რამდენიმე დღის წინ, განათლების კოალიციასა და ლიბერთის შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ ფინალისტები დასახელდნენ. პირველივე კონკურსმა, რომელიც მიზნად ისახავს საინტერესო და გამორჩეული სწავლების მიდგომების, მეთოდების თუ სასწავლო პროექტების ავტორ-პედაგოგების წარმოჩენას, საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარის, ირინა ხანთაძის განცხადებით, კონკურსის მთავარი მიზნის, ამ მიმართულებით პროფესიული გამოცდილების გაზიარების გარდა, ერთ-ერთი ამოცანა აკადემიური წრეების წარმომადგენლების თუ სხვა დაინტერესებული პირების ერთგვარი წახალისებაცაა, „რათა გააქტიურდეს დიალოგი თემაზე: თუ როგორი უნდა იყოს „ვეფხისტყაოსნის“ სწავლების თანამედროვე პარადიგმა, როგორ შეიძლება ნაწარმოები ეხმიანებოდეს ჩვენი დროების და ახალი თაობის გამოწვევებს.“
როგორც ცნობილია, პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ სამი გამარჯვებული, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე დაჯილდოვდება და ლიბერთისგან 2000–2000 ლარის ოდენობით ფულად ჯილდოს მიიღებს, დანარჩენი ფინალისტები კი – სამახსოვრო სიგელებსა და საჩუქრებს.
ჟიურის ხუთივე წევრი (თეონა ბექიშვილი, ნატა ლომოური, ლევან გელაშვილი, ოქტაი ქაზუმოვი და ალექსანდრე ლორთქიფანიძე) განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს „ვეფხისტყაოსნის“ სწავლებისადმი მიძღვნილ კონკურსს. აღნიშნავენ, რომ მასწავლებლებმა პოემის სწავლების მართლაც გამორჩეული თანამედროვე მეთოდები და მიდგომები წარმოაჩინეს.
რა სურათი შექმნა კონკურსმა?
ლიტერატორი თეონა ბექიშვილი ამბობს: „დაიხატა სურათი, რომ აი ასე, ინდივიდების დონეზე, ნამდვილად ძალიან საინტერესო აქტივობები მიდის ქართულ სკოლებში და თან ყველაზე სასიხარულო სკოლასთან მიმართებით ის არის, რომ ერთი ნიჭიერი და მაგარი მასწავლებელი (ჩვენ შემთხვევაში 11) მოიცავს ძალიან ბევრ ბავშვს; არის პროექტები, რომლებიც მთელ წელზეა გაწერილი. შესაბამისად, ჩვენ კმაყოფილებიც ვართ, მოხიბლულები და ძალიან გვეიმედება ეს ხალხი. რამდენიმე აპლიკანტზე გულიც კი დაგვწყდა, რომ ვერ მოხვდა ფინალისტებს შორის.
თავისთავად, ეს დასაწყისია და თუნდაც ის ფაქტი, რომ 56 ადამიანს ჰქონდა ამაზე ნაფიქრი და რაღაც საინტერესო გაკეთებული, ეს უკვე მნიშვნელოვანია. მასწავლებლებში არის პოტენციალი, რომ ისწავლონ, მოიფიქრონ, განავითარონ სწავლების მიდგომები და გარდა ამისა, დიდი იმედი მაქვს, აქ მოხვედრილი პროექტები, მეთოდები და აპლიკანტების მიერ შემოთავაზებული ესა თუ ის აქტივობა, პოპულარული გახდება. ამაზე უნდა დაიწეროს ჟურნალ „მასწავლებელში“, უნდა ვილაპარაკოთ და ვეცადოთ, სახალხო და ხელმისაწვდომი გავხადოთ ის, რაც საბოლოოდ ჩაითვლება საუკეთესოდ. მით უფრო, თუკი ეს პრესტიჟული გახდება და თუნდაც, გარკვეული ტიპის შეჯიბრების სახესაც მიიღებს, სრულიად შესაძლებელია, გაცილებით დიდი შედეგები მივიღოთ, ვიდრე ამ წუთში შეგვიძლია ვთქვათ.“
ფილოლოგიის დოქტორი ლევან გელაშვილი უდიდეს მნიშვნელობას, „ვეფხისტყაოსნის“ სწავლებისას, სწორედ სწავლების მეთოდების გამრავალფეროვნებასა და ასეთი ტიპის კონკურსებს ანიჭებს. აღნიშნავს, რომ თუ დავაკვირდებით, ბოლო ათწლეულებში, პოემა თითქოს ჩაიკეტა ვიწრო სამეცნიერო წრეებში და მისი სწავლების მეთოდების გამრავალფეროვნება აღარ ხდება. „მასწავლებლებმა ამაზე ძალიან ბევრი უნდა იფიქრონ, რადგან აჩქარებული ცხოვრების რიტმი უკვე აღარ იძლევა იმის საშუალებას, რომ ასეთი დიდი ეპოსი იკითხონ. ამიტომ ასეთი კონკურსები ერთგვარი წახალისება იქნება მასწავლებლებისა და ამიტომაც არის ძალიან საგულისხმო. ერთი მხრივ, პოემა ერთგვარად დაუბრუნდება ამ ისტორიული მრავალფეროვანი ცხოვრების რაკურსს და გააგრძელებს ისევ მონაწილეობას ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაში და, მეორე მხრივ, სწავლების მეთოდებში გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა. იმედს ვიტოვებ, მომავალ წელსაც და შემდგომ წლებშიც ეს კონკურსი გააგრძელებს ამ მნიშვნელოვანი საქმის კეთებას, კიდევ უფრო დაიხვეწება და გამრავალფეროვნდება სწავლების მეთოდები და მიდგომები მასწავლებლებში.
„ჩხირკედელა მასწავლებელი“ კი, რომელიც თავის შემოქმედებით სასწავლო მეთოდებს გაამრავალფეროვნებს, აუცილებლად გაუმკლავდება სწავლების პროცესში არსებულ გამოწვევებს და მოსწავლეს იმ სიბრძნეს აზიარებს, რაც პოემაშია. შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ფინალისტი, რომელიც ავარჩიეთ, საინტერესო მეთოდებითაა წარმოდგენილი. თუმცა, მხოლოდ მეთოდი არ არის წარმატების მზა რეცეპტი, მთავარია, გაშინაგანებული ჰქონდეს ის მასწავლებელს და მოსწავლეს შეაყვაროს პოემა. თუ სიყვარული ჩაუნერგა, მერე უკვე თვითონ გაიკვლევს გზას ბავშვი და ნებისმიერი რამის სწავლება მისთვის იოლი გახდება.“
ქართველოლოგი ოქტაი ქაზუმოვი ყველა კონკურსს, მსჯელობას, ლექციას თუ გაკვეთილს, რაც „ვეფხისტყაოსანს“ ეხება, ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რადგან: „ეს არის მარადიული თანმდევი სული უკვდავი საქართველოსი და მისი მრავალფეროვნების, ყველა თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთი დასტურია დღევანდელი სიხარული, რომელიც ფინალისტებს მივანიჭეთ და მათ ჩვენ მოგვანიჭეს. პირველად, „ვეფხისტყაოსანთან“ შეხება 1993 თუ 94 წელს მომიწია და ჩემთვის, რიტმულ-მელოდიური თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა… ყურადღება მიიპყრო – „ნახეს უცხო მოყმე ვინმე…“ და „მას ტანსა კაბა ემოსა“… შემდეგ მეორე შეხება იყო მე-7 კლასში, როცა არც თუ ისე წარმატებულად (კარგად) გავიარეთ პოემა. სამწუხაროდ, მაშინ სწავლების ასეთი მეთოდები არ იყო და რა კარგი იქნებოდა, რომ 90-იანებშიც ჰქონოდათ მსგავსი მეთოდები მასწავლებლებს. მერე „ვეფხისტყაოსანი“ უნივერსიტეტში აღმოვაჩინე, კერძოდ, როცა ბატონ ღვთისო ზარიძესთან გავიარეთ „ვეფხისტყაოსნის“ კომპოზიცია. იქ უკვე ჩემთვის ყველაფერი დალაგდა და ნათელი შეიქნა. იმის შემდეგ, არ წყდება ფიქრები „ვეფხისტყაოსანზე“.
ახლა, რაც შეეხება კონკურსს, მეთოდური თვალსაზრისით, კონკურსანტებს ძალიან საინტერესო ვარიაციები ჰქონდათ წარმოდგენილი. სასიხარულოა ის, რომ მასწავლებლები სულ ფიქრობენ „ვეფხისტყაოსანზე“. ჩანს და იგრძნობა, რომ იუმჯობესებენ მიდგომებსა და სულ აღმოჩენის პროცესში არიან. სასიამოვნოა ისიც, რომ თვითონ მასწავლებელი არ კმაყოფილდება თავისი ცოდნით და უფრო მეტად ცდილობს, პოემაში ჩაწიაღებული სიბრძნე ზედაპირზე ამოიტანოს.“
ფინალამდე გაგაცნობთ ჟიურის მიერ დასახელებულ 11 ფინალისტს (ორი მასწავლებელი ერთი ნაშრომითაა წარმოდგენილი) და გაგიზიარებთ მათ ემოციებს
📌 მაკა ბუდაღაშვილი – გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
„თუ მოსწავლეს, საშუალო საფეხურის დასრულების შემდეგ, სკოლიდან „ვეფხისტყაოსნის“ გააზრებული სიყვარული არ წაუღია, მას არც არაფერი უსწავლია!“
უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო განათლების კოალიციას, ლიბერთის, ჟიურის თითოეულ წევრს ამ დიდებული საქმისთვის. ეს იყო ზღვა ემოცია, ენით აღუწერელი სიხარული. თანაც, პირველი დამასახელეს და ამან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა… მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში მოხვედრა, თანაც ,,ვეფხისტყაოსნის“ მიმართულებით, განსაკუთრებული პატივია ჩემთვის, რაც უდიდესი პასუხისმგებლობისა და მონდომების წინაშე მაყენებს, საოცარ მოტივაციას მძენს, რომ ვაკეთო იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე მიკეთებია.
აპლიკაცია ბოლო დღეს შევავსე, ცოტა ნაჩქარევად, რადგან დრო იწურებოდა, ამიტომ „ბედის ცდაას“ პრინციპით მივუდექი ამ კონკურსს და გამარჯვებაც „მო-ცა-მხვდა“…
ჩემთვის „ვეფხისტყაოსანი“ არის წიგნი, რომელშიც საკაცობრიო ცოდნაა თავმოყრილი. წიგნი, რომელსაც შეუძლია, გადაარჩინოს ადამიანში ადამიანი. ხშირად ვამბობ და ეს ჩემმა მოსწავლეებმაც იციან, თუ მოსწავლეს, საშუალო საფეხურის დასრულების შემდეგ, სკოლიდან ,,ვეფხისტყაოსნის“ გააზრებული სიყვარული არ წაუღია, მას არც არაფერი უსწავლია! ეს არის წიგნი, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ერის განათლებაში. 21-ე საუკუნის მოსწავლესთან ,,ვეფხისტყაოსნის“ სწავლება მასწავლებლისთვის სერიოზული გამოწვევაა, ერთგვარი განსაცდელია, ამიტომ მე-10 კლასში, როდესაც პოემის სრულად სწავლებას ვიწყებ, ისე ვემზადები შინაგანად, როგორც დიდმარხვის დაწყებისას.
პოემის სწავლებისას მრავალფეროვან მეთოდებს ვიყენებ, როგორიცაა: ლიტერატურული საათი, ინტელექტუალური თამაშები, კონკურსები, აფორიზმების სკივრი, წერილი პერსონაჟს, დისკუსიები, კონფერენციები, კომიქსები, ჯგუფური პრეზენტაციები, ოთხი კუთხის მეთოდი, ხელის თითები, სასწავლო მენიუ, ხელნაწერის დამზადება ძველი ეფექტით, ხელნაწერის შექმნა თემში და ა.შ.
დამეთანხმებით, აღნიშნული მეთოდებით აქტივობების სრულყოფილად განხორციელება რთულად მისაღწევია ფორმალურ პროცესში, ამიტომ, ამისათვის არაფორმალურ განათლებას „ვიშველიებ“, კერძოდ, კლუბურ მუშაობას. უკვე 7 წელია, ლიტერატურულ კლუბს ვხელმძღვანელობ, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სწორედ ,,ვეფხისტყაოსნის“ პოპულარიზაციაა. პროექტი „ვეფხისტყაოსნის“ დღეები“, რომელიც ზემოაღნიშნულ მეთოდებს აერთიანებს, კლუბის მდგრადი პროექტია.
განათლების სისტემაში უმნიშვნელოვანესია ასეთი კონკურსების არსებობა, რომელსაც შეუძლია მოსწავლე-მასწავლებლის მაქსიმალური გააქტიურება, შრომის დაფასება, აღიარება და ფართო საზოგადოების წინაშე წარმოჩენა, რაც, თავისთავად, მეტის კეთების სურვილი და შესაძლებლობაა, ისევ და ისევ მომავალი თაობის საკეთილდღეოდ.
ჩემი, როგორც ფინალისტის, გზავნილი ასეთი შეიძლება იყოს: თუკი რამ განსაკუთრებით, გაძლიერებით უნდა ისწავლებოდეს ქართულ სკოლებში, ეს „ვეფხისტყაოსანია“, რომელსაც შეუძლია, დაანახოს მომავალ თაობას სწორი ცხოვრების, ჭეშმარიტი განათლების არსი, რომ: ,,მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა მწყობისა“.
📌 ეკატერინე შვანგირაძე – სამტრედიის მუნიციპალიტეტის №1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
„უდიდესი მადლობა მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს ამ პატივისთვის!“
როგორც შოთა იტყოდა: „სახლ-საყოფი არა ჰმართებს, ცამცა გაიდარბაზესა!“ – დიახ, არ მყოფნის სახლი, ჩემი სამტრედია, ქვეყანა ამ სიხარულის დასატევად და ცა გავიხადე დარბაზად. ავთანდილის გამარჯვებას შევადარებდი ამ სიხარულს. ვაჟიშვილის ეტლთან მჯდომი დედა – მასწავლებელი გიყურებდით ტელევიზიით და ხშირად ვოცნებობდი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსანტობაზე და ვერასოდეს ვბედავდი აპლიკაციის შევსებას. „ჩემი ოქრო ჩემთან მოვაო“, ნათქვამია და ეს ის შემთხვევაა: შევავსე აპლიკაცია, რომელშიც ვერ ჩავატიე ჩემი 34-წლიანი პედაგოგიური პრაქტიკა „ვეფხისტყაოსნის“ სწავლებისა და უბედნიერესი ვარ, თქვენი დამსახურებით, „ვეფხისტყაოსნით“ დაინტერესებულ საზოგადოებას რომ წარვუდგენ ჩემს გამოცდილებას.
ჩემთვის „ვეფხისტყაოსანი“ მხატვრული „ბიბლიაა“ – ღმერთთან ამ წიგნმა მიმიყვანა. ის „ხელიხელ საგოგმანებელი“ წიგნია, რომელიც ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში მეხმარება, ყველა კითხვაზე მპასუხობს, ბედნიერება-უბედურების წამებში „თავი გახლდესო“, მეძახის, ღმერთკაცის ფიქრია და მასთან ერთად მაფიქრებს და მარტო მე? ყველა ჩემს მოსწავლეს, ოჯახის წევრს, ჩემს ძვირფას პირველ სკოლას, მეგობრებს. ყველა, ვისაც კი ჩემთან ურთიერთობა ჰქონია, იტყვის, ეს ის ქალია, რომელსაც „ვეფხისტყაოსანი“ ძლიერ უყვარსო. „სიყვარული აგვამაღლებსო!“ – ბრძანებს მოციქულთა დარად შოთა და მეც ამ სიყვარულით ანთებული მოსწავლეებში მოტივაციის გამოწვევას ვცდილობ პოემის წასაკითხად, გასააზრებლად. ვაკვირდები სწავლების პროცესს. ყოველი თაობის მე-10, მე-5 კლასელი სხვანაირ მიდგომასა და მეთოდებს საჭიროებს, ეს საჭიროებები იწვევს აქტივობებს, მაგალითად: დისკუსია ცნობილ მწერალთან „ვეფხისტყაოსანზე“; კეთებით სწავლება – დიდები პატარებისთვის აკეთებენ „ვეფხისტყაოსნის“კომიქსს; სწავლა კვლევით – საზოგადოების გაჯანსაღების მიზნით, ფემინურ და მასკულინურ ტოქსიკურობაზე ვიკვლევთ პოემას.ერთმა მოსწავლემ მითხრა: ,,როცა საყვარელ საქმეს აკეთებ, ჩათვალე არ მუშაობო“, მეც ვეტყვი მათ, როცა მოტივაციით სწავლობ „ვეფხისტყაოსანს“, ეს მოსაბეზრებელი გაკვეთილები კი არაა, სახალისო შემეცნებითი პროცესია. მაგალითად, მაღალი შაირი ირეპება (ჩემმა 10 წლის ვაჟმა გარეპა ავთანდილის ანდერძის სტროფები და ჩოხაში გამოწყობილმაც თქვა მოწიწებით). წელს კი მე-5 კლასელებს სიმღერ-სიმღერით დავასწავლე „როსტევან არაბთა მეფის“ დაბალი შაირის სტროფები, ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „აბესალომ და ეთერის“ „მირზაიას“ პარტიაზე აკომპანირებით. „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისაო“ – შოთას ეს გზავნილია ჩემი პედაგოგიური საქმიანობის მიზანი – პოემის იდეები ისე გავითავისო და გავათავისებინო ჩემს მოსწავლეებს, რომ ცხოვრებაში გამოადგეთ.
მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ პედაგოგობა სასურველი გახადა. თქვენ მასწავლებლებს დაუბრუნეთ პატივი, რომელიც ძველ საქართველოში ჰქონდათ მოძღვარ-მასწავლებლებს და „პატიჟის შიშით“ გაგვიასმაგეთ პასუხისმგებლობა მოსწავლე ახალგაზრდობის წინაშე, რომ ისეთ პიროვნებებად აღვზარდოთ და გავიზარდოთ ჩვენც, როგორც ილია იტყოდა, წინ წაგვიძღვეს ჭეშმარიტება, უკან რჩეს კვალი განათებული! ათი ათასი მადლობა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს სულისჩამდგმელებს!
ვიკითხოთ, ვიფიქროთ, ვიცხოვროთ „ვეფხისტყაოსნით“ – ეს გადაგვარჩენს, გაგვავითარებს ქართველებს და ომით გადაღლილ სამყაროს, რომელშიც „თხა და მგელი ერთად სძოვდეს!“
📌 საბა მელისკაური – თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
„პირველ რიგში, მაქვს მოულოდნელობის განცდა. ჩემი მიზანია, მოსწავლე არ დაშორდეს ტექსტს, არ „ეშინოდეს“ მისი, არ აღიქვამდეს მას, როგორც უცხოს…“
ჩემი, როგორც ფინალისტის, ემოციები მრავალფეროვანია. პირველ რიგში, მაქვს მოულოდნელობის განცდა, რადგან ახალგაზრდა, დამწყები, ნაკლებად გამოცდილი პედაგოგი ვარ, შესაბამისად, ჩემთვის უდიდესი პატივია ის დაფასება, რომელიც მივიღე. ვაცნობიერებ, რომ მსგავსი მნიშვნელოვანი და ფართომასშტაბიანი კონკურსის ფინალისტობა უდიდეს პასუხისმგებლობას მაკისრებს როგორც ჩემი მოსწავლეების, ასევე ქვეყნისა და საკუთარი თავის წინაშე. ეს ყოველივე კი სიხარულით და ენთუზიაზმით მავსებს.
ჩემთვის „ვეფხისტყაოსანი“ სამყაროს სარკეა, რომელშიც ასახულია მისი მოწყობის წესი, კანონზომიერებები, რაც გეხმარება წინსწრებით მიიღო ცხოვრებისეული გამოცდილება, გააკეთო სწორი მორალური არჩევანი და გახდე ღირსეული ადამიანი. აქედან გამომდინარე, ჩემი სწავლების მეთოდი მიზნად ისახავს პოემის ტექსტის, როგორც ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილის, აქტუალიზებას. ვცდილობ, ჩემი მოსწავლეები ვაცხოვრო „ვეფხისტყაოსნით“, გავხადო პოემის ნაწილად, რაშიც მეხმარება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების, განსხვავებული პრაქტიკული მეთოდების გამოყენება. ჩემი მიზანია, მოსწავლე არ დაშორდეს ტექსტს, არ „ეშინოდეს“ მისი, არ აღიქვამდეს მას, როგორც უცხოს და იგრძნოს „ვეფხისტყაოსნის“, როგორც მისი ცხოვრების მორალური კომპასის, როლი და მნიშვნელობა.
ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესია მსგავსი კონკურსის არსებობა, რადგან ის ქართული შემოქმედებითი აზროვნების მწვერვალთან გვაბრუნებს, მისი მნიშვნელობის ხელახლა გააზრებას უწყობს ხელს. მასწავლებლებისთვის იქმნება ახალი სივრცე, სადაც „ვეფხისტყაოსნის“ სწავლებასთან დაკავშირებით მათი ხედვების, მიდგომების, მეთოდოლოგიის ურთიერთგაზიარების შესაძლებლობა ჩნდება. ეს ყოველივე ზრდის პედაგოგების მოტივაციას, შეცვალონ პოემის სწავლების მეთოდები, იყვნენ მეტად გამბედავები, გაითვალისწინონ თანამედროვე მოსწავლეების ინტერესები, საჭიროებები და „ვეფხისტყაოსანი“ მათთვის საყვარელ ნაწარმოებად აქციონ, რასაც დიდი შრომა, მონდომება და შემოქმედებითი მიდგომა სჭირდება. აღიარება, შრომის დაფასება მასწავლებლებისთვის დამატებითი წამახალისებელი ფაქტორია. ვფიქრობ, კონკურსი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს გამოგვაფხიზლებს, შთაგონებით აგვავსებს და „ვეფხისტყაოსნის“ სწავლების ახალი მიდგომების აღმოჩენაში დაგვეხმარება. ახალი ინიციატივები ხელს შეუწყობს პოემის აქტუალობის ზრდას, რაც დაგვეხმარება შევინარჩუნოთ „ვეფხისტყაოსნის“, როგორც მარადიულად თანამედროვე ტექსტის, გააზრების უწყვეტი ტრადიცია. სკოლა არის სივრცე, სადაც პირველად ეხები „ვეფხისტყაოსანს“. ეს პირველადი გამოცდილება ხდება განმსაზღვრელი პოემისადმი შენი დამოკიდებულებისა. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, პოემის სწავლების თვალსაზრისით, სკოლაში ცვლილებების შეტანა. ვფიქრობ, მოცემული კონკურსი აუცილებლად გახდება, ქვეყნის მასშტაბით, სკოლებში მნიშვნელოვანი სიახლეების შემომტანი.
ჩემი მთავარი გზავნილი იქნება, რომ არ შეგვეშინდეს პოემის სწავლებისას არასტანდარტული, ინდივიდუალური მიდგომების გამოყენების, ვიყოთ მეტად გამბედავები. მნიშვნელოვანია, გვიყვარდეს „ვეფხისტყაოსანი“, რადგან ეს სიყვარულის ცეცხლი აუცილებლად გადაედება მოსწავლესაც, ამასთან მასწავლებელსაც მისცემს გამბედაობას, ტექსტის სწავლებაში შეიტანოს მნიშვნელოვანი ცვლილებები, იყოს შემოქმედებითი და თავისუფალი.
📌 მარინე კვარაცხელია – აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
„ჩვენი ვეფხისტყაოსნის“ ფინალისტობა ნიშნავს იმის აღიარებას, რომ საინტერესოდ ასწავლი ქართველთა უმთავრეს წიგნს.“
პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსნის“ ფინალისტები დასახელდნენ ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ახალი ათეულის პრაქტიკის გაზიარების კონფერენციის დასრულებისთანავე. მე, როგორც ათეულთა კლუბის წევრი, მიწვეული ვიყავი კონფერენციაზე და, შესაბამისად, ვესწრებოდი ამ ღონისძიებასაც. როცა ფინალისტად დამასახელეს, უსაზღვრო სიხარულის განცდა დამეუფლა. კლუბის წევრები ოვაციებით შეხვდნენ ამ ამბავს და ეს ორმაგად სასიხარულო იყო ჩემთვის. პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსნის“ ფინალისტობა ნიშნავს იმის აღიარებას, რომ საინტერესოდ ასწავლი ქართველთა უმთავრეს წიგნს. ვფიქრობ, ქართული ლიტერატურის მასწავლებლისათვის ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია.
„ვეფხისტყაოსანი“ ქართველი ერის საგანძურია. ეს არის საოცარი წიგნი, საიდანაც უხვად იფრქვევა სიბრძნე. პოემა საუკეთესოდ წარმოაჩენს ჩვენს ეროვნულ იდენტობას, გვასწავლის ღირებულებებს, რომელთა მნიშვნელოვნებაზეც უნდა დავაფიქროთ მოსწავლეები. ამის გასააზრებლად „ვეფხისტყაოსანი“ არაჩვეულებრივი რესურსია. სწავლების ტრადიციული მეთოდების გამოყენებით (დაზეპირება, ლექციის წაკითხვა), მოსწავლეები ამ უკვდავ ტექსტს ვერც გაიაზრებენ და, შესაბამისად, ვერც შეიყვარებენ. დღეს სხვა თაობა გვყავს, სხვა ინტერესებით და სწორედ ეს უნდა გავითვალისწინოთ მეთოდების შერჩევისას. „ვეფხისტყაოსნის“ სწავლა-სწავლების პროცესში ვიყენებ მრავალფეროვან მიდგომებს: კონტურ სქემებს – ტექსტის გასააზრებლად, დისკუსიებს – კრიტიკული აზროვნების უნარის გასავითარებლად, კვლევაზე ორიენტირებულ პროექტულ სწავლებას. მოსწავლეთა თხოვნით, ხშირად ვდგამ სპექტაკლებს, ვსწავლობთ თამაშით, ვატარებთ ვიქტორინებს, ვხატავთ ილუსტრაციებს, ვქმნით კომიქსებს, პოსტერებს. ჩემი დაკვირვებით, მოსწავლეები სიამოვნებით მუშაობენ ცხოვრებისეულ კონტექსტებთან დაკავშირებულ შემოქმედებით დავალებებზე (წერილი პერსონაჟს, წარმოსახვითი ინტერვიუ პერსონაჟთან, რეპორტაჟი და სხვ.). სწავლის პროცესში აქტიურად ვიყენებთ ტექნოლოგიებს. ვაწარმოეთ პერსონაჟის ფეისბუქპროფილი. მოსწავლეებმა პერსონაჟთა პროფილებზე წარმოაჩინეს მათი შინაგანი სამყარო, ემოციები, დამოკიდებულებები, ტექსტში ასახული მნიშვნელოვანი მოვლენები. ეს აქტივობა ძალიან სახალისო და სიანტერესო გამოდგა.
პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსნის“ დაწესება მნიშვნელოვანია, რადგან მისი მიზანი შოთა რუსთაველის პოემის პოპულარიზაციაა. ბევრი მასწავლებელი გაიზიარებს კონკურსის ფინალისტების წარმატებულ გამოცდილებას, გამოიყენებს თავის პრაქტიკაში, რაც დადებითად აისახება მოსწავლეთა მოტივაციასა და პოემის ტექსტის გააზრების ხარისხზე.
აუცილებლად ვკითხოთ ჩვენს მოსწავლეებს, როგორი დავალებები მოსწონთ, გავითვალისწინოთ მათი ინტერესები და შესაძლებლობები, შევთავაზოთ ისეთი დავალებები, რომლებიც მათგან მოითხოვს დამოუკიდებლად სწავლას, აქტიურ ჩართულობას, შემოქმედებითობას, ფიქრს. არ ვაიძულოთ დაზეპირება, აქტიურად გამოვიყენოთ თამაშით სწავლა, „ვეფხისტყაოსნის“ სწავლა-სწავლების პროცესი მოსწავლეთათვის უფრო საინტერესო, მიმზიდველი და ხალისიანი გავხადოთ. სწორედ ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ, გართობითა და თამაშით ვასწავლოთ ფიქრი „ვეფხისტყაოსნის“ სიბრძნეზე.
📌 თინათინ გიორგაძე – ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
„რთულია, დავარწმუნოთ მოსწავლე მე-12 საუკუნეში დაწერილი პოემის აქტუალობაში მანამ, სანამ არ მოვარგებთ პერსონაჟის ფეხსაცმელებს და არ ვატარებთ ამავე პერსონაჟის გავლილი გზებით…“
კონკურსის ფინალისტობა დიდი პატივია. მადლიერებით ვარ აღსავსე იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც კონკურსის იდეა გაუჩნდათ და საქმედ აქციეს. „ვეფხისტყაოსანი“ ჩვენი მთავარი წიგნია. მისი სწავლება და თან კარგად სწავლება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების პროფესიული ღირსების საკითხია. ღირსეულ და წარმატებულ მასწავლებელთა შორის ყოფნა, დიდ სიხარულთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა შიშს კი არ ბადებს, თავდაჯერებულობას გვმატებს, ჩვენი საქმიანობის დადებითად შეფასება უფრო გაბედულს გვხდის, თამამად გავაზიაროთ საკუთარი ნაფიქრი და მოტივაციით აღგვავსებს.
„ვეფხისტყაოსანი“ განძია, რომელიც ლიტერატურის ფარგლებს სცდება. ადამიანთა ცხოვრებაში, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი იმის აღმოჩენა და გაცნობიერებაა, თუ ვინ ვართ და რისთვის დავიბადეთ. იდენტობის განცდის ჩამოყალიბებიდან ვიბადებით პიროვნებებად. „ვეფხისტყაოსანი“ გვეხმარება, აღმოვაჩინოთ საკუთარ თავში პიროვნება.
გამოცდილებები ძერწავს ადამიანს და, მართალი გითხრათ, ეს გამოცდილებები რეალურია თუ წარმოსახვითი, ორივე შემთხვევაში, ფუნქციურ ცოდნად და ქმედებებად გარდაისახება. ამიტომ „ვეფხისტყაოსნის“ მცოდნე და შემცნობი ადამიანი უკეთესი ადამიანია, ვიდრე „ვეფხისტყაოსნამდე“ იყო. მისთვის „ხამს, მამაცი გაგულისდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს“, „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“, „კაცსა დასვრის უგულობა“… თუ სხვა სწავლებები მხოლოდ ტექსტი როდია, ცხოვრების ორიენტირია. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ დღეს არ თუ ვერ ვცხოვრობთ „ვეფხისტყაოსნის“ ღირებულებებით. თითქოს ყველამ იცის, მაგრამ ყველა ჯეროვნად ვერ ფლობს და ვერ თარგმნის ამ ცოდნას ქმედებებში. ჩემი, როგორც მასწავლებლის, მიზანია, მოსწავლეებს ისე შევასწავლო „ვეფხისტყაოსანი“, რომ რეალურ ცხოვრებისეულ კონტექსტს დაუკავშირონ, ღირებულებები გაითავისონ და საქმეებად გარდასახონ.
„ვეფხისტყაოსნის“ სწავლების უნივერსალური მეთოდი არ არსებობს. ის ყოველ ჯერზე იცვლება იმის მიხედვით, თუ ვის ვასწავლით. სწავლების პროცესი ბეწვის ხიდზე სვლას ჰგავს: შეიძლება, მოძველებულმა მეთოდებმა ვერ აღძრას მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობა, ან პირიქით, მცდელობამ, თვითმიზნად ვაქციოთ უახლესი მეთოდების გამოყენება, ფოკუსიდან დაკარგოს ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული – ტექსტი და იდეა. მთავარი პირობა, ჩემი დაკვირვებით, პროცესზე ორიენტირებაა. თუ პროცესი იქნება სასიამოვნო, საინტერესო, აქტიური, შემოქმედებითი, მაშინ არც შედეგი დააყოვნებს. როგორ იქცეს პროცესი ასეთად? ინტერესების გათვალისწინებით, მრავალფეროვანი დავალებებით და, რაც მთავარია, მოსწავლეთა დარწმუნებით, რომ „ვეფხისტყაოსანი“ შორეული და განყენებული ტექსტი კი არა, აქტუალური ნაწარმოებია, რომელიც მათთვის საინტერესო თანამედროვე კითხვებს პასუხებს სცემს.
კონკურსი „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ რომ დროული და მნიშვნელოვანია, დასტურდება საზოგადოების მაღალი ნდობითა და ინტერესით. ის ეხმარება პედაგოგებს, გააზიარონ საუკეთესო პრაქტიკები, ამდენად, ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, რაც სწავლების უნარების გაუმჯობესებით, ახალი მეთოდებისა და მიდგომების აღმოჩენით გამოიხატება. მხოლოდ საკონკურსო აპლიკაციის შევსებაც კი გაწეული საქმიანობის რეფლექსიაა, მიგვახედებს უახლეს წარსულში და გვაფიქრებს, რა გავაკეთეთ, როგორ გავაკეთეთ, სხვაგვარად როგორ შეიძლებოდა კეთება, რა შედეგები გვაქვს, რა გვჭირდება მათ გასაუმჯობესებლად… მთავარი სარგებელი, რა თქმა უნდა, მოსწავლეს მიემართება, რადგან მოსწავლეა ის, ვისთვისაც ვირჯებით, ვისი მიღწევებითაც ვზომავთ საკუთარ წარმატებებს.
ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა მასწავლებლების შიში სიახლეების მიმართ. თითქოს გვეთაკილება სწავლების პროცესის გაადვილება და ვთვლით, თუ გავაადვილებთ, ამით ჩრდილს მივაყენებთ „ვეფხისტყაოსანს“, არადა აპრობირებული პრაქტიკაა სვლა მარტივიდან რთულისაკენ, თან ეს გრადაცია ბუნებრივი და უმტკივნეულოა.
რთულია, დავარწმუნოთ მოსწავლე მე-12 საუკუნეში დაწერილი პოემის აქტუალობაში მანამ, სანამ არ მოვარგებთ პერსონაჟის ფეხსაცმელებს და არ ვატარებთ ამავე პერსონაჟის გავლილი გზებით, სანამ არ შეძვრება მის ტყავში, არ გაითავისებს მის განცდებს, არ აღმოაჩენს, რომ დრო და სივრცე პირობითი ცნებებია, რომ ყველგან და ყოველთვის უყვარდათ, მტრობდნენ, ემეგობრებოდნენ, თავს წირავდნენ, სწამდათ… რომ ლიტერატურა მიზანიც არის და საშუალებაც, დაინახონ სამყარო პერსონაჟთა თვალებით და მათი გამოცდილებების გათვალისწინებით (დოჩანაშვილისა არ იყოს) გახდნენ ოდნავ უკეთესები, ვიდრე არიან, უფრო ჭკვიანები, ვიდრე იყვნენ. ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე თვალხილული გამოწვევა „ვეფხისტყაოსნის“ სწავლებისას ტექსტის განყენებულობაა, ტექსტთან სიშორეა, შორს კი რჩება იმიტომ, რომ მიზანშეუწონლად მიიჩნევა არატრადიციული ხერხებითა და ექსპერიმენტული დავალებებით „ვეფხისტყაოსნის“ სწავლება, რასაც მე პედაგოგიკურ შეცდომად ვთვლი. შეუძლებელია, თანამედროვე ბავშვის ცნობისმოყვარეობა აღიძრას ხერხებით, რომლებიც წარმატებით მუშაობდა ამავე ბავშვების მშობლებთან. ასევე, შეუძლებელია, აღვძრათ ცოდნისმოყვარეობა, თუ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში დავაიგნორებთ ტექნოლოგიებს. თანამედროვე მიღწევების უგულვებელყოფა მოიტანს იმას, რომ ტექსტი დარჩება კურიკულუმში მითითებულ მონაცემად, მოსწავლე – მის მიმართ გულგრილად, რადგან ვერ შევძელით მისი დარწმუნება და დაინტერესება (რომ გაეცნო და შეეგრძნო, მოიწონებდა კიდეც). რომ შევძლოთ მოსწავლეთა კონცენტრირება, სასურველია, მივაწოდოთ იმ არხებითა და საშუალებებით, რომლებიც თანამედროვე ბავშვებისთვის ყოველდღიურობის ნაწილია.
📌 ეკატერინე ქუთათელაძე – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
„ეს კონკურსი უდიდეს ეროვნულ საქმეს ემსახურება, მასწავლებელთა აღიარება და მეთოდების გაზიარება განავითარებს ისტორიულ-კულტურულ და მხატვრულ გემოვნებას.“
მთელი დღე ველოდი ჩართვას. მახარებდა, რომ იქნებოდა „ვეფხისტყაოსნის“ მოყვარე საზოგადოების სახალხო დღესასწაული. ბატონმა ლევანმა ისე მოულოდნელად დამასახელა, ღელვა გამოვტოვე, სირცხვილის გრძნობა დამეუფლა, განა ამის ღირსი ვარ? თუმცა გაყინულ თითებსა და ინსტინქტებს პოსტის გამოქვეყნება მოუსწრიათ, სამყაროს ვაცნობდი ფინალისტობას. საამაყოა და საპასუხისმგებლო!
„ვეფხისტყაოსანი“ ქართული საზოგადოების ზნეობრივი პრინციპია, ერთი შეხედვით ზღაპრული, მაგრამ ღმერთივით, ეგვიპტური იეროგლიფივით ამოუცნობი სიბრძნეა, ქართული ოჯახის კერიიდან გლობალურ მოქალაქეობამდე გადმოსროლილი.
საქართველოში ფილოსოფიური სკოლების არსებობა ერს ზნეობრივ-კულტურულად და პოლიტიკურად აძლიერებდა. ხელოვნური ინტელექტის საუკუნეში ადამიანს სჭირდება შესაძლებლობებში განმტკიცება. აბა დააკვირდით, ძლიერი ემოციის დროს სოციალურ ქსელებს ავაჭრელებთ ბრძნული გამონათქვამებით. რატომ? იმიტომ რომ, ადამიანის სულის ტკივილის თერაპევტი და მხარდამჭერი ფილოსოფიური ფრაზებია. ჩვენ ყველას განგვიცდია სულიერ გამოქვაბულში მარტო ყოფნა.
გავშიფრეთ პლატონის ქვაბულის ალეგორია. რატომ აურჩევია ინდოეთის მეფეს საცხოვრისად გამოქვაბული? რატომ გამოიყენა შოთამ ტარიელის ტრაგიზმის თხრობის არეალად? რა მნიშვნელობის გახდა იქ აღმოჩენილი საგანძური მიზნის სრულყოფაში?
გამოვიყენე დემოკრატიული სწავლების ჩემ მიერ მოდიფიცირებული მეთოდი „სიჩუმის კედელი“, დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიები – სასწავლო გაჩერებები, რომელთა მეშვეობით ფილოსოფიის, ისტორიის, მითოლოგიის და ლიტერატურის ანალოგიებს ეზიარნენ მოსწავლეები. დაბოლოს, მოვაწყვეთ „ფეშენ ვიკი გამოქვაბულიდან“.
გამოქვაბულის პირქუშ კედლებს ოქროსფერ ტონს ჰმატებს ასმათის სახე. მისი ხელების ნაოსტატარია ვეფხის ტყავისგან შეკერილი სამოსი. ჩემ მიერ შექმნილი სიმულაციური მეთოდით, კვირის მანძილზე, მოსწავლეები ჯგუფებში გეგმავენ და აწყობენ სამოდელო ჩვენებას, პროცესში რთავენ მასწავლებლებს, მშობლებს და თემს, ქმნიან ესკიზებს, მარტივი საშუალებებით კერავენ პერსონაჟების სამოსებს, დეტალებისათვის იყენებენ ნაწარმოების ილუსტრაციებს, მოდელებს არგებენ მშობლებს, აწყობენ ჩვენებას და აძლევენ შესაძლებლობას დამსწრეთ, სამოსით ამოიცნონ პერსონაჟები. პროცესი სახალისოა. მეთოდი ამაღლებს მოტივაციას, აქცენტირდება დეტალებზე, ავითარებს ფანტაზიის უნარს და ფრთებს ასხამს შემოქმედებით თავისუფლებას, ამავდროულად, ზრდის ჩართულობას.
ეს კონკურსი უდიდეს ეროვნულ საქმეს ემსახურება, მასწავლებელთა აღიარება და მეთოდების გაზიარება განავითარებს ისტორიულ-კულტურულ და მხატვრულ გემოვნებას. ამგვარი პრემია, ინოვაციური და წამახალისებელი იქნება მოსწავლეებისათვის და მშობელთათვის.
შევიტანოთ ფილოსოფია სკოლაში. იყალთოს, გელათის, ათონის და „ვეფხისტყაოსანის“ სიცოცხლის შთაბერვა მხოლოდ კარგ მასწავლებელს, თაობათა ხმას და მომავლის წარმოსახვას შეუძლია!
📌 გიორგი ჭაუჭიძე – ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქვეშის საჯარო სკოლის და კერძო სკოლის „დავითიანი – მარინა გორშკოვა“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
„ჩემი მთავარი გზავნილია ერთად გავამდიდროთ „ვეფხისტყაოსნის“ სწავლების გამოცდილება და რუსთველის საუნჯე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ მოსწავლეებისთვის, რათა მთელი ცხოვრებისთვის გავატანოთ საამაყო საგზალი“.
სასიამოვნო ემოცია იყო და ამაღელვებელი. ფინალისტების გამოცხადების ღონისძიებას უშუალოდ ვესწრებოდი, როგორც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ახალი ათეულის პრეზენტაციების მსმენელი და ერთგვარი უხერხული გრძნობა მქონდა. ფინალისტად დასახელება ძალიან გამიხარდა იმიტომაც, რომ ამით ჟიურის მხრიდან დადასტურდა ერთგვარი ყურადღება და თანამოაზრეობა იმ იდეებისადმი, რომელიც მე მქონდა წარდგენილი საკონკურსოდ.
ჩემთვის „ვეფხისტყაოსანი“ არის ქართველობით დაუსრულებელი სიამაყე, რადგან ეს ტექსტი იმდენად ღრმა და ვირტუოზულად მაღალმხატვრულია, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში მეყოფა მასში დამალული სიურპრიზებით სიამოვნება.
მე შემიძლია დავასახელო „ვეფხისტყაოსნის“ სწავლების ბევრი მეთოდი და მიდგომა, მაგრამ არსებულ კონტექსტში ეს მეთოდები რჩება წარუმატებელ მცდელობებად მოსწავლეთა უმრავლესობისთვის. ამ მიმართულებით ჩემი, არც თუ მდიდარი, მაგრამ რეფლექსიური, გამოცდილება ამის თქმის საფუძველს მაძლევს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ „ვეფხისტყაოსნის“ სწავლებისადმი მიდგომა უნდა შეიცვალოს უფრო მასშტაბურ დონეზე. კერძოდ, მისი სწავლების არეალი უნდა გაფართოვდეს როგორც ასაკობრივ, ასევე საგნობრივ ჭრილში. ჩემი ერთი კონკრეტული მცდელობა გამოქვეყნებული მაქვს კიდეც და იგი გულისხმობს პირველკლასელთათვის ანბანისშემდგომი პერიოდისთვის შექმნილ ტექსტს „თინათინი და ავთანდილი“, რომელსაც თან ახლავს გარკვეული ციფრული რესურსიც. შესაძლოა, ეს ტექსტი კიდევ საჭიროებდეს გარკვეულ ადაპტირებას, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ „ვეფხისტყაოსნით“ უნდა იკვებებოდეს მთელი ქართული სასწავლო პროცესი – პირველი კლასიდან უკანასკნელამდე.
როდესაც „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ახალი ათეულის წევრთა პრეზენტაციებს ვუსმენ ხოლმე, ყოველთვის მაინტერესებს ის, თუ როგორ ახერხებს მასწავლებელი კონკრეტული სასწავლო ამოცანის გადაჭრას თუნდაც ერთი მოსწავლისთვის. ამ თვალსაზრისით, კონკურსი „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ ამოუწურავი შესაძლებლობის წარმოჩენის საშუალებას იძლევა მასწავლებლებისთვის (რასაკვირველია, არა მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის). დარწმუნებული ვარ, ამ კონკურსის ფარგლებში, წლების განმავლობაში მოგროვებული პედაგოგიური გამოცდილება აუცილებლად სასიკეთოდ აისახება მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებაზე მთელი საქართველოს მასშტაბით.
📌 მარინე წიკლაური – თბილისის №147 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
„ვეფხისტყაოსანი“ ჩემთვის არის წიგნი პიროვნული ზრდის, შინაგანი თავისუფლების, ადამიანის სულიერი ცხოვრებისა და ზნეობრივი არჩევანის შესახებ. ვისურვებდი, ასეთი კონკურსები ჩატარდეს სხვა ავტორების სწავლების კუთხითაც – როგორ ვასწავლით სულხან-საბას, ვაჟას, ილიას, გალაკტიონს…“
უპირველეს ყოვლისა, მეუფლება მადლიერების განცდა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დაგეგმეს და განახორციელეს ეს კონკურსი, რომლის მსგავსიც მე არ მახსენდება. მიხარია, რომ დააფასეთ მასწავლებლის შრომა და დაინტერესდით, როგორია „ვეფხისტყაოსნის“ სწავლების ჩვენეული ხედვა და, რაც მთავარია, პრაქტიკული გამოცდილება.
„ვეფხისტყაოსანი“ ჩემთვის არის წიგნი პიროვნული ზრდის, შინაგანი თავისუფლების, ადამიანის სულიერი ცხოვრებისა და ზნეობრივი არჩევანის შესახებ. ამასთანავე, ეს წიგნი არის მეგზური ქართული ენის სამყაროში, გვაზიარებს ქართული სიტყვის მუსიკას.
პოემის შესწავლას, პირობითად, 3 ეტაპად ვყოფ: 1. ტექსტის შესწავლის ეტაპი; 2. მუშაობა საანალიზო საკითხებზე; 3. შემაჯამებელი ეტაპი (ცოდნის გამთლიანება). თითოეულ ეტაპზე ვიყენებ მრავალმხრივ მეთოდებს. „ვეფხისტყაოსნის“ მსგავსი დიდტანიანი ტექსტის შესწავლისას გვერდს ვერ ავუვლით ე.წ. რუტინულ მეთოდებს, მაგრამ უმნიშვლელოვანესია პროცესის სახალისო, შემოქმედებითი მიდგომებით გამრავალფეროვნებაც. პირველ ეტაპზე, ნაყოფიერია კომენტირებული კითხვის მეთოდი (რომლის კვალდაკვალ მოსწავლეები ეჩვევიან ტექსტის „მუსიკას“, აქტიურდება აკუსტიკური მეხსიერება); მეორე ეტაპზე – სხვადასხვა სახის კომპლექსური დავალებები (პერსონაჟის დღიური, ინტერვიუ პერსონაჟთან, რეპორტაჟი, გამოხმაურება, ანალიტიკური ესე); მე-3 ეტაპზე – ჩემს პრაქტიკაში ყველაზე ხშირად ვიყენებ დისკუსიის მეთოდს, რომელიც ფინალური, შემაჯამებელი ინსტრუმენტია. მსჯელობით, აზრის გაცვლა-გამოცვლით, საკუთარი პოზიციის დასაბუთებით მოსწავლეები საბოლოოდ იმყარებენ ცოდნას და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ემოციურ დამოკიდებულებას. მიმდინარე სასწავლო წელს, მოსწავლეთა მონაწილეობით (მშობელთა თანხმობის შემდეგ), ჩავიწერე აუდიო და ვიდეოდისკუსია, რომლით დაინტერესების შემთხვევაში, ვგეგმავ ტელევიზიის ან რადიოარხით გადაცემების მომზადებას ეთერში გასაშვებად. ვფიქრობ, ასეთი გადაცემები აკლია ჩვენს ტელევიზიას (რადიოს) და დიდად წაადგება „ვეფხისტყაოსნით“ მოსწავლეების დაინტერესების საკითხს.
ასეთი კონკურსები დიდ სიკეთეს მოუტანს როგორც მასწავლებლებს, ასევე სკოლას, ქართულ ლიტერატურას, მთელ საზოგადოებას. ვფიქრობ, თანამედროვე მოსწავლე უფრო მეტად უნდა მიეჯაჭვოს ეროვნულ ფესვებს, კონცეპტუალურ ქართულ ნაწარმოებებს.
მასწავლებლებმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა იფიქრონ იმაზე, რომ მოსწავლეებმა არა მხოლოდ იცოდნენ, არამედ უყვარდეთ კიდევაც „ვეფხისტყაოსანი“.
📌 მარიამ ღვინჯილია – რუსთავის №21 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
„სასიამოვნო და საამაყოა ისეთი კონკურსის ფინალში ყოფნა, რომელსაც „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ ჰქვია.“
ზოგადად, წარმატება სასიხარულოა, მაგრამ, როდესაც ის უკავშირდება ჩვენთვის საყვარელ საკითხებს, ეს სიხარულიც განსაკუთრებულია. სწორედ „ვეფხისტყაოსნის“ მიმართ ჩემი დამოკიდებულება განაპირობებს გამორჩეულ ემოციებს ამ კონკურსისადმი – სიხარული, სიყვარული, მადლიერება – ყველაფერი ამაღლებული უკავშირდება.
ჩემი „ვეფხისტყაოსანი“ ერთადერთი და განუმეორებელია. თითქოს ყველაფერთან დაკავშირებული და, ამავდროულად, თვითმყოფადი, განუმეორებელი და მრავალჯერ განმეორებული მსოფლიო თუ ეროვნულ ლიტერატურაში, ფილოსოფიასა და სხვა დარგში. მისი სიმარტივე-სირთულე, სიცხადე-შეფარულობა, მეტაფორულ-ალეგორიული სინამდვილე აქცევს მას სამყაროსეული მნიშვნელობის ტექსტად. სწორედ ამიტომ, მთავარი, რაც მისი სწავლებისას უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ შემსწავლელმა შეიცნოს მისი არსობრივ-მხატვრული ღირებულება, პირადი სამყაროსა და ტექსტის კავშირი. მოსწავლემ, ტექსტსა და მის ავტორში, თავისნაირი უნდა დაინახოს, ამის შემდგომ, ჩემი აზრით, ბევრად გამარტივდება იმ არსსა და ღირებულთან დაკავშირება, რომლებიც პოემაშია.
