ძველი ქართული ლიტერატურა გახდა. ვცდილობ, არ დავკარგო არც ერთი ფაქტი თუ მოვლენა,რომელიც გამოჰკვეთს ამ უძველეს დროში ქრისტიანული ცხოვრების წესს, სასულიერო და საერო პირთა დამოკიდებულებასა და ურთიერთობას, მათ დაინტერესებას საქვეყნო საქმეებით, და შესაბამისად, გამოვიყენო ისინი მოსწავლეთა გასაცნობიერებლად, რათა ჰქონდეთ სწორი და რეალური წარმოდგენა ქრისტიანული კულტურის როლზე, მნიშვნელობაზე ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ეკლესია და მართლმადიდებლობა ჯერ კიდევ უძველეს დროში „შეესისხლხორცა“ ქართულ სახელმწიფოს. თუმცა ეს გზა „შესისხლხორცებისა“ მრავალწახნაგიანი აღმოჩნდა. სასულიერო მამები, ძველ ქართულ ტექსტებში, გვევლინებიან ის ადამიანები, რომელთა ზურგზე გადადის ჩვენი ქვეყნის მტრების, ირანელებისა თუ არაბების, მიერ აწიოკებული ხალხის სატკივარი.

„შუშანიკის წამებაში“ ჩვენ ვხედავთ აფორიაქებულ ქართველ „მამებს“, საკუთარ დანაშაულში რომ „აღრიცხავენ“ ვარსქენის ღალატს. „ჩვენ აღვივსენით მწუხარებითა და დიდითა ტირილით ვტიროდით გამწარებული ცოდვათა ჩუენთა წარმოჩინებისთვის“. როგორ საცოდავად გამოიყურება „ენაჩაგდებული“ დიაკონი, როდესაც შუშანიკის გასამხნევებლად წაქეზებულს, სიტყვა გაუწყდება – „დადუმნა ხოლო და სივლტოლად იწყო სწრაფით“. მიუხედავად უუფლებობისა, ისინი აგრძელებენ „საღთო საქმეს“ და აძლიერებდნენ ადამიანების რწმენასა და ქრისტესადმი სიყვარულს, ამხნევებენ სულიერ და ფიზიკურ ტანჯვაში მყოფ შუშანიკს, აზიარებენ მას და, ჩუმად თუ ფარულად, ხელს უწყობენ მის სულიერ აპოთეოზს.

დრო და ჟამი, ურყევი რწმენა და იმედი, სამშობლოზე ფიქრი და წუხილი აძლიერებს „მამათა“ სულისკვეთებას .VI-ს-ში ასურელი მამების ჩამოსვლა და მოღვაწეობა საძირკველს უმაგრებს მორწმუნეთაც. ქართული ჰაგიოგრაფია ქართველ სულიერ მოღვაწეთა ხელითაა შექმნილი და აშკარად ემსახურება არა მარტო რელიგიის განმტკიცებას, არამედ ქვეყნის სახელმწიფოებრივ გაძლიერებასაც. და როცა ქართველები ირყეოდნენ „ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა“, ქრისტიანობა გახდა ის ფენომენი, რომელიც აფხიზლებდა და აძლიერებდა ეჭვითა და ძალადობის მარწუხებით თავმობეზრებულ ქართველს. ი. ჭავჭავაძის მოსაზრებით: „ქრისტიანობა“, ქრისტეს მოძღვრების გარდა, ჩვენში ჰნიშნავდა მთელს საქართველოს მიწა-წყალს, ჰნიშნავდა ქართველობას“.

ქრისტიანობის როლისა და მნიშვნელობის ზრდა აშკარად დაეტყო ქართულ მწერლობას შემდგომ საუკუნეებში. სარწმუნოებისათვის თავგანწირვამ და საერო პირთა და ხელისუფალთა არასტაბილურობამ აშკარად წამოატივტივა სასულიერო ფენის წარმომადგენლები. „გრ. ხანძთელის ცხოვრებაში“ ნათლად შეიმჩნევა მათი ავტორიტეტი, პრესტიჟულობა. მეფის წერილის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით საბა იშხნელმა მიგვანიშნა თავის კატეგორიულობაზე. მისთვის გრ. ხანძთელია სიტყვაც და საქმეც. მოსწავლეებისთვის ნათელი ხდება ის პოტენციალი, რომელიც ამ ფენამ აშკარად ჩაიგდო ხელში და სულაც არაა გასაკვირი მეფეთა და დიდებულთა მოკრძალებულობა სასულიერო მამების მიმართ. „გრ. ხანძთელის ცხოვრებამ“ გამოკვეთა რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთსაჭიროება. ეკლესია ზრუნავს სახლმწიფოს ერთიანობისთვის, სიმტკიცისთვის, გაძლიერებისთვის. ფიქრობს, რომ ქვეყნის პირველი პირი მაგალითი უნდა იყოს ერისთვის. რამდენად დამაფიქრებელი და ყურადსაღებია მოსწავლეთათვის სასულიერო პირის, გრ. ხანძთელის, „შეჭრა“ მეფის პირად სივრცეში. როგორი მკაცრია, პირდაპირი იგი თავისი ქცევითა და სიტყვებით: „საფრთხედ ქმნილხარო“ – ეუბნება იგი მეძავ ქალს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ქვეყნის პირველი პირები არ უნდა წარმოადგენდნენ უსამართლობის, უზნეობის, უპრიციპობის მაგალითს.

ქართული მწერლობის ისტორიის დაკვირვებამ ცხადყო: ქრისტიანობა და ქრისტიანული მრწამსი საკუთარ „ყალიბში“ აწრთობდა ქართველ ერს, აყვარებდა სამშობლოს, ღმერთს. ზრუნავდა ქვეყნის ერთიანობისთვის, ხელისუფალთა სიმტკიცისა და ერის კონსოლიდაციისთვის.

…და როცა ერი და ბერი ერთად იყო – იბადებოდა დავითი, თამარი, შოთა… ადვილად მარცხდებოდა მტერი, ადვილად დაიძლეოდა „შიში და შიმშილი“, „ძლევაი საკვირველისაი“- ქმნიდა ძლიერ, დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს.

ქრისტიანულმა სულმა მოგვიყვანა დღემდე, ჩვენი რწმენითა და აზრებით . დღეს, როცა მავანნი სასულიერო პირთა და ეკლესიის როლის სისუსტეზე ალაპარაკდებიან, სხვა მავანნი წამში გაიშვერენ ხელს იმაზე, რომ რელიგია არ ისწავლება, რომ უღმერთობა და უსიყვარულობა დაგვჩემებია, ადამიანს ადამიანი ემეტება სალანძღავად, საცემად, საკუთარი ვნებებით იმართება ქვეყანაც, ხალხიც და მრევლიც.

არადა, უღმერთობა ნამდვილად რომ გვჭირს, ცხადია. ეკლესია და მართლმადიდებლობა არც იარაღია და არც ფარი. თუმცა იყო დრო, როცა ორივეს მოვალეობას ასრულებდა. იქნებ დავფიქრდეთ , რას შეუძლია მისი ძალმოსილების დაბრუნება, ისევ ადამიანებისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები