უმაღლესი განათლების ექსპერტების – ირინე დარჩია, ლიკა ღლონტი, მარინე ჩიტაშვილი და ქეთი ცოტნიაშვილი – მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა კარგავს ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრისა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრობას. მათივე განმარტებით, მიზეზი ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების დარღვევაა.
ექსპერტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განცხადებით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ „წინასწარი, არაოფიციალური მონაცემებით, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR), 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე“.
უცვლელად გთავაზობთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცახდებას:
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ENQA-ს და EQAR-ის წევრობის სტატუსის თაობაზე.
√ მოგეხსენებათ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) სრული წევრი და ასევე დარეგისტრირებულია უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR).
√ ENQA-ს და EQAR-ის წევრობის სტატუსის განახლების მიზნით, საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი თბილისში განხორციელდა 2023 წლის ოქტომბრის თვეში. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის მიხედვით (დოკუმენტი საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, როგორც ENQA-ს, ასევე ცენტრის ვებგვერდზე:
https://eqe.ge/…/page/static/1096/enqa-s-gare-shefaseba-2023
√ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG 2015) სრულად შესაბამისად შეფასდა 11 სტანდარტში, ხოლო ნაწილობრივ შესაბამისად შეფასდა 2 სტანდარტში.
√ ENQA-ს ექსპერტთა დასკვნის მიხედვით, ცენტრი არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასებულა როგორც მოთხოვნებთან შეუსაბამო.
√ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 5 სტანდარტის შესრულებასთან დაკავშირებით დაუდგინდა საუკეთესო პრაქტიკა.
√ ENQA-ს ექსპერტების დასკვნის მიღების შემდგომ, ცენტრმა რეგისტრაციის განახლების მიზნით მიმართა EQAR-ს, რომლის გადაწყვეტილებაც ცენტრს ამ ეტაპზე არ ჩაბარებია. თუმცა, წინასწარი, არაოფიციალური მონაცემებით, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR), 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე.
√ აქვე განვმარტავთ, რომ აღნიშნული ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია და ჩვენ მიერ წინსწრებით კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელებულია. შესაბამისად, ვიმედოვნებთ რომ EQAR-ის გადაწყვეტილება დროებითია.
√ ამასთან, დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი გაასაჩივრებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რადგან კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ რომ ყველა ის ძირითადი ხარვეზი, რაზეც შესაძლოა კითხვები ჰქონდეთ EQAR-ის კომიტეტის წევრებს უკვე აღმოფხვრილი და გამოსწორებულია.
√ დამატებით, გაცნობებთ, რომ ENQA-ს წევრობა და EQAR-ში რეგისტრაცია არ არის დაკავშირებული საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარებასთან. აღნიშნული ორგანიზაციების წევრობის მოპოვებამდეც, 2019 წლამდეც საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარება ყოველგვარი შეფერხების გარეშე ხდებოდა, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ასევე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.
√ რაც შეეხება სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ ცენტრის აღიარებას, იგი არანაირად არ უკავშირდება ENQA-ს წევრობას ან EQAR-ში რეგისტრაციას, რადგან ცენტრმა WFME-ის აღიარება მოიპოვა 2018 წელს, ხოლო ENQA-ს სრული წევრის სტატუსი და EQAR-ში რეგისტრაცია განხორციელდა 2019 წელს.
√ ამასთან, WFME-ის აღიარების მქონე სააგენტოების დიდი ნაწილი არ წარმოადგენს არც ENQA-ს წევრ ორგანიზაციას და არც EQAR-ში არ არიან რეგისტრირებულნი.“