ნებისმიერი კონკურსი, რომელიც სწავლების მეთოდებს შეეხება, ბუნებრივია, შედეგიანია, რადგან ასეთ დროს იქმნება მასალა-მეთოდები, შეიძლება ითქვას, მეთოდური ლიტერატურა კონკრეტული საკითხის სწავლებასთან მიმართებით. მსგავსი კონკურსი წარმოშობს ან გააცოცხლებს ახალ მიდგომებსა და სტრატეგიებს პოემის შესწავლისათვის, რაც ხელს შეუწყობს მრავალფეროვანი აქტივობების შექმნას, არსებობას, გამოყენებას, გავრცელებასა და, რაც მთავარია, ტექსტის გადაფასებას, მასზე ახლებურად დაკვირვებასა და სწავლებას.
მთავარი რამ, ნებისმიერი საგნისა თუ საქმის სწავლებისას, არის მასთან ღირებულებით-ემოციური კავშირის დამყარება, მასთან გაიგივება და ფასეულობების ჩამოყალიბება – მე მიყვარხარ შენ იმდენად, რამდენადაც საკუთარი თავი („გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“, მათეს სახარება) – სწორედ ეს იდეაა უმთავრესი და მისი სრულყოფით ყალიბდება ადამის ძე – ადამიანად, რამდენადაც მას შეუძლია მოძმისთვის თავდადება ავთანდილივით, სახელმწიფოს მართვა როსტევანივით, უპირობო თანადგომა და სიყვარული ფრიდონისა და ასმათის მსგავსად…
📌 მარეხ მერკვილაძე – თბილისის მიხეილ გრუშევსკის სახელობის №41 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
„ასეთი კონკურსები ერთგვარი სტიმულია მასწავლებლებისთვის, გაეცნონ ახალ-ახალ მეთოდებს და გადმოიტანონ საკლასო ოთახში, გამოიყენონ მეტი არაფორმალური განათლების ელემენტი მოსწავლეებთან სამუშაოდ, მათი მოტივაციის შესანარჩუნებლად და გასაზრდელად.“
ფინალისტობის შესახებ ჩემი მეგობრის და პროექტის თანაავტორის მარიამ მჭედლიძისგან გავიგე, რომელიც, ასევე, ამ კონკურსის ათეულშია. ჩვენ მიერ წარდგენილი პროექტი განსხვავებულია იმით, რომ ორი მასწავლებლის ერთობლივი მუშაობით განხორციელდა და დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებს აერთიანებს. როდესაც სააპლიკაციო ფორმას ვავსებდით, ორივეს გვქონდა გარკვეული დადებითი მოლოდინი კონკურსის შედეგის მიმართ. რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო აღმოჩნდა ამ მოლოდინის გამართლება. მიხარია, რომ ჟიურის წევრებმა გაიზიარეს ჩვენ მიერ გამოყენებული მეთოდები და მიდგომები პოემის სწავლებასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა მათ ამისთვის. სამოტივაციოა ის აქცენტები, რომელზეც ჩვენმა წარმდგენმა გაამახვილა ყურადღება. ორმაგად მოხარული ვიქნები, თუ ჩვენი პრაქტიკა სხვა მასწავლებლისთვის საინტერესო აღმოჩნდება სამომავლოდ. ძალიან მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, რომელიც ჩართული იყო ჩვენს სასკოლო პროექტში და გვგულშემატკივრობდა კონკურსის განმავლობაში. აქვე, მადლობას გადავუხდი განათლების კოალიციას და ლიბერთის გუნდს ამ მეტად საჭირო საქმის წამოწყებისთვის.
ჩემთვის „ვეფხისტყაოსანი“ არის ის საბადო, რომლის გააზრებულად დამუშავების შემდეგ, მოსწავლე შეძლებს მასში იპოვოს მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მარგალიტები, გაიხადოს ის მაგალითად და მუდმივად ეცადოს საკუთარი თავის სრულყოფას. ამის გათვალისწინებით, ცხოვრების მასწავლებელ უამრავ აფორიზმთაგან ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეულია: „თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები“ – სწავლების პროცესში ყოველთვის ვცდილობ სწორად დავინახო და მოსწავლეებსაც დავანახო მათი შესაძლებლობები, დავეხმარო საკუთარი ძალების რწმენასა და პიროვნულ განვითარებაში. ამ მხრივ, ჩვენი ფასდაუდებელი საგანძური დიდ დახმარებას გვიწევს მასწავლებლებს. მთავარია, მოვახერხოთ სწავლა-სწავლების პროცესის ისე წარმართვა, რომ მოსწავლემ შეძლოს პოემის მთავარი სათქმელის სწორად ამოკითხვა.
რაც შეეხება ჩვენ მიერ განხორციელებულ პროექტს, მოგეხსენებათ, I-IV კლასებში „ვეფხისტყაოსანი“ არ ისწავლება. არაფორმალური განათლების ფორმა, წიგნის კლუბის სახით, მე და მარიამ მასწავლებელს დაგვეხმარა ერთმანეთთან დაგვეკავშირებინა ორი სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეები. უმცროსკლასელებისთვის მარტივად აღსაქმელი რომ ყოფილიყო, გადავწყვიტეთ სასწავლო რესურსად აგვეღო პოემის ადაპტირებული ვერსია, რომელშიც პროზაულადაა გადმოცემული პოემის შინაარსი. კლუბის მონაწილეების ასაკობრივმა სხვაობამ განაპირობა მიზნებისა და მეთოდების ისე განსაზღვრა, რომ სამუშაო შეხვედრები თანაბრად საინტერესოს ყოფილიყო როგორც დაწყებითი, ისე საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის. გამოვიყენეთ თანამშრომლობითი სწავლების მიდგომები და გაწაფული კითხვის მოდელირების ერთ-ერთი მეთოდი, რომლის მიხედვითაც, უფროსკლასელი უმცროსკლასელს უკითხავს ტექსტს. შინაარსის უკეთ აღსაქმელად მივმართეთ მეთოდებსა და აქტივობებს, რომელიც მოსწავლეთა სხვადასხვა უნარის გამოვლენას და განვითარებას შეუწყობდა ხელს. კერძოდ, მოსწავლეები მუშაობდნენ დიორამებზე, ქმნიდნენ კომიქსებს; უფროსკლასელებისა და მასწავლებლების დახმარებით, პატარები ეცნობოდნენ უცხო სიტყვების მნიშვნელობას და ადგენდნენ წინადადებებს, ქმნიდნენ ილუსტრაციებს, იმართებოდა კითხვა-პასუხი წყვილებში, ასევე, დიდებსა და პატარებს შორის; ვმუშაობდით აფორიზმებზე, ფრაზებში ნაგულისხმევ შინაარსს მოსწავლეები უკავშირებდნენ პირად გამოცდილებას ან აქამდე შესწავლილ ნაწარმოებს; აცოცხლებდნენ გარკვეულ სცენებს პოემიდან, საბოლოოდ კი, დავდგით წარმოდგენა „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“, რომელიც სასკოლო მასშტაბის იყო და ჩაერთვნენ საშუალო საფეხურის მოსწავლეებიც. წარმოდგენამ სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
„ვეფხისტყაოსნის“ სწავლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რასაც პოემის სტილი, ენა, ვრცელი მასალა და სწავლების პერიოდი განაპირობებს. მსგავსი კონკურსების არსებობა ხელს უწყობს პოემის სწავლების პრაქტიკის გაზიარებას მასწავლებლებს შორის, მეთოდების დახვეწას და დანერგვას სკოლებში, უფრო მეტად მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს. გარდა ამისა, ასეთი კონკურსები ერთგვარი სტიმულია მასწავლებლებისთვის, გაეცნონ ახალ-ახალ მეთოდებს და გადმოიტანონ საკლასო ოთახში, გამოიყენონ მეტი არაფორმალური განათლების ელემენტი მოსწავლეებთან სამუშაოდ, მათი მოტივაციის შესანარჩუნებლად და გასაზრდელად. კონკურსი ხელს შეუწყობს „ვეფხისტყაოსნის“, როგორც ჩვენი, ქართული კულტურის ნაწილის, უფრო მეტ პოპულარიზაციას და საინტერესო ინიციატივების გამოვლენას მასშტაბური პროექტების ჩასატარებლად.
