2024 წელს ანაკლიის ბანაკი 13 ნაკადად განხორციელდება და 3120 ახალგაზრდას უმასპინძლებს. თითო ნაკადზე ბანაკი 18-25 წლის 240 მონაწილეს მასპინძლობს. მონაწილეთა შერჩევა განხორციელდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. პირველი ნაკადის ფარგლებში, ბანაკში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები იმყოფებიან.
საბანაკე პროგრამა 5 დღისგან შედგება და ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ საკვანძო კომპეტენციების განვითარებისთვის მიმართულ საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებსა და შეხვედრებში.
საბანაკე პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები განხორციელდება არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიითა და ახალგაზრდული საქმიანობის პრინციპების გათვალისწინებით.
ბანაკის ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის ჩატარდება ტრენინგები სხვადასხვა თემაზე, ქართული ჯარისა და თავდაცვის ძალების საქმიანობაზე და გლობალიზაციისა და ცვალებადი საერთაშორისო წესრიგის გავლენაზე. ტრენინგებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროს ოფიცრები და ეროვნული ბანკის თანამშრომლები ჩაატარებენ. ასევე, გათვალისწინებულია ე.წ. Guest spiker-ების ნაწილი, სადაც ცნობილი ადამიანები (პოლიტიკოსები, სპორტსმენები, ხელოვანები და ა.შ.) ახალგაზრდებთან შეხვედრებს გამართავენ.
საბანაკე პროგრამის სრულფასოვნად განხორციელებისთვის ჩატარდა რიგი მოსამზადებელი სამუშაოები – გარემონტდა საბანაკე ინფრასტრუქტურა, განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ბანაკი სრულად აღიჭურვა პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო ინვენტარით.
ახალგაზრდების ნაკადების მიღებამდე, ანაკლიის საზაფხულო ბანაკის ბაზაზე, ლიდერების გადასამზადებელი ტრენინგიც ჩატარდა. მიმდინარე წელს ტრენინგში მონაწილეობა 160-მა შერჩეულმა ახალგაზრდამ მიიღო. ტრენინგის მიზანი იყო, დახმარებოდა მათ ლიდერის უნარ-ჩვევების განვითარებაში.
ტრენინგზე ლიდერობის კანდიდატები გაეცნენ ბანაკების მუშაობის პრინციპსა და მრავალფეროვან პროგრამას, რომელიც შეესაბამება ბანაკის ბენეფიციართა ინტერესებს და ეხმარება მათ განვითარებაში. ტრენინგის შემდგომ შერჩეული საუკეთესო ლიდერები დასაქმდებიან შაორისა და ანაკლიის საზაფხულო ბანაკებში. უნდა აღინიშნოს, რომ ყოველწლიურად ახალგაზრდულ ბანაკებში 250-მდე ლიდერი საქმდება.
ანაკლიის ბანაკი გახსნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა. ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებთან შეხვედრისას, მან მადლობა გადაუხადა სტუდენტებს ბანაკში მონაწილეობისთვის და სასიამოვნო დასვენება უსურვა.
ბანაკის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე.
ბანაკის მიზანია: ახალგაზრდებისთვის აქტიურ დასვენებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია, მათი ფიზიკური, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ეროვნული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა, პატრიოტული ღირებულებების წახალისება.
დღეიდან,15 ივლისიდან, შაორის ბანაკიც მიიღებს ახალგაზრდებს.