დარიკო ხვედელიძე
დოქტორი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მენტორი მასწავლებელი
მედიაწიგნიერება ოცდამეერთე საუკუნის განათლების სისტემის გამოწვევაა. მედიაწიგნიერება გამჭოლი კომპეტენციაა, რომლის მეშვეობით, მოსწავლემ უნდა შეძლოს მედიასამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევანის გაკეთება, ინფორმაციის „გაფილტვრა“ და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება.
მედიაწიგნიერების ერთ-ერთი მთავარი მკვლევარი ჯეიმს პოტერი გახლავთ, მედიაწიგნიერებას განიხილავს როგორც პერსპექტივათა კრებულს, რომელსაც აქტიურად ვიყენებთ მასმედიასთან მიმართებით, რათა მოხდეს შემხვედრი გზავნილების განმარტება.
მედიაწიგნიერება გულისხმობს ინფორმაციაზე კონტროლის დამყარებას. რაც უფრო მაღალია ადამიანის მედიაწიგნიერების ხარისხი, მით უფრო დიდია რეალურ სამყაროსა და მედიის მიერ შექმნილ სამყაროს შორის არსებული საზღვრის დანახვის უნარი. როდესაც ადამიანი მედიაწიგნიერია, ღიად და გამჭვირვალედ სვამს კითხვებს: რა? რატომ? როგორ? სად? ვინ? ეს მას ეხმარება, სწორად გაიკვალოს გზა ინფორმაციის სამყაროში. მედიაწიგნიერი ადამიანი იძენს გამოცდილებას და იმ ინფორმაციას, რომელიც მისთვის სასარგებლოა. მედიაწიგნიერი ადამიანი არ ექცევა ინფორმაციის წნეხში და არ აძლევს მედია საშუალებებსა და სოციალურ ქსელს დააპროგრამოს მისი გონება ან აზროვნება, შეუცვალოს შეხედულებები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მედიაწიგნიერების მიდგომები ფართოდ იქნეს გამოყენებული სწავლების პროცესში.
მედიაწიგნიერება არის უნარი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, მოვიპოვოთ ინფორმაცია, გავაანალიზოთ, შევაფასოთ, ჩვენ თვითონ შევქმნათ და, შესაბამისად, გავავრცელოთ სხვადასხვა საინფორმაციო წყაროს საშუალებით. ჩვენ არ ვიცით, ვინ და რისთვის შექმნა ის მედიაპროდუქტი, რომელსაც ყოველდღიურად ვკითხულობთ სხვადასხვა სოციალურ ქსელში. დღეს, სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ, ვხვდებით სხვადასხვა სახის ინფორმაციას; ვნახულობთ განსხვავებულ სტატიასა თუ გამოსახულებებს.
იმისთვის, რომ თავი ავირიდოთ მედიის უარყოფითი ზეგავლენისგან, მნიშვნელოვანია, ვიყოთ მედიაწიგნიერები, რადგან მედიწიგნიერება:
♦ გვასწავლის, ვიფიქროთ კრიტიკულად;
♦ გვეხმარება ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის გარჩევაში;
♦ გვასწავლის საკომუნიკაციო და მარკეტინგული ხერხების ამოცნობას;
♦ გვეხმარება გავიგოთ ავტორის ჩანაფიქრები;
♦ გვასწავლის, თუ როგორ შევქმნათ პასუხისმგებლიანი მედიაპროდუქტი.
ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში მედიაწიგნიერებას ცალკე საგნად ასწავლიან ან რომელიმე სხვა საგანშია ინტეგრირებული. ვფიქრობ, ეს მიდგომა საუკეთესო შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის, ჩამოყალიბდნენ კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქეებად, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და იქცნენ პასუხისმგებლიან მედიამომხმარებლებად.
რატომ არის მნიშვნელოვანი სკოლებში მედიაწიგნიერების სწავლება? დეზინფორმაცია გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის, ქცევის ჩამოყალიბებაზე და საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პროცესებს. მედიაწიგნიერება კი შესაძლებლობას აძლევს სასკოლო საზოგადოებას, გააანალიზოს გარშემო არსებული სანდოობის განსხვავებული ხარისხის მქონე ინფორმაცია და არ გახდეს მანიპულაციის, ყალბი ინფორმაციის მსხვერპლი.
მედიაწიგნიერება უშუალო კავშირშია კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებასთან, რაც სასიცოცხლო უნარს წარმოადგენს. მედიაწიგნიერება ინფორმაციის ანალიზს სცდება და ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს. შესაბამისად, ამ გამჭოლი კომპეტენციის სწავლება ახალგაზრდებს ლოგიკურ აზროვნებასა და ლოგიკური მსჯელობის უნარს მნიშვნელოვნად უვითარებს, ამზადებს მოსწავლეს არა მხოლოდ აკადემიური წარმატების, არამედ ცხოვრებისეული საკითხებისა და გამოწვევების ეფექტურად გადაჭრისთვის. ციფრულ სამყაროში საზოგადოებას ეთიკური ქცევის ნორმების ცოდნა სჭირდება იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა ერთმანეთს არ ავნონ. ამ მხრივ, მედიაწიგნიერება მოსწავლეებს ასწავლის, როგორც დავიცვათ თავი ინტერნეტ-სივრცეში არსებული ისეთი საფრთხეებისგან, როგორიცაა კიბერბულინგი, პერსონალური ინფორმაციის გაცემით გამოწვეული რისკები.
ერთი წინადადებით რომ ვთქვათ, მედიაწიგნიერება გვასწავლის ყალბი ახალი ამბის აღმოჩენას. მასწავლებლებმა უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს, როგორ აღმოაჩინონ ყალბი ინფორმაცია და განასხვავონ ერთმანეთისგან რეალური და მედიის მიერ შექმნილი სამყაროები.
მედიაწიგნიერებისადმი, როგორც სასწავლო დისციპლინისადმი ნდობის აუცილებლობა თანამედროვე სკოლის განუყოფელ ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს, რაც დიდ წვლილს შეიტანს დემოკრატიული სკოლის შექმნაში.
გამოყენებული ლიტერატურა:
- მასწავლებლის წიგნი ,,გამჭოლი კომპეტენციები“
https://mastsavlebeli.ge/?p=12743
- მედიაწიგნიერების გზამკვლევიhttps://www.mythdetector.ge/sites/default/files/Guidelines-web.pdf
- https://uonovtr.narod.ru/TK/fm.pdf?fbclid=IwAR243gdxqF54PjgV7bu8bEmNdJMWGswqS_abwek1lsyr01eGD34kPHmoxlY
- Media Literacy Activites ( Grades 2-3)
5.ნატო ინგოროყვა eTwinning-ი მედიაწიგნიერებისათვის! მედიაწიგნიერება პარადიგმის ცვლილებისთვის. 24 ნოემბერი, 2021 წელი.