ჩვენი პროექტის შედეგებიდან გამომდინარე, რომელიც მივიღეთ ჩატარებული დიაგნოსტიკური წერის ანალიზითა და შეფასების რუბრიკებზე დაყრდნობით, ვფიქრობ, რომ დაწყებითი საფეხურიდანვე პოემის ადაპტირებული ვერსიის შეტანა მოსწავლეებთან გარკვეულ მოტივაციას გაუჩენს მათ, მაღალ კლასებში ნაწარმოების უფრო სიღრმისეულად შესწავლის. წიგნის კლუბების არსებობა, ნაკლებად ფორმალური გარემო, აზრის თავისუფლად გამოხატვისთვის საჭირო თავისუფალი სივრცე და ასეთ სივრცეზე მორგებული მოქნილი შემეცნებითი თამაშები კიდევ უფრო მეტ ინტერესს აღუძრავს მოსწავლეს ნაწარმოების წასაკითხად. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მესამე-მეოთხე კლასებში, სადაც არ არსებობს აკადემიური ცოდნის ქულებით შეფასების სისტემა, მოსწავლეები ნაკლებად დაძაბულნი არიან და უფრო მეტი შინაგანი მოტივაციით ეცნობიან კლასგარეშე ლიტერატურას. შედეგად, როდესაც დაწყებით საფეხურზე მოსწავლე, გარკვეულწილად, გაცნობილია პოემის შინაარს, მაღალ კლასებში მისი ყურადღება გადართული იქნება პოემის მხატვრული ღირებულებისა და შესაბამისი გრამატიკული ნორმების გააზრებისკენ.
მნიშვნელოვანია ამ საუკუნის გამოწვევებებს მორგებული მიდგომების გამოყენება, მუდმივი ცვლა და დახვეწა მეთოდების, რათა სწორად , ძალდაუტანებლად დაინახოს და მიიღოს მოსწავლემ ის ღირებულებათა სისტემა, რომელზეც აგებულია პოემა. დავანახოთ მას ცოდნის ძალა და მისი მნიშვნელობა რეალურ ცხოვრებაში, რის დასტურადაც ისევ რუსთაველის ფრაზას მოვიშველიებ: „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა?! მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა“.
📌 მარიამ მჭედლიძე – თბილისის მიხეილ გრუშევსკის სახელობის №41 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
„რთულია მე-12 საუკუნეს შეერწყან 21-ე საუკუნის ახალგაზრდები. „ვეფხისტყაოსნის“ სწავლებისას ოქროს შუალედური ხიდია გასადები, მეთოდები უნდა მოვარგოთ თანამედროვეობას, მაგრამ არც სიძველის სურნელი არ უნდა გავაუფერულოთ.“
როდესაც ეროვნული კონკურსის „ჩემი ვეფხისტყაოსანი“ ფინალისტობის შესახებ გავიგე, საოცარი ემოციებით ავივსე. ეს სიახლე კი ჩემმა ყოფილმა ლექტორმა მამცნო, რომელიც „მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს“ ათეულში მოხვდა. ქალბატონმა ნათია ნაფეტვარიძემ ღამის 23 საათზე მომწერა და გამახარ-ამაფორიაქა. ძალიან მიხარია ჩვენი საგანძურის „ვეფხისტყაოსნის“ განსხვავებულ ფორმატში (არაფორმალური განათლება) სწავლება-თავგადასავალი მოსწავლეებთან და ჩემს კოლეგასთან ერთად რომ დავიწყე, ცხადია, შედეგმაც არ დააყოვნა – მოვხვდით ათეულში.
ჩვენთვის ყველასთვის „ვეფხისტყაოსანი“ ეროვნული საგანძურია, ამიტომ მისდამი დამოკიდებულებაც სხვაგვარია – აღმატებული. დრო კი არავის გვინდობს – ჩქარობს, ენა დღითი დღე იცვლება და რთულია მე-12 საუკუნეს შეერწყან 21-ე საუკუნის ახალგაზრდები. მისი სწავლებისას ოქროს შუალედური ხიდია გასადები, მეთოდები უნდა მოვარგოთ თანამედროვეობას, მაგრამ არც სიძველის სურნელი არ უნდა გავაუფერულოთ.
ვრცელმა ნაწარმოებმა, სიუჟეტის მრავალფეროვნებამ, ენის სირთულემ, მოსწავლეთა ასაკობრივმა სხვადასხვაობამ, მასწავლებლები დაგვაფიქრა, შეგვემუშავებინა ისეთი მეთოდები, რომელიც ხელს შეუწყობდა მოსწავლეთა მოტივაციის გაღვივებასა და შენარჩუნებას. ასევე, უფროსკლასელების და დაწყებითი კლასების კოლაბორაციაც წარმატებით უნდა შემდგარიყო. სწავლებისას მეთოდები იყო სხვადასხვა. ნაწარმოებზე წარმოდგენის შესაქმნელად, მაღალი კლასის მოსწავლეებს დავავალეთ მოეძიებინათ ინფორმაცია პოემის შექმნის სხვადასხვა ვერსიის შესახებ. ვარაუდების გამოთქმის მეთოდის საშუალებით და ილუსტრაციების/დამხმარე კითხვების გამოყენებით მომზადებული ელექტრონული პრეზენტაციები წარუდგინეს უმცროსკლასელებს.
მეთოდი – „დიორამებზე მუშაობა“ – დაყოფილი მასალის ნაწილი გადავანაწილეთ ჯგუფებში. თითოეულმა გუნდმა დაამუშავა ტექსტი და შექმნა დიორამა, შემდეგ კი, წარუდგინა სხვა ჯგუფის წევრებს. მასალის გაერთიანების მიზნით, მაღალი კლასის მოსწავლეებმა უმცროსკლასელებს წაუკითხეს ტექსტი.
მეთოდი – „სიტყვის სკივრი“ – დამუშავებული ტექსტიდან უმცროსკლასელებმა ამოიწერეს უცხო სიტყვები, უფროსკლასელებმა განუმარტეს მნიშვნელობა და შემდეგ ერთობლივად შეადგინეს წინადადებები.
მეთოდი – ილუსტრაციების გამოცნობა და თხრობა – უფროსკლასელებმა სიუჟეტებად დაყვეს პოემის უკვე შესწავლილი ნაწილი, ინტერნეტში მოიძიეს სხვადასხვა მხატვრის მიერ შესრულებული ილუსტრაციები და შესთავაზეს პატარებს ამოსაცნობად. ამის შემდეგ დაიწყეს წყვილებში ამბის თხრობა და სხვა მრავალი მეთოდი.
ნაწარმოებმა მოსწავლეებზე იმდენად დიდი გავლენა იქონია, რომ მათი მხრიდან წამოვიდა ინიციატივა, პოემა გვექცია სპექტაკლად – გაიწერა სცენარი, განაწილდა როლები, დაიგეგმა რეპეტიციები კვირაში სამჯერ, მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი მზადების პროცესში. ღონისძიება იყო მასშტაბური, ჩავრთეთ სხვა მაღალი კლასების მოსწავლეები, სპექტაკლი გავამდიდრეთ ქართული ფოლკლორის ელემენტებით. წარმოდგენას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
ვფიქრობთ, რომ გამოყენებული მეთოდები და განხორციელებული სპექტაკლი მოსწავლეებს დაეხმარა გაეთავისებინათ ნაწარმოების მთავარი იდეა, ღირებულებები და მრავალფეროვანი სიუჟეტური წყობა.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასეთი კონკურსები საგანძურისთვის, რომელსაც სახელად „ვეფხისტყაოსანი“ ჰქვია. მასწავლებლებისა და მოსწავლეების მოტივაციისთვის უპირობოდ საჭიროა. ასეთი კონკურსებიდან ვიგებთ სხვადასხვა სასწავლო მეთოდების, რესურსების შესახებ, ვვითარდებით და უკეთ ვუზიარებთ ერთმანეთს საინტერესო სასწავლო მიდგომებს.
პროგრამული სასწავლო ტექსტებიდან ყველაზე მნიშვნელოვან, მთავარ ნაწარმოებად მიმაჩნია „ვეფხისტყაოსანი“. მისი სიღრმისეულად გააზრებით და შესწავლით 21-ე საუკუნის ყველა მთავარ ღირებულებას შეიმეცნებს მოსწავლე. საკმარისია, კარგად შეიმეცნო ნაწარმოები და უკვე ცხოვრების ავან-ჩავანი იცი, თან ღირსეულ მოქალაქედაც ყალიბდები. ვეძიოთ ახალი ღირსეული სწავლის მეთოდები და ძველ საგანძურს ახლებურად „ვაზიაროთ“ მოსწავლეები – სიღრმისთვის, ძიებისთვის, აღმოჩენებისთვის და საინტერესო თავგადასავლებისთვის. აქვე ვიტყვი, უფროსკლასელების თანამშრომლობა დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან ნამდვილად ნაყოფიერი აღმოჩნდა ორივე საფეხურისთვის. და თურმე, შეუძლებელიც შესაძლებელია… ჩვენ „ვეფხისტყაოსანი“ გვაერთიანებს. უღრმესი მადლობა!