13 ოქტომბერი, კვირა, 2024

გაიცანით საუკეთესო ხუთეული

spot_img

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 5 ფინალისტი ცნობილია. მათგან ერთ-ერთი, 4 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან“ 15 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს ლიბერთი დააჯილდოვებს.

ფინალისტები

სოფიო ქუხილავა – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი:

ეს არის ემოცია, რომლის გადმოცემაც სიტყვებით შეუძლებელია. შეგრძნება იმისა, რომ სწორი გზით იარე, ამ გზაზე ბევრი შთამაგონებელი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღე, ბევრი მოსწავლის ცხოვრება შეცვალე, ღირდა ყველა ბარიერის გადალახვა და გზის გაკვალვით გამოწვეული დაღლილობა. ბევრ ფიქრს, ბედნიერებას, სიხარულსა და სიამაყეს იტევს ეს ემოცია.

თავად ეს კონკურსი შესაძლებლობების ფანჯარაა და მისი არსებობა – ბევრი კუთხით განვითარების და წინსვლის წინაპირობა.

გავიცანი საოცარი ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ცვლიან ახალგაზრდების ცხოვრებას უკეთესობისკენ და ამით ცვლიან ჩვენს მომავალს, მეც ერთი მათგანი ვარ , შესაძლოა სხვისთვის მეც ვიყო სამაგალითო, ამდენად ეს კონკურსი ცოდნის და გამოცდილების გაზიარების უნიკალური შესაძლებლობაა. ბედნიერებაა ამ გუნდის წევრობა.

წინასწარ შეუძლებელია რაღაც მოლოდინის განსაზღვრა, როცა ოთხი სრულიად არაჩვეულებრივი მასწავლებელი გიწევს კონკურენციას. თუმცა, ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებული, ის აუცილებლად იქნება ღირსეული. წარმატებას ვუსურვებ ყველა მონაწილეს, საკუთარი თავის ჩათვლით.

ნათია ნარსავიძე – დმანისის №3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი:

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულთა კლუბის წევრობა ჩემთვის დიდი პატივია. საუკეთესო ფინალისტებს შორის დასახელებამ, სიხარულთან ერთად, უხერხულობის განცდაც მომიტანა, ხუთეულში არ მოხვედრილი მასწავლებლების მიმართ, მაგრამ რას ვიზამთ, ეს კონკურსია და მას თავისი წესები აქვს. ფინალისტებს შორის ყოფნა უბრალოდ მოცემულობაა და არ ნიშნავს, რომ მე ჩემი ათეულის წევრებზე რამით უკეთესი ვარ.

და მაინც, ფინალისტობამ სხვა განზომილებაში განმაცდევინა მღელვარება, რომელიც გაჯერებულია სიხარულით, მადლიერებით, გაორმაგებული მოტივაციისა და პასუხისმგებლობის გრძნობით.

ამ კონკურსში მოხვედრამ და ფინალისტობამ დამარწმუნა, რომ ის, რასაც წლების განმავლობაში უანგაროდ, მუხლჩაუხრელად და სიყვარულით ვაკეთებდი, სწორი იყო და უნდა გავაგრძელო. ამასთანავე, ახალი კავშირები ბევრი ჩემი „დაარქივებული“ იდეის გაცოცხლების და რეალობად ქცევის შესაძლებლობას მომცემს. ყველა შემთხვევაში, სკოლაში აუცილებლად მოვაწყობ ჩემი მოსწავლეების საოცნებო სივრცეს – „იდეათეკას“. აქვე მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ უძლიერესი ათეულის წევრი ვარ, ამ ადამიანებთან მეგობრობა და თანამშრომლობა უკვე ბევრი შესაძლებლობის ფლობას ნიშნავს. ჩემს ათეულს შეიძლება „იდეებისა და რესურსების საბადო“ ეწოდოს, ამაზე დიდი შესაძლებლობა რა უნდა იყოს.

„მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს“ ჰყავს პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჟიური, რომელმაც იცის თავისი საქმე – ფინალისტი იქნება ის, ვინც ამას ყველაზე მეტად იმსახურებს. უსაზღვროდ ბედნიერი ვარ იმით, რომ ჯადოსნური დღის ერთ-ერთი მთავარი „გმირი“ ვიქნები.

დიმიტრი პოპოვი – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მათემატიკის და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი:

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტობა ჩემთვის არა მხოლოდ პირადი მიღწევაა, არამედ ჩემი მოსწავლეების წარმატების აღიარებაცაა. ეს ემოცია არის ნაზავი სიხარულის, სიამაყისა და მადლიერების – მადლიერების ჩემი მოსწავლეების მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად მახსენებენ ჩემი პროფესიის მნიშვნელობას. მათი ენთუზიაზმი და წინსვლა არის ის, რაც მამოტივირებს, მუდმივად ვიყო უკეთესი პედაგოგი. სასიამოვნოა, როცა შრომა გიფასდება და საუკეთესო მასწავლებლებს შორის ხვდები.

ამ კონკურსმა შესაძლებლობა მომცა, პოპულარიზაცია გავუწიო მასწავლებლის პროფესიას; ვიყო აქტიურად ჩართული ახალ პროექტებში, მეტი სიახლით წარვსდგე სასკოლო საზოგადოების წინაშე.

კონკურსმა მომცა შესაძლებლობა, უფრო ფართო აუდიტორიისთვის გამეზიარებინა არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი მოსწავლეების წარმატების ისტორიები. გარდა ამისა, კონკურსის წყალობით, უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდება ახალი რესურსების და ინოვაციური მეთოდების გაცნობა, რომლებსაც გამოვიყენებ საკლასო ოთახში, რაც პირდაპირ აისახება ჩემი მოსწავლეების სწავლის ხარისხზე.

მომავლისთვის, ჩემი მოლოდინები მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩემი მოსწავლეების წარმატებასთან:

– ვგეგმავ, შევქმნა პერსონალიზებული სასწავლო პროგრამები, რომლებიც უკეთ მოერგება თითოეული მოსწავლის საჭიროებებსა და ინტერესებს;

– მსურს, დავნერგო მეტი პრაქტიკული და პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი, რაც დაეხმარება მოსწავლეებს რეალური სამყაროს გამოწვევებისთვის მომზადებაში;

– ვაპირებ, ჩავატარო მასტერკლასები და ვორქშოპები სხვა მასწავლებლებისთვის, რათა გავუზიარო ჩემი გამოცდილება და ერთად ვიმუშაოთ მოსწავლეთა სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე;

– მინდა, შევქმნა მენტორობის პროგრამა, სადაც ჩემი წარმატებული მოსწავლეები დაეხმარებიან უმცროსკლასელებს, რაც ხელს შეუწყობს ლიდერობის უნარების განვითარებას;

– ვგეგმავ, გავაძლიერო კავშირი მშობლებთან და თემთან, რათა შევქმნათ მხარდამჭერი გარემო, სადაც ყველა მოსწავლეს ექნება წარმატების მიღწევის შესაძლებლობა.

მჯერა, რომ ეს ინიციატივები დაეხმარება ჩემს მოსწავლეებს არა მხოლოდ აკადემიური წარმატების მიღწევაში, არამედ მათი პიროვნული და სოციალური უნარების განვითარებაშიც. ჩემი მთავარი მიზანია, თითოეულმა მოსწავლემ აღმოაჩინოს საკუთარი პოტენციალი და გახდეს აქტიური, პასუხისმგებლიანი მოქალაქე.

ნათია უჩავა – თბილისის №126 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი:

ჩემთვის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულის კლუბის წევრობა უკვე ძალიან დიდი პატივი და სიხარულია. ფინალისტობას არ ველოდი და როცა შედეგები გამოცხადდა, ძალიან დავიბენი. რა თქმა უნდა, გამიხარდა და დადებითი ემოციები გამოიწვია ჩემში. ამ კონკურსმა გამაცნო ძალიან ბევრი კარგი ადამიანი და დამაახლოვა მათთან, ვისაც აქამდე ვიცნობდი. მათთან ურთიერთობა ჩემთვის ზრდა და განვითარებაა.

ეს კონკურსი მასწავლებლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშნელოვნად მიმაჩნია. მერვე წელია თავისი თამასა აქვს აწეული, რომელსაც ღირსეულად ასრულებს, საშუალებას იძლევა, შენი შესაძლებლობები, შედეგები და პრაქტიკა ფართო აუდიტორიას გაუზიარო.

როდესაც შედეგები გამოცხადდა, ძალიან ბევრმა ადამიანმა მომილოცა და გამიზიარა საკუთარი შეხედულება ჩემთან დაკავშირებით. ისეთი დეტალები აღნიშნეს და გამოკვეთეს, რაზეც ასე ღრმად არ მქონდა ნაფიქრი. ამან უფრო მეტად შემმატა მოტივაცია და შემართება.

წინ ფინალია და მე თითოეულ ჩემს თანაგუნდელს წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვგულშემატკივრობთ და გულწრფელად ვიზიარებთ სიხარულს – 10=5!

გიორგი ლიპარიშვილი – თბილისის მე-6 საავტორო სკოლის, ათასწლეულის სკოლის, საერთაშორისო ქართული სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტობა ნდობა და პასუხისმგებლობაა. როცა მილოცავენ, მავიწყდება, უცებ მგონია, დაბადების დღე მაქვს და იმას მილოცავენ. ბევრი საქმისგან, ზოგჯერ, სიხარულისთვის გაღიმება და ხელის ჩამორთმევაც გვავიწყდება. სასიამოვნოზე სასიამოვნო გრძნობაა მნიშვნელოვანზე მნიშვნელოვანი პროფესიის აღიარება. ეს მხოლოდ ერთი, ორი, ხუთი, ათი მასწავლებლის გამორჩევა არაა, ეს მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერა და აღიარებაა.

კონკურსში მონაწილეობამ მაგრძნობინა, რომ სწორ გზაზე ვდგავარ და გზა უნდა გავაგრძელო.

ჩემი მოლოდინები ახალ სასწავლო წელთან ენერგიამოზღვავებული შერკინებაა. ჩემი საქმეა ჩემი ფარ-ხმალი. გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს, ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც მე, ტაშს დავუკრავ და ისევ ჩემს საქმეს გავაგრძელებ, წინ მოსწავლეებია… წინ გზაა…

◊◊◊

კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორია ლიბერთი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. მხარდამჭერები არიან: EPAM Georgia, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc), ალტე უნივერსიტეტი და პირველი არხი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მერვედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები